რატომ გადაწყვიტა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკაში წასვლა და რა გეგმები აქვს ქართული ფეხბურთის განსავითარებლად?!
ორივე თამაშში გუნდურობა მნიშვნელოვანია: ფეხბურთშიც და პოლიტიკაშიც. მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ევროპაში არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, არამედ საქართველოს წარმდგენი ელჩიც იყო, ახლა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატია ,,ქართული ოცნებიდან” და გეგმავს, პარლამენტში იყოს ამ რაიონის ინტერესების დამცველი.
– ბატონო მიხეილ, თქვენი განვლილი გზა მუდმივად სპორტთან ასოცირდებოდა...
– ნამდვილად ასეა. რაც თავი მახსოვს, იმ მომენტიდან, როცა საკუთარი ქმედების აღქმა დავიწყე, ფეხბურთს ვთამაშობდი და ყველაფერი ჩემ ირგვლივ სპორტის ამ სახეობას უკავშირდებოდა. ფეხბურთის გარეშე ერთი წუთი არ მიცხოვრია – დაწყებული ბოლნისის უბნის ფეხბურთიდან მსოფლიოს დონის კლუბებით დამთავრებული. 10 წლის ასაკში საფეხბურთო სკოლა „ავაზაში” შევედი, მალევე 35-ე საფეხბურთო სკოლაში გადავედი და ის დავამთავრე. 17 წლის ვიყავი, როცა თბილისის „დინამოს” შემადგენლობაში ამიყვანეს. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. 1995 წლამდე თბილისის „დინამოს” შემადგენლობაში ვიყავი, შემდეგ უკვე რუსულ კლუბებში, „ალანიაში” ვთამაშობდი, ხოლო ინგლისში – „მანჩესტერ სიტიში”. 1997 წელს გადავედი შვეიცარიაში და იქვე, 2007 წელს დავასრულე აქტიური საფეხბურთო კარიერა მოქმედი სპორტსმენის რანგში. თუმცა, იმავე დროს ვიყავი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. დავრჩი შვეიცარიაში, თუმცა საქართველოში მწვრთნელობას ვაპირებდი. შვეიცარიაში მწვრთნელის პროფესიას დავეუფლე და ლიცენზირების ერთი ეტაპი წარმატებითაც გავიარე, მაგრამ 2007 წელს საქართველოში, იმ ავადსახსენებელი პოლიტიკური რეჟიმის გავლენით, ვეღარ დავბრუნდი. გახსოვთ, ალბათ, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები იყო, როდესაც ჩემი მეგობარი, ხმათა უმრავლესობით არჩეული გიორგი ნემსაძე მხოლოდ იმიტომ არ დატოვეს პოსტზე და ნახევარ საათში აიძულეს გადამდგარიყო, რომ მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირებს თავიანთი ფავორიტის გაყვანა სურდათ. ჩემთვის, რომელიც ქვეყნიდან ვიყავი წასული უკვე რამდენიმე წელიწადი და იმედით ვუყურებდი ჩემი ქვეყნის მომავალს, ეს ნამდვილი შოკი იყო. იმ დღიდან დაიწყო ჩემი შეურიგებელი ბრძოლა ყოფილი ხელისუფლებასთან. იმ დღიდან დავიწყე აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. პარტიის წევრი არ გავმხდარვარ, მაგრამ პროტესტის აქტიურ ფორმებს მივმართავდი. დავაარსეთ კიდეც საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ჩვენი ფეხბურთი”. სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები თავს უწოდებდნენ ,,დემოკრატიის მამებს” და სინამდვილეში, არღვევდნენ არჩევანის უზენაესობას, ადამიანთა უფლებებს, არად დაგიდევდნენ და პატივს არ სცემდნენ კანონს, ობიექტურობას და განსხვავებულ აზრს. მოკლედ, საკუთარ ხუშტურზე იქცეოდნენ ყველგან და ყველაფერში. ეს იყო 9-წლიანი სადისტური რეჟიმი.
– შემდეგ რა იყო? წახვედით უცხოეთში?
– უცხოეთში წავედი, თუმცა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისგან არ მოვმწყდარვარ. ყველა დონეზე და შესაძლებლობით ვაკრიტიკებდი მაშინდელ რეჟიმს, რომელმაც თითქმის ,,პერსონა ნონ გრატად” გამომაცხადა და პირდაპირ შემომითვალეს, რომ საქართველოში არ დავბრუნებულიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს შემიქმნიდნენ. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი. 2012 წელს, საბედნიეროდ, ,,ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა არჩევნებში და ჩემს ქვეყანაში დაბრუნების საშუალება მომეცა.
– და, ალბათ, ამ ფაქტორების გამოც გადაწყვიტეთ აქტიურ პოლიტიკაში მოსვლა?
– მე 2012 წლამდეც აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ვეწეოდი, თუმცა არა პარტიულ დონეზე. „ქართული ოცნების” ერთ-ერთი პირველი გზავნილი იყო, რომ მოხდეს სპორტის დეპოლიტიზაცია და პრინციპში, ასეც მოხდა. მანამდე თუ თითქმის ყველა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი იყო „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სახე და წარმომადგენელი, ამჯერად უკვე პარტიული ნიშნით დანიშვნა აღარ ხდებოდა. ამან მომცა ბიძგი, რომ ჩემი პროექტი, ფეხბურთის განვითარების გეგმის შესახებ, უფრო სხვა ჭრილში გადამეტანა. თუმცა, მივიღე შემოთავაზება ,,ქართული ოცნებიდან”, რომ მაჟორიტარ კანდიდატად მეყარა კენჭი. მინდა, გამოგიტყდეთ, რომ დიდხანს ვიფიქრე და დავთანხმდი. ოჯახის წევრებიც არ შეხვედრიან დიდი ენთუზიაზმით ჩემს პოლიტიკაში გადასვლას.
– რატომ გადაწყვიტეთ, ნაძალადევის რაიონში გეყარათ კენჭი?
– საქართველოში, რატომღაც, არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ მაინცდამაინც მშობლიური რაიონიდან უნდა იყაროს კენჭი დეპუტატმა. მე იმდენ ხანს ვიყავი უცხოეთში, რომ ორი ათეული წლის შემდეგ, თბილისის ყველა უბანი მშობლიურია ჩემთვის. ჩემი გულშემატკივარი უბნებად ნამდვილად არ ყოფილა დაყოფილი. თანაც, ნაძალადევი ფეხბურთის ლეგენდების მშობლიური უბანია. აქ დაიბადნენ გრანდები: ალექსანდე ჩივაძე, მიშა მესხი, ვოვა გუცაევი, გელა კეტაშვილი, გიორგი ნემსაძე და ასე შემდეგ. გარდა ფეხბურთისადმი სიყვარულისა, ამ რაიონში საკმაოდ დაკვირვებული ამომრჩეველია. კარგად ახსოვთ ჩემი აქტიურობა, ჩემი ოპოზიციონერობა ყოფილი ხელისუფლებისადმი. ისინი დაბეჯითებით მისმენენ შეხვედრებისას. ვცდილობ, მათ არ მოვახვიო თავს ზერელე დაპირებები, არამედ ავუხსნა, რისთვის მივდივარ პარლამენტში, რა არის მაჟორიტარის ფუნქცია, რატომ უნდა დამიჭირონ მხარი.
– და რისთვის მიდიხართ?
– თუნდაც იმავე საკანონმდებლო დონეზე ქართული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის, საფეხბურთო სკოლისა და პედაგოგიკის დახვეწის, ევროპულ სტანდარტებთან უფრო მიახლოების, საფეხბურთო სკოლების მოდერნიზაციისა და პროგრესირებისთვის. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ ვერ ვზრდით მათ ევროპული საფეხბურთო სკოლის დონეზე. ამ ლაფსუსების აღმოფხვრისთვის საჭიროა სხვა მიდგომები, უფრო მეტი ხელშეწყობა. ქვეყნის განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, სრულად შეესაბება ჩემს პროექტს ქართული ფეხბურთის შესახებ. თუ არ მოხდა ეკონომიკური განვითარება, ჯაჭვურადაა მიბმული მასთან სხვა დარგებისა თუ სეგმენტების პროგრესირებაც. ქილიკი რომ დაიწყეს, სპორტმენს რა უნდა პოლიტიკაშიო და აბა, სპორტის კომიტეტსა და სპორტის პოლიტიკას ვინ უნდა მიხედოს? თუნდაც იმავე ნაძალადევის რაიონში უფრო მეტად ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდირებისა და ხელშეწყობისთვის უნდა მოხდეს სპორტული მოედნების, სკვერების, საცურაო აუზებისა და ასე შემდეგ განაშენიანება. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის უნდა ვიყოთ მომართულები. პარლამენტში მე მივდივარ იმისთვის, რომ არ დავშორდე ჩემს ამომრჩეველს, მათ მოთხოვნებს, მათ წინადადებებს და ყველა გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინო მათი აზრი. მიხარია, რომ აღარ ხდება ადამიანების დატერორება პოლიტიკური ნიშნით, არ ართმევენ კერძო საკუთრებას და ბიზნესწილებს, არ აწამებენ ციხეში და კიდევ სხვა ბევრი მიღწევაა. მე ვარ გულწრფელი ჩემს ამომრჩეველთან და მინდა, ვიყო გულწრფელი პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც. მე მათ ვესაუბრები ჩემი სიტყვებით და გულწრფელი სურვილით – მოვახმარო ჩემი რესურსები ამ უბანს და სრულიად ქვეყანას.