კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენად საშიშია იმ სახეობის ქვეწარმავლები, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში რომ დასეირნობენ და როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, თუ მათ გადააწყდა

ბოლო პერიოდში, თბილისის ზოგიერთ ცენტრალურ უბანში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკმაოდ საშიში პრობლემა მოჰყვა. კერძოდ, სკვერების მოსაპირკეთებლად და მათ გასალამაზებლად, მოტანილ მიწას, თან ქვეწარმავლებიც მოჰყვა და ამან მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, სატვირთო მანქანებით მოტანილ მიწას, რომელიც ცენტრალურ უბნებში ჩამოიტვირთა, საკმაოდ დიდი რაოდენობით ქვეწარმავალი მოჰყვა თან. გველების ამ მასობრივ შემოსევაზე, ჯერ პასუხისმგებლობა არავის აუღია. მოსახლეობა კი საკუთარი ძალებით ებრძვის მათ. დიღომში, ცენტრალურ გამზირზე, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერების მოპირკეთების სამუშაოები ზაფხულის პერიოდში დაიწყო და დღესაც გრძელდება. ჩვენ, რასაკვირველია, ამ თემასთან დაკავშირებით, მოსახლეობას გავესაუბრეთ.
მირზა თაბაგარი (რობაქიძის ქუჩის მცხოვრები): მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოვებით ორ კვირაში, ხუთი ქვეწარმავალი მოვკალით. მასობრივად გამოჩნდნენ გველები მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე დიდი სატვირთო მანქანებით, მიწა შემოიტანეს და დაყარეს. გასაგებია, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება და ლამაზდება ტერიტორია, მისასალმებელია, მაგრამ ამას რომ გველების შემოსევა მოჰყვა, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? როგორც ჩანს, ეს მიწა, რომელიც სკვერებში იყრება, ისეთი ადგილიდან მოაქვთ, სადაც ბევრი გველია და არც კი აქცევენ ამას ყურადღებას. საბედნიეროდ, ჯერ არავისთვის უკბენია, მაგრამ ამის რეალური საშიშროება არსებობს და ეს ფაქტია. შვილს ყოველ დილით ვასეირნებ სკვერში და სწორედ, მორიგი გასეირნების დროს შევნიშნე ბალახზე გაწოლილი გველი. სანამ ახლოს არ მივედი, ვერ დავიჯერე, რომ ცოცხალი იყო. კიდევ კარგი, ბავშვთან ახლოს ვიდექი და სასწრაფოდ გავაცილე იმ ტერიტორიას. უბნის კაცებმა კი, გველი დაიჭირეს და მოკლეს.
– შესაბამის სამსახურებს არ მიმართეთ?
– რასაკვირველია, მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას. ამას წინათ, მეტრიანი გველი მოვკალით და მივიტანეთ ზოოპარკში. იქ გვითხრეს, ნუ გეშინიათ, არ არის საშიში, ამ სახეობის გველი არ იკბინებაო. გასაგებია, დაგვამშვიდეს, მაგრამ, ჩემი ორი წლის ბავშვი რომ თამაშობს სკვერში და გველი გამოყოფს თავს ბუჩქიდან, რა ვუთხრა, არ შეგეშინდეს-მეთქი?
ნინო ჩომახიძე: სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რომ დაიწყეს, გაგვიხარდა, მოაწესრიგებენ ამ ტერიტორიას და ბავშვებს ექნებათ სათამაშო, ხოლო მოზარდებს მშვიდად დასაჯდომი ადგილი-თქო. მაგრამ, რა გამოვიდა? ამის სანაცვლოდ, გველები შემოგვასიეს და აქ გავლა სახიფათო გახდა. ხომ შეიძლება, ვერ შეამჩნიო გველი და ფეხი დაადგა? არა მარტო გარეთ, სადარაზოებშიც ნახეს ქვეწარმავლები. დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე და იქიდან გოგონამ გვიპასუხა, აუცილებლად გადავცემთ შესაბამის სამსახურებს და მოახდენენ რეაგირებასო, მაგრამ პირადად მე, არავინ მინახავს მოსული. მეზობელმა მითხრა, მერიასთან არსებული ცხოველთა მონიტორინგის სამსახურიდან იყვნენო. რა გითხრათ, მე ისინი არა, მაგრამ გველები კი ვნახე საკუთარი თვალით. გავიხედავთ, ატყდება კივილი, გამოვცვივდებით და შეშინებული ადამიანები გარბიან. უბნის კაცები კი მოსაკლავად გველს მისდევენ. ვფიქრობ, ასეთი დაუდევრობის გამო, რა დღეშიც მოსახლეობა ჩაგვაგდეს, პასუხი უნდა მოსთხოვონ იმ კომპანიებს, ვინც სატვირთო მანქანებით ტონობით ნიადაგი მოიტანა და დაყარა ისე, რომ, არც კი უფიქრია, ამას რა პრობლემა მოჰყვებოდა. ერთი მუშა რგავდა ამას წინათ ყვავილებს და იმას შევჩივლე, ეს რა გვიქნეს, პანიკაში ვართ-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? ქალბატონო, რა ქნან, მიწაში ქექვას ხომ არ დაიწყებენ, გველი თუ მოჰყვა, გაივლის და წავა, ქალაქის ცენტრში ხომ არ დაბინავდებაო.
გარდა დიღმის ტერიტორიისა, ქვეწარმავლების გამოჩენას სხვა უბნებშიც უჩივიან, სწორედ იმ ადგილებში, სადაც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის პერიოდში დაიწყო და ახლაც გრძელდება. როგორც შევიტყვეთ, სამუშაოებს კერძო კომპანიები ახორციელებენ და პასუხისმგებლობაც მომხდარზე მათ ეკისრებათ.  ხოლო, რამდენად საშიშია იმ ქვეწარმავლების სახეობა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში დასეირნობენ და როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, თუ მათ შემთხვევით გადააწყდა, ამათან დაკავშირებით ზოოპარკში, ეგზოტარიუმში მივაკითხეთ, ქვეწარმავლების მომვლელს, თეკლა კვაჭაძეს და ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება:
– ბოლო დროს იმ ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო-სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მიიტანეს დიდი რაოდენობით ქვიშა და მიწა, მოსახლეობა ამბობს, რომ ამას დიდი რაოდენობით ქვეწარმავლებიც მიჰყვა. ამის გამო თუ დაგიკავშირდათ ვინმე და თუ იცით ამ ფაქტის შესახებ?
– მთელი თბილისის მასშტაბით, ხშირია, როცა სამშენებლო მასალას, ქვიშას ან მიწას ქვეწარმავალი მიჰყვება. ამას არანაირი კავშირი არ აქვს სეზონურობასთან. უფრო სწორედ, იმასთან, რომ ქვეწარმავალი შესაძლოა, მხოლოდ პაპანაქება სიცხეში ნახოს ადამიანმა. საქმე ისაა, რომ ქვეწარმავლები ხშირად იბუდებენ სამშენებლო მასალებში და ნაგავსაყრელებთან ახლოს. იქ ბევრი მღრღნელია და ეს მათი საკვებია, ხოლო მეორე მიზეზი ისაა, რომ მსგავსი ადგილი, მათთვის კარგი თავშესაფარია. ის, რომ აგურებში, კრამიტებში, ქვიშასა და მიწაში იბუდებს გველი, ბუნებრივია. ცენტრალურ უბნებში, ბოლო პერიოდში მართლაც ნახეს ქვეწარმავლები. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა თავად მოიყვანეს ეგზოტარიუმში მკვდარი გველები იქაურმა მცხოვრებლებმა. გვეკითხებიან, რა სახეობის გველებია და საშიშია თუ არა. ყველა აქ მოყვანილი გველი არის გველხოკერა, მცურავი და ანკარა, რომლის ნაკბენიც არ არის საშიში და არც აგრესიულები არიან, რასკვირველია, თუ არ გააბრაზებთ. მოსახლეობას ვუხსნით, რომ ზიანს ისინი ვერ მიაყენებს მათ, რადგან შხამიანები არ არიან. ვამშვიდებთ, რომ ისინი, პირიქით, ამ ტერიტორიას მღრღნელებისგან ათავისუფლებენ.
– ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ბავშვი სკვერში თამაშობს და მიწიდან გველი ამოყოფს თავს, ამ დროს იმის გააზრება, რაზედაც თქვენ საუბრობთ, ცოტა გაუგებარია. არ მეთანხმებით?
– მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის. ბოლო კვირის განმავლობაში დიღმიდან მოიყვანეს რამდენიმე გველი. იყო შემთხვევა საბურთალოდანაც, ასევე, ქალაქგარეთ მცხოვრებლებიც მოდიან და ინტერესდებიან, როგორ მოიქცნენ. ჩვენ ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ არ მოკლან, დაგვიკავშირდნენ და ჩვენ მათ ცოცხლად დავიჭერთ. კიდევ ვამბობ, ძირითადად, რაც ჩვენთან მოიყვანეს, იყო ანკარისა და მცურავის სახეობა. ყველაზე დიდი იყო მეტრი და ოცი სანტიმეტრის სიგრძის. ძირითადად კი, სამოციდან ოთხმოც სანტიმეტრამდე სიგრძის გველები მოჰყავთ და თუ ის ცოცხალია, ჩვენ დაუსახლებელ პუნქტებში ვუშვებთ.
– იყო შემთხვევა, რომ ცოცხლად მოიყვანეს?
– დიახ, სამკილოიანი ქილით მოგვიყვანეს დიღმის ტერიტორიაზე დაჭერილი გველი. დაახლოებით, სამოცდაათი სანტიმეტრის სიგრძის იყო, რომელიც სამშენებლო ობიექტეზე ნახეს. აბსოლუტურად უვნებელი ანკარა გახლდათ და ის გავუშვით დაუსახლებელ ადგილას.
– როცა, მსგავს პრობლემას აწყდება ადამიანი, ვის უნდა მიმართოს?
– არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოკლათ გველი. უნდა დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე. თუ არ გააბრაზეთ, ჯოხი არ შეუჩხიკინეთ და ქვა არ ესროლეთ, ის არ არის აგრესიული და არაფერს გავნებთ. გველი კი არა, ადამიანიც რომ გააბრაზოთ, აუცილებლად იწყებს თავდაცვას. თუ გველს ნახავთ, მოერიდეთ და მიეცით საშუალება, მშვიდად გაშორდეს ტერიტორიას. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა თბილისის ცენტრალურ უბანში ნახეს ოთხზოლიანი მცურავი. ეს იშვიათი სახეობის გველია და ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა, წითელ წიგნშია შეტანილი. ამიტომ, მისი მოკვლა, უბრალოდ, არ შეიძლება, როცა შეგვიძლია, უვნებლად გავუშვათ უსაფრთხო ტერიტორიაზე.
ფაქტია, გველები მართლაც დასეირნობენ თბილისის ცენტრალურ უბნებში და მასზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ის, რომ ტერიტორია ლამაზდება, კარგია, მაგრამ იმაზეც ხომ უნდა იზრუნონ ამ სამუშოების შემსრულებელმა კომპანიებმა, რომ შესაბამისი სამსახურების დახმარებით, პრევენციული ზომები მიიღონ და  პრობლემა არ შეუქმნან მოსახლეობას გველების შემოსევასთან დაკავშირებით.

скачать dle 11.3