როგორ გახდა ექიმის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მასზე 20 წლით უმცროსი მამაკაცი და რაში ამხილეს ის ყოფილმა ცოლებმა
38 წლის ვახტანგ მ-შვილს, რომელსაც ექიმი ფსიქოლოგისა და სექსოლოგის 15-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ახალგაზრდა მამაკაცზე სექსუალური ძალადობისთვის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული და მისი მსხვერპლი ერთმანეთთან თავიდან პროფესიულმა ინტერესებმა დააკავშირა. 18 წლის ილია ზ-ძე ექიმთან კონსულტაციისთვის დედის რეკომენდაციით მივიდა. თუმცა, მათი ურთიერთობა, ექიმის მხრიდან, მალე დანაშაულებრივ ქმედებაში გადაიზარდა.
სექსუალურ ძალადობაში ექიმი თავად მსხვერპლმა ამხილა, თუმცა დაზარალებულის თავდაპირველი მიზანი ექიმის ქურდობაში დადანაშაულება იყო. ილია ზ-ძეს სამართალდამცველებისთვის არც ის დაუმალავს, რომ მასზე 20 წლით უფროს მამაკაცთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, რომელიც ექიმმა აიძულა. იმის მიუხედავად, რომ ექიმს, როგორც დაზარალებული ამტკიცებდა, საექიმო ლიცენზია დიდი ხნის ჩამორთმეული ჰქონდა, ის მაინც აგრძელებდა პაციენტების მიღებას და მათთან სხვადსახვა ფორმით ამყარებდა სექსუალურ კავშირს.
საქმის მასალების მიხედვით, ილია ზ-ძე ექიმთან კონსულტაციისთვის დედის დაჟინებული მოთხოვნით მოხვდა. ახალგაზრდა ბიჭის დედა უცხოეთში იყო წასული სამუშაოდ და მას მოხუცი ბებია მეთვალყურეობდა. ბებია ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა გარკვეული დროით სოფელში მიდიოდა და ბიჭს მარტო უწევდა ყოფნა. დედამ შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები შეამჩნია და მეგობრების რჩევით, დაუკავშირდა ფსიქოლოგ-სექსოლოგს. ექიმს თავად შეუთანხმდა, კონსულტაციები გაეწია მისი შვილისთვის. სწორედ ასე დაიწყო ვახტანგ მ-შვილისა და ახალგაზრდა პაციენტის ურთიერთობა, რომელიც სულ სამი თვე გრძელდებოდა. დაზარალებული ილია ზ-ძე აცხადებდა, რომ მამაკაცმა ის ოთხჯერ გაქურდა და მისგან დედის მიერ გამოგზავნილი თანხები მოიპარა.
დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ვახტანგ მ-შვილმა მასთან პირველი სექსუალური კავშირი იძულებით დაამყარა. ახალგაზრდა აღიარებდა, რომ მოგვიანებით, კავშირს უკვე ნებაყოფლობითი ფორმა ჰქონდა. პირველი ვიზიტები ექიმმა თავის სახლში დაგეგმა, თუმცა ორი კვირის შემდეგ, ლიცენზიაჩამორთმეული ექიმის ვიზიტები პაციენტის ბინაში გაგრძელდა. როგორც ილია ზ-ძე აცხადებდა, ეს ინიციატივა თავად ექიმისგან მოდიოდა იმ მიზეზით, რომ სახლში სამუშაო პირობები არ ჰქონდა. თუმცა, ბიჭის თქმით, ეს ვახტანგ მ-შვილის მიერ წინასწარ იყო გათვლილი. ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „ორი კვირის შემდეგ შემომთავაზა, თუ სახლში პირობები გაქვს, თქვენთან სიარული მირჩევნიაო. დავთანხმდი, რადგან სახლში მე და ბებია ვცხოვრობთ, რომელიც ხშირად სოფელში მიდიოდა. პირველად სექსუალური კავშირი ჩემს ბინაში, იძულებით დაამყარა. შოკში ვიყავი, თუმცა დაახლოებით ერთი კვირის მერე, ეს კვლავ გაგრძელდა. იმ პერიოდში ბებია ჩამოვიდა, მაგრამ ექიმის თხოვნით, შევთავაზე, ისევ სოფელში დაბრუნებულიყო, რადგან თავს კარგად ვგრძნობდი. დაახლოებით ერთ თვეში მივხვდი, რომ ჩემი სახლიდან ფული იკარგებოდა, რომელსაც დედა მიგზავნიდა. ჯერ ვიფიქრე, რომ ფული ბებიამ აიღო, მაგრამ როცა მას ვკითხე, იუარა. ერთადერთი, ვისზეც ეჭვი გამიჩნდა, ჩემი ექიმი იყო, მან რამდენჯერმე მთხოვა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და უკეთესი იქნებოდა, თუ ფულს წინასწარ გადავუხდიდი. მე ეს ფული გადავუხადე, თუმცა მოგვიანებით, სახლიდან ორჯერ დავკარგე 700 ლარი. ამას დაერთო ოქროს „ცეპის” გაქრობაც, რომელსაც მუდმივად ვატარებდი. გვიან მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ექიმი რაღაც წამალს მასმევდა მოდუნების მიზნით, თუმცა როგორც კი, ამ პრეპარატს მივიღებდი, მაშინვე მეძინებოდა. სწორედ ამ დროს იყენებდა სახლიდან ფულის მოსაპარად“.
გამოძიებას ჩვენება მისცა ილია ზ-ძის ბებიამ. ამონაწერი მაყვალა კ-აურის ჩვენებიდან: „თავიდანვე არ მომეწონა ეს ექიმი, საათობით იყო შეკეტილი ილიასთან, რომელიც უცნაურად იქცეოდა. არ მომწონდა ეს და ილიასაც ვუთხარი და ჩემს შვილსაც. მაგრამ, მათ დამამშვიდეს, საგანგაშო არაფერიო. ოთხი დღით სოფელში წავედი. რომ ჩამოვედი, ილია ისეთი შეცვლილი დამხვდა, გამიკვირდა კიდეც. აღარც აგზნებული იყო, აღარც აგრესიული, თუმცა უფრო უცნაური ქცევები ჰქონდა. სახლში დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ ლამის ძალით გამაგდო – ისევ სოფელში გამიშვა. მივხვდი, რომ ექიმთან მარტო დარჩენას ცდილობდა. თუმცა, სანამ წავიდოდი, ერთხელ კი შევედი მათ ოთახში და საეჭვო სიტუაციაში წავასწარი ორივეს. როცა ეს ჩემს შვილს ვუთხარი ტელეფონზე, მოგეჩვენებოდაო, – მითხრა. მახსოვს, ერთ დღეს ილიამ დამირეკა და მკითხა, მე ხომ არ ავიღე მისი კუთვნილი ფული. მე უარი ვუთხარი და რამდენიმე დღეში ამ ფულზე რომ ვკითხე, მიპასუხა: მე მქონდა შენახული და ვიპოვეო. თუმცა, მივხვდი, მატყუებდა. ექიმზე არ მიფიქრია, რომ ის ქურდავდა ჩემს შვილიშვილს, მაგრამ მათ შორის რომ რაღაც ხდებოდა, მივხვდი.”
გამოძიების ინფორმაციით, ლიცენზიაჩამორთმეული ექიმი სექსუალურ ძალადობაში ადრეც იყო შემჩნეული. წარსულში მას სამი ცოლი ჰყავდა, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ყველას იმიტომ დაშორდა, რომ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობებში ამხილეს. სექსუალურ ძალადობასა და მამათმავლობაში ეჭვმიტანილი ვახტანგ მ-შვილი ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდა პაციენტთან სექსუალური კავშირი არ ჰქონია. პირიქით, ილია ზ-ძე მასზე შეყვარებული იყო და ეჭვიანობდა. თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ილია ზ-ძე გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის მსხვერპლი იყო. ვახტანგ მ-შვილის განცხადებით, რომელმაც ქურდობის ფაქტიც უარყო, ახალგაზრდა თავად ცდილობდა მასთან კავშირის დამყარებას. ბოლოს კი ისე შეეჩვია, რომ აშანტაჟებდა – თუ ჩემს სახლში სიარულსა და ჩემთან ურთიერთობას შეწყვეტ, პოლიციაში გიჩივლებო. ექიმმა აღიარა, რომ ახალგზრდა პაციენტს დამამშვიდებელ აბებს აძლევდა, თუმცა ეს სამედიცინო დანიშნულებით ახსნა. გამოძიებამ დაკავებული ექიმისგან ამოიღო ოქროს სამკაული, რომელიც მისი განცხადებით, დაზარალებულმა აჩუქა. ილის ზ-ძის ჩვენებით კი, ეს სამკაული მისი ბინიდან მოიპარეს. სასამართლომ ვახტანგ მ-შვილს, გაუკუღმართებული სექსუალური კავშირისა და 20 წლით ახალგაზრდასთან ჩადენილი მამათმავლობისთვის, რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა.