რა გატაცებებსა და სურვილებზე არ ამბობს უარს ლიკა ქორქია და რა არის მისთვის ყველაზე კარგი წამალი
მშვენიერი ლიკა ქორქია თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. ეტაპზე, როცა ის საკუთარ თავთან და გარემოსთან საოცარ ჰარმონიაშია. ზუსტად იცის, რა არის მისთვის უკეთესი, რა ჰგვრის სიამოვნებას, რა უქმნის პოზიტიურ გარემოს.
ლიკა ქორქია: არა მხოლოდ ზაფხული, მთელი წელი ძალიან აქტიური მქონდა – სამსახურის მხრივაც საკმაოდ დატვირთული ვიყავი. პარალელურ რეჟიმში, იმ ყველაფრისთვისაც ვიპოვე დრო, რაც ჩემთვის საინტერესოა. ერთი მხარეა, როცა მუშაობ, ფიზიკურად თუ გონებრივად იტვირთები, ენერგიას ხარჯავ და მეორე ის, რაც შენ გინდა, „გმუხტავს“ და გაძლევს ენერგიას. ამის დროც ვიპოვე.
– რა არის ის, რაც ენერგიით გავსებს?
– ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც ძალიან მაკლდა; ის ადგილები, სადაც მინდოდა წასვლა; გარემო, საიდანაც ვიღებდი ენერგიას. თუნდაც ვარჯიში. იმასაც მივხვდი, რომ დიდხანს ძილს, ჯობია, ცოტა გეძინოს და ბევრი რამ მოასწრო. ეს არის ყველაზე კარგი წამალი იმისთვის, რომ ვიყოთ პროდუქტიულები, ენერგიულები და ვაკეთოთ მეტი.
– დღეს ჩვენ გარშემო რაც ხდება, იქ პოზიტივის პოვნა ბევრს არ შეუძლია და საკმაოდ რთულიცაა – ძალიან რთულ, სტრესულ, დაძაბულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. შენ როგორ ახერხებ ამას?
– სოციალურ ქსელს მხოლოდ გარკვეული დანიშნულებისთვის ვიყენებ. მაგრამ, როცა შევდივარ, ვხვდები, რა მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. სულ ვამბობ, რომ ასეთი ბოროტი ფეისბუქმომხმარებელი მხოლოდ საქართველოშია – ყველა ჩხუბობს, ყველა განიცდის, იბრძვის. ერთმანეთს წაკიდებულები არიან, კომენტარებში ისე ჩხუბობენ, რომ სერიოზულ კონფლიქტში შედიან. ამ ყველაფერს რომ ვხედავ, ვცდილობ, სოციალურ ქსელს გავეთიშო ან ის ადამიანები „დავაჰაიდო“, რომელთა აგრესიის, პოსტების ნახვა არ მინდა. საბოლოოდ, გამოდის ისე, რომ ნახევარი „ფეისბუქი“ დაჰაიდებული მყავს. ასევე, ხალხმრავალი ადგილები აღარ მიყვარს, რადგან მგონია, რომ იქ დიდი სიყალბეა. გარდა ამისა, ბოლო დროს ვხვდები, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს ახალი ნაცნობობის. ახალი ადამიანები ახალი გამოცდა, ახალი თავსატეხი და ახალი საფიქრალია – იმითაც დავიღალე, რომ რაღაც ისე უნდა გააკეთო, რომ ვიღაცას ასიამოვნო და მერე იმაზე იფიქრო, სწორად მიიღებს თუ არა. ამიტომ მირჩევნია, ჩემ გვერდით იყვნენ ისინი, ვინც ვიცი, როგორებიც არიან და ვისი იმედიც მაქვს. ყოველთვის ვამბობ, მე მაქვს ძალიან საინტერესო ცხოვრება: უპირველეს ყოვლისა, მაქვს ოჯახი, რომელიც ჩემი მასტიმულირებელი, დიდი ძალაა. მეორე: საქმე, რომელსაც ვაკეთებ მომწონს და ასევე, მეგობრები, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან – მათგან ვიღებ ყველაზე დიდ ენერგიას. კიდევ – ჩემი სურვილები, გატაცებები, რასაც არასდროს ვღალატობ და ვცდილობ, ამ მხრივაც გავიმხნევო თავი. მარტოობაც კი არ მიქმნის დისკომფორტს. მივხვდი, რომ რეალურად, ყველაფრისგან – ქუჩისგან, გარემოსგან შეგიძლია, მიიღო დადებითი ენერგია. „ჩემი თავის ადამიანი“ გავხდი – რაც არ მომწონს, არ მინდა, იმას არ ვაკეთებ. არც ძალით გავუღიმებ ვინმეს და არც ძალით დავჯდები მასთან, ვისთან ყოფნაც არ მინდა. ყოველთვის ისე ვიქცევი, რომ მე ვიყო კმაყოფილი და ღამეც მშვიდად ვიძინებ. ბოლო პერიოდში იმასაც მივხვდი, რომ ასეთი აუწყობელი თბილისიც კი, რომელიც არაფერში ჯდება, მომწონს. ძველი ქუჩები მომწონს, სახლები, რომლებსაც ბევრად კარგი ენერგეტიკა აქვს, ვიდრე მათ შიგნით მცხოვრებ ადამიანებს. რომ გავიზარდე, დავინტერესდი ბევრი რამით: ერთი პერიოდი ფსიქოლოგიის მიმართულებით წავედი, ბოლო დროს უფრო ფილოსოფიისკენ ვარ გადახრილი. წიგნებს რომ ვკითხულობ, ვარჩევ, მერე ვხვდები, რისი ნაკლებობა მქონდა და ამ ნაკლებობას ვივსებ. ვიღებ ინფორმაციას, დიდ ენერგიას, გამოცდილებას, ისე რომ, მე არაფერი მეხება.
– იყო ისეთი რამე, რამაც გარდატეხა მოახდინა შენს ცხოვრებაში?
– არა, უბრალოდ, დავიღალე. მე ყველა მიყვარს, ძალიან ბედნიერი ვარ და უი, რა კარგია ეს, ის... საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი ტყუილია. ქუჩაში რომ გახვალ და ხედავ, ამდენი გაჭირვებულია, ხვდები, რომ იმ ასაკში შენც ძალიან მალე იქნები და არ არის გამორიცხული, რომ შენც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდე. როცა ხედავ, შენ ირგვლივ ადამიანები ძალიან დაუფასებლები არიან, არადა იმდენი რამ აქვთ გაკეთებული; იცი, რომ ათასი უბედურება ხდება, მერე შენც მძიმდები და ასე ადვილად აღარ უყურებ ამ ყველაფერს. მე რომ ვფიქრობდე, ირგვლივ ყველაფერი კარგად არის, ისე, როგორც დღეს პოლიტიკოსები ფიქრობენ, ეს იქნება უბედურება, მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ძალიან მძიმე ეკონომიკური, მორალური, ფსიქოლოგიური ფონია.
– ძლიერად მიიჩნევ თავს?
– ბოლო პერიოდში სენტიმენტალური გავხდი, ყველაფერზე მეტირება, ძალიან განვიცდი. გააჩნია, როგორი პრობლემის წინაშე იქნები ძლიერი. ვიღაცეებთან რომ არაფერი შევიმჩნიოთ, ვამბობთ: ამასაც გავუძლებ, ნახეთ, რას ვიზამ; მარტო რომ ვრჩებით, ყველაზე უსუსურები ვართ და არც რამის გაკეთების და არც რამეზე ფიქრის თავი არ გვაქვს. მერე უკვე მექანიკურად ვიქცევით და ეს ვიღაცისთვის სიძლიერე ან სისუსტეა.
– ხშირად გქონია უსუსურობის განცდა?
– ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ფიზიკურად მაქვს უსუსურობის შეგრძნება. როდესაც ღია სივრცეში აღმოვჩნდები, ვხვდები, რომ ბალახის პატარა ტოტი და მე ერთ მდგომარეობაში ვართ. როგორც იმას არაფერი შეუძლია რეალურად, ისე არ შემიძლია მეც არაფერი.
– რა აზრის ხარ ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე?
– ადრე პატარა გოგონებს ათხოვებდნენ, აჩენდნენ შვილებს, არ ვითარდებოდნენ. ქმრები კი არჩენდნენ და ერთ ადამიანზე იყო მთელი ოჯახი დამოკიდებული. მე ის ერთი ადამიანი ძალიან მეცოდება. რა დააშავა? მან ხომ მთელი ცხოვრება დაასრულა, რადგან მისი ცხოვრებაა: იშოვოს და არჩინოს. ქალს შეუძლია – გაჩნდეს, გაიზარდოს, განვითარდეს, იმუშაოს, თავისი რესურსი გაიღრმავოს, დახარჯოს... რადგან, თუ ასე არ მოიქცევა, მას პრობლემა შეექმნება პირად ცხოვრებაში, ქმართან, დედამთილთან, შვილთან, მეგობრებთან... ის რჩება არარეალიზებული და არარეალიზებული ქალი კი ყველას და ყველაფრის მიმართ აგრესიულია, განსაკუთრებით კი, რეალიზებულთა მიმართ. კაციც ანალოგიურად უნდა იყოს და ეს ყველაფერი, შეხმტკბილებულად, ბედნიერად ხდებოდეს. რომ ვუყურებ: არაფერი ჯობია ორი, რეალიზებული ადამიანის მიერ შექმნილ ოჯახს. მათგან არცერთს არ აქვს იმის პრეტენზია, რომ ცხოვრებაში რაღაც დათმო ან „შემეძლო და უარი ვთქვი”. ვიღაცის გამო რატომ უნდა თქვა უარი, შეიძლება, ანგარიში გაუწიო სხვას, მაგრამ შენი რესურსი უნდა განავითარო და მერე დახარჯო. კატლეტის კეთებაში კი შენს გონებრივ რესუსრს ვერ დახარჯავ. განტოლებას რომ ამოუხსნი ბავშვს და შემდეგ კატლეტს გაუკეთებ, ეს არ იქნება შენი დახარჯული რესურსი. დღეს იქამდეც მივედით და ეს მახარებს, რომ გათხოვების ასაკმაც გადაიწია. ადამიანებს აქვთ იმის საშუალება, გაიზარდონ, ბავშვობა, სტუდენტობა შეირგონ, იმუშაონ, განვითარდნენ, გაძლიერდნენ, შედგნენ, როგორც ადამიანები და არა, როგორც ინკუბაციის ფუნქციით მოსული. მამაკაცი ფიზიკურად ძლიერია ქალზე, მაგრამ არ ნიშნავს, მას დააწვეს ყველაფერი კისერზე; ქალი კი დაელოდოს თვის ბოლოს, როდის მისცემს ქმარი ფულს, რომ ტანსაცმელი იყიდოს, ბავშვებს გადაუნაწილოს და მერე ურეკოს კაცს: ბავშვს ეს და ეს სჭირდებაო. ჩვენი ქვეყნის უბედურება ისაა, რომ კაცებს ვაიძულებთ, ყველაფერი აკეთონ, თან, მერე ვსდიოთ: სადმე ხომ არ მიდის, იქ ხომ არ არის და ბოლოს, რაღაც გამოვუძებნოთ. უსაქმურობის ბრალია, რომ მამაკაცში რაღაცას ეძებენ და რაღაცაზე წამოეკიდებიან ხოლმე, უნდა გარჩინოს, შენ და შენი შვილები ბედნიერები გამყოფოთ, შენ სურვილები შეგისრულოს, რომ კაბები გიყიდოს, კატლეტები არ მოგაკლოს... თან, აუცილებლად რაღაც უნდა გამოუძებნო. უბედურება სწორედ ბრმად გათხოვებაა: გამარჯობა, გავთხოვდი, რის შემდეგაც ბევრი პრობლემა ჩნდება. ამიტომ, კარგია, როცა ადამიანთან დიდი ხნის ურთიერთობა გაქვს, იგებ მის სურვილებს. შეიძლება, გითხრას: აქ აღარ იმუშაო, მინდა, სხვა რამ აკეთოო. შეგიძლია, დაუთმო და სხვა რამ აკეთო – ის, რაც შენ გინდა. მაგრამ ის, რომ დაგსვას სახლში, შენც დაჯდე და იჯდე, ეს ძალიან დიდი საცოდაობაა.
– შენს ცხოვრებაშიც გაჩნდებოდა აქტუალური კითხვა: როდის თხოვდები?
– ეს კითხვა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემი და გათხოვდა... როდის გათხოვდები? უკვე დროა. რისი დროა? – მეც ვეკითხებოდი. რაც ვიზრდები, უფრო სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს. მით უფრო იდეალურს ვეძებ-მეთქი – არა, პირიქით, ადრე უფრო ბევრი მოთხოვნა მქონდა. მაგრამ, მივხვდი: ლამაზი, ჭკვიანი, შემდგარი, შენთან და ყველასთან მიმართებაში სწორი – ასეთები არ არიან. ამიტომ, უნდა დათმო ისეთი რაღაცეები, რაც პრობლემას არ შეგიქმნის არც მასთან და არც საკუთარ თავთან. ახლაც ცოტათი ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე. თან მივხვდი, რომ აღარ მაქვს იმის თავი და ნერვები, რომ სხვებზე ვინერვიულო. როცა ურთიერთობა გაქვს, იმ ურთიერთობაში უნდა იყო ძალიან სუფთა და სწორი. ისე არ უნდა გააკეთო, რომ ვინმე რამეში მოგედავოს. მაგრამ მე ვისთანაც ვიქნები, იმის გადაწყვეტილებებს ვერ გავაკონტროლებ. შეიძლება, რაღაც არ მომეწონოს და ვუთხრა: არ ხარ სწორი-მეთქი, მაგრამ გაიგებს თუ არა, ეს მისი საქმეა. მე მივუთითებ და თუ კიდევ იმას გააკეთებს, ჩვენ აუცილებლად შეგვექმნება პრობლემები. თუმცა, მე ვინმე გადავაკეთო, ამას არასდროს გავაკეთებ. ამიტომ ვამბობ, რომ ხანგრძლივი ურთიერთობა კარგია, რადგან თავიდან ეს „რაღაცნაირობა“ ყველას მოგვწონს, ბოლოს კი ორივე ვიღლებით და ვხვდებით, როგორებიც ვართ და გვაწყობს თუ არა ურთიერთობა. ამ ხნის განმავლობაში იგებ, გაქვს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობის სურვილი და იმასაც ხვდები, რა უნდა დათმო ან გიღირს თუ არა დათმობა. რაც მთავარია, ზუსტად იცი, რა სიამოვნებს იმ ადამიანს. რაც დრო გადის, ხვდები, რომ შეგიძლია, რაღაც სხვანაირად აარჩიო შენ გვერდით ადამიანი. ფასეულობებიც შემეცვლა. როცა ორი ადამიანი ერთად კარგად გრძნობს თავს, მათ შეუძლიათ ირგვლივ კარგი გარემო შექმნან. გააკეთონ ყველაფერი მათთვის სასარგებლოდ და იყვნენ ბედნიერები, რადგან ბედნიერება თავისით არ დაგეცემა თავზე.