კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაზ ნავერიანი: „მარნეულელების გვერდით ბოლომდე პატიოსნად და ღირსეულად ვიდგები”

მარნეულის 36-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ” მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი თამაზ ნავერიანი დაასახელა. მუნიციპალიტეტში მას კარგად იცნობენ, რადგან ძმასთან, ცნობილ სპორტსმენ თენგიზ ნავერიანთან ერთად, აქ სპორტის 13 სახეობის განვითარებასაც შეუწყო ხელი და ერთი პერიოდი მარნეულის პრეფექტის მოადგილეც იყო. ასე რომ, პოლიტიკა ნავერიანისთვის „უცხო ხილი” ნამდვილად არაა და იმაშიც დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერს, მარნეულელების ნდობას აუცილებლად მოიპოვებს.
– დავიბადე ზემო სვანეთში. 1987 წელს, სტიქიის შემდეგ, მარნეულში გადმოგვასახლეს. მეორე კურსზე ვიყავი მაშინ ფიზკულტურის ინსტიტუტში.  სპორტში გარკვეული წარმატებებიც მქონდა – საქართველოს ძიუდოს ნაკრებში ვიყავი და საქართველოს ჩემპიონიც გავხდი. სტიქია ჩვენი მხარისთვის დიდი ტრაგედია იყო. სხვათა შორის, ჩემი სახლი გადარჩა, სადაც ზვავის დროს გარდაცვლილი 27 ადამიანი იყო დასვენებული. მარნეულში გადმოსახლების შემდეგ, უმნიშვნელოვანესი იყო ადგილობრივებთან ინტეგრაცია, მათი ნდობის მოპოვება. მე და ჩემმა ძმამ, თენგიზ ნავერიანმა, რომელიც წარმატებული სპორტსმენი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი იყო და, სამწუხაროდ, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, აქ სპორტული სკოლა დავაარსეთ – სპორტის განვითარება დავიწყეთ. დიდი წვლილი იმაშიც შევიტანეთ, რომ ჩვენ  აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებთან ერთად, მშვიდი, მეგობრული ურთიერთობა გვქონოდა.
– ნდობის მოპოვებამდე ადგილობრივ მოსახლეობასთან რაიმე პრობლემები შეგექმნათ?
– თავიდან იყო პატარა უსიამოვნებები. რა გასაკვირია, ზოგჯერ ძმებს შორის ხდება გაუგებრობა. მთავარია, ყველაფერი გადავლახეთ. დღეს ეს ადამიანები ნდობას მიცხადებენ და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებისას, იმასაც გაითვალისწინებენ, რომ კენჭს „ქართული ოცნების” სიით ვიყრი. ხელისუფლებამ მარნეულში უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთა. სოფლის მეურნეობას მიხედეს. სარწყავი სისტემის სერიოზული პრობლემა იყო, მაგრამ დღეს ეს სისტემა აბსოლუტურად რეაბილიტირებულია, რის შედეგადაც, ხალხს ერთი-ორად მეტი რაოდენობის მოსავალი მოჰყავს. განვითარებულია სპორტის 13 სახეობა, რაშიც მე და ჩემს ძმას დიდი წვლილი მიგვიძღვის. დღეს ჩვენ მიერ დაარსებული სპორტსკოლის დირექტორი ვარ და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ. სხვათა შორის, ერთი პერიოდი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც ვიყავი.
– თუმცა, სპორტი არაა თქვენი ერთადერთი საქმიანობა. პოლიტიკა თქვენთვის ახალი ხილი არ არის. წლების წინ, მარნეულის პრეფექტიც იყავით.
– დიახ. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, სრულიად ახალგაზრდა, ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე და მოგვიანებით, მარნეულის პრეფექტის მოადგილეც გავხდი. ასე რომ, მუნიციპალიტეტში ხალხი კარგად მიცნობს და ისიც იციან, თანამდებობრივი მდგომარეობა პირადი ინტერესებისთვის, ჩემი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არასდროს გამომიყენებია.
– ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ რას სთავაზობთ?
– ვთავაზობ, რომ  მათი ინტერესების დამცველი ვიქნები და მათ პრობლემებს შესაბამის უწყებებში აუცილებლად მივიტან. მარნეული ცნობილია ნაყოფიერი მიწებით. ადგილობრივებს გვერდში ამოვუდგები, რათა, სპეციალისტების დახმარებით, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს აგრარული სექტორი. ცხადია, ვეცდები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩაფიქრებული მაქვს  მარნეულში ძალიან კარგი სტადიონის გაკეთება. მარნეულში არის ერთი სტადიონი, რომელსაც, თავის დროზე, ნაციონალებმა დაადგეს თვალი, მოხსნეს მუნიციპალიტეტის ბალანსიდან და გადასცეს ეკონომიკის სამინისტროს. ამის შემდეგ, როგორც რეკრეაციული ზონის ნაწილის, გასხვისება გადაწყვიტეს, კორპუსების აშენება უნდოდათ. იქვე იყო სპორტდარბაზი, სადაც მე და ჩემს ძმას დიდი გეგმები გვქონდა, მაგრამ გაყიდეს. არადა, საფუძველი გვქონდა ჩაყრილი, აქ საერთაშორისო მნიშვნელობის დარბაზი გაგვეკეთებინა, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, იმედი გაჩნდა, რომ მარნეულს სპორტდარბაზის გარეშე არ დატოვებდნენ. საკუთარი სახსრებით გავაკეთე პროექტი და მუნიციპალიტეტს გადავეცი. იმედია, ხელისუფლება ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ამ გუნდს მხარს ჯერ კიდევ 2011 წლიდან ვუჭერდი. მით უმეტეს, რომ ნაციონალების პოლიტიკა არ მომწონდა და არც ჩემი და ჩემი ძმის მიმართ ყოფილან ლმობიერები. პირიქით, 2011 წლიდან არჩევნებამდე პროკურატურა შემომიგზავნეს სპორტსკოლაში. არადა, საბიუჯეტო ორგანიზაცია იყო. ჩემი მოადგილე დააპატიმრეს, პირობითი მისცეს და 15 ათასი გადამახდევინეს. მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ, ბიუჯეტიდან ფულს არ მაძლევდნენ, მოადგილემ კი, ზამთარში ბავშვები რომ არ გაგვყინვოდა, დარბაზი დაათბუნა.
– ნაციონალები ასე რატომ გებრძოდნენ?
– უნდოდათ, მათი მხარდამჭერი ვყოფილიყავი. მათთან პოლიტიკურ ურთიერთობას თავი არაერთხელ ავარიდე და სამაგიეროს ასე მიხდიდნენ. სპორტული ობიექტები გაგვიყიდეს. თანაც იცით, რა პერიოდში? – არჩევნების მერე, როცა ერთი წელი, ადგილობრივ დონეზე, ხელისუფლებაში ისევ იყვნენ. ფსიქოლოგიურ წნეხშიც ვიყავით – 3-4-საათიან დაკითხვებზე გვიბარებდნენ პროკურატურაში. საბედნიეროდ, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. თავისუფლება „ქართული ოცნების” მთავარი მონაპოვარია. მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა და სურვილი, ქვეყანა სწრაფად განავითაროს. 
დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. პირადად მე კი, ჩემი გაკეთებული საქმეების გამო უნდა დამიჭირონ მხარი. ასევე, იმის გამო, რომ მიცნობენ და მენდობიან. ისიც იციან, რომ მათ არასდროს მოვატყუებ. რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ და მარნეულელების გვერდით ბოლომდე პატიოსნად, ღირსეულად ვიქნები!
***
მარნეული თამაზ ნავერიანისთვის ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იქცა მშობლიურ მუნიციპალიტეტად, სვანეთში მომხდარი სტიქიის გამო. საგვარეულო სალოცავის იდენტური მოდელი – წმიდა გიორგის ეკლესია ძმასთან ერთად მარნეულშიც ააშენა. ეს მისი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ეკლესიურები არიან, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პატრიარქს  არაერთხელ შეხვედრია. ერთხელ – გვარის დალოცვაზეც, როცა ერთმანეთს საჩუქრად ხატები გადასცეს. სხვათა შორის, სწორედ იმ დილას, როცა გიორგი კვირიკაშვილმა მისი კანდიდატურა დააყენა, ბატონი თამაზი პატრიარქთან იყო სტუმრად, ოღონდ არ იცოდა, გუნდი ნდობას გამოუცხადებდა თუ არა. უწმიდესისგან საიმედო სიტყვებიც მოისმინა: „პრობლემა არ გაქვს, შვილო, წადი და მიხედე საქმეს” და... 2 საათში შეატყობინეს, რომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღეს.
მეუღლე, ნანა სხირტლაძე პროფესიით ეკონომისტია. 3 ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ. 23 წლის გვანცა ეკონომისტია, 20 წლის თამარი – ფსიქოლოგი, მარიამი სკოლას წელს ამთავრებს და მომავლში საგამოცდო ციებ-ცხელება ექნება. ნაბოლარა გიორგი კი ჯერ მხოლოდ 8 წლისაა. შვილები სვანურ ტრადიციებსაც პატივს სცემენ და სვანურსაც სწავლობენ. ჰყავს 1 წლის შვილიშვილიც, რომელიც პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლად ახლა დგამს.
თავისუფალი დრო თუ გამოუჩნდა, ცდილობს, ოჯახის გარემოცვაში გაატაროს.. შვილებს ყველაფერ იმას ასწავლის, რაც დედისგან, მემკვიდრეობით ერგო. მათ შორის კი უმთავრესია – არასოდეს დაჰპირდე ადამიანს იმას, რასაც ვერ შეასრულებ და თუ დაჰპირდები, ყველაფერი გააკეთე, რომ არ მოატყუო!
ბატონი თამაზის ცხოვრების წესიც ასეთივეა.

скачать dle 11.3