როგორ გახდა კახა ახვლედიანი შვილის მესაიდუმლე და როგორ იყოფენ ის და ია სუხიტაშვილი მშობლების მოვალეობებს
მსახიობ კახა ახვლედიანის შემოქმედებით ცხოვრებაში ახლა შედარებით პასიური პერიოდია. ცოტა ხნის წინ ქართულ-აზერბაიჯანულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ სიახლე არ ჩანს. მისი თქმით, საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო შემოქმედებით სტაბილური ცხოვრება ვერ გექნება და გადაწყვიტა, ყაზბეგში ბებიის დანატოვარი ქონებით ბიზნესი წამოიწყოს. ახალგაზრდა მსახიობს უკვე ცხრა წლის შვილი ჰყავს მსახიობ ია სუხიტაშვილთან და ბედნიერია, რომ დღეს მისი შვილის ყველაზე დიდი მესაიდუმლეა.
– კახა, საქმეებით დავიწყოთ. რა ხდება შემოქმედებაში?
– ო, საქმე ცუდადაა, იმიტომ რომ საქართველოში, ყველა სფეროში, მაგრამ განსაკუთრებით მსახიობებისთვის, ძალიან რთულია სტაბილური სამსახური, ზურგს რომ გაგიმაგრებს და სამი წელი მაინც არ იფიქრებ, ხვალ უმუშევარი დავრჩებიო. შვიდი წელია, თეატრში აღარ ვარ. არც ისინი იგიჟებდნენ თავს, ჩვენთან მოდიო, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი იყო და უარი ვთქვი. რატომღაც, თეატრი არ მომინდა. უფრო მეტად, პატარ-პატარა გადაღებებია. ბოლოს ზაფხულში გადამიღეს ქართულ-აზერბაიჯანულ ფილმში და ორი კვირა განჯაში გავატარე. ახლა რაღაც მკვდარი სეზონია. ერთ რამეს მივხვდი, ყველაზე მეტად ტელევიზიაში წამყვანობა გამომივიდა, როცა „მაესტროზე” ვმუშაობდი. მინდა, რაიმე, პატარა გადაცემა წავიყვანო. ეს ყველაზე მეტად დამეხმარება, რომ რიტმში ჩავჯდე. ზარმაცი ვარ და მჭირდება, რამემ ფორმაში ჩამაყენოს (იცინის).
– ეს სიზარმაცე, ალბათ, ბევრ რამეში გიშლის ხელს?
– არავის განვიკითხავ, მაგრამ საქართველოში არის ადამიანების კატეგორია, ყველაფერს კბილით გაგლეჯენ, საკუთარი თავი რომ გაიტანონ. ქასთინგებზე მივლენ, ხალხს შეაწუხებენ. მე ეს არ შემიძლია. თუ ვინმე დამიძახებს, მივალ, მაგრამ ჩემი აქტიურობა ჯერ არავის გაუგონია (იცინის). არ შემიძლია, ვინმე შევაწუხო თხოვნით. ვისაც შეუძლია, ღმერთმა ხელი მოუმართოს.
– ბევრი თავისუფალი დრო გექნება.
– კი და ასეთ დროს მანქანების მოდელებს ვაგროვებ. კოლექციონერი ვარ. ეს ვიღაცისთვის სათამაშოა, მაგრამ სინამდვილეში, ასე არაა – ეს ჰობია. ვფიქრობ, თუ მამაკაცს ჰობი არ აქვს (ოღონდ აქ დალევა და სმა-ჭამა არ იგულისხმება), თავს მაგრად ვერ იგრძნობს. ჰობი განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. თუ ჰობი ფინანსებთანაა დაკავშირებული, ისე, როგორც ჩემს შემთხვევაში, რთულია. ძვირი ღირს მანქანის კარგი მოდელი და ხანდახან, ფულის შეგროვება მიწევს (იცინის).
– ჰო, მაგრამ, ამას არ მოაქვს მატერიალური შემოსავალი.
– კი, მაგრამ პატარ-პატარა გადაღებები ანაზღაურებს. ახლა, მაგალითად, ძალიან კარგად გადამიხადეს აზერბაიჯანელებმა. წავედი ზღვაზე და კარგად დავისვენე, რამდენიმე მოდელიც შევიძინე. ზოგჯერ დაშლილს ვყიდულობ და მერე ვაწყობ.
– ცხრა წლის შვილი გყავს. ეს თქვენი საერთო ინტერესიც ხომ არაა?
– თავიდან ჰქონდა ეს ინტერესი. იცოდა, მე ვაგროვებდი და უფრო პატარა რომ იყო, თვითონაც შეაგროვა რამდენიმე მანქანა. მაგრამ, ეს არაა მისი ინტერესი. ჩვენი საერთო ინტერესი კომპიუტერული თამაშებია. ორივე „გეიმერი” ვართ.
– მშობლები ხომ, პირიქით, უშლიან შვილებს კომპიუტერულ თამაშებს?
– ვერ დავუშლი, იმიტომ რომ, ამას ძალიან დიდ დროს არ უთმობს. სპორტითაა დაკავებული. ეზოში თამაში უყვარს და ჩაკეტილი ბავშვი არაა. საჩხუბარი არაფერია, მაქსიმუმ ორი საათი ითამაშოს. თვითონვე ხვდება, რომ დროა, ადგეს და ეზოში ჩავიდეს – ბურთი ითამაშოს ან ველოსიპედით გაისეირნოს. ძალიან შეგნებული შვილი მყავს (იცინის).
– მამა როგორია?
– ერთადერთი, ის მიხარია, რომ მე მისი ყველაზე მაგარი მესაიდუმლე ვარ. ეს მთავარია, ვხვდები, რომ მისთვის მეგობარი ვარ. მეც ასე გავიზარდე. ჩემი მშობლები გაშორდნენ და ვიცი, ეს რას ნიშნავს. თუმცა, შეიძლება, მამასთან ერთად ცხოვრობდე, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა არ გქონდეს. ჩემთვის მთავარია, რომ ეს გამოგვივიდა. ისეთ რამეებს მიყვება, რაც არც ძმაკაცებისთვის უთქვამს, არც დედამისისთვის და არც ბებიებისთვის. თან, გავუფრთხილებივარ, არავისთან წამოგცდესო (იცინის).
– მოკლედ, ძმაკაცობთ.
– ჰო, უფრო ეგეთი ურთიერთობა გვაქვს. რაღაცნაირი ბავშვია, რომ ეტყვი, ესმის. ძალიან პატარა რომ იყო, მაშინაც არ იცოდა გაჯიუტება და ტირილი.
– ზოგ ახალგაზრდას უჭირს მამობა. თქვენ თავიდანვე კარგად აეწყვეთ?
– ხანდახან მამები ძალიან ცდილობენ, კარგები იყვნენ. ჩემი აზრით, კარგიმამობის მცდელობა, არც საჩუქრებით გამოიხატება და არც ზედმეტი ყურადღებით. ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ, რაღაც უკმაყოფილობა და წყენა მქონდა, რადგან წლები გადიოდა და მამა არ მყავდა ნანახი. მაგრამ, რომ ვნახე, ისე დამელაპარაკა და ისეთი ურთიერთობა დამყარდა ჩვენ შორის, ყველაფერი ვაპატიე და უფრო მეტიც, ძალიან დიდი პატივისცემა გამიჩნდა მის მიმართ. დავმეგობრდით. ბავშვს ვერაფერს მოატყუებ. ის მიხვდება, რომ მამამ კი დაუშვა შეცდომა და რაღაცეებში მართალი არ იყო, მაგრამ მას აქვს მეორე მხარეც, რომელსაც ის პატივს სცემს.
– რადგან მშობლების დაშორების გამოცდილება თავად გქონდა. სანამ შენ და ია დაშორდებოდით, ალბათ, წინასწარ იფიქრე ამაზე.
– არ მესმის დამოკიდებულება – არ დაანგრიო ოჯახი, ბავშვია ცოდო. ბავშვი მაშინაა ცოდო, როცა ყალბ ოჯახში ცხოვრობს. თუ ადამიანი აღარ გიყვარს, უთანხმოება გაქვს, თუ ურთიერთგაგება დაიკარგა ცოლ-ქმარს შორის, გამორიცხულია, ასეთ, არაჯანსაღ გარემოში ბავშვი ნორმალური გაიზარდოს. მას ექნება ფსიქიკური დარღვევა. რადგან თვითონაც ასე გავიზარდე, ვფიქრობდი, ცოლს რომ მოვიყვან, არასდროს დავშორდები-მეთქი. მაგრამ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ბავშვი ამას განიცდის, მაგრამ თუ სწორად მიუდგები, ყველაფერს გაიგებს. ჩვენ რომ დავშორდით, მაშინ ძალიან პატარა, თვეების იყო. მაგრამ, როცა შვილს გულწრფელად აგრძნობინებ, რომ ყველაფერში მართალი არ იყავი და ამას შინაგანად განიცდი, ის აუცილებლად მიგიხვდება. ამისთვის სიტყვები სულაც არაა საჭირო.
– ახლა უკვე დიდი ბიჭია და ძმაკაცობთ. მშობლის მოვალეობებს როგორ იყოფთ შენ და ია?
– შვილს ხშირად ვნახულობ და ახლა ნელ-ნელა, ჩემთან დარჩენასაც შეეჩვია. სკოლისთვის ვამზადებ და მიმყავს-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ დასვენების დღეებში ერთად ვართ. მოკლედ, ძმაკაცები ვართ (იცინის). სხვათა შორის, მამასთან დარჩენის საკითხში პირადი გამოცდილება დამეხმარა. ერთხელ, პატარა რომ ვიყავი, მამაჩემმა წამიყვანა და თავისთან დამტოვა. ღამე ტირილი დავიწყე. ეს კარგად მახსოვდა და მეშინოდა, ჩემს შვილთანაც იგივე არ განმეორებულიყო. მაგრამ, ცოტა რომ წამოიზარდა, ახლა, პირიქით, უხარია ჩემთან დარჩენა. ერთად ვიძინებთ და რაღაცებზე „ვბაზრობთ” (იცინის).
– გარეგნულად იას ძალიან ჰგავს.
– კი, იას ძალიან ჰგავს და იერით მე ჩამომგავს. მამაჩემსაც ჰგავს რაღაცით. ხასიათით ძალიან მხიარული და მეგობრულია.
– როგორც ვიცი, პირად ცხოვრებაში გაქვს სიახლეები, თუმცა რაღა სიახლეები, უკვე საცოლეა.
– მე და სოფო ბეროძე უკვე კარგა ხანია, ერთად ვართ და გვინდა, ნელ-ნელა, ოფიციალური გავხადოთ ურთიერთობა. ზოგადად, არ მიყვარს ურთიერთობისთვის სახელის დარქმევა, თუმცა საჭიროა. ახლა რაღაცეებს ველოდები, რომ ფინანსურად მოვძლიერდე. მემკვიდრეობით დიდი ბებიისგან, ყაზბეგში ქონება მერგო. ტურისტულად ძალიან მომგებიანი ადგილია და მინდა, სახლიც გავაკეთო და პატარა სასტუმროც.
– ორივეს გყავთ შვილები. როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ თქვენს ურთიერთობასთან?
– კი, ორივეს ბიჭები გვყავს. სოფოს შვილს დათი ჰქვია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან ჭკვიანი და განათლებული ბავშვია. რამე რომ არ ვიცი, მას ვეკითხები და იცის (იცინის). 11 წლისაა. ლუკასაც ანალოგიურად კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ცოტა მორცხვობს ხოლმე მაგ ამბავში. უკვე გადახარშული აქვთ, რომ უნდა დავქორწინდეთ და დათი ეკითხება სოფოს, როდის თხოვდებიო?! მოკლედ, ორივეს უხარია (იცინის).