ვალერი გელაშვილი: „ჩემი გასაკეთებელი საქმე ჯერ არ დამიმთავრებია”
ვალერი გელაშვილი პარლამენტისკენ მეოთხე გზაზეა. ის ამჯერადაც მშობლიური ხაშურის რაიონიდან იყრის კენჭს. ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კიდევ ბევრის გაკეთება სურს ამომრჩევლისთვის.
– ბატონო ვალერი, თქვენ კიდევ ერთხელ იყრით კენჭს ხაშურის რაიონში მაჟორიტარ დეპუტადად... რაიმე რეკორდს ამყარებთ?
– (იცინის) არაფერი განსაკუთრებული – სხვებთან შედარებით. ზოგი მეექვსედ იყრის კენჭს, მე მეოთხე მოწვევის დეპუტატი ვიქნები, თუ ხალხმა ამირჩია. ვფიქრობ, ძალები არ ამომიწურავს. ჩემი მიზანია, შეძლებისდაგვარად, ისევ მივხედო ხაშურს, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში მივიღო მონაწილეობა. ხალხი დასაქმდეს, ხაშური გალამაზდეს და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.
– ბიზნესს და პოლიტიკას როგორ უთავსებთ?
– მე ხომ მართვაში აღარ ვმონაწილეობ. ჩემს ვაჟს გადავაბარე და ახლა მხოლოდ ოჯახში ყოფნისას თუ მივცემ რჩევას. მგონი, შვილისთვის კონსულტაციის გაწევა არ მეკრძალება (იღიმება). მან კარგად აუღო ალღო საქმეს. მას დამთავრებული აქვს ლოზანას უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა და მიხარია, რომ უკვე წარმატებულია.
– ბატონო ვალერი, დეპუტატობამ შეჩვევა იცისო...
– არა მგონია. მე პარლამენტში რაიმე დივიდენდებისთვის არ შევსულვარ. ვის არ უყვარს თავისუფლება? მით უმეტეს, ბუნებით თავისუფალი ადამიანი ვარ და ბიზნესი მერჩივნა, მაგრამ ჩემი ბევრი მეგობარი და ახლობელი იყო დაჭერილი და პარლამენტში ყოფნაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლა. თუმცა, ჩემი გასაკეთებელი საქმე არ დამიმთავრებია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ნდობის მანდატს ჩემს რაიონელებს, ჩემს მშობლიურ ხაშურს.
– ბატონო ვალერი, კონკრეტულად ხაშურის რაიონში რა გეგმები გაქვთ?
– არის საკითხები, რომელიც ხაშურის რაიონში მოსაგვარებელია. იგივე სახელმწიფოს ქონების ნაწილი, რომელიც დღემდე ჰაერშია, ამორტიზირებულია და აბინძურებს გარემოს. აუცილებელია მათი საკითხის დარეგულირება. ასევე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რკინიგზის საკითხი, შუშის ქარხნის საკითხი და ასე შემდეგ. მე გეგმა მაქვს, რომ ჩემს რაიონს ამჯერად უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის გამოვადგე. მეტი ბიზნესინვესტიცია შევიტანოთ და ავამუშაოთ საწარმოები. მართალია, ხაშურში აღარ ვცხოვრობ, თუმცა თვე არ გავა, იქ არ ჩავიდე. ხაშურში დაბადებულ-გაზრდილი ვარ და მიყვარს ჩემი რაიონი.
ზოგადად, ხაშურელები საინტერესო ხალხია. მათგან დღემდე ბევრს ვსწავლობ და საკმაოდ გონიერი შემფასებლები არიან. ჩემს ყველა ბიზნესში, ვილნიუსშიც კი, როცა რაიმე ბიზნესკომპანია მქონდა, ყოველთვის ხაშურელებს ვასაქმებდი. უღალატო ხალხია და მათგან ბევრჯერ მიგრძვნია ეს. ამ ხალხის მხარდაჭერა და უბნებზე ჩემ გვერდით დგომა რომ არ ყოფილიყო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, გამარჯვებას ვერ მივაღწევდით. რეალურად, მათ გაიმარჯვეს. არ გააყალბებინეს მიშას! თქვენ ხომ გახსოვთ, რა იყო და ხაშურელებს შეძლებიათ ბრძოლა ხმებისთვის! მადლობა მათ ობიექტური მხარდაჭერისთვის.
– ბატონო ვალერი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დეპუტატების დიდი ნაწილი კაბინეტებში იკეტება ხოლმე...
– ეგ გამორიცხეთ. მე ამ ხალხს ვერ მოვწყდები. ჩვენ დავნიშნეთ რწმუნებულები. მაქვს საპარლამენტო ბიურო და მუდმივად კონტაქტზე ვართ ხალხთან. ჩემს ბიუროში ამ რაიონის მცხოვრებთა პრობლემების შესახებ წერილებს და მომართვებს განვიხილავთ და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. ამ ხალხს უკვე პირადად ვხვდები ხაშურში და მათ პრობლემებს ადგილზე ვეცნობი. წყვეტა გამორიცხულია ჩემსა და ამომრჩეველს შორის.
– ბატონო ვალერი, საქმე გასაგებია, მაგრამ თავისუფალ დროს როგორ ცხოვრობთ?
– თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. სპორტი მიყვარს. ადრე დილით დავრბოდი, ახლა საარჩევნო მოძრაობამ მომწყვიტა ამ პროცესს. თუმცა, ვეცდები, ფორმაში ჩავგდე. ადრე, როგორც მოგეხსენებათ, ვჭიდაობდი და მედალოსანიც ვიყავი. მაგრამ, შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სპორტში ვეღარ დავრჩი და ბიზნესში წავედი. შემდეგ კი – პოლიტიკაში და ასე შემოვრჩი აქ (იცინის).
– ბატონო ვალერი, მრავალშვილიანი ოჯახის თავკაცი ხართ..
– ჩემი მეუღლე ლიტველია. 4 შვილი მყავს და 5 შვილიშვილი. თუმცა, ერთად შეკრებას თითქმის ვერ ვახერხებთ. წელიწადში ერთხელ ძლივს ვნახულობ მათ ერთად – ზოგი მოსკოვში ცხოვრობს, ზოგი – ვილნიუსში, ზოგიც – თბილისში. ყველას თავისი საქმე და მიზანი აქვს. მიხარია, რომ წარმატებული ადამიანები არიან. ოჯახი ჩემი სიმდიდრეა.
– დაბოლოს, ხაშურელებს რას ეტყოდით?
– ისინი გონიერი ხალხია. თავადაც იციან, ხმა ვის უნდა მისცენ. არც ვაკადრებ, მივუთითო! მე მჯერა მათი მხარდაჭერის. მინდა, კიდევ უფრო მეტად ვემსახურო ჩემს რაიონს და მაქსიმალურად დავიხარჯო! მომცემენ თუ არა ამ შანსს, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.