კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იღებენ გერმანიაში ცნობილი დიზაინერები ნორა ლობჟანიძეს საკუთარი სამოსის რეკლამებში და რატომ თქვა მან უარი გერმანულ „ფლეიბოიში“ გადაღებაზე

გერმანიაში მოღვაწე ნორა ლობჟანიძის კარიერა ჯერ კიდევ თბილისში, 6 წლის ასაკში დაიწყო, როცა ტანვარჯიშზე დადიოდა. შემდეგ კი ბალეტსა და ქართულ-ხალხურ ცეკვებს ეუფლებოდა. მოგვიანებით, ოჯახთან ერთად, გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს ნორა გერმანიაში ძალიან წარმატებული და ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, Pole Dancer და ფოტომოდელია. მას გერმანიაში ორი სტუდია აქვს  და მსურველებს ცეკვას, ვარჯიშს, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სწორად კვებას  ასწავლის. გარდა ამისა, „იუ თუბიზეც“ საკუთარი გვერდი აქვს, სადაც მსურველებს სწორად ვარჯიშს, ცეკვას ასწავლის და საინტერესო რჩევებსაც უზიარებს.
ნორა ლობჟანიძე: თბილისში დავიბადე. 12 წლამდე ვცხოვრობდით საქართველოში და შემდეგ, ოჯახთან ერთად, გერმანიაში გადმოვედით საცხოვრებლად. 5 წლის ვიყავი, ტანვარჯიშზე რომ დავიწყე სიარული. საკმაოდ წარმატებული ვიყავი ამ სფეროში, თუმცა 9 წლის ასაკში ქართულ ცეკვებზე გადავედი. გერმანიაში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, თანამედროვე ცეკვებზე დავიწყე სიარული. 15 წლის ასაკში, ცეკვის სკოლაში ამირჩიეს და სხვადასხვა შეჯიბრებაში ვიღებდი მონაწილეობას. გერმანიის ჩემპიონატზე თანამედროვე ცეკვებში გავიმარჯვე, რაც ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იყო, სოლო ნომერი მქონდა და დიდ წარმატებას მივაღწიე.  16 წლის ასაკში უკვე სკოლაში ვასწავლიდი და სხვადასხვა შეჯიბრებაზეც გამოვდიოდი. იმავე პერიოდში დავიწყე ფოტომოდელობაც. რეკლამებს ვუკეთებდი სპორტულ სამოსს, ფეხსაცმელს, ასევე კლიპებში მიღებდნენ და მეც უარს არ ვამბობდი. შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, ვცხოვრობდი ამერიკაში. ერთ-ერთ ქასთინგზე მივედი, ირჩევდნენ მოცეკვავეებს ჯგუფისთვის და მე ამირჩიეს. ამერიკულ თანამედროვე ცეკვებს ვცეკვავდით. მიუზიკლი გვქონდა და ძალიან ბევრს დავდიოდით, სხვადასხვა გამოსვლა გვქონდა. გარდა ამისა, ცეკვასაც ვასწავლიდი, ბავშვებს ვავარჯიშებდი. შემდეგ ისევ გერმანიაში დავბრუნდი და ტრენერად, მოცეკვავედ დავიწყე მუშაობა. ოღონდ უკვე ჯგუფში აღარ ვცეკვავდი. თუ რაიმე საინტერესო ღონისძიება იქნებოდა, დამირეკავდნენ და მივდიოდი. შემდეგ ფიტნეს-მოდელადაც დავიწყე მუშაობა. გერმანიაში არ ჰყავთ ბევრი ფიტნეს-მოდელი და ძალიან კარგად წავიდა ჩემი საქმე – გაკვეთილებს ვატარებდი, ხალხს ვავარჯიშებდი და როგორც ფიტნეს-მოდელი, შეჯიბრებებზე გამოვდიოდი, ტელევიზიაში მიწვევდნენ და ასე შემდეგ. მერე უკვე „პოლ დენსის“ ცეკვაც დავიწყე. ბოდიბილდინგის ჩემპიონატებზეც გამოვდიოდი, როგორც ფიტნეს-მოდელი. თავიდან, გერმანიის ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე; მეორე და მესამე ჩემპიონატებზე – უკვე პირველი ადგილი და ასე გაგრძელდა ჩემი კარიერა. ეს ჩემპიონატები მთელი გერმანიის მასშტაბით ტარდება და საკმაოდ ბევრი მონაწილეა. თან, იქ სხვადასხვა შეხვედრა გაქვს – მოდის ფოტოგრაფებთან, ხალხში ცნობადობა იზრდება და უფრო მეტად ინტერესდებიან. ჩემი პლუსი ის არის, რომ არ ვარ მხოლოდ ფიტნეს-მოდელი. ვცეკვავ კიდეც და მაგალითად, როცა რეკლამისთვის გოგონა სჭირდებათ, რომელიც კარგ ფორმაშია, გარბის და „შპაგატში” ჯდება, ეს ყველას არ შეუძლია. მე კი თავისუფლად ვაკეთებ და როცა ასეთი რამ სჭირდებათ, ჩემთან მოდიან. რადგან ძალიან მაღალი არ ვარ, პოდიუმზე არ გამოვდივარ, მაგრამ ფოტომოდელად ვმუშაობ. ბოლო ვიდეო იყო ცნობილი გერმანელი დიზაინერის ჯინსის რეკლამა. ფოტოებიც გადავიღე, რომელიც ბევრ ჟურნალში დაიბეჭდა. უნდოდათ, ეჩვენებინათ, რომ ეს შარვლები არ იხევა – რა არ გამაკეთებინეს, „შპაგატშიც” ჩამსვეს, „პოლ დენსიც“ ვიცეკვე. ასევე, ვიმუშავე ცნობილ ბრენდთან –  შიდა საცვლების რეკლამა იყო. ვიმუშავე დიზიანერთან, რომელიც ექსკლუზიურ და ძალიან ძვირად ღირებულ მოდელებს ქმნის. მან ჩემს ტანზე შეკერა კაბა, რომელიც 3-დან 5 ათას ევრომდე ღირს. ვმონაწილეობ „შოუ-რუმებში“, სადაც კაბებს აჩვენებენ მომხმარებელს. გარდა ამისა, მაქვს საკუთარი სტუდია მიუნხენში და ასევე, ერთ ქალაქში. არიან ისეთებიც, ჩემთან რომ სწავლობენ და შემდეგ უკვე, ჩემთან იწყებენ მუშაობას. გოგონების ჯგუფები მყავს და მათ ვავარჯიშებ. სტუდიის გარდა, ონლაინ ვარჯიშებიც გავაკეთე. ჩემი ვიდეოები დევს და მსურველს შეუძლია, ჩემთან ერთად ივარჯიშოს.
– კიდევ მონაწილეობთ ჩემპიონატებში?
– არა, ცეკვაშიც და როგორც ფიტნეს-მოდელმა, დავამთავრე ჩემპიონატებში მონაწილეობა. თავად ვუკეთებ ბევრ ჩემპიონატს ორგანიზებას და უკვე ცოტა უცნაურია, მეც მივიღო მასში მონაწილეობა. უკვე რამდენიმე ჩემპიონატი მოვიგე და კიდევ ერთი არაფერში დამეხმარება, მომზადებას კი, ძალიან დიდი დრო სჭირდება. თან, ამჟამად ვწერ წიგნს, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად. ეს კი ფულსა და წარმატებაზე არ არის დამოკიდებული. ჩემთვის ცხოვრება შეჯიბრი არ არის, რომ ვიღაცას შეეჯიბრო, ვიღაცაზე უკეთესი იყო. მე არავის ვეჯიბრები, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალური და არაჩვეულებრივია. აი, ამ ყველაფერზეა ჩემი წიგნი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მაგალითს მოვიყვან, მაგრამ არ იქნება ავტობიოგრაფიული. ხშირად ცხოვრებაში იმას ვაკეთებთ, რაც სხვებს უნდათ, რომ ვაკეთოთ. მაგალითად, დედა და მამა ამბობს: გახდა არ შეიძლება, ასეთი ფოტოების გადაღება არ შეიძლება, ეს არ უნდა გააკეთო, არც ეს... არადა, ყველა ადამიანი იმისთვის მოვიდა ამ ცხოვრებაში, რომ თავად იპოვოს საკუთარი თავი და მიხვდეს, რა არის მისთვის უმჯობესი. წიგნი გერმანულ ენაზე იქნება და უკვე დაიდო ვიდეოები. შეკვეთაც შეიძლება. გასაყიდად 2017 წლის მარტში გამოვა და მერე, ალბათ, ქართულადაც გადავთარგმნი. 
– საკმაოდ თამამი და ლამაზი ფოტოები გაქვთ, ზოგიერთში მთლიანად შიშველი ხართ. ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს მშობლებს?
– იყო ბევრი პრობლემა. მამაჩემს ახლაც არ მოსწონს. დიდი ხანი არ მქონდა ოჯახთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ მერე მივხვდი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახთან კარგ დამოკიდებულებას. ჩემი მიზანია, ხალხს გავაგებინო, რომ საკუთარი ოჯახის წევრი იქნება თუ სხვა, ისეთი უნდა გიყვარდეს და მხოლოდ ისეთი მიიღო, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც შენ გინდა, რომ იყოს. არაჩვეულებრივი მშობლები მყავს, მაგრამ მამას რომ ვუთხარი 16 წლის ასაკში, ნახევრად შიშველი ვაპირებ ფოტოს გადაღებას-მეთქი, რა თქმა უნდა, არ მოეწონა. დედას ისეთი არაფერი უთქვამს, მაგრამ, რა უნდა ექნა, სხვა გზა არ ჰქონდა. დღეს პრობლემები მოვაგვარეთ. ძალიან მოვინდომე, რომ ურთიერთობა დაგველაგებინა. კვირაში ერთხელ ვხვდები მათ და ვცდილობთ, კარგი დრო გავატაროთ. 11 წლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია ასეთი ფოტოების გადაღებით. საკუთარი ცეკვის სტუდიები მაქვს. ბევრს არასერიოზულად მიაჩნია, რომ ადამიანი ნახევრად შიშველი იღებს ფოტოებს, არადა ისეთი სერიოზული საქმეა – სულ ფორმაში უნდა იყო. ამას კი ბევრი შრომა სჭირდება.
–  „ფლეიბოისგან“ არ გქონიათ შემოთავაზება?
– გერმანულ „ფლეიბოისთან“ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მქონდა ურთიერთობა – ფიტნეს-მოდელს ეძებდნენ გადაღებისთვის. მაგრამ უარი ვუთხარი. „ფლეიბოიში” გადაღება ისეთ საზღვრებს გადადის, ჩემთვისაც კი მეტისმეტია, ამიტომ, უარი ვთქვი. ერთხელ თუ გადაგიღებენ „ფლეიბოიში“, მერე სერიოზული გადაღებისთვის არავინ დაგიძახებს. მე, ძირითადად, ფიტნეს-ჟურნალებთან ვთანამშრომლობ, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს გავუწიო პოპულარიზაცია.
– მშობლები რას საქმიანობენ? სადღაც ამოვიკითხე, ამბობდი, დედაჩემი მკითხაობდაო.
– მშობლები ინჟინრები არიან. მამა მშენებელი ინჟინერი იყო საქართველოში, დედა – ტელეკომუნიკაციაში მუშაობდა. გერმანიაში ორივე ბიუროში მუშაობს, რადგან, რაც საქართველოში ისწავლეს, აქ არ ჩაუთვალეს. მე და დედა ერთმანეთს რომ ვხვდებით, რიტუალივით გვაქვს – ყავას ვსვამ და დედა მკითხაობს ან კარტს მიშლის, თუმცა, არ მგონია, ამ საქმეში ბევრი რამ იცოდეს.
– რა ხდება პირადში, გათხოვილი არ ხართ?
– არა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთს გავუგოთ, ერთნაირი ღირებულებები გვქონდეს. თუ ვინმესთან ერთად იქნები, ერთნაირი მიზნები უნდა გქონდეთ. ყველაფერი იქითკენ უნდა მიდიოდეს, რომ მომავალში ოჯახი შექმნა, შვილები გყავდეს და ერთად წარმართოთ ცხოვრება.

скачать dle 11.3