ტონალური კრემის ფერი სახის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ
ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ გოგონები, რომლებიც არასწორად არჩევენ ტონალური კრემის ფერს, შესაბამისად, მათი კანი არაბუნებრივად გამოიყურება და აჭრელებულია. არასწორი მაკიაჟი და კერძოდ, დიდი ოდენობით მუქი ტონალური კი, მიმზიდველი ნამდვილად არ არის.
გაითვალისწინეთ, რომ ტონალურის ფუნქცია სახეზე რუჯის ეფექტის მიღება არ არის. მისი მთავარი ამოცანა მაკიაჟისთვის ბაზისის შექმნა და პატარა ნაკლოვანებების დაფარვაა. თუმცა, ამ შედეგების მისაღწევად, აუცილებელია, თქვენი სახის კანის ფერის და არა ორი ან სამი ტონით მუქი ტონალობის შერჩევა.
მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად გადახედეთ ტონალურის შერჩევის წესებს:
* თქვენი სახის კანის ტიპი – ტონალურის სწორად შესარჩევად აუცილებელია იცოდეთ, რა ტიპის სახის კანი გაქვთ. ტონალურის ყიდვისას დააკვირდით მის შემცველობას და ფორმულას. ზეთოვანი ფორმულის მქონე ტონალურები კარგია აკნესკენ მიდრეკილი ან ზეთოვანი კანისთვის. დამატენიანებელი ფორმულის შემცველი ტონალური კი კარგია მშრალი და ნორმალური კანისთვის. ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს, ისეთი ტონალური უნდა მოიძიოს, რომელიც აკნეს არ გამოიწვევს, ანუ არაკომედოგენური ან ჰიპოალერგიული ფორმულით.
* შესაბამისი ტონის შერჩევა – ტონალურის ასარჩევად ფერი არასდროს გასინჯოთ ხელის მტევანზე. ფერები, მუქიდან ღიისკენ, ღაწვებზე წაისვით და სინათლეზე გადით. შესაფერისია ტონი, რომელიც თქვენი კანის ფონზე აღარ გამოჩნდება.
* სეზონურად შეცვლა – კანის ფერი სეზონის მიხედვით ღიავდება ან მუქდება. ეს ასაკის მატებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, ამიტომ თქვენი ტონალურის ფერი ყოველთვის უნდა იყოს შესაფერისი. თუ მაინცდამაინც რუჟის ეფექტის შექმნა გინდათ, ჯობია, ეს პუდრის ხარჯზე სცადოთ და არა ტონალურის. იმისთვის, რომ ტონალური სახეზე კარგად დაჯდეს, აუცილებლად გადაისვით პუდრი.
*კორექტორის გამოყენება – შავი წრეები თვალებქვეშ, გამონაყარი ან ნებისმიერი ტიპის ლაქა კორექტორით დაფარეთ. კორექტორი ტონალურზე ერთი ან ორი ტონით ღია უნდა იყოს.
*კონტური – სახის ნაკვთების გამოსაკვეთად, ჩრდილების ეფექტის შექმნა ოდნავ მუქი ფერის პუდრის წასმით შეგიძლიათ. ირიბად შეკრეჭილი ფუნჯით პუდრის წასმა დაიწყეთ შუბლიდან, გადადით ღაწვებსა და ყბაზე. თქვენი ხელის მოძრაობა ციფრი „სამის” დაწერას უნდა ჰგავდეს.
* ბრონზერი – ბრონზერის მეშვეობით, სეზონის მიუხედავად, შეგიძლიათ, თქვენს კანს ბუნებრივი ბრწყინვალება შესძინოთ. დიდი ზომის ფუნჯით ბრონზერის მცირე ოდენობა გადაისვით ისეთ ადგილებზე, სადაც მზის შუქი ბუნებრივად ხვდება – შუბლზე, ღაწვებზე, ცხვირზე.
* გამღიავებელი – გამღიავებელი ნაზ შტრიხებს აძლევს სახის იმ ადგილებს, სადაც გაფერმკრთალება გჭირდებათ. გამღიავებელი მცირე ოდენობით წაისვით ცხვირის ძგიდესა და წარბის ქვეშ, სადაც წარბის ფორმა მრგვალდება. კარგად გადაინაწილეთ, რომ ზედმეტად თეთრი არ ჩანდეს.
მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს მოიმარაგებთ, სრულყოფილი მაკიაჟისთვის მზად ხართ.