კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განსხვავებას ხედავდა გურამ საღარაძე ქალისა და მამაკაცის ღალატში

„მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მიყვარხარ ცხადად, მალვით, როგორც არასდროს არავინ, არ ჰყვარებია არვის...“ ალბათ, უკვე მიხვდით, ვის დღიურებსაც გადაგიშლით დღეს. ის თავად მოგიყვებათ იმ გრძნობაზე, ვისთვისაც ის ასე კითხულობდა შანდორ პეტეფის ამ უმშვენიერეს ლექსს. მე გურამ საღარაძის დღიურის ჩანაწერებიდან სწორედ მისი პირადი ცხოვრების ფურცლები ამოვიღე, რადგან მას, როგორც მსახიობს, მთელი საქართველო კარგად იცნობდა.
კინომ, პოპულარობის მოხვეჭის ამ დიდმა ინდუსტრიამ, თითქმის მის გარეშე ჩაიგრიხინა, მაგრამ მას არასდროს აკლდა პოპულარობა. მხატვრული კითხვისთვის მხოლოდ მას აქვს მინიჭებული უმაღლესი ეროვნული ჯილდო – რუსთაველის პრემია. მან თავისი სკოლა შექმნა მხატვრულ კითხვაში. მისი დამსახურებაა, მხატვრული კითხვა დამოუკიდებელ ჟანრად რომ დამკვიდრდა საქართველოში  (რ. შატაკიშვილი). რუსთაველის თეატრის სცენაზე 1951 წელს დადგა, როგორც კი თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დარჩა იქ მხატვრული მეტყველების პედაგოგად. მოქმედ მსახიობთაგან მხოლოდ მას მიანიჭეს პროფესორის წოდება (წარსულში პროფესორის წოდება ჰქონდა მხოლოდ აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძეს)… და აი, პედაგოგიური მოღვაწეობის 55-ე წლისთავზე, 2006 წელს, თეატრალურ ინსტიტუტში ატესტაციისას, გურამ საღარაძეს, ისევე როგორც ყველა პროფესორ-მასწავლებელს, ბიოგრაფიის დაწერას მოსთხოვენ. და ის დაწერს ლაზათიანად და ლაკონურად: „მე ვარ გურამ საღარაძე!” ის არის გურამ საღარაძე და ამით მართლაც ყველაფერია ნათქვამი. მისი განვლილი შემოქმედებითი და ცხოვრებისეული გზა კი, მაინც გიბიძგებს, კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი.
…დაიბადა თბილისში 1929 წლის 12 იანვარს ცნობილი მსახიობის, გიორგი საღარაძის ვაჟად. ის სანდრო ახმეტელის დროიდან მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში და სხვათაგან განსხვავებით, უმწიკვლოდ გამოვიდა იმ ურთულესი პერიპეტიებიდან. ქვა არ უსვრია მისთვის, ვის მზესაც ფიცულობდა. ამიტომაც იტყვის მანანა ახმეტელი: გურამ საღარაძე ამჟამად, ვგონებ, ერთადერთი ხელოვანია, ვისაც პირდაპირი მემკვიდრეობითი კავშირი აქვს ახმეტელის თეატრთანო. გურამ საღარაძის ბავშვობა ურთულეს ისტორიულ ქარტეხილებს დაემთხვა. ჯერ ავბედითი 37 წელი, ქვეყანაში გამეფებული აუტანელი გაუტანლობა, შემდეგ ომი, გაჭირვება, ურთიერთგატანა… და ორი ნათელი წერტილი „მამის სამსახური” – თეატრი და პიონერთა სასახლე... დღესაც უკვირს იმ გამბედაობის, მაშინ სცენაზე რომ გამოჰყავდა და ლექსს აკითხებდა… ლექსები ერთ თავგადასავალშიც (უფრო შარში) გახვევს ჭაბუკ გურამ საღარაძეს. მის ძმაკაცს გოგო შეუყვარდება. მორიდებულია და თქმას ვერ გაუბედავს. დახმარებას „ტარაკანას” სთხოვს (ასე ეძახდნენ გურამ საღარაძეს ბავშვობაში. რამაზ ჩხიკვაძე „ჩინელსაც” ეძახდა თვალის ჭრილის გამო). გურამიც მის მაგივრად შეეცდება სიყვარულის ახსნას. გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, სეირნობიასას შეაპარებს სათქმელს, ლექსებსაც წაუკითხავს, მაგრამ იმ გოგოს გურამი შეუყვარდება თავდავიწყებით… გამოხდება ხანი, გურამი ინსტიტუტში ჩააბარებს... პოეზიით თვითთრობა და სხვათა თრობა შემდეგშიც გაგრძელდება... გურამ საღარაძე თავის ევას ჰპოვებს – თავისზე ათი წლით უმცროს ტანია ფუხბინდერს. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. შეყვარებული ტანია კი ხშირად დაურეკავს გურამს და ლექსების წაკითხვას მოსთხოვს. „ბევრჯერ წავუკითხე, მაგრამ მერე „ჭკუა ვისწავლე” და მაგნიტოფონზე ჩაწერილს „ვუკითხავდი”. რა თქმა უნდა, ხვდებოდა, მაგრამ, საოცარია, არასოდეს უთქვამს, რომ ვცრუობდი… ისინი შეუღლდებიან, 28 წელი იცხოვრებენ ერთად და… ტანია ფუხბინდერი გარდაიცვლება… გურამ საღარაძე ყველაფერს ისე დატოვებს სახლში, როგორც ქალბატონი ტანიას სიცოცხლეში იყო.
...ერთ მშვენიერ დღეს გურამ საღარაძე, ძმაკაცებთან და კალთამადლიან მანდილოსნებთან ერთად, პიკნიკს გადაწყვეტს. დაქოქავს მანქანას, საბარგულში ნოხსაც ჩადებს… სალონში ძმაკაცებს და მანდილოსნებს ჩასვამს და ქალაქგარეთ ჰერ-ჰერი… იქ მისულებს სიურპრიზი ელით: გურამ საღარაძე საბარგულს ახდის და იქიდან ტანია ფუხბინდერი ამოვა. ამ ისტორიის გაგრძელება ისე წარმოიდგინეთ და ისე დაასრულეთ, როგორც გენებოთ.
„ინსტიტუტში მქონდა დიდი გატაცება, მაგრამ გავიდა პერიოდი და სხვამ გამიტაცა. რა თქმა უნდა, ყველა ჩემი ურთიერთობა სიყვარულის დონეზე არ იყო აყვანილი. შეიძლება, ეს იყო უბრალოდ ვნება, თუ გინდათ, სექსი დაარქვით. იყო შემთხვევები, როცა აქეთ ვუყვარდებოდი სიგიჟემდე, ზოგი მიმწოლიც იყო, მაგრამ საპასუხოდ არაფერს ვაკეთებდი, თუ არ მომწონდა და არ მინდოდა... ყველაფერი თავისთავად ხდებოდა, ნელ-ნელა ვშორდებოდით. ხომ ამდენი გატაცება და დაშორება მქონია, მაგრამ არავის დავშორებივარ ისე, ვინმეს შევძულებოდი და მეგობრობა არ გაგვეგრძელებინა. ასეთი ბუნების კაცი ვარ. ჩხუბი არ მიყვარდა, ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი. ერთხელ, პლეხანოვზე გოგოს გამო ძმაკაცებმა ერთი-ორი მითაქეს, არადა, ის გოგო, უბრალოდ, მეგობარი იყო... რა თქმა უნდა, კინო და სცენა სხვაა, მაგრამ ემოციური მეხსიერება მაინც არსებობს იმისი, რაც ცხოვრებაში გადაგიტანია და იქიდან გამომდინარე თამაშობ. მე ჩემი აქტიორული ხერხები მაქვს, რათა როლი სრულყოფილი გავხადო. ინტიმური სცენები ბოლომდე არ სრულდება და ეს არც შეიძლება, მაგრამ ყოველთვის დამაჯერებელი უნდა იყოს. ამ უხერხულობას მსახიობები ვშლით.
...ტანია თბილისელი იყო. მამამისი ნოვოსიბირსკში ოპერის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ. აქ რომ ჩამოვიდა, უკვე სახელგანთქმული დირიჟორი იყო და ჩვენთან ოპერის მთავარ დირიჟორად დანიშნეს. ტანია კი პროფესიით რეჟისორი იყო. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, თავისი ჯგუფი ჰყავდა. ერთხელ, ოპერაში სპექტაკლის სანახავად ვიყავი, ტანია იქ დავინახე და მომეწონა. მანაც მომაქცია ყურადღება. ერთი-ორჯერ სუფრასთან  შევხვდით, საერთო მეგობრებიც აღმოგვაჩნდა და ბოლოს ჩემი უახლოესი ადამიანი გახდა. ანალიზს არ უკეთებ – რატომ მოგწონს. რაღაც ისეთს პოულობ იმ ადამიანში, რაც შენთვის მისაღები და ძვირფასია. დავიწყეთ ერთად ცხოვრება, ჩვენი ურთიერთობა მოგვიანებით დავაკანონეთ, თუმცა ამას ჩვენთვის მაინცდამაინც არ ჰქონდა მნიშვნელობა. ტანია ძალიან მეგობრული ქალი იყო. ჩვენთან ბევრი მეგობარი, ახალგაზრდა იკრიბებოდა. ზოგჯერ ვეტყოდი, ნამეტანს ნუ იზამ-მეთქი. ბევრი სტუდენტი გავზარდეთ, დავაქორწინეთ. ზოგის მეჯვარეებიც გავხდით და ისინი დღემდე ჩემი ახლობლები არიან. მე და ტანიამ ერთად თითქმის 25 წელი ვიცხოვრეთ. ჩემი მეგობრები მასზე შეყვარებულები იყვნენ. არც მეკითხებოდნენ, ისე მოდიოდნენ ჩემთან სახლში. მოვიდოდი და ძმაკაცებს დამახვედრებდა სუფრასთან... ძალიან უყვრდა ძველებური ნივთები. სიამოვნებით აგროვებდა ძველებურ ჭურჭელს. ის უფრო ჭკვიანი იყო, ხანდახან რაღაც დაარტყამდა. სხვათა შორის, პირველად და გულწრფელად გეუბნებით, რომ ამის საბაბი ჰქონდა. შეურცხმყოფელს არაფერს მეტყოდა, მაგრამ „ობიექტისკენ“ გაისეირნებდა, ვისზეც ეჭვიანობდა. არ მებუტებოდა, იმაზე ბრაზობდა – დედას ვუტირებო. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. კაცის ეჭვები ცოტა სხვანაირია და ხშირ შემთხვევაში, მამაკაცის ღალატი ღალატიც არ არის. გინდათ, გითხრათ, რა განსხვავებაა კაცისა და ქალის ღალატს შორის? ადრე იცოდნენ ასეთი შედარება: მამაკაცის ღალატი, ეს არის, ფანჯარას რომ გააღებ და გადააფურთხებ და ქალის ღალატი – ფაანჯარას რომ გააღებ და შემოგაფურთხებენო. რას ვიზამთ, ადამიანი ვარ და თვალებს ვერ დავიბრმავებ. იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ სიყვარულით მაინც ერთი მიყვარდა. მეც ვეჭვიანობდი, იმიტომ რომ, სადაც გამოჩნდებოდა, არ შეიძლებოდა ყურადღების ცენტრში არ ყოფილიყო. ლამაზი არა, მაგრამ თვალშისაცემი, მიმზიდველი ქალი იყო. ხანდახან ვაბრაზებდი, მაიმუნს ჰგავხარ-მეთქი...
სახლში გვიან დავბრუნდი. 12 საათზე მანქანა დავაყენე. ზემოთ რომ ავიხედე, ჩვენი საძინებლის ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა და ტელევიზორის ხმა ისმოდა. კარზე ვაკაკუნე, ზარიც დავრეკე, მაგრამ ხმა არავინ გამცა. აფორიქებულმა კარზე ფეხების ბრაგუნი დავიწყე.  ამ ხმაზე მეზობლები გამოცვივდნენ. ფანჯარა ღია იყო, ბიჭები გადაძვრნენ და კარი გამიღეს. შევედი. ორი ძაღლი მყავს. ვხედავ, სხედან და საწოლიდან გადმოვარდნილ ტანიას უყურებენ... მაღალი წნევა აწუხებდა. წეროვანში აგარაკი მაქვს და იქ იყო წასული. ინსტიტუტიდან დაურეკეს, ორშაბათს ლექციები გაქვსო და საღამოს ჩამოვიდა. მე მეგობრებში ვიყავი. გვიან დავბრუნდი და ეს ამბავი დამხვდა. რამდენჯერ შუაღამისას გამომიძახია სასწრაფო... ენერგიით, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ოჯახში და მთელ სამეგობროში დღესასწაულს ქმნიდა. მოფერებით „ზაიჩიკს“ მეძახდა. თუ სადმე, საზოგადოებაში ვიყავით და მოფერებას დამიწყებდა, შევუბღვერდი, თუმცა, გულის სიღრმეში მიხაროდა, ასე რომ ვუყვარდი.”

скачать dle 11.3