უკრაინელი მილიარდერის ბიზნესჰოლდინგის დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი კასპის მაჟორიტარად იყრის კენჭს
ექსკლუზიური ინტერვიუ კიევის ორგზის მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის კომპანიის ხელმძღვანელ გიორგი ქვრივიშვილთან, რომელიც კენჭს კასპის რაიონის მაჟორიტარად იყრის. ჟურნალი „თბილისელები“ მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე, პროექტებსა და გეგმებზე გიამბობთ:
– გიორგი, დაახლეობით ერთი წელი გავიდა ჩვენი ბოლო ინტერვიუს შემდეგ. მაშინ ბევრი ვისაუბრეთ თქვენ მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ახლა სხვა ამპლუაში ხართ. რა მოხდა, რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესიდან და ქველმოქმედებიდან პოლიტიკაში წასვლა?
– გეთანხმებით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, როცა არჩევნებში კენჭისყრა კასპის რაიონში გადავწყვიტე. მიმაჩნია, რომ ეს გზა, რომელიც ავირჩიე, სწორია, რადგან კასპი უმძიმეს მდგომარეობაშია. რაიონს ესაჭიროება დახმარება და მე შემიძლია, გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ კასპელი ხალხის ცხოვრება უკეთესი გავხადო. მაქვს იმის საშუალება და უნარი, კასპში რადიკალური ცვლილებები განვახორციელო, ნულიდან ავაშენო ქალაქი, რომელიც გახდება სამაგალითო პროგრესის, დასაქმებისა და სოციალურო ფონის თვალსაზრისით. დღესდღებით ყველაფერი პირიქითაა – კასპი როგორც რაიონი, განადგურებულია.
– რატომ მაინცდამაინც პოლიტიკა? უარი თქვით ფონდში მუშაობაზე (სხვათა შორის, რომლის საქმიანობაც არაერთხელ გამიშუქებია), უზრუნველ ცხოვრებაზე, მაღალ ხელფასზე და გადაწყვიტეთ, დაგეწყოთ პოლიტიკური საქმიანობა, სადაც ბევრი სიბინძურეა. რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი?
– უპირველესად, გეტყვით, რომ პროექტი, რომელიც ჩემი დაწყებულია, არ შეჩერებულა და არც შეჩერდება. ფონდი ჩემ გარეშეც აგრძელებს და გააგრძელებს ფუნქციონირებას, რადგან ეს მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამინისთვის, ვინც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას იღებს. 6 წელი ვხელმძღვანელობდი ფონდს, რომელიც მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ყველაზე გამჭვირვალე ფონდია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით და რომელსაც ამოწმებენ მსოფლიოს სამეულში შემავალი აუდიტორული კომპანიები. ფონდი უწევდა და დღესაც უწევს სასიცოცხლო დახმარებას 600-ზე მეტ მოხუცს. ასევე, თბილისში გავაკეთეთ ბავშვთა სახლი, რომელიც არის ევროპაში საუკეთესო. ის გაკეთებულია უმაღლესი სტანდარტით და არ შემიძლია, ამით არ ვიამაყო. თუმცა, ეს არის ზღვაში წვეთი იმისა, რაც საქართველოში საჭიროა, გაკეთდეს. აუცილებელია დღე და ღამე ვიმუშაოთ იმაზე, რომ აღარ იყოს ამდენი უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი. მივცეთ მოსახლეობას საშუალება, რომ იცხოვროს ადამიანურ პირობებში – ჰქონდეთ სამუშაო, არჩინონ ოჯახები. ხალხი მშიერია. კასპის რაიონში ყოველმა მეორე ოჯახმა არ იცის, ხვალ რა ჭამოს. განა ეს ნორმალურია?
– რატომ კასპის რაიონი, რა გაკავშირებთ აქაურობასთან?
– წარმოშობით ჩემი ოჯახი კასპის რაიონში მდებარე სოფელ თელიანიდან გახლავთ. ბავშვობაში ზაფხულში ყოველთვის ჩავდიოდი და მთელ ზაფხულს იქ ვატარებდი. კარგად მახსოვს ის დრო. მომწონდა იქ ყოფნა, ფეხბურთის გუნდშიც ვთამაშობდი... კარგი საფეხბურთო მოედანი გვქონდა და თანატოლებთან ერთად, მთელ დღეებს იქ ვატარებდი. ამჟამად იმ ადგილზე დევნილების სახლებია აშენებული, რომლებსაც, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ. ბავშობის ძალიან კარგ მოგონებად მაქვს აქ გატარებული დრო. ბებია ახლაც იქ ცხოვრობს. ის წარმოშობით ხოვლედან არის. ესეც ძალიან ლამაზი სოფელია.
– რა პრობლემები აქვთ ამ რაიონის მცხოვრებთ, რა არის მათი ყველაზე დიდი სატკივარი?
– სამწუხაროდ, კასპი უღარიბესი რეგიონია. თბილისის მახლობლად არსებული რეგიონებიდან ყველაზე ღარიბი და ყველაზე დაუსაქმებელი. თითქმის არავინ მუშობს და ვინც მუშაობს, მინიმალური ხელფასი აქვს. ნამდვილად მიკვირს, თვიდან თვემდე როგორ ახერხებენ თავის გატანას. უმეტესობას ვალები აქვს. პრობლემები აქვთ ბანკებთან. ძალიან დიდი სიღარიბეა. ფაქტობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში ბოლო 14 წელია, რაღაც პროგრესია – იცვლებიან მთავრობები, მინისტრები, პრეზიდენტები, მაგრამ კასპში არაფერი იცვლება. რატომ? იმიტომ რომ, არცერთი არჩეული დეპუტატი და მმართველი არ გრძნობდა პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე, რომელიც მას ენდო და აირჩია. მათ არ აქვთ პასუხისმგებლობის განცდა. ყველა წინა დეპუტატი იკარგებოდა და ებმეოდა პოლიტიკურ თამაშებში, ატარებდა იმ პარტიის ინტერესებს, რომლებმაც ის აირჩიეს. გაიხსენეთ ნებისმიერი ამჟამინდელი თუ წინა მაჟორიტარი, როდის ნახეთ ისინი ბოლოს კასპში? მაგალითად, სად არის კასპის ბოლოს არჩეული მაჟორიტარი? რა გააკეთა მან კასპისთვის ბოლოს? ვის შეხვდა? რა სარგებელი მოუტანა რეგიონს?
მე არ ვაპირებ ოდესმე კენჭი ვიყარო პარლამენტში სხვა მაჟორიტარული ოლქებიდან, რადგან ეს არასწორად მიმაჩნია. ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი. პიროვნულ პასუხისმეგბლობას ვიღებ უკლებლივ ყველა დაპირებაზე, რომელსაც გავცემ და არავის წინაშე არ ვარ ვალდებული, გარდა იმ ხალხისა, ვისიც, დიდი იმედი მაქვს, ამირჩევს და მე მათ ნდობას გავამართლებ.
– მე დღევანდელი დღე გავატარე კასპში და ვიყავი რამდენიმე მიმდებარე სოფელში. პოზიტიურ ნაწილზე ყურაღებას არ გავამახვილებ, დაგისვამთ იმ კითხვებს, რომლებიც თქვენ მიმართ აქვს მოსახლეობას. მაგალითად, ერთ-ერთი: რადგან თბილისელი ხართ და არ ცხოვრობთ კასპში, არჩევნების შემდეგ ამომრჩევლები ვეღარ გნახავენ – ამაზე რას იტყვით?
– ყველა დაპირებაზე, რომელსაც გავცემ, პირადად ვარ პასუხისმგებელი და ერთი წუთით მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი ჩემს შესაძლებლობებში, ასეთ დაპირებებს არ გავცემდი. ბიუჯეტის სწორი დაგეგმარებით უზრუნველვყოფ ხანდაზმული, ოჯახის არმქონე მარტოხელა ადამიანებისთვის უფასო მოვლის ორგანიზებას, რომელიც გათვლილია ყველა პენსიონერის მომსახურებაზე, ვისაც ის სჭირდება. მიმაჩნია, რომ ბიუჯეტის სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, რაიონში სრულად მოგვარდება საკვების პრობლემა. ასევე, გავაკეთებ ყველაფერს, რომ კასპში ჩაიდოს ინვესტიციები სამუშაო ადგილებითვის. რატომ გავცემ ამდენ დაპირებას? იმიტომ რომ, ვიცი, მათი შესრულება შემიძლია. ასეთი პროექტები უკვე განმიხორციელებია და ზუსტად ვიცი, რაზეც ვლაპარაკობთ.
– ახლა, რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვიცხოვრებ თუ არა კასპში: ეს არის არასერიოზული კითხვა. მე ხალხი მირჩევს იმისთვის, რომ გავაუმჯობესო მათი ცხოვრება, შევქმნა სამუშაო ადგილები, ვიზრუნო მათზე, ვისაც დღეში 2 ლარი უნდა ეყოს საკვებზე, კომუნალურ გადასახადებსა და ტანსაცემელზე. ახლა ამიხსენით, რა სარგებელის მომტანი იქნება მათთვის ჩემი მუდმივად კასპში ყოფნა? იმ დღიდან, როგორც კი ამირჩევენ, მე უნდა მოვიძიო ინვესტირება, რადგან კასპი საკმაოდ მიმზიდველი რეგიონია ინვესტორებისთვის. ინვესტიციების მოზიდვით კი დაიწყება ახალი პროექტები და კასპის მოსახლეობა დასაქმდება. მე ხალხი მირჩევს იმიტომ, რომ მათი ცხოვრება გავხადო უკეთესი და დავეხმარო ამ გაჭირვების დაძლევაში. ვიცი, რომ ამას შევძლებ. ჩემი ამოცანაა, მოვიზიდო, რაც შეიძლება ბევრი ინვესტიცია და კითხვები იმაზე, თუ სად ვიცხოვრებ, არასერიოზულია. ჩემი გამარჯვებიდან 10 დღის ვადაში, კასპში გაიხსნება ჩემი, როგორც მაჟორიტარის, მისაღები ოფისი, რომელიც ძალიან კარგად იმუშავებს – მოსახლეობას ყველანაირად დაეხმარება მათი პრობლემების მოგვარებაში. ოფისი მუდმივად ღია იქნება და იქ დასაქმებულები იქნებიან ადგილობრივები, ისინი, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან კასპის რაიონის მოსახლეობის პრობლემები. რა თქმა უნდა, კასპში ძალიან ხშირად ვიქნები, მაგრამ უპირველესად, მე უნდა გავაკეთო ის, რასაც ხალხი ჩემგან ელოდება.
– გავეცანი თქვენს პროგრამას, ის საკმაოდ ამბიციურია, მაგრამ რამდენად რეალურია? რატომ გიწერიათ ყველგან, რომ დაპირებების განსახორციელებლად 15 თვე დაგჭირდებათ?
– უკლებლივ ყველაფერი, რაც პროგრამაში მაქვს ჩაწერილი, არის ის, რაც უკვე მაქვს განხორციელებული. ეს ყველაფერი ფუნქციონირებს დღესაც. არაფერი ჩამიწერია, რაც გაკეთებული არ მაქვს და არ ვიცი, როგორ კეთდება. ყველა პენსიონერთან პირადად ვიქნები პასუხიმსგებელი იმაზე, რომ კასპში მოგვარდება საკვების პრობლემა და ყველას მოემსახურება ექთანი სახლში მისვლით. ყველა ოჯახს, რომელსაც უსამართლოდ აქვს ჩამორთმეული სოციალური სტატუსი, დაუყოვნებლივ უნდა აღვუდგინოთ. ასევე, დიდი ხანია, ვერ მოგვარდა სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა კასპში. ბევრ სოფელში გაზიფიცირებაც არ არის – გარეთ 21-ე საუკუნეა, ჩვენ კიდევ, რა პრობლემებზე ვსაუბრობთ… ყველა პროექტი, რომელიც ჩემი დაპირებების ბუკლეტშია, არის 100 %-ით რეალური და მე პირადად ვიქნები პასუხისმგებელი იმაზე, რომ იმ ვადებში განხორციელდება, რომელსაც მე ვპირდები ხალხს.
– კიდევ ერთი აზრი, რომელიც თქვენ გარშემო ტრიალებს: თქვენ არ ხართ ჩართული კასპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. კასპში ჩვენ ვხედავთ ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს, ოპოზიციისა და ხელისუფლების კონფლიქტებს. თქვენ ვის მხარეს ხართ?
– ვის მხარეს უნდა ვიყო? გეთანხმებით, არიან დაპირისპირებული მხარეები. არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც მეტად გაურკვეველ რაღაცებზე დაობენ, გადადიან პიროვნულ დაპირისპირებაზე. ასეთ პატარა რაიონში უამრავი ადამიანია ერთმანეთთან დაპირისპირებული. ასე, არ შეიძლება. პროგრესზე ორიენტირებული ხალხი ერთად უნდა დადგეს და იმუშაონ.
აგიხსნით, რა ხდება დღეს კასპში: ერთ გუნდს ცვლის მეორე, შემდეგ მეორეს ისევ პირველი გუნდი. ახლები ასაქმებენ „თავის“ ხალხს, ათავისუფლებენ ძველებს... შემდეგ „ძველები“ ბრუნდებიან და აბრუნებენ „თავიანთ“ ხალხს – ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდება, არაფერი იცვლება. კასპი ერთ ადგილზეა გაყინული. თქვენ გგონიათ, თავად სახელმწიფო მოხელეები კმაყოფილი არიან მათი სამუშაოთი? რა თქმა უნდა, არა. იქ მათ აქვთ დაბალი ხელფასი და უამრავი შეზღუდვა. საშუალება რომ ჰქონდეთ, იმუშაონ კერძო ბიზნესსექტორში – წავიდოდნენ და იქ იშრომებდნენ. კასპში კონკურენცია არ არსებობს. ერთადერთი დამსაქმებელი სახელმწიფო სტრუქტურაა და ეს შესაცვლელია.
საერთოდ, ადგილობრივ მთავრობას, გამგებელს და სხვებს რა ეარჩევნებათ, არ მესმის. ხალხი შიმშილით უკვდებათ და საარჩევნო პროცესში არიან ჩართულნი, იმის მაგივრად, რომ ადგნენ და რეგიონისთვის თანხები მოიზიდონ, 5-10 სამუშაო ადგილი მაინც შექმნან. ღამე არ უნდა ეძინოთ, უნდა ეძებდნენ ხალხს, ვინც კასპში ინვესტიციებს ჩადებს. ესენი კიდევ იმაზე დაობენ, ვისი ხალხი იმუშავებს მათ სამსახურებში. მაგალითად, მირიანის ქუჩაზე მერაბ მაჩაბელი ცხოვრობს. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს. ის ვერ ახერხებს გადაადგილებას და მასზე არავინ ზრუნავს. ასეთი ხალხი კასპში ასეულობითაა. სად არის სოციალური სამსახური? სად არის მუნიციპალიტეტების პროექტები? რატომ არაფერს აკეთებენ?
– გამგებელთან დაპირისპირებული ხართ?
– მას არც კი ვიცნობ, მე მგონი, არც არასდროს მინახავს. კასპში არავისთან არ ვარ დაპირისპირებული და არც ვაპირებ რომ ვიყო. მე ვხედავ, რომ კასპის რაიონი განადგურებულია. ეს არის ამჟამინდელი გამგებლის და მისი ყველა წინამორბედის ბრალი. მე მათი გაკეთებული საქმე არ მომწონს, შესრულებული სამუშაოსთვის დავუწერდი „ორიანს“ – რადგან ასეთი შედეგი მივიღეთ. ესე იგი, ის ცუდად მუშაობს, ჩემი შეფასება ასეთია.
– ანუ, გამგებელი არ მოგწონთ?
– ადამიანს თუ არ ვიცნობ, არასდროს ვიტყვი მასზე, მომწონს თუ არა. ეს არასერიოზულია და მამაკაცები ასე არ იქცევიან. მე შემიძლია გითხრათ, ის კარგად მუშობს თუ ცუდად, მე ვხედავ კასპის რეალობას. კასპის რეალობა ცუდია – ანუ ის მუშაობს ცუდად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პიროვნულად არც გამგებლის და არც სხვისი წინააღმდეგი არ ვარ. უბრალოდ, ვხედავ, რომ ისინი ცუდად მუშაობენ. ხალხი დაუსაქმებელია, მშიერია – რეალობა არის ეს. კასპს ახალი ენერგია სჭირდება, თან ძალიან დიდი ენერგია, ამ ურთულეს მდგომარეობას თავი რომ დააღწიოს.
– რამდენად ჩართულია უკრაინელი მილიარდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი თქვენს საარჩევნო კამპანიაში?
– ბოლო 7 წელია, ვხელმძვანელობ ჩერნოვეცკის პროექტებს და გარდა იმისა, რომ მის კომპანიას ვხელმძვანელობდი, ვარ მისი შვილის, გავრილის ნათლია, რითაც ძალიან ვამაყობ. რა თქმა უნდა, მასთან ხშირად ვსაუბრობ მიმდინარე პროცესებზე. ჩერნოვეცკი გამოცდილი პოლიტიკოსია. ორჯერ იყო კიევის მერი და უკრაინული „რადას“ წევრი. ის ქობულეთში იყრის კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად. ქობულეთს ძალიან ძლიერი მაჟორიტარი ეყოლება და მათ ამ ამბავს წინასწარ ვულოცავ.
– თქვენ პოლიტიკაში ბიზნესიდან მოხვედით. რა არ მოგწონთ და რას შეცვლიდით?
– რასაკვირველია, ბიზნესსა და პოლიტიკას სხვადასხვა წესები აქვს. პოლიტიკაში გაცილებით მეტი სიბინძურეა, მაგრამ მთავარია, ადამიანური პრინციპები იყოს უცვლელი და ადამიანი არ შეიცვალოს. რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ არჩევნების მოსაგებად ხალხის მოტყუებაა საჭირო – ეს არის სრული აბსურდი და სისულელე. უნდა დაჰპირდე იმდენს, რის გაკეთებასაც შეძლებ. რატომ ჰპირდებიან დროებითი თანამდებობისთვის ამდენ რამეს და შემდეგ ვერ ასრულებენ? გავა 4 წელიწადი და შემდეგ ხალხში ვეღარ გამოჩნდებიან. არანაირი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ გასცე დაპირებები, არ შეასრულო და შემდეგ ქუჩაში გასვლის გრცხვენოდეს. რაც უფრო მალე ეტყვის უარს ხალხი ასეთ კანდიდატებს ხმის მიცემაზე, მით უფრო მალე გაუმჯობესდება ყოველი ჩვენგანის ცხოვრება.
– რა არის კასპის მთავარი პრობლემა?
– კასპი გაჩერებული და გაყინულია. უამრავი პრობლემაა ქალაქში და სოფლებში – სასმელი წყალი, გაზი, კომუნიკაციები. უმუშევრობას რაც შეეხება, ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. შევხვდი ათეულობით ოჯახს, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ აქვს ჩამორთმეული სოციალურად დაუცველის სტატუსი. ყველას, ვისაც ეს სტატუსი ჩამოერთვა უსაფუძვლოდ და ვისაც ნამდვილად ეკუთვნის, ის უნდა აღუდგეს. აუცილებლად უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ხდება შეფასება, ამა თუ იმ ოჯახს უნდა მიენიჭოს თუ არა ეს სტატუსი.
მე ვხედავ ოჯახებს, რომლებიც თავს იკავებენ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვისგან, რადგან ეშინიათ, ამის გამო სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნათ. ეს სრული აბსურდია, მათი პოლიტიკური აქტიურობის გამო, სოციალურად დაუცველის სტატუსს ვერავინ მოუხსნის. სახელმწიფო ამ ხალხის წინაშე ისედაც ვალშია, რადგან ასეთ უმძიმეს ყოფაში აცხოვრებს და რა მოხსნაზეა საუბარი? მე ვარ გარანტი იმისა, რომ დაუმსახურებლად არცერთ ოჯახს არ ჩამოერთმევა სოციალურად დაუცველის სტატუსი. როგორც კი დასრულდება არჩვენები და მაქვს დიდი იმედი, რომ კასპის მოსახლეობა მხარს დამიჭერს, გაიხსნება ჩემი მისაღები ოფისი კასპში და ყველა, ვისაც უსამართლოდ აქვს ჩამორთმეული სოციალურად დაუცველის სტატუსი, ის დაუბრუნდება. თუმცა, სოციალური დახმარების გაზრდაზე ორიენტირებულები არ უნდა ვიყოთ. რასაკვირველია, ესეც აუცილებელია, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, შევქმნა სამუშაო ადგილები, რათა ხალხი დასაქმდეს და აღარ ჰქონდეთ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, მინიმალური დახმარების იმედი. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს შემოსავალი, დამსახურებული და კარგი შემოსავალი.
– ვინ გიჭერთ მხარს და როგორია თქვენი პროგნოზი?
– ყველაზე მეტად მხარს მიჭერს ჩემი ქალიშვილი. ის ხშირად მახლავს რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე. მას ნუცა ჰქვია და 7 წლისაა. ახლა სკოლაშია და თუ ცოტა ხანს მოიცდით, ნახავთ. რაც შეეხება პროგნოზს, ვფიქრობ, კასპის მოსახლეობა მენდობა და არჩევანს ჩემზე შეაჩერებს. მე ვარ უპარტიო, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა იმ დაპირებაზე, რომელსაც გავცემ. მე არ მაინტერესებს პარტიები – მისცენ იმ პარტიას ხმა, რომელიც ყველაზე სანდოდ მიაჩნიათ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი საერთოდ არსებობს. მე ჩემს ყველა დაპირებას შევასრულებ სრულად და უკლებლივ და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ კასპის მოსახლეობა ამ შესაძლებლობას მომცემს.