რატომ აღიარეს ირაკლი ხახუბია ყველაზე სიმპათიურ კანდიდატად
არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, თუმცა ამომრჩეველმა უკვე მოასწრო თავისი „ფავორიტების“ გამოვლენა. განსაკუთრებით, ქალბატონებში, ჩვენი გამოკითხვებით, სიმპათიურ კანდიდატად ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია დასახელდა. ამჯერად მასთან ინტერვიუს ცოტა სხვა რაკურსით შემოგთავაზებთ.
– ბატონო ირაკლი, რეიტინგული კვლევებით, მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ყველაზე სიმპათიურ კანდიდატად სახელდებით...
– მადლობა. არ ვიცოდი, კანდიდატებს თუ ვიზუალურადაც გვაფასებდნენ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი რეიტინგი და მთავარი შემფასებელი 8 ოქტომბერს ჩემი ამომრჩეველია. ჩემი სურვილია, გამარჯვების შემთხვევაში, დანაპირების შემსრულებელ ყველაზე შედეგიან მაჟორიტარ დეპუტატთა რეიტინგში აღმოვჩნდე.
– ვიფიქროთ, რომ ქალბატონების გული მოიგეთ და ელექტორატის დიდი ნაწილიც ხომ სწორედ ქალებია...
– ქალბატონების გულის მოგება სულაც არაა იოლი საქმე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ქალბატონს არჩევანისთვის. ქალბატონების სიმრავლეს ყოველთვის და ყველგან დადებითი ენერგია მოაქვს. მთავარია, მეუღლე არ მყავს ეჭვიანი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მაკამ მშვენივრად იცის, როგორ მიყვარს და რას ნიშნავს ის ჩემთვის. სხვათა შორის, გემოვნებაც კარგი აქვს, როგორც ხედავთ.
– თქვენ საკმაოდ დადებით პიროვნებად გახასიათებენ – ურთიერთობებში ძალიან უბრალო და გულახდილიაო.
– მადლობა ყველას ასეთი დახასიათებისთვის. ვარ ის, რაც ვარ და მგონი, არ შევცვლილვარ არცერთ ასაკში და არცერთ თანამდებობაზე. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და, შესაბამისად, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ჩვენი ოჯახის კარი, ფაქტობრივად, არ იკეტება. ასე იყო ჩემს ბავშვობაში, ასეა დღეს და ასე იქნება, როცა ჩემი შვილიშვილები გაიზრდებიან. რაც შეეხება უბრალოებას და გულახდილობას, სასტიკად არ მიყვარს ტყუილი. არასდროს არავის ვაკადრებ ტყუილს და შესაბამისი რეაქცია მაქვს, როცა ცდილობენ, მომატყუონ. ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და თუ რამის გაკეთება არ შემიძლია, ადამიანს ფუჭ იმედს არასდროს მივცემ. თუმცა, არასდროს ვეტყვი უარს მხარდაჭერაზე, თუ ეს ჩემს შესაძლებლობებშია. სხვა რა გითხრათ? ღიმილს, ალალ გამარჯობას და სითბოს გამოხატვას რა ჯობია?! თუ ნებას მომცემთ, მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც არ დაიზარა და საარჩევნო კამპანიის 2 თვის განმავლობაში მოდიოდა ჩემთან შესახვედრად. მადლობა მათ იმ ღიმილისთვის, სითბოსა და იმედისთვის, ჩემ მიმართ რომ გამოხატავდნენ.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? რა არის თქვენი ადამიანური სისუსტეები?
– ბოლო 2 თვეა, მსგავსი დრო ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. „წინა ცხოვრებაში,“ ანუ კანდიდატად წარდგენამდე, არც ისე ბევრი, მაგრამ მაინც მქონდა თავისუფალი დრო, რომელიც სრულად ხმარდებოდა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნათესაობასთან ურთიერთობას. რადგან, ზოგადად, ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, ბიზნესის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, იშვიათად ვახერხებ სტუმრად წასვლას. ამიტომ, ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყველა ჩვენთან მოდის. ამ ტრადიციას ჩემი მეორე ნახევრის საოცარი კულინარული უნარებიც უწყობს ხელს. ყველაზე დიდი რელაქსაცია შვილიშვილებთან ურთიერთობაა. ახლა ისინი ცოტა განაწყენებული არიან, იმიტომ რომ, ბაბუ მათთვის ნაკლებად იცლის. მათთან ნამდვილად დამნაშავედ ვგრძნობ თავს. მაგრამ, პირობას ვიძლევი „გამოვსწორდები“. ადამიანური სისუსტეების რა გითხრათ? ზოგადად, სისუსტე არ მახასიათებს. ჩემი საყვარელი გასართობი ბილიარდია, რომელიც ძალიან მშველის მობილიზებაშიც და მოდუნებაშიც. თუმცა, ეს თვეებია, არც მაგისთვის მრჩება დრო.
– არჩევნებამდე არცთუ დიდი დრო რჩება, რას ეტყოდით ფოთელებს?
– უკვე ძალიან ახლოსაა 8 ოქტომბერი. ჩემი ამომრჩეველი არა მარტო ფოთის მოსახლეობა, ლანჩხუთისა და ოზურგეთის გარკვეული ნაწილის მცხოვრებლებიცაა. ეს დიდი პასუხსიმგებლობაა. ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი იყო ეს 2 თვე ადამიანური თვალსაზრისით. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც არ იშურებდა თავის დროსა და ენერგიას კამპანიის სწორად და ხარისხიანად წარმართვისთვის. მადლობა მინდა, ვუთხრა მმართველ გუნდს – „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, რომელმაც ასეთი შანსი მომცა ცხოვრებაში – ვიყო ჩემი მშობლიური ქალაქის, ლანჩხუთელებისა და ოზურგეთელების წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ეს ჩემთვის, უპირველესად, არის დიდი პასუხისმგებლობა ამ გუნდის და, შემდეგ, ამომრჩეველის წინაშე, რომელსაც სჯერა ამ გუნდის – მათი იდეების, სამომავლო გეგმების.
ყოველი შეხვედრა ამომრჩეველთან იყო რაღაც სიახლისა და დიდი ენერგიის მომცემი. მსგავსი ენერგიები ბუნებაში არ იკარგება. ის ჩვენს სიახლოვეს ტრიალებს და აუცილებლად მოაქვს შედეგი. ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება, რომელსაც მოჰყვება სწრაფი განვითარება და მისი შედეგი იქნება კეთილდღეობა, კეთილდღეობა, რომელიც მოვა ყველას ოჯახში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას – ყველას არჩევნის გამარჯვებას ვუსურვებ!