კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქართულ პოლიტიკაში ჩართვა და როგორ ცხოვრობს მისი ოჯახი ქობულეთში

ლეონიდ ჩერნოვეცკის  დიდი წარდგენა არ სჭირდება – ის ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ლეგენდები იქიდან დაებედა, როცა წლების წინ, საქართველოში ცხოვრება გადაწყვიტა. არჩევანი დიდი ჰქონდა, თუმცა მეორე სამშობლოდ კიევის ორგზის  მერმა და უკრაინის რადას სამგზის დეპუტატმა, საქართველო არჩია და ქობულეთში დასახლდა.  ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც მალე მისიც გახდა, განსაკუთრებული სენტიმენტები ჰქონდა. ამბობს, რომ სწორედ ეს ემოციები გახდა გადამწყვეტი, რამაც მას, ცნობილ და შეძლებულ ადამიანს, ქართულ პოლიტიკაში ჩართვა გადააწყვეტინა. თუმცა, მის გეგმებზე და კადრს მიღმა დარჩენილ საინტერესო ისტორიებზე, თავად ლეონიდ ჩერნოვეცკი გიამბობთ  ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მან „თბილისელებს” მისცა.

 
– ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ კენჭს იყრიდით დამოუკიდებელ მაჟორიტარად ქობულეთის ოლქში, თუმცა მანამდე ცნობილი გახდა, რომ თქვენი პარტია წყვეტს მოღვაწეობას და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. რამ იმოქმედა თქვენზე, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ახლა გახდა ცნობილი.
– მართალია, მე მინდოდა საქართველოში ნამდვილი პარტიის შექმნა. რა განსხვავება იქნებოდა ჩემს პარტიასა და სხვა პარტიებს შორის, რომლებიც არსებობენ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში? საქმე ისაა, რომ პარტია ქვედა დონიდან იწყება და მას ლიდერი მართავს. მაგალითად, სხვადასხვა ქალაქში იქმნება პოლიტიკური რგოლები. მაგრამ, მცირე დროში ასეთი რაოდენობის პოლიტიკური რგოლის შექმნა, პრაქტიკულად, არარეალური აღმოჩნდა. მომმართა ათი ათასობით ადამიანმა – ჩემი მხარდაჭერა სურდათ, მაგრამ არ იყო აპარატი, რომელიც შეამოწმებდა, ამ ხალხს ნამდვილად შეეძლო თუ არა პარტიის წევრობა. ეს ერთი მიზეზია და რა თქმა უნდა, აუცილებელია გყავდეს პროფესიონალების გუნდი. როცა სოციალურ ქსელსა და პრესაში იმის შესახებ განვაცხადე, რომ იურისტების საკმარისი რაოდენობა არ მყავდა, ვისაც წარვადგენდი საარჩევნო სიაში – არა ფეხბურთელებს და მომღერლებს, არამედ ხალხს, რომლებსაც შეეძლოთ კანონების წერა, ასეთები, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდნენ. ამიტომ, ჩვენ მივდივართ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატები – მე და ჩემი ყოფილი საქველმოქმედო ფონდის, ასევე ყოფილი მმართველი გიორგი ქვრივიშვილი. იმედია, პარლამენტში ორი ადგილი გვექნება. იქ კი შევქმნით ფრაქციას და დავიცავთ არა მარტო ქობულეთის, არამედ მთელი საქართველოს ინტერესებს. თუმცა, რა თქმა უნდა, უპირველესად, ჩემი და იმ რაიონისას, სადაც წარდგენილია გიორგი ქვრივიშვილი.
– ის რომელ ოლქში იყრის კენჭს?
– კასპის ოლქში, თბილისის მახლობლად. კასპი სოციალურად უზრუნველყოფილი არ არის, გაჭირვებული რაიონია. მათ გაუმართლათ, რომ ძალიან კარგი კანდიდატი ეყოლებათ პარლამენტში. გიორგი კეთილი და ძალიან მოწესრიგებული ადამიანია. კარგად იცის თავისი საქმე. განათლება ამერიკაში აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, თავისი ქვეყნისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.
– როცა განცხადება გააკეთეთ იმის შესახებ, რომ არ მოიძებნა პროფესიონალი იურისტების საკმარისი რაოდენობა, ვისაც თქვენს პარტიაში მიიწვევდით, ბევრმა შეურაცხყოფად მიიღო. მიაჩნიათ, რომ საქართველოში ბევრი იურისტი პროფესიონალია ამ სფეროში. ნაჩქარევი განცხადება ხომ არ იყო? ნამდვილად ასე ფიქრობთ?
– მითხარით, რომელი წარმატებული კანონი მიიღეს პარლამენტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში? არცერთი. ესე იგი, საქართველოში საკმარისი და ნუ მიწყენენ ქართველები,  პროფესიონალი იურისტები არ არიან. მე მათი მომზადება მომიწევს. ისევე, როგორც არ არიან უკრაინაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. არიან ცრუ პატრიოტები, რომლებიც მზად არიან, ეომონ გარე სამყაროს – გაუგებარია რისთვის. არიან ყბედებიც – რუსეთში ჟირინოვსკის მსგავსი, მაგრამ, ეფექტური პოლიტიკოსები, რომლებიც ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებელ კანონებს შექმნიან, პრაქტიკულად, არ არსებობენ არც ერთ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში.
– ქობულეთში ბევრმა პარტიამ წარადგინა თავისი კანდიდატურა. თქვენ რას სთავაზობთ ქობულეთელებს ისეთს, რასაც სხვა მაჟორიტარები ვერ შესთავაზებენ. რა პრობლემები ნახეთ? რა გამოსავალი შეგიძლიათ, შესთავაზოთ მოსახლეობას?
– სრული წარმოდგენა მაქვს იმაზე, რაც აჭარაში ხდება და ვიცი ყველა პრობლემა, რომელიც ქობულეთელებს და აჭარლებს აწუხებთ. ხუთი წელია, აქ ვცხოვრობ და ქობულეთს არასდროს  ჰყოლია მათ მშობლიურ ქალაქში მცხოვრები დეპუტატი – ვისაც ყოველთვის შეძლებენ, დაურეკონ, ხმა მიაწვდინონ, მიწერონ, მიიღონ პასუხი და კონკრეტული დახმარება. ასეთი დეპუტატი ჯერ არ ჰყოლიათ. ჩვენ ჩავატარეთ სოციალური გამოკვლევა, რომლის მიხედვით, ყოფილ დეპუტატს მთელი მოსახლეობის ოთხი პროცენტი იცნობდა. მე მიცნობს 70 პროცენტი, თუმცა ჯერ დეპუტატი არ ვარ და რაღაც მნიშვნელოვანის, გლობალურის გაკეთება ქობულეთისთვის ჯერ ვერ მოვასწარი.
მაგრამ, მე უკვე წარვადგინე პარლამენტში კანონპროექტები, იმის მიუხედავად, რომ დეპუტატი არ ვარ და  შევაგროვეთ 30000 ხელმოწერა. ეს კანონპროექტებია ონლაინკაზინოებისა და ონლაინკრედიტების გაუქმების შესახებ; ასევე, აჭარასა და თურქეთს შორის გაფორმებული, შავ ზღვაში თევზჭერის ყაჩაღური ხელშეკრულების გაუქმებაზე აჭარის მთავრობის მიერ. მიმაჩნია, რომ ადგილობრივებმა უნდა ითევზაონ და ამით იშოვონ ფული. მე უკვე ვმუშაობ საქართველოსთვის, როგორც კანონმდებელი და სწორედ ამით განვსხვავდები მათგან, ვინც მხოლოდ დაპირებებს იძლევა. ცუდს არავისზე ვიტყვი, მე ასეთი კაცი ვარ. მიმაჩნია, რომ გაკრიტიკება არ ღირს. ნუ ამბობ, რომ ვიღაც ცუდია. შენი თავი წარმოაჩინე, რა შეგიძლია და რის გაკეთებას აპირებ!
– ჰო, მაგრამ თქვენ, როგორც მაჟორიტარს, ამის გასაკეთებლად რა უფლებამოსილება გაგაჩნიათ? გასაგებია, ყველაფერ ამას ხედავთ, მაგრამ როგორ შეგიძლიათ მათი გადაჭრა?
– მე ეს ყოველთვის გამომდიოდა. ჩემს საარჩევნო ოლქში, კიევში მქონდა ორას მეთორმეტე საარჩევნო ოლქი – ერთი და იგივე ოლქი და არ შემიცვლია. როგორც ამას სხვა დეპუტატები აკეთებდნენ – ერთგან საქმეს გააფუჭებდნენ და სხვაგან გარბოდნენ. მე გავდიოდი ერთსა და იმავე ოლქში ოთხჯერ, ანუ თორმეტი წლის განმავლობაში და ყოველთვის ვაგროვებდი ხმის 97 პროცენტს. ყოველთვის ვასრულებდი დანაპირებს. არ ვარ ყბედი, ვიცი, როგორ უნდა დაველაპარაკო პრემიერ-მინისტრს, რომ მომისმინოს და პრობლემა გადაწყვიტოს; ვიცი, როგორ დაველაპარაკო რომელიმე მნიშვნელოვან ჩინოვნიკს. ამიტომ, თუ სწორად განსაზღვრავ აქცენტებს, ისინი აუცილებლად მოგისმენენ – აპრიორი, ისინი არ არიან საკუთარი საზოგადოებისა და სამშობლოს მტრები, უბრალოდ, ხანდახან აკლიათ ცოდნა ან არა აქვთ ინფორმაცია. თუ ადამიანი პარლამენტში მოუმზადებელი მიდის, როგორც ქობულეთის წინა დეპუტატი, ის ვერაფერს გადაწყვეტს. მე მგონი, არცერთი კანონპროექტი არ წარმოუდგენია.  მთლიანობაში, სწორედ კანონების მიღების შედეგად შეიძლება და აუცილებელია ქობულეთისა და ზოგადად, საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა. მაგალითად, კანონი თურქეთის მიერ თევზჭერის აკრძალვის შესახებ, რომ შავი ზღვის განადგურება შეწყვიტონ – როცა არ არის თევზი, არ არის გადამფრენი ფრინველები და ეკოლოგია ირღვევა. ერთ დღეს შეიძლება, ეკოლოგიური აფეთქება მოხდეს, რადგან იმატებს ეკოლოგიურად დაბინძურებული ნივთიერებები და იწყება ისეთი კრიზისი, როგორიც ახლა ოდესაშია – ქიმიური პროცესების შედეგად ყველა თევზი ზღვის ზედაპირზე ამოტივტივდა.
– კიდევ რა შეგიძლიათ, გვიამბოთ იმ პრობლემების შესახებ, რაც არის თქვენს რეგიონში?
– საჭიროა, აგრეთვე, საქველმოქმედო ბავშვთა სახლების გახსნა. განა უცნობია რიგითი მოქალაქეებისთვის და არა ჩინოვნიკებისთვის, რომლებსაც პრობლემები არ გააჩნიათ, რომ ათასობით ბავშვს არანაირი პირობა არა აქვს ნორმალური ცხოვრებისთვის? არა აქვთ სახელმძღვანელოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი! შიშველი ხომ არ წავლენ სკოლაში. სწავლაზეც აღარაა ლაპარაკი, როცა მუდმივად მშივრები არიან! არიან მწოლიარე მოხუცები, რომლებთანაც არავინ მიდის. მე ვიცი, სად უნდა მოვიძიოთ საქველმოქმედო საშუალებები და ჩვენ, გამგეობასთან ერთად, მოვიფიქრებთ, როგორ „გადავანაწილოთ“ ბიუჯეტი ისე, რომ ისინი გადავარჩინოთ! ისინი ხომ, უპირველესად, ადამიანები არიან, რომლებმაც თავის დროზე, ბევრი რამ გააკეთეს ქვეყნისთვის. ისინი არ არიან იმაში დამნაშავე, რომ მათი ნათესავები ცუდი ადამიანები აღმოჩნდნენ და მათი არსებობა დაივიწყეს – შიმშილით სიკვდილისთვის გაწირეს! ამას გარდა, მე საერთო ეროვნული პროგრამები მექნება, რომლებიც, მაგალითად, პენსიის გაზრდას მოემსახურება.
– რა უნდა გაკეთდეს ქობულეთში, რომ ხალხმა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე გამომუშავებული ფულით არ იარსებოს?
– საჭიროა, ადგილობრივმა დეპუტატმა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქობულეთი დასვენებისთვის პრიორიტეტულ ადგილად იქცეს; მიიღოს დიდი საგადასახადო შეღავათები საქმიანი ადამიანებისთვის. მაშინ გაჩნდება ახალი სასტუმროები, გასართობი ცენტრები, აუზები და კინოთეატრები. ვიზიტორებისთვის იქნება მიმზიდველი სივრცე, მით უმეტეს, ქობულეთის ჰავა სამკურნალოა. საჭიროა მოფიქრება იმისა, თუ როგორ გადანაწილდეს ბიუჯეტი ისე, რომ გაჩნდეს ბევრი ლამაზი საპარკო ზონა, გაუმჯობესდეს საკანალიზაციო სისტემა და სასმელი წყლის ხარისხი. უნდა ნახოს გამგებელმა, რა კეთდება თუნდაც თურქეთში ტურისტების ზამთარში მოსაზიდად და იგივე გააკეთოს, უკეთესიც კი! რა თქმა უნდა, საჭიროა უფრო მჭიდრო ურთიერთობები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, მიუხედავად ამ ქვეყნის პოლიტიკისა. უნდა გვესმოდეს, რომ აქ ჩამოვლენ ჩვენი მეზობლები და არა ამერიკელები და ბრიტანელები. ეს ჯერ კიდევ ძალიან შორეული პერსპექტივაა. მთიან რეგიონებში, სადაც ადამიანები საერთოდ არ არიან დასაქმებულები და მიზერულ შემწეობებს იღებენ, საჭიროა დაუბეგრავი ზონები შეიქმნას. უნდა დაიბეგროს მხოლოდ ხელფასი. ვინც არ უნდა იყოს – ამერიკელი, უკრაინელი თუ რუსი, ის გახსნის წარმოებას, როცა გაიგებს, რომ გადასახადების გადახდა არ მოუწევს. მაგალითად, ის გახსნის მთიან რეგიონში ტანსაცმლის სამკერვალო საწარმოს, აგურის ან ავეჯის ქარხანას და ასე შემდეგ... ხალხს ექნება სამუშაო და ხელფასი! დაბეგვრისგან თავისუფალი ზონები ეკონომიკას ააყვავებს. ხალხი დასაქმებული მომავალშიც იქნება.
– რას ნიშნავს თქვენთვის პოლიტიკა და რას ფიქრობთ, როგორ შეუძლია პოლიტიკოსს, ხალხთან ახლოს იყოს?
– ეს არის, ძირითადად: მოღვაწეობა ხალხის საკეთილდღეოდ; სამუშაო, რაღაც პრობლემების საკანონმდებლო რეგულაციაზე; ქვეყნის წარდგენა საზღვარგარეთ და უცხოურ ორგანიზაციებთან და არა მარტო საზოგადო, არამედ საინვესტიციო თვალსაზრისით... ეს მრავალმხრივი ცნებაა, მაგრამ ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს არის მუდმივად ხალხთან ურთიერთობა. მე უბრალო ადამიანი ვარ. ვსაუბრობდი იმაზე, რომ ვიცხოვრე, როგორც უბრალო ადამიანმა. მიმუშავია დარაჯად, მტვირთავად, 14 წელი ზეინკლად – ქარხანაში, ვიცნობ უბრალო ადამიანის ცხოვრებას, შემიძლია მათთან ურთიერთობა. ანუ, ჩემთვის პოლიტიკა იქნება უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა, მათი პრობლემების გარკვევა და გადაწყვეტა.
– როგორ ხედავთ წინასაარჩევნო სიტუაციას საქართველოში?.. ოპოზიციურ მხარეს?.. და როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება საქართველოს პოლიტიკა უკრაინის პოლიტიკისგან, სადაც ამდენი წელი იყავით?
– არის პლუსები და მინუსებიც. პლუსია, რომ მგონია, ქართველები უკრაინელებზე უფრო პატრიოტები არიან. მეორე მხრივ, როცა საქმე არჩევნებს ეხება, ნაკლებად პატრიოტები ხდებიან. ბევრი ადამიანი „ფეისბუქის” მიმოწერაში ამბობს, რომ არ დადის არჩევნებზე. მე პასუხად ვწერ, რომ მაშინ ისინი ამ ქვეყნის მცხოვრებლები არ არიან – მათი ხმა მაინც გათვალისწინებული იქნება, რადგან ასეთია საარჩევნო სპეციფიკა და წავა კომუნისტებთან ან პოპულისტებთან. მაგრამ, არა იმასთან, ვინც რთულ სიტუაციაში უნდა გადაწყვიტოს ამ ადამიანის პრობლემები, რომელმაც არჩევნებში ხმის მიცემას თავი აარიდა.
რადგან საქართველოში არ გამოჩნდა სერიოზული მესამე ძალა, ხმა მიეცით ცუდიდან უკეთესს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მაგივრად, სხვა მისცემს ხმას და მერე უკვე გვიანი იქნება.
– ვინ მიგაჩნიათ თქვენს კონკურენტად ამ პოლიტიკურ ბრძოლაში?
– იცით მე, არასდროს მყოლია კონკურენტი. მე კონკურენტებზე, უბრალოდ, არ ვფიქრობ. ახლა ვიწყებ მათ გაცნობას, ვინც ქობულეთში გამოდის და  მათთვის ხმის მიცემას ითხოვს. თუ მათგან რამე კარგ ინიციატივას გავიგებ, ჩავინიშნავ და გამოვიყენებ, რათა შემდეგ მისი რეალიზება მოვახდინო პარლამენტში. კონკურენცია დემოკრატიის მამოძრავებელი ძალაა და რაც მეტია კონკურენტი, მით უკეთესი. მე მზად ვარ ბრძოლისთვის.
– თქვენ გაიხსენეთ, რომ ბევრი დეპუტატი არჩევნების შემდეგ ივიწყებს საკუთარ დაპირებებს და ამომრჩეველს არ ხვდება. ეს სამწუხარო ფაქტია. რატომ უნდა დაგიჯერონ ქობულეთელებმა, რომ თქვენ სხვა პრაქტიკა გექნებათ?
– ძალიან სერიოზული კითხვაა და ნამდვილად მნიშვნელოვანია, ხალხმა დაიჯეროს, რომ მე ჩემს დანაპირებს არ დავივიწყებ. მე 65 წლის ვარ, ხალხს რომ იმედი გავუცრუო, ტყუილში ვერ ვიცხოვრებ. თუმცა, ბევრისთვის წინასაარჩევნო დაპირებები მხოლოდ უბრალო სიტყვებია. უფრო მეტს გეტყვით, დასავლეთში ამომრჩევლები ამორჩეულ დეპუტატებს ხშირად ხვდებიან. ისეთ ადამიანს, რომელიც ამომრჩეველს არ ხვდება, მეორეჯერ აღარავინ აირჩევს. სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი პრაქტიკა არსებობს, რომ ამომრჩევლები თავიანთ დეპუტატს არ იცნობენ. მე წარმოვადგინე კანონპროექტი და აუცილებლად გავიტან პარლამენტში. არ ვიცი, დეპუტატები მხარს დამიჭერენ თუ არა, მაგრამ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ მთავრობასა და პრესაში. მე, შევიტანე კანონპროექტი იმ დეპუტატებთან დაკავშირებით, რომლებიც თავიანთ დანაპირებს არ ასრულებენ. ეს ეხება მათ გამოწვევას პარლამენტიდან და მატყუარას ადგილზე ახლის არჩევას. ვიცი, რომ ამ მნიშვნელოვან კანონს ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. არ შეიძლება ამომრჩევლების მოტყუება და დანაპირების შეუსრულებლობა. ამიტომაც, ჩემს წინასაარჩევნო პროგრამას აქვს ჩემი ხელმოწერა, სადაც მე ხალხს ვპირდები კონკრეტულად – ამას, ამას, ამას და ვაწერ ხელს. თან, ვამბობ, რომ, თუ არ შევასრულებ ჩემს დაპირებას, შეგიძლიათ, ჩემი გამოწვევა და მე წავალ. მე ვიძლევი სოციალურ გარანტიებს. ასეთი პრაქტიკა მქონდა უკრაინაში, ხოლო ქობულეთში, ეს პირველად ხდება. მე დაპირებებს ვასრულებდი, ამიტომაც მირჩევდნენ. იმ ტრადიციას კი, რომელიც უკრაინაში დავნერგე, საქართველოშიც არ ვუღალატებ!
– როგორ ფიქრობთ, პლუსია თუ მინუსი, რა სიძნელეები შეიძლება იყოს იმაში, რომ გადიხართ არა პარტიით, არამედ მაჟორიტარ დეპუტატად?
– მილიონი სირთულეა. რა თქმა უნდა, პარლამენტში უმცირესობაში ყოფნა სახარბიელო არ არის, მაგრამ მეც კომუნიკაბელური ვარ და გიორგიც. ვფიქრობ, ჩემი ავტორიტეტი საშუალებას მომცემს, შევაგროვო ბევრი თანამოაზრე, რომლებიც პატრიოტულად იქნებიან განწყობილნი და არ ენდომებათ მხოლოდ თავიანთთვის სარგებელი, ხალხის ხარჯზე ცხოვრება. ანუ, თავიანთი ხალხის დახმარების სურვილი ექნებათ! როგორც ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში ბევრი ცნობილი ფიგურა მიდის პარლამენტში, მაგრამ მათ ხმას არავინ მისცემს. სამუდამოდ დაივიწყებენ – იყვნენ ოდესმე პოლიტიკაში თუ არა; იკავებდნენ თანამდებობებს და ასე შემდეგ. მათ ხმას არ მისცემენ.  მიზეზი არის ის, რომ პარლამენტში არაფერი გააკეთეს და სათქმელი არაფერი აქვთ.
– ბევრი ბიზნესმენი ფიქრობს, რადგან ბიზნესში წარმატებულია, საქმე კარგად იცის, იგივე იქნება პოლიტიკაშიც. მაგრამ არ გამოსდით. თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ უკრაინაში, მაგრამ, იქ პოლიტიკური ასპარეზის დატოვება მოგიწიათ და საქართველოში დასახლდით.
– სადღაც 2000 წლიდან, როცა ჩემი შექმნილი უდიდესი ბანკი შვილს გადავეცი მმართველობაში, მას შემდეგ ბიზნესმენი აღარ ვარ.  1996 წლიდან დაკავებული ვარ პოლიტიკით. გავხდი დეპუტატი ერთხელ, მეორედ, მესამედ. ორჯერ კიევის მერი ვიყავი, იმ ქალაქის, რომელშიც უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მთელ საქართველოში. გადავდექი, როცა მოვიდა იანუკოვიჩის ბანდიტური რეჟიმი. მაგრამ, მე ბიზნესმენი არ ვარ, პოლიტიკოსი ვარ. აქაც, თავიდან მშვიდად ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემში იმდენი ცოდნა და პოლიტიკური გამოცდილებაა, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და არ შემიძლია, უსაქმურად ყოფნა. მე პოლიტიკის საშუალებით ადამიანებს უნდა დავეხმარო თუ შემიძლია! განსაკუთრებით მათ, ვის გვერდითაც ვცხოვრობ!
– ზოგადად, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საქართველოში ყველაზე მეტად?
– საქართველოში ყველაფერი მომწონს – ხალხი, სამზარეულო... ძალიან მომწონს ბუნება. ეს უმანკო ქვეყანაა, უმანკო ხალხით, სუფთა სულით. ხანდახან ხდება, რომ „ჩაის ფულის“ მიცემა გინდა, და ის არ იღებს – ეს ხომ ერთ რამედ ღირს! ძალიან კარგია, რადგან ხალხს სული გახსნილი აქვს, ამაყია თავისი პოზიციით და კარგი დამოკიდებულებით ერთმანეთთან და გარშემო მყოფებთან. აქ არის სტუმართმოყვარეობის წარმოუდგენელი ტრადიცია, რასაც მე ვერასოდეს შევძლებ – ჩემი მეგობრები ყოველთვის მზად არიან, მიმიღონ, ღამეც და დღეც.
– თქვენი ოჯახი როგორ შეეგუა საქართველოს? თქვენმა შვილმა იცის ქართული ან აქაური ტრადიციები? ასწავლით ქართულ ენას?
– საერთოდ, მე სამი შვილი მყავს და ორ მათგანს ქართული სისხლი აქვს. აგრეთვე, რვა შვილიშვილი მყავს – ოთხი ქრისტინასგან და ოთხი სტეპანისგან. ხუთი წელია, საქართველოდან არ გავსულვარ. აქ კარგად ვარ, კომფორტულად.
– თქვენ თქვით, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხართ, ხშირად ლოცულობთ ეკლესიაში. რომელ ეკლესიაში დადიხართ?
– ადრე დავდიოდი ბათუმში, სადაც ძალიან კარგი ეკლესიაა. დავდივარ ქობულეთის ეკლესიაშიც, მაგრამ ხშირად არა. ძირითადად, მიყვარს მთებში სიარული და ძველი ტაძრის არჩევა. მაგალითად, ოზურგეთთან, სოფელ აჭში არის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.  მერვე საუკუნის ეკლესიაა, მოხატულია საოცარი ფრესკებით. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქობულეთში ახალი ჩამოსული ვიყავი, ხუთი წლის წინ და არ ვიცოდი, სად დამეხარჯა ფული, ვის დავხმარებოდი, არავის ვიცნობდი, არავინ მინახავს, ერთხელ მთაში, ნაკრძალში მოვხვდი. იქ ცხემლანას დედათა მონასტერი ვნახე. ჩემთან მოვიდა ამ მონასტრის მთავარი მონაზონი. მაჩუქა ხატები ისე, რომ ფული არ გამოურთმევია. ძალიან ჩამწვდა სულში... მომიყვა, რომ მონასტერი ინგრევა და მონაზვნებს ცხოვრებისთვის ცუდი პირობები აქვთ.  მათი მონასტერი შევაკეთებინე, რომ არ დანგრეულიყო და მონაზვნებისთვის ევრორემონტი გავაკეთე ისე, რომ ისინი ახლა კარგ პირობებში ცხოვრობენ. შენაკის ძველ ტაძარშიც დავდივარ, სადაც მსახურობს მამა პავლე, რომელმაც შვილი მომინათლა.
– საინტერესოა, აპირებთ თუ არა ქართული ტრადიციებით აღზარდოთ თქვენი შვილი, ასწავლოთ ის, რაც საქართველოშია მიღებული, რომ საზოგადოებასთან მოახერხოს ადაპტირება? ფიქრობთ, ეს საჭიროა?
– რა თქმა უნდა. ბევრი მდიდარი ადამიანი შვილს აფუჭებდა. ბავშვი ძალიან სწრაფად გრძნობს რაღაც პრივილეგიას – მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ძიძები, სხვებიც, ვინც მას მხარს უბამს. ბუნებრივია, ბავშვი თავს გრძნობს სამყაროს სათავეში. ამას არავითარ შემთხვევაში, არ დავუშვებ! ჩემი პატარა შვილი – გაბრიელი გაიზრდება ისეთივე უბრალო და იმედი მაქვს, საქმიანი ადამიანი, როგორიც ვარ მე, ჩემი უფროსი შვილები და შვილიშვილები! წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ბედნიერები ვერასდროს იქნებოდნენ! მეგობრებს ის ძალიან უყვართ, მე ასე არ ვუყვარდი. როცა შვილის აღზრდით ვიყავი დაკავებული, ჩემთან, ბანკში 24 ათასი ადამიანი მუშაობდა. თვეში მათ ხელფასს – ოცდაოთხ მილიონ დოლარს ვუხდიდი. არ ვიცოდი, შეძლებდა თუ არა ჩემი უფროსი შვილი ბანკის მართვას. ბანკი ძალიან დიდი იყო და მქონდა უდიდესი პასუხისგებლობა იმის გამო, თუ ვინ დამენიშნა მმართველად, ჩემ მაგივრად. ჩემი შვილები სხვებივით მუშაობდნენ იმავე ხელფასზე და ამით ცხოვრობდნენ. მე ბევრის უფლებას არ ვაძლევდი მათ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სხვებზე უკეთესები არიან და ასე ჩაუდგნენ ამ საქმეს სათავეში, რის მერეც გამდიდრდნენ. ახლა საკუთარი ბიზნესი აქვთ. სწორედ ასე მინდა, უმცროსი შვილის აღზრდაც. რაც შეეხება ქართულ ტრადიციებსა და ენას, ძნელი წარმოსადგენია,  რომ არ იცოდეს. დროის 90 პროცენტს ის ატარებს ხალხთან, რომლებიც ჩემთან მუშაობენ. ყველანი ქართველები არიან და ჩემს სახლში კარგი ქართულით ლაპარაკობენ. ჩემს შვილსაც სწორედ ეს ესმის.  რა თქმა უნდა, ეს მისი საურთიერთობო ენაა, რასაც მივესალმები. ეროვნებით ის არაა ქართველი, მაგრამ სული ქართული ექნება.
– თქვენთვის რა არის მთავარი ცხოვრებაში? წარმატება, აქტიური ცხოვრება, ოჯახი, თუ სახელი რომელსაც დატოვებთ?
– ჩემმა სიმამრმა ერთხელ მითხრა, შენნაირებს მხოლოდ მიწა დააპურებსო. რა თქმა უნდა, თვითრეალიზაციას გულისხმობდა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა გამოვწურო საკუთარი თავისგან ყველაფერი ადამიანური, მთელი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ჩემში დევს. ჩემნაირების ცხოვრების აზრი ისაა, რომ თავი მიუძღვნან იმ იდეას, რომლისთვისაც არსებობენ. დღეს ჩემი თვითრეალიზაცია პოლიტიკაშია. ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. პარლამეტის წევრიც რომ არ ვიყო, მე მაინც საზოგადო მოღვაწე ვიქნები. შევქმნი პარტიას, პარლამენტს თავს მოვახვევ კანონებს. ეს არის ჩემი მისია.
– როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ, კონკურენცია გაუწიოთ ძალიან ავტორიტეტულ პარტიებს, მაჟორიტარებს, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან საქართველოში? არჩევნები ხომ უკვე მალეა...
– მე ასეთები არ ვიცი. ნუ ეწყინებათ. თუ დავინახავ, რომ არიან, მთელ ქობულეთს გავაგებინებ! თუ ძლიერები არიან, გვაჩვენონ, რაში არიან ძლიერები. მაგრამ, ვფიქრობ, არჩევნებში მაინც მე გავიმარჯვებ, რადგან მე ამათიანი ვარ. ბევრი სხვა კანდიდატი კი, აქ არჩევნების მერე არც ჩამოვა. მე აქაურ პარკში ვსეირნობ, ზღვაზე დავდივარ და ადამიანებს ვესაუბრები და ისინიც მცნობენ.
– თუ კი პარლამენტში მოხვდებით, ვინმესთან თანამშრომლობას აპირებთ – რომელიმე პარტიასთან ან კოალიციასთან?
– ჩემთვის არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი – მინდა, მათ, ვინც ხმას მომცემს ესმოდეთ, ვის ირჩევენ. დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ზურგზე ფრთები ეზრდება და ანგელოზს ჰგავს და არც ისინი, ვისაც რქები აქვთ. ყველა ადამიანი ღმერთის მიერ, თითქმის ერთნაირადაა შექმნილი. გარდა იმისა, რომ არიან მორწმუნეები, ურწმუნოები, კარგები და ცუდები, მართალი არ არის, რომ ყველაფერი შედარებითია – არიან კარგები და არიან ცუდები. თუმცა, არის საშუალოც, მაგრამ მე არ მინდა, პოლიტიკოსები დავყო ისეთებად, ვისაც ფრთები აქვთ და ისეთებად, ვისაც რქები აქვთ. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა წარადგენს კანონს, რომელიც ქვეყნისთვის საჭიროა, მე ორივე ხელით მივცემ ხმას. ჩემთვის მნიშვნელობა არ ექნება, ამას ვინ აკეთებს. მთავარია, ამან გააუმჯობესოს რომელიმე ბებიის, ბაბუის ან ბავშვის ცხოვრება!

скачать dle 11.3