როდის ხდება ცოცხალი ადამიანის ასტრალში გადასვლა და ახსოვს თუ არა ტვინს დაბადებისას განცდილი მომენტები
მეცნიერების, პარაფსიქოლოგებისა და ეზოთერიკოსების მიერ დადგენილია, რომ ადამიანის სიკვდილის მომენტში ხდება, ეგრეთ წოდებული, ნეკრობიოტული გამოსხივების აფეთქება, რომელსაც იდუმალი და ძლიერი მოქმედება ახასიათებს. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი იწვევს ხილვებსა და ჰალუცინაციებს მომაკვდავ ადამიანში. ჩნდება ეჭვი იმისა, რომ არსებობს გადაულახავი უფსკრული რეალურსა და ირეალურ სამყაროებს შორის. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ვთხოვეთ ინტერვიუ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგს, ბატონ ანზორს, რომლის თქმითაც, საქართველოში ეს ზღვარი, ლეთარგიული ძილის წყალობით, ბევრ ადამიანს აქვს გადალახული.
ანზორი: ბოლო დროს საკმაოდ ხშირია ლაპარაკი იმაზე, შესაძლებელია თუ არა დროებით რეალური სამყაროს დატოვება და იმქვეყნად მოხვედრა. ამაზე არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრიც არსებობს. თუმცა, მე ბევრ ადამიანს შევხვედრივარ და მათი ნაამბობიდან გამომდინარე, დასკვნების გამოტანა საკმაოდ მარტივია. მაგალითად, ერთმა ქალმა, რომელიც მთელი კვირა უსულოდ იწვა მიამბო, რა სასიამოვნო შეგრძნება იყო და როგორ გააოცა ახალი „გარსის“ სიმსუბუქემ, რომელიც უჩვეულო სისწრაფით მოძრაობდა. საკმარისი იყო, სადმე გადასვლა მოესურვებინა, რომ წამში იქ ჩნდებოდა. მას ფეხით შეეძლო მდინარეების გადალახვა, კედლებში შეღწევა... მხოლოდ ერთი რამ არ გამოსდიოდა – თითქმის შეუგრძნობელი მატერიალური ძაფის გაწყვეტა, რომელიც სულს საწოლზე მწოლიარე სხეულთან აერთებდა. ეს ძაფი კი, მანამ არსებობს, სანამ ფიზიკური სხეული სიცოცხლის ნიშნებს ამჟღავნებს. ზოგადად, ლეთარგიულ ძილში მყოფი ადამიანის სული სხეულს ტოვებს, ის დასეირნობს და იმქვეყნიურ სამყაროშიც აღწევს. მისი მოგზაურობა ირეალურ სამყაროში წინ უსწრებს სიკვდილის შემდგომ გზას და მას კვლავ აქვს შანსი, უსულო სხეულში დაბრუნდეს. ლეთარგიულ ძილში ნამყოფ ადამიანს დელოგს, ანუ იმქვეყნიდან დაბრუნებულს უწოდებენ.
– თანამედროვე სამყაროს ზოგიერთი უცნაურობა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, მოვლენები, რაც რეალურად არსებობს, იძლევა იმის საბაბს, რომ ჩვენი სამყარო ერთადერთი არ არის პლანეტაზე და არსებობს კიდევ სხვა სამყაროც. ეს ასეა?
– სწორედაც რომ ასეა. ჩვენი სამყარო ერთადერთი ნამდვილად არ არის და არსებობს კიდევ ერთი დასახლებული გარემო, სადაც ჩვენ სიკვდილის შემდგომ მივდივართ. სიკვდილის შემდეგ, სხეულს გამოეყოფა რაღაც სუბსტანცია, რომელიც გარემოს აღქმას განაგრძობს. ეს ფენომენი მართლაც არსებობს და არ შეიძლება მისი ჰალუცინაციად ან სიზმრად მიჩნევა. მაგალითად, საოპერაციოში მყოფი, ზოგი პაციენტის სხეულიდან დროებით გამოსული სუბსტანცია ზოგჯერ ხილვადია და მას სამედიცინო პერსონალიც ამჩნევს. აი, ასეთი რამ მიამბო ერთმა მამაკაცმა, რომელიც საოპერაციო ოთახიდან ახალი გამოსული იყო და რეანიმაციაში იწვა. ზემოდან ვხედავდი ჩემს სხეულს. მეზიზღებოდა ჩემი თავი, ისეთი ნატანჯი ვჩანდიო. ამას მიყვებოდა, თუმცა ვერ ხსნიდა, როგორ ხედავდა ის თავის თავს ზემოდან და რა იყო ეს. ასე რომ, ზოგი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში თავის სხეულს შორიდან უყურებს. ამ დროს არც ტკივილს განიცდის და თავის განვლილ ცხოვრებასაც კადრებად ხედავს. ვინც განიცადა იმქვეყნად „გადასვლის ფენომენი“, ფიზიკური გარსიდან ამოსულ სუბსტანციას აღწერს, როგორც ეთერულ წარმონაქმნს, რომელიც ადამიანის სხეულის ფორმას იმეორებს.
– ექსტრემალურ სიტუაციაში მოყოლილი ბევრი ადამიანი ამბობს, ამ დროს გვირაბი გავიარე, დიდი სისწრაფით მივქროდი და ბოლოში სინათლე მოჩანდაო. მერე, თითქოს იქიდან „დაბრუნებულები“, რაღაც ისტორიებს ყვებიან. ეს სარწმუნოა?
– დიახ, ასეთი ბევრი ისტორია მაქვს მოსმენილი. მაგალითად, ერთმა მიამბო: 21 წლის ვიყავი, კლინიკური სიკვდილი რომ მქონდა. დავიძინე და ვიხილე გვირაბი, სადაც არაბუნებრივი სისწრაფით მივქროდი, ბოლოში კი შუქი ჩანდა. იმ შუქში რომ შევედი, არამიწიერი ბედნიერების გრძნობა დამეუფლა. უცბად ყურში ხმა ჩამესმა – შვილო, შენ სამოთხეში ხარ, უნდა იხილო ამქვეყნიური სილამაზე და უკან დაბრუნდეო. მინდოდა ფერებში დამეხატა, რაც იქ ვნახე, მაგრამ მხატვრობის არც ნიჭი მაქვს და ვერც იმ ფერებს გადმოვცემ, რაც ვიხილე. იმქვეყნიურ სასუფეველში ვნახე სილამაზე, ფერთა ჰარმონია და ანგელოზი ბავშვები. უცბად, ჩემს მაღლა შევამჩნიე ოქროსფერი მბზინავი ენერგია. ისეთი გამოსხივება ჰქონდა, თვალს ვერ ვუსწორებდი. მოკლედ, სამოთხის ხილვა არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, არ მინდოდა უკან დაბრუნება, მაგრამ ანგელოზმა მაიძულა – შენი მისია დედამიწაზე ჯერ არ დასრულებულაო და ხელი მკრა. ამ დროს მეც თვალები გავახილეო. არ დამავიწყდება, ერთი ბავშვი მოიყვანეს ჩემთან. მოკლედ, დედას 5 წლის მარიამი და 6 თვის ნიკოლოზი აღდგომის დღესასწაულზე რაიონში მიჰყავდა მანქანით. გორთან ახლოს, ავარია მოხდა და მხოლოდ მარიამი გადარჩა ცოცხალი. ორკვირიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ, გოგონამ გაახილა თუ არა თვალი, ყველას წვერებიან კაცზე უამბობდა, რომელიც „ღრმა ძილის“ დროს ნახა: „დედა და ნიკოლოზი დიდ შუქში იდგნენ. დედა მიცინოდა, მეც მინდოდა დარჩენა, მაგრამ იმ კაცმა მითხრა, უკან უნდა წახვიდე, ჯერ შენი დრო არ არის და აქ ვერ დაგტოვებ, დედა და ნიკოლოზი კი ჩემთან დარჩებიანო. ეს რომ მითხრა, ვკითხე, დედას ამის შემდეგ სიზმარში ნახულობ-მეთქი და ღიმილით მიპასუხა: კი, ვნახულობ და მეუბნება, მე აქ უნდა დავრჩე, მაგრამ სულ შენ გვერდით ვარ. ვერ მხედავ, მაგრამ მე გხედავ და ყოველთვის ვიცი, რასაც აკეთებო. ერთი სიტყვით, ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს. ერთნაირად აღწერენ გვირაბს და დიდ შუქში გადასვლას. მათი მონაყოლიც თითქმის ერთმანეთს ემთხვევა. სხვადასხვა მონათხრობიდან ვიცი, რომ სულმა შეიძლება, სხეული დატოვოს და შემდეგ კი ისევ დაბრუნდეს. სხვათა შორის, ქრისტიანული რელიგია არ უარყოფს მსგავს ფაქტებს. მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ მეხსიერება ინახავს წაკითხულიდან ყველზე უმნიშვნელო ფრაზასაც კი.
– გამოდის, ადამიანს თავისი დაბადების მომენტიც ახსოვს?
– სწორედ, ასეა. ხელსაწყოების ჩვენებით დადასტურდა, რომ საიქიოში მოგზაურობა შესაძლებელია იმ მომენტში, როცა ტვინს აღარ შეუძლია ნორმალურად ფუნქციონირება. თავის ტვინის მეცნიერულმა შესწავლამ ზოგიერთი მკვლევარ-ეზოთერიკოსი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მას აქვს უნარი, შეინახოს ყველა ინფორმაცია, რასაც ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში იღებს. აქედან გამომდინარე, უნდა გვახსოვდეს ისიც, როგორ გამოვიარეთ დედის სხეული დაბადების პროცესში და გამოვედით დიდ სინათლეში. ეს გზა ჩვენთვის ერთგვარ გვირაბს წარმოაგდგენს. ამიტომ, მეცნიერებს უჩნდებათ ეჭვი: ხომ არ ხდება იმ უჯრედების გააქტიურება, რომელიც ტვინის კუნჭულშია მიმალული, სწორედ იმ ექსტრემალურ სიტუაციაში, რასაც ლეთარგიული ძილი ჰქვია. ფაქტია, ყველა დროებით გარდაცვლილი ამბობს, რომ საიქიოში შესანიშნავად გრძნობდა თავს. თუმცა, ახლობლები უკან დაბრუნებას ურჩევდნენ, რადგან მისი მიწიერი გზა ჯერ დასრულებული არ იყო. ასეთ ადამიანებს შეცვლილი აქვთ წარმოდგენა სიკვდილსა და სიცოცხლეზე. გამქრალი აქვთ სიკვდილის შიში, კომპლექსები და გაცილებით ოპტიმისტები არიან. ვისაც ასტრალში მოგზაურობა არგუნა ბედმა, იცის, რომ ზონას, სადაც ის მოხვდა, მკაფიო საზღვრები აქვს, რომლის გადალახვის შემთხვევაში, ადამიანი საბოლოოდ კვდება.