კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

თავმდაბალ ადამიანს, რომელიც საკუთარ სიტყვებს ნანობს
სწორად მოქცეულხარ, რომ მყისვე შეინანე, უფალმა სინანული ცხონებისთვის დაგვიტოვა. ასე რომ არ ყოფილიყო, მოციქულებიც ვერ ცხონდებოდნენ, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. ენით შესცოდე, მაგრამ გულით შეინანე. მეზობლის მიმართ ბოროტი სიტყვა წამოგცდა, თითქოს თივაში ნაპერწკალი ჩაგეგდოს. მთელმა სოფელმა გაიგო და დაგცინა. მეზობელი განრისხდა და სასამართლოში გიჩივლა. ბევრი ხარჯი გაიღე, უფრო მეტი იმრისხანე. საკუთარ თავზე ბრაზობდი. ის არ გემძიმება, რომ სასამართლომ მსჯავრი დაგდო, არამედ ის გიმძიმს, რომ შენ მიერ შეურაცხყოფილი მეზობელი შენს დასჯას განაგრძობს. აღარ გელაპარაკება, ხმას არ გცემს და ზურგს გაქცევს. შენ კი არ იცი, როგორ მოიქცე.
ყოველივე ღმერთს და დროს მიანდე. ყოველის მხილველ შემოქმედს ევედრე, რომ მან შენს მეზობელს გული მოულბოს. ის ყოველ მარჯვე შემთხვევაში კეთილად მოიხსენე და დაელოდე! კეთილი სიტყვა და დრო თავისას აღასრულებს და დრო დადგება, როდესაც ეკლესიაში შერიგებულები ისევ ერთად წახვალთ.
მაცხოვრის სიტყვები სამომავლო გაკვეთილად დაისახე: „ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსაც იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის  დღესა მას სასჯელისასა“ (მთ. 12,36).
აქედან ჩანს – ბოროტი და ცრუ სიტყვა სამყაროს წეს-წყობილებას არღვევს და შემოქმედს შეურაცხყოფს. ჩვენ მიერ სხვისი მისამართით, თუნდაც ფარულად გამოთქმულ კეთილ ან ბოროტ სიტყვას, მთელი სამყარო შეიგრძნობს, ისევე, როგორც შემოქმედი. როგორ შეიძლება იმისგან დავფაროთ სიტყვა, რომლისგან აზრებიც კი არ არის დაფარული. ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ მათი გმირის, აქილევსის შუბს ერთი ბოლო ბასრი ჰქონდა, ხოლო მეორე ჭრილობებს ჰკურნავდა. უცნობია, ასეთი შუბი აქილევსს მართლაც ჰქონდა თუ არა, მაგრამ სრულიად უეჭველია, რომ ასეა ადამიანის ენა. ენით ვწამლავთ და ენითვე ვკურნავთ. „მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა და მით ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან“ (იაკ. 3,9).
ჩვენთან, ერთ-ერთ სოფელში საშინელი ამბავი მოხდა.  დედას ერთადერთი შვილი ჰყავდა, რომელიც სკოლის მოსწავლე იყო. ერთხელ დედა შვილზე განრისხდა და უგუნური სიტყვები წარმოთქვა: „ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემმა თვალებმა რომ აღარ დაგინახონ!“ ბიჭუნა დედის სიტყვებმა იმდენად დათრგუნა, რომ თავი მოიკლა. რვეულში მისი ჩანაწერი ნახეს: „სამუდამოდ გშორდები, რომ შენმა თვალებმა აღარ დამინახონ და ბედნიერი იყო!“ ჰოი, დედის მწარე ბედნიერება! ამის შემდეგ დაობლებული დედა ყოველღამე ცეცხლთან იჯდა და ალს ცრემლით ალტობდა. ერთ დილას კი ჩამქრალ კერიასთან მკვდარი ნახეს.
ხედავ, უგუნურ სიტყვას რა შეუძლია? მაგრამ, შეუძლებელია, აქვე არ ვთქვათ ისიც, გონიერ სიტყვას რა ძალუძს. მსოფლიო ომის დროს, ერთი მშიშარა ჯარისკაცი დაზვერვაში გაგზავნეს. თანამებრძოლებმა იცოდნენ, მას ყოველი ბუჩქისაც რომ ეშინოდა და ყველა დასცინოდა ერთის გარდა. ის მეგობარს მიუახლოვდა, რათა გაემხნევებინა, მან კი სასოწარკვეთილებით შესძახა: „აუცილებლად დავიღუპები, მომკლავენ, მტერი აქვეა“. „ძმაო, ნუ გეშინია, ღმერთი უფრო ახლოს არის!“ – მიუგო ერთგულმა მეგობარმა. ამ სიტყვებზე მშიშარა მებრძოლის სულში თითქოს ზარი გახმიანდა და ომის დასრულებამდე რეკდა. ის ჯარისკაცი ომში გამოჩენილი მამაცობისთვის მედლებით მკერდდამშვენებული დაბრუნდა. ამგვარი ფერისცვალება განიცადა და კეთილმა სიტყვამ – „ნუ გეშინია, უფალი უფრო ახლოს არის!“ – ძალა და მხნეობა მიანიჭა.
ფაბრიკის მუშას, რომელიც გვეკითხება: „რას ნიშნავს სიტყვები: შენ, უფალო!“
ყოველი კვერექსის ბოლოს მღვდელი მრევლს მოუწოდებს უფლისადმი ლოცვას სრულად შეუვრდნენ სიტყვებით: „თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ“, ხოლო მლოცველები პასუხობენ: „შენ, უფალო!“ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. მათი წარმოთქმა ყოველ ცხოვრებისეულ შემთხვევაში შეიძლება.
როდესაც ჯანმრთელად ხარ და სამსახურში წარმატებები გაქვს, გული აღამაღლე და თქვი: გმადლობ შენ, უფალო!“
როდესაც ადამიანს პატივს მოგაგებენ და გაქებენ, გულში თქვი: „ამას არ ვიმსახურებ, ქება მეკუთვნის არა მე, არამედ შენ, უფალო!“
როდესაც შვილებს სკოლაში, სამსახურში ან ჯარში ამგზავრებ, აკურთხე ისინი და თქვი: „მათ შენ მოგანდობ, უფალო!“
თუკი ადამიანთაგან შური შეგხვდება ან მეგობარი გიღალატებს, სულით ნუ დაეცემი და გულში ნურც ბოროტებას ჩაიდებ, არამედ თქვი: „ყოველივეს შენს სამართლიან მსჯავრს მივანდობ, უფალო!“
როდესაც შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს უკანასკნელ გზაზე აცილებ, ნაბიჯი მხნედ გადადგი, თითქოს საუკეთესო მეგობრისთვის ძღვენი მიგაქვს და თქვი: „ჩემთვის უსაყვარლეს სულს გწირავ შენ, უფალო!“
როდესაც ეშმაკის მიერ აღძრული განსაცდელები, ტანჯვა და სნეულება თავს რუხი ღრუბელივით მოგადგება, სასოს ნუ წარიკვეთ, არამედ თქვი: „შეწევნისა და წყალობისთვის მოგმართავ, შენ, უფალო!“
როდესაც შენს სასთუმალთან სიკვდილის ანგელოზი დადგება, ნუ შეგეშინდება, რამეთუ ის შენი მეგობარია, ამ ქვეყანას გამოეთხოვე და თქვი: „ჩემს მონანულ სულს შეგვედრებ შენ, უფალო!“

скачать dle 11.3