კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაამარცხა ეკა ნიჟარაძემ მძიმე სენი და სად შეახვედრა ბედმა ის რეზო თაბუკაშვილს

ბევრი სირთულისა და დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, მსახიობ ეკა ნიჟარაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეების პერიოდი დადგა. მისი ცხოვრება არაერთხელ გახდა საზოგადოების დაკვირვების ობიექტი. განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა კი მსახიობის ჯანმრთელობამ გამოიწვია, როცა ექიმებმა ბიოფსიის ჩატარების შემდეგ არასახარბიელო დიაგნოზი დაუსვეს. საბედნიეროდ, ეკამ რეაბილიტაციის კურსი წარმატებით დაასრულა და სრულიად გამოჯანმრთელების, მუდამ ფორმაში ყოფნის მიზნით, თეატრალური კარიერის პარალელურად, „ფიტნეს გალერიში“ მწვრთნელადაც კი სცადა ბედი, რასაც თავი ნამდვილად გაართვა. მაგრამ, ეს ყველაფერი როდია, თეატრისა და სამი შვილის პარალელურად მსახიობმა პირადი ქალური ბედნიერება იპოვა. საკუთარ რჩეულთან რეზო თაბუკაშვილთან ერთად, ის თავს კარგად გრძნობს.
– ეკა, დიდი ხანია, საზოგადოებაში არ ჩანდით და არც ინტერვიუებით წყალობდით ტელევიზიასა თუ პრესას. რა იყო ამის მიზეზი და რა ხდებოდა ამ დროის განმავლობაში ეკა ნიჟარაძის ცხოვრებაში ისეთი, რაზეც საუბარი არ გსურდათ?
– ტელეეკრანზე იმ სიხშირით აღარ ვჩნდები, როგორც ადრე. დიდი ხანია, არც გადაღებების შესახებ მიმიღია შემოთავაზება. ხშირად მაქვს მიწვევა სხვადასხვა შოუში, მაგრამ არ მივდივარ. არ მინდა საკუთარ ამბებზე ხმამაღლა საუბარი, არა იმიტომ, რომ რამეს ვმალავ, უბრალოდ, დიდი დოზით გამოჩენა არ მინდა. თან, თემასაც ხომ გააჩნია, რაზე სურთ ჩემთან საუბარი?! ძალიან დატვირთული ვარ, რეპეტიციები მაქვს თეატრში. ვემზადებით – ოქტომბრის ბოლოს პრემიერა გვექნება. გარდა ამისა, ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში – ზოგჯერ კარგი, ზოგჯერ არც ისე კარგი. საერთო ჯამში, ყველაფერი რიგზეა და ღვთის წყალობით, კარგად ვართ მე და ჩემი ოჯახი. ბევრი რთული ეტაპი იყო, მაგრამ ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. ნებისმიერი სირთულე გაძლევს ძალას და გიჩვენებს გზას, როგორ გამოხვიდე სტრესიდან. არ გაქვს უფლება, დაიჩივლო საკუთარ ცხოვრებაზე. თუნდაც, როცა რაღაცაზე ხმამაღლა იწყებ წუწუნს, ეს უკვე ძალიან დიდი ცოდვაა. არ ვაძლევ თავს მსგავსი ფიქრების უფლებას. ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამსახურის მხრივაც, სიახლე მაქვს. თეატრის პარალელურად, გადავწყვიტე, აქამდე უცხო სფეროში ვცადო ბედი. Fit Gallery-ში დავიწყე მწვრთნელად მუშაობა. ჩემი პირველი ჯგუფი ავიყვანე.
– Fit Gallery-ში მწვრთნელად მუშაობის დაწყება სასიამოვნო სიახლეა მსახიობისთვის, რომელსაც სურს, ლამაზი ფორმები შეინარჩუნოს. მაგრამ, დამატებით, ეს თქვენი ჯანმრთელობის რეაბილიტაციის კურსს ხომ არ შეადგენს?
– ეს ნამდვილად იყო ჩემი ჯანმრთელობის რეაბილიტაციის შემადგენელი ნაწილი მაშინ, როცა ვიყავი მოსწავლე Fit Gallery-ში  მწვრთნელთან. სამი წელი გაგრძელდა ეს პროცესი, რადგან ისევ ჯანმრთელობის გამო, რამდენჯერმე მომიწია წასვლა ამერიკაში. ახლა კარგად ვგრძნობ თავს. ყოველი ვარჯიშის შემდეგ, ისეთი შეგრძნებაა, გგონია, ფრთები გამოგესხა და მთებს გადადგამ. დადებითი ემოციებით ვივსები. როცა ჯგუფი ავიყვანე, სიმართლე გითხრათ, ძალიან ვღელავდი. პირველი გაკვეთილი იმავე სირთულისა და სიხარულის მომცემი იყო, როგორც პირველი პრემიერა სცენაზე. 
– ბევრი ამბობს, ეკა ნიჟარაძე „გიჟი დედააო“. როცა 20 წლის ასაკში ხდები დედა, გზადაგზა იძენ გამოცდილებას და ალბათ, გზა, რომლის გავლამაც ძლიერ ქალად გაქციათ, ბევრ რთულ ეტაპს მოიცავს...
– პირველ შვილთან შეხვედრა დღემდე განსაკუთრებულად მახსენდება. როდესაც ტასო გავაჩინე და დავინახე, იქ ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა და დაიწყო ახალი. ყველაფერმა უკან გადაინაცვლა. ნელ-ნელა ხვდები, რომ ეს პატარა, სასაცილო ადამიანი ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. სამი შვილი მყავს. უფროსები ჩემთან ერთად ცხოვრობენ, ხოლო, უმცროსი ამერიკაში სწავლობს. თვითრეალიზება ჩემი შვილებით, მათი  დახმარებით შევძელი. რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ. ბავშვები ყოველთვის ჩემთან იზრდებოდნენ. მაშინ ცნება – ძიძა საერთოდ არ არსებობდა. გამომდინარე აქედან, შვილები სულ თან დამყავდა. შემდეგ, როცა წამოიზარდნენ, მიჩვეულები იყვნენ, რომ დედა მუშაობდა და ყოველთვის ხელს მიწყობდნენ. საერთოდ, ყველაფერს მათ ვეკითხები, ისე არაფერს ვაკეთებ. ვეუბნები – აი, შემომთავაზეს ეს, თანახმა ხართ თუ არა, მოგწონთ თუ არა. არის მომენტი, როცა ამბობენ – არა, არ მოგვწონს. ხშირად მეუბნებიან: არ წამოვალთ შენთან ერთად ტელევიზიაში. ძალიან ბევრი ხვეწნა მჭირდება, როცა ჟურნალისტები ითხოვენ, რომ შვილებთან ერთად ვიყო. საქმის მხრივ კი, ყველაფერში ხელს მიწყობენ და მეხმარებიან. ტასომ შვილიშვილი, პატარა თინა მაჩუქა, რომელიც ყველას თავის ჭკუაზე გვატარებს ოჯახში. ჯერ იმ ასაკის ბებია არ ვარ, ბალიშის ქვეშ გადანახულ კანფეტებს რომ აძლევს შვილიშვილს. ტასო უფრო ათამამებს, ვიდრე მე. ჩემი სუსტი წერტილი სახლი და შვილებია. მიყვარს დეკორაციის შეცვლა და ყვავილები. ამ მხრივ, ერთი ძალიან ცუდი თვისება მაქვს, რითაც ნერვებს ვუშლი შვილებს. მაგალითად, მინდა ავეჯის გადაადგილება და ბუნებრივია, მჭირდება ვინმეს დახმარება. დე, როდის მოხვალ? – ვეკითხები ჯეჯის და მიზეზსაც ვეუბნები. მპასუხობს, რომ მალე მოვა. დაველოდო? მე კი რას ვაკეთებ? ჩემით ვიწყებ საქმეს, რადგან სიტყვა დამელოდე, არ შემიძლია (იცინის). მერე იწყება ძალიან დიდი სიამოვნება, რადგან მივარდება დისკი და თან, სიმძიმე ჩემთვის არ შეიძლება.
– ნოდაროს ამერიკაში ყოფნა, ალბათ, რთულია დედისთვის. მისი ამერიკაში სწავლა ვინ გადაწყვიტა?
– ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მე და ნოდარომ. 12 წლის იყო, როცა პირველად გავუშვი და ეს პერიოდი ძალიან რთული ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში და ახლაც ვერ ვეგუები. ერთადერთია ეს საკითხი, რომელზეც დღემდე ვფიქრობ და კიდევ ვერ დავრწმუნებულვარ, სწორად მოვიქეცი თუ არა. მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე არ არის ის ჩემ თვალწინ და ძალიან ვღელავ. ერთი მხრივ, კარგია, დამოუკიდებელია. ჩვენ, ქართველი დედები ხშირად ცუდად ვზრდით შვილებს, განსაკუთრებით ბიჭებს. თითქმის ყველა – დედე, დედეს იძახის. იზრდებიან ისე, რომ მუდმივად პატარები რჩებიან და ალბათ, ამ გადმოსახედიდან, კარგიც არის, ასე რომ გადავწყვიტეთ. კარგ გარემოშია, კარგ სკოლაში სწავლობს. როცა გაიზრდება, მერე, ალბათ, თვითონ მეტყვის მადლობას იქ ყოფნისთვის, სადაც ახლა არის; ან საყვედურს – რატომ გამიშვი, მე მინდოდა, დედასთან ვყოფილიყავიო. მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს – თემური და ნოდარო ერთად არიან ამერიკაში. ერთ ისტორიასაც მოგიყვებით. როცა პირველად გავუშვი ამერიკაში, ეს იყო საზაფხულო სკოლა. მინდოდა, სიტუაცია ენახა, მაგრამ დაიწუნა იქაურობა (იცინის). ხის კოტეჯებში ცხოვრობდნენ და პატარ-პატარა სამუშაოების შესრულება ევალებოდათ. კომუნიკაცია არ გვქონდა. ტელეფონის შეტანა აკრძალული იყო. სულ ორჯერ დამირეკა: ერთი – თავის დაბადების დღეზე და მეორე – როცა იქ ცხენის კურკლების დასუფთავება დაავალეს. დამირეკა და მითხრა: დე, აქ აღარ მინდა, მოვდივარო (იცინის).
– პირადში სიახლეა. მწერალ რეზო თაბუკაშვილისა და მსახიობ ეკა ნიჟარაძის წყვილზე მთელი თბილისი ალაპარაკდა. შვილები როგორ შეხვდნენ დედის ამგვარ ნაბიჯს?
– მიყვარს, როდესაც ბევრი საქმე მაქვს და თუ ასე არ არის, დეპრესიული ვხდები. ეგრევე რამე მტკივდება. როდესაც დატვირთული ხარ, გაქვს ათასი საქმე და არ ცხოვრობ მარტივად, აუცილებლად გჭირდება ვიღაც, ვინც გაგამხნევებს და გვერდში დაგიდგება. არავის მხრიდან არ ყოფილა წინააღმდეგობა. რაც შეეხება შვილებს, როცა ხედავენ, რომ დედა ბედნიერია, მათაც უხარიათ. არ აქვთ ეგოისტური დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში. შვილებიც ტოლები გვყავს მე და რეზოს. როცა მამას ხედავენ, რომ კარგად არის, რატომ უნდა ეწყინოთ? ხელს გვიწყობენ, მეგობრობენ და ეს ამბავი ჩვენთან ერთად უხარიათ. უფროსმა შვილმა, ტასომ ყველაზე პირველმა გაიგო ჩემი და რეზოს სიყვარულის შესახებ, დედაშვილობასთან ერთად, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
– თქვენ და რეზომ უკვე გაიარეთ ცხოვრების ის ეტაპები, რომელთა შემდეგაც მეტად რეალისტი ხდები და დიდი გამოცდილებაც გაქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, რეზო არის ის მამაკაცი, რომელსაც ეკა ნიჟარაძე მთელი ცხოვრება ელოდა?
– საერთოდ არაფერს ველოდი. ჩემი ცხოვრება ისე მქონდა უკვე აწყობილი, რომ სულაც არ ვფიქრობდი ვინმეს გამოჩენაზე. მარტოც კარგად ვიყავი და უცებ, ასეთ დროს, რეზო გამოჩნდა და აღმოჩნდა ის, როგორსაც არც კი ველოდი. ჩვენი ცხოვრების ზუსტ ეტაპზე შევხვდით ერთმანეთს, ზუსტ ასაკში. ასაკით ტოლები ვართ და ორივემ გავიარეთ ცხოვრების გზის ის მონაკვეთი, რომელიც დიდ გამოცდილებას გძენს და ბევრ რამეს გასწავლის. მთავარია, ზუსტ დროს აღმოჩნდე ზუსტ ადგილას, რაც ნამდვილად მოხდა ჩემი და რეზოს შემთხვევაში.
– ორივეს გყავთ შვილიშვილი. ალბათ, ეხმარებით ერთმანეთს მათ გაზრდაში...
– რა თქმა უნდა. რეზოს შვილიშვილსაც თინა ჰქვია. ჩვენ ორივეს ერთად გვყავს თინათინები.

скачать dle 11.3