რატომ გადაწყვიტა დიმიტრი ხუნდაძემ მეორე ვადით მაჟორიტარობა და რატომ უყვართ ის მცხეთელებს
ხუნდაძეების ოჯახს 2013 წელს კიდევ ერთი წევრი შეემატა – დიმიტრი ხუნდაძის მესამე შვილიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე. პატარა დიმიტრი უფროსს წინასაარჩევნო კამპანიაში ვერ ეხმარება, მაგრამ ყველაზე დიდ ენერგიას მატებს. ასევე, პოზიტივით მუხტავენ უფროსი შვილიშვილები – ლუკა და ბაჩანა. სამივე შვილი – გიორგი, თიკა და ნიკა, დედასთან, ლია ხუნდაძესთან ერთად, კანდიდატს მხარს უჭერენ. მაგრამ, ოჯახის თავის კვლავ მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. ამის მიზეზი წინა სტრესული 4 წელია, თუმცა ოჯახის წევრებმა ისიც იციან, რომ დიმიტრი ხუნდაძემ დაწყებული საქმეები აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია მცხეთაში და მიაჩნია, რომ „ოცნებამ“ ამ რაიონში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი დაპირება შეასრულა და წლობით გადაუწვეტელი პრობლემები მოაგვარა. პროფესიით ექიმი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთაში მაჟორიტარობას ისევ აპირებს და, რა თქმა უნდა, ისევ მეგობრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება. მცხეთელებს მისი წარდგენა არ სჭირდებათ. პირადადაც იცნობენ და მისი ძალისხმევით გაკეთებული საქმეებიც ნანახი აქვთ. სამაგიეროდ, ბატონ დიმიტრის სჭირდება მცხეთელების გამარჯვება. როგორც ამბობს, ამომრჩევლის მხარდაჭერას ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძობს და, ასე რომ არ იყოს, მეორედ პოლიტიკურ ბრძოლაში არ ჩაერთვებოდა.
– ბატონო დიმიტრი, რატომ გადაწყვიტეთ მცხეთის რაიონში მეორე ვადით მაჟორიტარობა და როგორ აფასებთ თქვენს საკანონმდებლო საქმიანობას?
– პოლიტიკაში დარჩენის უფლება აქვს მხოლოდ მას, ვინც საქმით დაამტკიცებს ამას. მიმაჩნია, რომ ეს უფლება ნამდვილად მაქვს, რადგან 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვემსახურე ჩემს ხალხს და ქვეყანას. თუმცა, მთავარი შემფასებელი ხალხია და ველი მათ გადაწყვეტილებას 8 ოქტომბერს. 4 წელი ვხელმძღვანელობდი პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ამ მიმართულებით. ბედნიერი ვარ, რომ მოსახლეობაში ჯანდაცვის პროგრამების მიმართ კმაყოფილების ინდექსი მაღალია. დღეს უფულობის გამო ადამიანი აღარ იღუპება. ხალხს აღარ უწევს საბანკო სესხების აღება სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენმა კომიტეტმა მოამზადა ათობით კანონპროექტი, რომელთა დიდი ნაწილის ავტორი მე გახლავართ, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია: შრომის კოდექსი, კანონები წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის, ტუბერკულოზის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ. ეს სტატია, ბუნებრივია, ვერ დაიტევს, ჩემ მიერ გაწეულ საკანონმდებლო და სხვა ტიპის მუშაობის სრულ მიმოხილვას.
რაც შეეხება ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ 4 წლის განმავლობაში მცხეთაში გაკეთდა ის, რაც არასდროს გაკეთებულა. ეს ხილულია და ამის დამალვა შეუძლებელია. მე ჩემი დანაპირების 90 პროცენტრზე მეტი შევასრულე! სამწუხაროდ, სახელმწიფოს არა აქვს იმის საშუალება, რომ ყველა პრობლემა ერთდროულად მოგვარდეს. სოფლებში ძირითადი პრობლემა წყალი და გზებია. მცხეთის თითქმის ყველა სოფელში დაწყებულია წყლის პროექტები, ზოგში დასრულდა, ზოგშიც კიდევ მიმდინარეობს. ასევეა გზებიც. მცხეთას არ ჰქონდა კულტურის სახლი და დღეს უკვე დასრულებულია 4,5-მილიონიანი პროექტი; ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა მცხეთელებს მათი ოცნების ასრულებას – საცურაო აუზს და არავინ აკეთებდა. ეს პროექტიც თითქმის დასრულებულია და მცხეთელებს მალე ექნებათ 6 მილიონის ღირებულების საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი. ნოემბერში დაიწყება მუზეუმის 5-მილიონიანი პროექტის განხორციელება, რომელიც აქამდე უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ალბათ, ახსოვს მოსახლეობას ჩემი ბრძოლა ამ საკითხთან დაკავშირებით. დასრულდა 10-მილიონიანი პროექტი – თანამედროვე, ახალი აპარატურით აღჭურვილი საავადმყოფო, სადაც ექიმები უცხოეთიდან იქნებიან მოწვეული, ამაზე უკვე შედგა მოლაპარაკება. საავადმყოფო ოქტომბერში გაიხსნება და მასში 250 კაცი უნდა დასაქმდეს. ქალაქ მცხეთაში და რამდენიმე სოფელში ახალგაზრდებს გავუკეთეთ სპორტული მოედნები, ბავშვებს – სკვერები. ავაშენეთ ახალი სკოლები მუხრანში, წილკანში, ძეგვში ასევე, ახალი ბაღები ქალაქ მცხეთაში, წეროვანში, წილკნის დევნილთა დასახლებაში, ქსოვრისში. იწყება დიდი ბაღების მშენებლობა მუხრანში და ქსანში. გარემონტდა რამდენიმე სკოლა და ბაღი. მიმდინარეობს წინამძღვრიანთკარის პროფსასწავლებლის რეაბილიტაცია. აშენდა ახალი ხიდი მცხეთაში. დაიწყო რამდენიმე კერძო საწარმოს მშენებლობა და ასე შემდეგ. ამ მოკლე პერიოდში მცხეთაში 800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ეს არის ის პროექტები, რომელსაც მე დავპირდი მოსახლეობას და მათ განსახორციელებლად ძალიან დიდი ძალისხმევა, შრომა და არ დაგიმალავთ, ბრძოლაც კი დამჭირდა. დღეს ჩემი ოპონენტები ამას ვერ უარყოფენ, მაგრამ ხალხს ეუბნებიან, ხუნდაძე რა შუაშიაო. სწორედ რომ, ჩემი ინიციატივით და დღედაღამ შრომით აშენდა სკოლებიც, ბაღებიც, კულტურის სახლიც და სხვა.
ახლა ვაპირებთ, განახლდეს თეატრონის ტერიტორია, სადაც მოეწყობა ახალგაზრდული გასართობი ცენტრის მთლიანი კომპლექსი. თეატრონის ტერიტორიაზე, ასევე, განხორციელდება საბავშვო გასართობი ცენტრის უპრეცედენტო პროექტი – ქართული ზღაპრის გმირების საბავშვო ქალაქი: ატრაქციონებით, ზღაპრის სახლით, მულტფილმების საეკრანო დარბაზითა და საბავშვო სადღესასწაულო ცენტრით. ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ქალაქ მცხეთაში მოპირკეთდება შიდა გზები; გაგრძელდება მცხეთის ქუჩების რეაბილიტაცია „იუნესკოსთან” შეთანხმებით; აღდგება სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრის დამაკავშირებელი, ძველი საცალფეხო ხიდი; გაგრძელდება ქალაქის უბნებში სკვერებისა და მინი-სტადიონების მოწყობა. მცხეთა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის.
– თუმცა, რაიონის სხვა კანდიდატები და თქვენი კონკურენტები ხშირად გაკრიტიკებენ...
– მე მათ კონკურენტებად არ მივიჩნევ. ელემენტარულად, ისინი ხალხს საკუთარ პროგრამაზე კი არ ესაუბრებიან, არამედ – დიმიტრი ხუნდაძის შესახებ. პოლიტიკაში მოსვლამდე განვაცხადე, რომ ჩემი უპირველესი მოვალეობა იქნებოდა მცხეთის გათავისუფლება კორუფციისგან. ეს შევძელი და სწორედ ამიტომ მებრძვიან ძველი, კორუმპირებული ჩინოვნიკები. ნეგატივი მხოლოდ მათგან მოდის, მაგრამ როგორც არ უნდა მებრძოლონ, ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებ. დღეს, ის პირები, რომლებიც 2012 წელს გაუსაძლის მდგომარეობაში აცხოვრებდნენ ხალხს, კვლავ უსირცხვილოდ აპირებენ კენჭისყრას და დეპუტატის მანდატის მოპოვებას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამომრჩეველი გონიერია, მან იცის, რომ ხმა უნდა მისცეს თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას!