შეუქმნა თუ არა ბახვა ბრეგვაძეს დისკომფორტი მასსა და პრეზიდენტის რძალზე გავრცელებულმა ჭორებმა და რატომ აუკრძალა მან ნინი ბადურაშვილს კოცნა
ბახვა ბრეგვაძემ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩენის შემდეგ, მაყურებლების სიყვარული და კეთილგანწყობა მალევე დაიმსახურა. თუმცა, მანამდე, ბავშვობიდან მოყოლებული, მის სამეგობროში ყოველთვის შედიოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: ლიკა ევგენიძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, სანდრო კაკულია და სხვები, რომლებთან ერთადაც, ბევრი სახალისო ისტორია გადახდენია თავს.
– ბახვა, „ფეისბუქზე“ შენი ერთ-ერთი პოსტი ძალიან აქტუალურ და მტკივნეულ პრობლემას ეხებოდა.
– სინამდვილეში, ეს ბლოგი ჩემმა მეგობარმა დაწერა. მაგრამ, იმდენად ვეთანხმები მის აზრს და ამ პრობლემის მისეულ ფორმულირებას, რომ ყველა სიტყვას ხელს მოვაწერდი. თემა იყო აბორტი იმ შემთხვევაში, თუ ბიჭს არ ელოდებიან. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე გულისამრევი სელექციონერი ხარ. გასაგებია, რომ ირჩევ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, სუნამოს და ასე შემდეგ, მაგრამ, როდესაც შვილს სქესის მიხედვით ირჩევ, ეს უკვე სრულიად გაუგებარია. არ მეგონა, რომ დღეს ეს პრობლემა კვლავ აქტუალური იყო, მაგრამ კვლევებმა სამწუხარო შედეგი აჩვენა.
– მომდევნო კითხვასაც შენი „ფეისბუქ-გვერდიდან” გამომდინარე დაგისვამ – სანდრო კაკულიასთან (სანდრექსა) ერთად გადაღებული ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნე. როგორც ჩანს, თქვენი მეგობრობა სერიალამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
– მე თავიდან 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. მესამე-მეოთხე კლასში ვიქნებოდი, როცა ბეისბოლზე დავიწყე სიარული და იქ გავიცანი სანდრო. მერე იმდენი ვქენი, რომ მეექვსე კლასში მათთან – „მომავლის სკოლაში“ გადავედი სასწავლებლად. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ვმეგობრობთ. ახლა მისი შვილი – ელენეც ჩემი მეგობარია (იცინის). იმ ფოტოზე მე ძალიან პუტკუნა ვარ, სანდრო – გამხდარი. თუმცა, წონა არასდროს მიშლიდა ხელს. გადასარევად დავრბოდი, ვთამაშობდი და ვცეკვავდი, კომპლექსები არ მაწუხებდა. მაგრამ პირველად ზუსტად სანდრომ მითხრა: ძაან გასუქდი, ასი კილო მაინც იქნებიო. ისე გავმწარდი, კინაღამ მივახრჩვე იქვე გამხდარი სანდრო (იცინის). დავდექი სასწორზე და გაირკვა, რომ ასზე მეტი ვყოფილვარ. ამის შემდეგ, მალევე, დედაჩემის მეგობარი მოვიდა ჩვენთან, რომელიც ძალიან მიყვარდა და მიყვარს. მივედი სანახავად და მეუბნება: ვაიმე, არ მაკოცო, იმსისქე ხარ, არ შემიძლია შენი კოცნაო. ძალიან მწარედ მითხრა და დღემდე მახსოვს. მაგრამ, ახლა უკვე ვუმადლი მათ, რადგან სწორედ ამ სიმწარეებმა ამომაკერინა პირი. მეორე დღესვე გადავწვიტე, რომ გახდომის დრო მოვიდა. დავიწყე დილაობით სირბილი, დღის განმავლობაში ცოტას ვჭამდი და ექვსის მერე საერთოდ აღარ ვეკარებოდი საკვებს. ფეხით ბევრს დავდიოდი და შედეგად, ძალიან სწრაფად, დაახლოებით ხუთ თვეში, ორმოცი კილო დავიკელი. სხვათა შორის, გასუქებითაც ძალიან მალე და არაჯანსაღად გავსუქდი. მესამე კლასში მარტო ძვლები ვიყავი. მერე მამაჩემმა ჩამომიტანა ვიტამინი. დალიე და ცოტა მოღონიერდებიო. დღეში ერთი ტაბლეტი უნდა დამელია, მაგრამ მე იმდენად მომეწონა მისი გემო, 4-5-ს ვსვამდი და ზაფხულის შემდეგ სკოლაში რომ მივედი, ვეღარ მიცნეს, ისეთი გასუქებული ვიყავი. თუმცა, ჭამა იმდენად მიყვარს, რომ ძალიან გამიჭირდა წონასთან ბრძოლა. გუშინაც, ბახუტასთან ვიყავი. ღამე შეწვა მწვადი და პურთან ერთად გემრიელად ვჭამე, მაგრამ დღეს ექვსის მერე აღარ შევჭამ და ასე დავაბალანსებ (იცინის).
– სანდრო კაკულიას ბავშვთან ვმეგობრობო, მითხარი. როგორც ვიცი, ლიკა ევგენიძის ბავშვების ახლო მეგობარიც ხარ და თავისთავად, ლიკასიც.
– კი, ლიკას შვილი ჩემი ნათლულია. ლიკა და მისი ძმა – ლუკა, ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. ისინიც ჩვვენს სკოლაში სწავლობდნენ. დათომ რომ მეორე ცოლი მოიყვანა, ფაქტობრივად, ერთი თვე ქორწილი იყო და გადასარევად ვერთობოდით. საირმეში, დათოს სახლში, ჩვენი ბუნაგი იყო.
– ლიკას სტატუსი „პრეზიდენტის რძალი“ და თქვენზე გავრცელებული ჭორები – თითქოს სიყვარული გაკავშირებდათ, გიქმნიდათ დისკომფორტს?
– პრეზიდენტი ხომ აღარაა მიშა?! (იცინის) არანაირი დისკომფორტი. ლიკას ქმარი, ნიკუშაც ჩემი მეგობარია, მათი ბავშვი კი ჩემი ნათლული. ურჯულოები კი – არ ვართ (იცინის). ცუდი არც არავის უთქვამს რამე, იმიტომ რომ, ლიკაც ძალიან უყვარს ხალხს.
– ცნობილ ქალებს შორის, ვისთანაც ახლო მეგობრობა გაკავშირებს, არის ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე...
– იმ დღეს მე და ნინი სადღაც ვიყავით. ფოტოგრაფი გვიღებდა ფოტოებს და ნინი მკოცნიდა. გაჩერდი, თორემ ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყება-მეთქი, ვუთხარი. მოკლედ, კოცნის უფლებასაც აღარ ვაძლევ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით (იცინის). იმიტომ რომ, ცოტა ხნის წინ, ჩვენზე რომ დაიწყეს ჭორაობა – ერთმანეთი უყვართო, უკვე აღარ შემეძლო. ყველა გადაცემაში, ჟურნალში, ნიუსში ეს ამბავი ტრიალებდა. ვამბობდი, ნინიმ კიდევ უფრო გამაპიარა-მეთქი. მაშინ სერიალში ჯერ ასე არ ჰქონდა ფეხი მოკიდებული ჩემს პერსონაჟს. ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი იყო და ცოტა არ იყოს, შოკი მქონდა (იცინის). თორემ ნინისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მსგავსს ბავშვობიდან მიჩვეულია. თუმცა, მერე, მეც მივეჩვიე. კი, ნინისთან ერთად, დიდი ხნის მეგობარია ქრისტინე იმედაძეც.
– ნინი და ქრისტინე ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ. მათი მეგობარი ბიჭი რომ ხარ, ეს ცოტა ისეთი თემაა...
– კი... მაგაზე ძალიან სასაცილო ისტორია გამახსენდა. ერთხელ, ერთ-ერთ კლუბში ქრისტინეს კონცერტი იყო. ვიღაც ბიჭი ავიდა სცენაზე და აღარ ჩამოვიდა აღარასდროს. მივხვდი, რომ ქრისტინე ძალიან დაიძაბა. მეც ავედი, ვითომ ვმღეროდი, ეს ბიჭი ცოტა გავწიე და შუაში ჩავდექი. მაინც არ გაჩერდა. ზოგადად, აგრესიული არ ვარ, მაგრამ ის ისე იქცეოდა, მოთმინებიდან გამომიყვანა და აღარაფრით რომ არ გაჩერდა, ავდექი და ეს რკინის მიკროფონი თავში ჩავარტყი (იცინის). ისე ჩამირტყამს, ცუდად გახდა, გაითიშა და სცენაზე დავარდა. მერე დაბლა ჩაიყვანეს და მისიანები რომ მოვიდნენ წასაყვანად, აღმოჩნდა, რომ ჩემი ახლობლები ყოფილან. ძალიან შემრცხვა, მაგრამ რა მექნა, აღარ მოგვეშვა (იცინის)...
– ქრისტინე იმედაძის დაცვა ყოფილხარ.
– ასე გამოვიდა იმ მომენტში. ახლა გაიზარდა და თვითონ იცავს თავს (იცინის).
– ისევ ცნობილ ქალებზე რომ ვისაუბროთ – თეონა თავართქილაძეც შენს მეგობრებს შორისაა და ზოგადად, არველაძეებთან ახლო ურთიერთობა გაქვს.
– კი, არველაძეები ჩემი ნათესავები არიან. მათი დედა ჩემი ძმის ნათლიაა და თან თინი, აჩის ცოლი, დედაჩემის ძმისშვილია. მოკლედ, ჩემი ოჯახის წევრები არიან და ზაფხულობით სულ ერთად ვართ. მოგეხსენებათ, არველაძეების იუმორი, მათთან ერთად მეც ვიქოქები და 24 საათს სიცილში ვატარებთ.
– შენთვის როგორია ცხოვრება პოპულარობამდე და შემდეგ, თავის პლუს-მინუსებიანად?
– ძალიან სასიამოვნოა, როცა უცხო ადამიანები სითბოს გამოხატავენ, ერთ-ერთ სერიაში, ლეომ რომ მაწამა ცოტნეს ადგილსამყოფლის გასაგებად, იმ დროს, ქუჩაში ქალბატონი მეუბნება: დროზე გეთქვა, შვილო, რატომ აწამებინე თავიო. ისე გულინად და სინანულით მითხრა, ვეღარ ვაკადრე თქმა: ქალბატონო, ის სერიალია-მეთქი. როლიდან გამომდინარე, უარყოფითი დამოკიდებულებები არ აქვთ ჩემ მიმართ. რაც შეეხება მინუსებს, როცა სახლში სამსახურიდან ძალიან დაღლილი მოვდივარ, მიწევს, ცოტა ვითამაშო და გავიღიმო, რომ დაღვრემილმა არ შევხედო სხვებს. ჭორები, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, არ მაწუხებს. მერე მაინც ყოველთვის ირკვევა სიმართლე. ძირითადად, ყველა დადებითადაა განწყობილი და ხანდახან უხერხულ სიტუაციაშიც ვვარდები: ტაქსისტები ფულს არ მართმევენ და ბრძოლაში მეტი ხარჯი გამომდის. ჭიდაობაში შეგდებული თანხიდან ხურდას, თავისთავად, ვეღარ ველოდები და გავრბივარ ხოლმე (იცინის). ბოლოს ძალიან მსხვილი კუპიურა მქონდა, შეგდება ვეღარ გავბედე და მომიწია ტაქსისტის დაპატიჟება მიმეღო, რის გამოც ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს. თუმცა, პატარა უარყოფითებიც არის, როცა ბოლომდე შენს პერსონაჟად აღგიქვამენ. მეგობრისთვის ერთ გოგოს უკითხავს: ეგ ბახვა მართლა სულელია თუ ძალიან კარგად თამაშობსო?! (იცინის) ჰო, ვიღაცეებს სჯერათ, რომ მართლა ზუსტად ისეთი ვარ. სინამდვილეში, ერმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. უბრალოდ, არც ის ბახვაა უარყოფითი პერსონაჟი და იმედია, მეც არ ვარ სინამდვილეში უარყოფითი.