სიყვარული რეანიმაციაში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-38(821)
ანდრომ პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში შეირბინა და იქაურობა მოათვალიერა. ვისაც ეძებდა, იქ არ იყო, სამაგიეროდ, თიკოს ყურადღება მიიპყრო.
– რა ხდება ანდრო? მე შემიძლია, რამით დაგეხმარო?
– შენ? არა.. თუმცა, ჰო, – ანდრომ მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა ქალს და ყასიდად შეყოყმანდა.
– რაღაცის თქმა გინდა? – მოუთმენლობამ შეიპყრო თიკო, – მითხარი, რას მიმალავ?
– არაფერს გიმალავ, პირიქით. ჩემი მეგობარი გახსოვს? გუკა, გამოფენაზეც რომ დაგპატიჟეთ...
თიკომ ისე მოჭუტა თვალები, თითქოს ვერ მიხვდა, ვისზე ელაპარაკებოდა ბიჭი.
– გაიხსენე, რა, არქიტექტორი, ჩემი მეგობარი. მოგეწონა კიდეც მისი ნამუშევრები.
– ა, ჰო, გამახსენდა. მერე? კიდევ გამოფენაზე გვეპატიჟები?
– მოეწონე, – ბევრი აღარ უფიქრია, პირდაპირ მიახალა ანდრომ.
თიკო მოულოდნელობისგან გაშრა.
– რა მითხარი? ხუმრობ? აი, მე კი არ მცალია. ბატონი დავითის ოპერაციების განრიგს უნდა გადავხედო, – მოიუგო კოპებშეკრულმა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
– თიკო, არ ვხუმრობ. გუკას მართლა მოეწონე, უბრალოდ, მთხოვა, შენთვის ამის შესახებ არაფერი მეთქვა, მაგრამ რატომღაც ჩავთვალე, რომ უნდა გცოდნოდა.
– მართალი ხარ, უნდა მცოდნოდა, – ფიქრიანად ჩაილაპარაკა თიკომ.
ანდრომ მხრები აიჩეჩა.
– ეს უკვე აღარ ვიცი. რას აკეთებენ ხოლმე ამ დროს ქალები, როცა იციან, რომ მამაკაცს ის მოსწონს.
– ანდრო, ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ამაზე ვერ ვიფიქრებ, – თიკომ საქმიანი გამომეტყველებით მოხვეტა მაგიდაზე დახვავებული საქაღალდეები და ამოიოხრა.
– არც კი ვიცი, რა ვთქვა.
– ამ დღეებში სადმე წავიდეთ.
– გუკამ დაგაბარა?
– მითხრა, შენ და ნია დაგპატიჟოთ, თვითონაც მოვა. სად წავალთ, ჩვენი გადასაწყვეტია. რას იტყვი?
– არ ვიცი, ანდრო, ხომ გითხარი, ახლა მართლა ბევრი საქმე მაქვს.
თიკომ ენერგიულად გააქნია თავი.
– არა, არა, უარს არ ვამბობ, უბრალოდ, ახლა შესაფერისი დრო არ არის. მერე ვილაპარაკოთ ამაზე.
თიკომ ბიჭს გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. ანდრომ მობილური აიღო და ნიას დაურეკა.
– სად ხარ? დილიდან გეძებ. შემოდი, საქმე მაქვს.
ანდრო მოუთმენლად მიიჭრა გოგოსთან და წელზე მოხვია ხელი. ნია გაუძალიანდა.
– გაგიჟდი? ხელი გამიშვი, არავინ შემოგვისწროს. არ გესმის? გამიშვი-მეთქი. ამისთვის დამიძახე?
– არა, მინდა, ჩვენი გეგმის შესახებ დაგელაპარაკო. მოკლედ, შენ მე მეხმარები, მე – შენ. მგონი, სარფიანი გარიგებაა.
– რა გარიგება, ანდრო, ნუ მაბნევ. შენთან კარგი იყო, შეიძლება, გავიმეოროთ კიდეც, მაგრამ ასე ნუ მელაპარაკები – რებუსებით, კარგი?
– გოგო, რატომ გაბნევ? უკვე დაგავიწყდა, რა მოვილაპარაკეთ? დავითის „დათრევაში” დაგეხმარები. ოღონდ მერე მისი საყვარელი და განუყრელი თანაშემწე უნდა გავხდე, რომელსაც მთელ თავის ცოდნას გაუზიარებს.
– რამხელა ამბიცია გაქვს, საყვარელო?
– არც ისეთი დიდი. ის მინდა, რასაც ვიმსახურებ, – ჩაიცინა ანდრომ. – მოკლედ, რას იტყვი, ვაეჭვიანოთ შენი ბებერი?
– ბებერი არ არის, – იწყინა ნიამ.
– ოჰო, არ მეგონა, თუ გეწყინებოდა. ხომ არ შეგიყვარდა?
– სისულელეების ლაპარაკს მორჩი და საქმეს მიხედე.
– კარგი, გეხუმრე.
– ჰო? მე კი მგონია, რომ იქ ყოფ ცხვირს, სადაც არაფერი გესაქმება.
– ბრაზი გიხდება, – ანდრომ არაფრად ჩააგდო გოგოს გაბრაზება.
– ნუ ცდილობ, ტვინი ამირიო.
– მე? სულაც არა, პირიქით. ვცდილობ, დაგეხმარო. სად არის ჩვენი ბატონი დავითი?
– იმ გოგოს პალატაში. ზედ ჰყვება. ასე არცერთ პაციენტზე არ უზრუნია. საათობით ზის იქ და როცა გამოდის, თვალები უბრწყინავს.
– გეჩვენება. როგორც მე შევიტყვე, ის გოგო ჩვეულებრივი პაციენტი არ არის.
– მართლა? – ირონიულად მოჭუტა თვალები ნიამ, – მაინც რით არის არაჩვეულებრივი. არც ისეთი ლამაზია, როგორც ზოგიერთ შტერ მამაკაცს ეჩვენება.
– ეგ რა შუაშია. გარეგნობა არ მიგულისხმია. მამამისი მინისტრის მოადგილეა, ან ყოფილი მოადგილე. მოკლედ, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ მნიშვნელოვანი ვინმეა.
ნიამ ამოიოხრა და ბიჭს ენა გამოუყო.
***
ვახომ ბარიდან ბოთლი და ორი ჭიქა აიღო. დავითი ისევ საწერ მაგიდასთან იჯდა მოღუშული და შაფიქრიანებული.
– ეს გიშველის, – ვახომ კონიაკით ჭიქები სანახევროდ შეავსო და ერთი გაუწოდა.
– კლინიკაში როცა ვარ, არ ვსვამ, – თავი გააქნია დავითმა.
– მხოლოდ ორი ყლუპი, ცოტა დაგისხი, გონებას გაგიხსნის.
– გადაწყვეტილების მიღებაში მაინც ვერ დამეხმარება.
ვახომ გაიღიმა და კაცს მხარზე დაადო ხელი.
– წეღან გეხუმრე. არც ისე ცუდად არის საქმე. თუმცა, მეორე მაინც არ გამაცანი.
– ვცდილობ, მისგან შორს დავიჭირო თავი, მაგრამ განახვებ. ის ცისიას არ ჰგავს. თამამია, იცის, რა უნდა.
– ჰმ, და შენ ფიქრობ, უნდა, ხელში ჩაგიგდოს?
– ასე ნუ იტყვი. მეც მიმიძღვის წვლილი ამ ურთიერთობაში. პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი.
– მეტისმეტად სერიოზულად უდგები ამ ყველაფერს. პატარა გოგოა, ჯერ კიდევ გადატანილის სტრესშია. „გაუვლის”. იცი, რა ქენი? – წაიყვანე მშობლებთან ერთად ევროპაში. დატოვე გამაჯანსაღებელ კლინიკაში და დაბრუნდი. დაავიწყდები, დამიჯერე.
– ვითომ? – ეჭვნარევი სინანულით ჩაილაპარაკა დავითმა. ვახომ გაოცებით შეხედა.
– მომისმინე, შეგიძლია, არ მითხრა, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვერ დაუმალავ სიმართლეს.
– რა სიმართლეს, რას გულისხმობ?
– რა გაკავშირებს ცისიასთან? მგონი, მის მიმართ გულგრილი არ უნდა იყო.
– არ ვიცი. როცა ვუყურებ და მიღიმის, ისეთი განცდა მაქვს, რომ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი. თითქოს სხვა განზომილებაში ვხვდები და მიხარია სიცოცხლე.
– ეგ სიყვარულია. მდა... – ზურამ თავი გადააქნია, – არც კი ვიცი, რა გითხრა.
– ჰო, ვხვდები, ძალიან სულელი ვარ და პირდაპირ ამის აღიარება ძნელია.
– არა, საქმე მაგაში არ არის. ვფიქრობ, ბედნიერების უფლება გაქვს. მთავარია, შეცდომა არ დაუშვა.
– შეცდომა? – დავითი დაიბნა.
ვახომ მდუმარედ დაუქნია თავი.
– ცისიას ვგულისხმობდი. დარწმუნდი, რომ იმასაც უყვარხარ.
– ნია? ნიას რა ვუყო?
– ხომ თქვი, ვცდილობ, მასთან ურთიერთობა მოვაგვაროო. ჰოდა, მოაგვარე, ოღონდ არ მოატყუო. ქალებს ყველაზე მეტად არ უყვართ, როცა ატყუებენ. მთავარია, მტრად არ გადაიკიდო.
– მესმის, – დავითმა კონიაკი მოსვა, – მაგრამ ეგ ადვილი არ იქნება. მით უმეტეს, თუ ცისიასთან ჩემი ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებს.
– დავით, ისე შემომხედე, აშკარად რაღაც გინდა, რომ მთხოვო.
– კარგი, გეტყვი, – ამოიოხრა დავითმა – საოპერაციოში ექთანი არ გჭირდება?
ვახომ ჩაიცინა.
– გული მიგრძნობდა, რომ ამას მთხოვდი. ეგ პრობლემისგან გაქცევა ხომ არ იქნება. თუკი მოუნდება იმ გოგოს, შეუძლია, შორიდანაც გავნოს.
– ეგ მართალია. თუმცა ჩემთვის და ცისიასთვისაც აჯობებს, თუკი ცხვირწინ არ გვეყოლება.
– დავით, ცისია, რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს აქედან. მერე კი ყველაფერი დროზე და შენს მოხერხებაზეა დამოკიდებული.
– ანუ, უარს მეუბნები?
– უცნაური კაცი ხარ, შემახედე მაინც, ვის მაჩეჩებ. მეც რომ მოვეწონო, მერე სად მიდიხარ, მღუპავ? – გადაიხარხარა ზურამ.
– კარგი გოგოა, – წყრომით ჩაილაპარაკა დავითმა, – მთლად ასეც არ არის საქმე, ნიჭიერია.
– ვიხუმრე, ნუ გწყინს. ისე, მართლა მაინტერესებს, შევხედო.
– წამოდი, განყოფილებაში გავიდეთ და განახვებ.
ნია ფანჯარასთან იდგა, როცა მასთან ანდრო მივიდა და მხარზე ხელი დაადო.
– ნუ მიბრაზდები. შენი წყენინება არ მინდოდა. ისეთი ლამაზი და კარგი ხარ, მეეჭვება, რომელიმე კაცმა შენ გვერდით ყოფნა არ ინდომოს.
– ჰო? ეტყობა, ბატონი დავითი მაგ კაცების რიცხვში არ შედის.
– ვერ დავიჯერებ, – გაიცინა ანდრომ, – შეიძლება, ძალიან მაგარი ექიმია, მაგრამ ჩვეულებრივი კაცია.
– ხელი აიღე ჩემი მხრიდან, – მოულოდნელად თქვა ნიამ და წარბი შეიკრა.
– რა ხდება?
– ის ჩვეულებრივი კაცი კაბინეტიდან გამოვიდა და აქეთ მოდის.
– მით უმეტეს, დაგვინახოს... მეც სწორედ ეგ მინდა, – ანდრომ ორივე ხელი წელზე მოხვია გოგოს, თავი მხარზე დაადო და წასჩურჩულა, – წყნარად იდექი, ვიცი, რასაც ვაკეთებ.
დავითმა შორიდანვე შეამჩნია ფანჯარასთან მდგარი წყვილი და წაიბორძიკა.
– რა ხდება? – ჰკითხა ვახომ.
– ის არის ნია, ფანჯარასთან.
– ვიღაც სიმპათიურ ბიჭს რომ ეხუტება?
– ბიჭი ჩემი რეზიდენტია. არ ვიცოდი, ასე ახლოს თუ იცნობდნენ ერთმანეთს.
– როგორც ჩანს, მის შესახებ ბევრი რამ არ იცი. პრინციპში, ეს შენთვის კარგია. გაცილებით მარტივად მოაგვარებ პრობლემას, რომელიც გაწუხებს.
– ნია პრობლემა არ არის, – მოულოდნელად გაღიზიანდა დავითი.
– არ მითხრა, რომ ეჭვიანობ.
– ეგ რა შუაშია, მაგრამ... – დავითმა ნაბიჯს აუჩქარა და ვახოც იძულებული გახდა, უკან გაჰყოლოდა.
– ბატონო დავით, გეძებდით, – ანდრო ნიას მოსცილდა და კაცს გაუღიმა, – მითხრეს, დღევანდელი ოპერაცია გადაიდოო.
– ჰო, ხვალ გავაკეთებთ. პაციენტს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და კონსულტანტად გამოცდილი სპეციალისტი, ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანი მოვიწვიე. ბატონი ვახტანგი, ერთ-ერთი საუკეთესოა. ნია, გუშინდელი ნაოპერაციევი პაციენტი როგორ არის?
– სტაბილურად, – მოკლედ და მშრალად მიუგო გოგომ. შებრუნდა და ისე, რომ ვახოს არც მისალმებია, იქაურობას მოსცილდა.
– ბატონო დავით, თუ არ გჭირდებით, მეც წავალ, – თქვა ანდრომ და ნიას გახედა.
დავითთმა თავი დაუქნია, მიანიშნა, შეგიძლია, წახვიდეო.
– ნახე, როგორ გამოეკიდა უკან? – ჩაიცინა ვახომ, როცა ორივე თვალს მიეფარა. – აშკარაა, მათ შორის რაღაც ხდება.
– შეუძლებელია. ნია „ისეთი” არ არის.
– შეიძლება „ისეთი” არ არის, მაგრამ, თუ მაგ გოგოსთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებ, უნდა დამშვიდდე. წავიდეთ, ცისიას ვუთხრათ შენი გადაწყვეტილების შესახებ.
– ვახო, ძალიან ვნერვიულობ.
– კაცო, ხომ არ გეუბნები ახლავე სიყვარული აუხსენი-მეთქი. იმ გეგმას მიყევი, რომელიც მოგეცი და გახსოვდეს, შენ გაქვს ბედნიერების უფლება.
***
ქალი ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს. მაგიდაზე ხელუხლებელი, უკვე გაცივებული ყავა იდგა.
– დალი, ძალიან ბევრს ეწევი – შეწუხებული ხმით უთხრა კაცმა და ხელზე ნაზად მოეფერა. ქალმა ავად შეუბღვირა ქმარს.
– იმდენს ვეწევი, რამდენსაც ყოველთვის ვეწეოდი – მიუგო უკმეხად.
– დალი, დამშვიდდი. სულ ტყუილად ნერვიულობ.
– მაგიჟებ, ირაკლი. როგორ შეგიძლია ასეთი უშფოთველი ტონით ილაპარაკო, როცა შენი შვილის ბედი წყდება.
– აჭარბებ, გეუბნები. გეჩვენება. ეს ყველაფერი შენი მდიდარი წარმოსახვის ნაყოფია.
– ირაკლი, როგორი გულუბრყვილო ხარ, ისევე, როგორც ყველა მამაკაცი. მე არ მითქვამს, რომ დავითიც ფიქრობს რამეს, მაგრამ ცისიას რაც შეეხება, აშკარაა, რომ მაგ კაცის მიმართ გულგრილი არ არის.
ირაკლიმ ხმამაღლა გაიცინა და სცადა, ცოლს მიფერებოდა, მაგრამ ქალმა შორს დაიჭირა მისი ალერსი და კიდევ უფრო გაბრაზდა.
– გეუბნები, ცისიას დავითის მიმართ გრძნობა აქვს – შვილს შენზე კარგად ვიცნობ.
– სისულელეა, დალი, დამიჯერე. შეიძლება ცისიას შენსავით კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ექიმი ვიყავი და ამ ტიპის პაციენტების ფსიქოლოგია არ მეშლება. სიკვდილს გამოგლეჯილი ყველა პაციენტი ეჯაჭვება თავის გადამრჩენს. ცისიასაც ეს სჭირს.
– მართლა? იქნებ მითხრა, რომ ყველა გადარჩენილი პაციენტი რჩება კლინიკაში და ჯიუტად ამბობს უარს იქიდან წასვლაზე. გამოფხიზლდი ირაკლი. მერე გვიან იქნება, იცოდე.
– კარგი. მითხარი, რა გავაკეთო, – ამოიოხრა კაცმა.
– დაელაპარაკე დავითს.
– რას ამბობ?! – შეძრწუნდა კაცი – და რა ვუთხრა, მგონი ჩემს შვილს შეუყვარდი-მეთქი? გადაირევა კაცი. შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ.
– ირაკლი, მე დედა ვარ, გული მიგრძნობს.
– არა, ვერ ვეტყვი. გამორიცხულია. დაივიწყე ეგ სისულელე.
ირაკლიმ კოლოფიდან სიგარეტი გამოაძრო, მოუკიდა და ცოლს წყრომით მიუგო:
– მეც დამაწყებინე მოწევა.
– მე ახლა მარტო ჩემი შვილის ბედი მადარდებს. თუ არ ვცდები, თუ ჩემი ეჭვები გამართლდა, ცისიასთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება. ყველაფერს გააკეთებს და მიზანს მიაღწევს.
– დალი, თუ ღმერთი გწამს, რაზე ლაპარაკობ. რატომ დააინტერესებდა ცისიას მამის ტოლი კაცი. მორჩება ეს ამბავი და დაუბრუნდება თავის ცხოვრებას. დავითი აღარც კი გაახსენდება.
– ნეტავი ასე იყოს.
– ზუსტად ასე იქნება. – გაუღიმა ცოლს ირაკლიმ, – აი, რას ნიშნავს, ერთ შვილზე მეტი რომ არ გააჩინე. ყველაფერი საშინელებად გეჩვენება და ნერვიულობ.
– ეგ რა შუაშია. ცისიას გარდა კიდევ ორი ან შვილების მთელი არმია რომ მყავდეს, აღარ ვინერვიულებდი? ღმერთო, სწორედ ამიტომ ვერ ვმშვიდდები.
– ძალიან გთხოვ, დალი, ნუღარ ვილაპარაკებთ ამ თემაზე.
– აღარ ვილაპარაკებ, როცა შენი შვილი იქედან წამოსვლასა და ევროპაში გამგზავრებაზე დაგვთანხმდება, – ამოიოხრა ქალმა და ცრემლიანი თვალები შეიმშრალა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში