რა ტიპის დღემდე უცნობი საცხოვრებელი კომპლექსი აღმოაჩინეს ლაგოდეხის ტერიტორიაზე და რაზე მეტყველებს იქ ნაპოვნი დახოცილ მოზარდთა ძვლები
ლაგოდეხში, ზემო მსხალგორის ტერიტორიაზე უნიკალური აღმოჩენა მოხდა. ექვსასი მეტრის რადიუსზე აღმოჩენილია, სავარაუდოდ, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის საცხოვრებელი კომპლექსი, ფეოდალის სამოსახლო, ეკლესია და დამხმარე სათავსოები. კომპლექსში ორი დიდი ზომის ქვის საწნახელიც აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ აქ, ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ცხოვრობდა და განვითრებული იყო მეღვინეობა. ამ კომპლექსის შესახებ ცნობები ისტორიის ფურცლებს არ შემოუნახავს. გაწმენდითი სამუშაოების დროს ნაპოვნმა მოზარდების ჩონჩხების ფრაგმენტებმა, წარმოშვა ვარაუდი, რომ ეს სამოსახლო ტიპის კომპლექსი მტრის მოულოდნელი თავდასხმის დროს განადგურდა. დაწვრილებით ამ ისტორიული აღმოჩენის შესახებ ექსპედიციის ხელმძღვანელი, ქეთევან დიღმელაშვილი გვიამბობს
ქეთევან დიღმელაშვილი: მსხალგორის აქიტექტურულ კომპლექსზე სამუშაოები შარშან დაიწყო, როცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ტაძარზე გაწმენდითი სამუშაოების წარმოების თხოვნით, მიმართა ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ. მაშინ სააგენტომ გასცა ძეგლის გაწმენდის ნებართვა, მხოლოდ სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ. არქეოლოგიური სამუშაოები კი ძეგლზე დაიწყო წელს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით. პროექტში თავიდანვე ჩართულები იყვნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები.
– არსებობს თუ არა ისტორიული ცნობები ამ ნამოსახლარის შესახებ და სავარაუდოდ რა არქიტექტურულ კომპლექსთან გვაქვს საქმე?
– ძეგლის შესახებ ინფორმაცია არ შემოგვრჩა. ისტორიული წყაროები დუმს ამ ძეგლთან დაკავშირებით, ანდა სხვა სახელით უხმობდნენ მას და ეს უკვე შემდგომი კვლევის საგანია. ისტორიული მეხსიერების თვალსაზრისითაც ვაკუუმი გვაქვს, რადგან როგორც ცნობილია, ლაგოდეხის ხელახალი დასახლება იმერლებითა და რაჭველებით, ილია ჭავჭავაძის სახელთანაა დაკავშირებული და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ამდენად, როცა არქიტექტურულ კომპლექსზე სამუშაოები დაიწყო, ძეგლის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობილი გახლდათ კომპლექსში შემავალი ტაძრის ნანგრევები, რომელსაც ისინი წმიდა გიორგის სახლოებით უხმობენ. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ადგილობრივის ნამოქმედარმა აქ კიდევ ერთი ნაგებობის არსებობა დაადასტურა აქ. ვიღაცას სიზმარი უნახავს, რომ ტაძრის ტერიტორიაზე განძია დაფლულიო და დაუწყია მისი ძებნა. ამ ძებნაში დააზიანა ნაგებობის კედლები. საწყალს განძი არსად დახვდა, იმ საღამოს კი სიკვდილმაც უწია. საინტერესოა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე მიწის დამუშავებისას ხშირად პოულობს სხვადასხვა კერამიკულ ჭურჭელს და მათ ფრაგმენტებს.
– რა ცალკეული ნაგებობები აღმოაჩინეთ ამ კომპლექსში მუშაობისას?
– ამ ორწლიანი მუშაობის შედეგი გახლავთ ის, რომ ჩვენ წინ გადაიშალა საკმაოდ დიდი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ამ ეტაპისთვის მოიცავს: დარბაზულ ეკლესიას, სამაროვანს, ორ საწნახელს, მარანს, ქვის ნაგებობებს და ყორე-კედლების ნაშთებს. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა დიდი დარბაზული ტაძარი, რომელიც ნაგებია კახეთისთვის დამახასიათებელი წესით – ქვით და დუღაბით. კედლები ამოყვანილია კირხსნარის საძირკველზე და მასზე გაკეთებულ, ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ტაძრის საკურთხევლის არდაბაგი ორი საფეხურითაა ამაღლებული, ხოლო აბსიდის ძირში ორი საფეხური შემოსდევს, რაც სამღვდელო პირთა ჩამოსასხდომად გამოიყენებოდა. ტაძრისთვის მალევე მიუშენებიათ დამხმარე ნაგებობები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ჩრდილოეთის უფრო პატარაა და მასში გასასვლელი მხოლოდ ტაძრიდანაა. სამხრეთის მინაშენს კი კარი ჰქონია, როგორც სამხრეთ კედელში, ისე დასავლეთისაშიც. თუმცა, შემდეგ მინაშენისა და ტაძრის დასავლეთ კედელში გაჭრილი კარები ამოუშენებიათ და ამდენად, ტაძარში შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან – მინაშენიდან დაუტოვებიათ. საინტერესოა, რომ მალევე გამხდარა საჭირო აგურის კონტრფორსების მიშენება ტაძრის გრძივ კედლებზე. ხელოვნებათმცოდნეების განმარტებით, მსხალგორის ტაძარი დავით აღმაშენებლის ეპოქაში აშენებულ ტაძრებთან ავლენს მსგავსებას და ის სწორედ მე-11–მე-12 საუკუნეთა მიჯნაზე, კახეთ-ჰერეთის შემოერთების პერიოდში უნდა იყოს აგებული. ტაძრისა და მასზე მიშენებული სათავსოების გაწმენდისას, სამი მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ორი სამარხი. მათგან ადრეული გახლდათ ქვასამარხი, რომელშიც დაკრძალული იყო მამაკაცი. მეორე კი მასზე გამართული აგურსამარხია, რომელშიც ერთ წლამდე ბავშვი დაეკრძალათ. ქვასამარხსა და აგურსამარხს შორის პერიოდში ტაძარი დანგრეულა, რადგან, სწორედ ამ ფენაში აღმოჩნდა ნგრევის დროს დახოცილ მოზარდთა და ზრდასრულთა ოსტეოლოგიური მასალა. ასეთივე მასალა დადასტურდა სამხრეთი მინაშენის ინტერიერშიც.
– თქვენ ასევე, აღმოაჩნეთ საკმაოდ დიდი მარანი და ორნავიანი საწნახელი, რაც იმაზე მეტყველებს რომ ამ კომპლექსში მეღვინეობა კარგად იყო განვითარებული...
– დიახ, ტაძრის ჩრდილოეთით უნდა ყოფილიყო საკმაოდ დიდი ზომის მარანი, რაზეც მეტყველებს ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ქვევრის აღმოჩენა. მათგან ერთი ამჟამად ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება და საკმაოდ საინტერესოა თავისი გამოსახულებებით. ისინი დამღითაა დატანილი ქვევრის პირზე და მასზე წრეში ჩაწერილი ოთხ-ოთხი ჯვარია ამოტვიფრული. ტაძრის აღმოსავლეთით, 30 მეტრზე მდებარეობს ქვითკირის ნაგებობა – საწნახელი. არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე, მხოლოდ მისი მეოთხედი ჩანდა. წარმოდგენაც არ გვქონდა, თუ ორნავიანი საწნახელი აღმოჩნდებოდა. გაწმენდის პროცესში, უკვე ეჭვი აღარ გვეპარებოდა, რომ ჩვენ წინ საკმაოდ დიდი, ორგანყოფილებიანი, ანუ ორსაწურიანი, ქვის საწნახელი იყო. საწნახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი მონგრეულია (ადგილობრივის წყალობით, რომელიც აქ საგანძურს ეძებდა!). საწნახელი ცალკე მდგომი ნაგებობაა. მის წინ და სიახლოვეში ქვევრები არ დადასტურდა, რაც ნიშნავს, რომ დაწურული ღვინო გადასატანი ჭურჭლით სხვაგან გადაჰქონდათ. ეს სხვაგან კი ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე მარანი იყო. ორნავიანი საწნახლის გაწმენდისას საწნახელსა და მის გარშემო აღმოჩნდა კრამიტების დიდი რაოდენობა და სხვადასხვა კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები. მათგან განსაკუთრებით გამოირჩევა ნაირფრად მოხატული ჯამები, რომელთა პარალელები მრავლად მოიპოვება მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს არაერთი ძეგლიდან.
– რატომ ჰქონდა საწნახელს ორი განყოფილება?
– როგორც წესი, ორგანყოფილებიან საწნახელს აკეთებდნენ იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოჰყავდათ და წურავდნენ. ამას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ მსხალგორის კომპლექსის საწნახელში ორი ჯიშის ყურძენი იწურებოდა. აქ დაწურული ყურძენი სპეციალური ჭურჭლით გადაჰქონდათ მარანში და იქ, ქვევრებში ასხამდნენ. პირველი სიხარული იყო საწნახლის მეორე ნავის აღმოჩენა და იმის გარკვევა, რომ ორნავიან საწნახელთან გვქონდა საქმე. მეორე დიდი სიხარული კი, იქვე, 10 მეტრში, მეორე საწნახლის აღმოჩენამ მოგვანიჭა. ეს მეორე საწნახელი ასევე ქვითა და კირხსნარითაა ნაგები. როგორც ორნავიან საწნახელს, მასაც ნავის კედლები იატაკისკენ შევიწროვებული აქვს. იატაკი კი წვენის გასასვლელისთვის დატოვებული სადინარისკენაა დაქანებული. საწნახელი შიგნიდან მთლიანადაა შელესილი კირხსნარით. საინტერესოა, რომ ორივე საწნახელი ერთი და იგივე ზომისაა. ექპსედიციისთვის ყველაზე ემოციური იყო ის წუთები, როცა ერთნავიან საწნახელში ჩალეწილი ჭურჭლის გასუფთავებისას, აღმოვაჩინეთ, რომ ჯამები ერთმანეთში იყო ჩალაგებული ოთხ-ოთხად. ჯერ ერთი, მერე მეორე ასეთი კომპლექტის გამოჩენამ, ხუმრობის საშუალება მოგვცა, რომ სრულ სერვიზთან გვქონდა საქმე.
– გარდა ცალკეული ნაგებობების აღმოჩენისა, რა ცნობები მისცა სპეციალისტებს ამ არქეოლოგიურმა გათხრებმა?
– ორწლიანი სამუშაოების შედეგად, ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსხალგორის არქიტექტურული კომპლექსის სახით საქმე გვაქვს საკმაოდ დიდ შუა საუკუნეების კომპლექსთან, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს დაარსდა და მონღოლთა შემოსევების შედეგად უნდა განადგურებულიყო. კომპლექსი არ გახლდათ ცალკე მდგომი სტრუქტურა. მას ჰქონდა თავისი სოფელი თუ ქალაქის ტიპის დასახლება, რომელიც იმავე მთის ძირში, გაშლილ ტაფობზე მდებარეობდა. ჩვენ მიერ კი, ამავე ტერიტორიაზე დადასტურდა ქვის მშრალად ნაგები ყორე-კედლების ნაშთები, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები და ქვევრები. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამ ტაფობის თავზე, მთის წვერზე სასიგნალო კოშკის დადასტურება, თავისი წყლის რეზერვუარით. როგორც ცნობილია, ასეთი სასიგნალო კოშკები თითქმის ყველა შუა საუკუნეების სოფელს ჰქონდა. ამდენად, წინასწარულად ჩვენი, არქეოლოგების, არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების ვარაუდები ასეთია: მსხალგორის არქიტექტურული კომპლექსი საქართველოს განვითარებული შუა საუკუნეების მძლავრი, აქამდე უცნობი კომპლექსია, რომელიც თავისი მასშტაბურობით, ფეოდალის კუთვნილებად მოჩანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტაძარი დავით აღმაშენებლის ეპოქაში ნაგებ ტაძრებთან პოულობს მსგავსებას და ასევე, გათხრების დროს აქ, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებისთვის დამახასიათებელი კერამიკული ნაწარმია აღმოჩენილი, არაა გამორიცხული, კომპლექსი დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი ფეოდალის რეზიდენციად ჩამოყალიბებულიყო. მას თავისი „ქალაქი“ ჩვენ მიერ დადასტურებული ნამოსახლარის ტერიტორიაზე უნდა ჰქონოდა. კომპლექსმა და შესაძლოა, „ქალაქმაც,“ გამანადგურებელი ნგრევა მონღოლთა პერიოდში განიცადა და მას შემდეგ აქ სიცოცხლე აღარ განახლებულა. იმედია, მომავალი კვლევა-ძიება უფრო მეტ ინფორმაციას გამოიტანს მზის შუქზე და საქართველოს ისტორიის ფურცლებსაც შეავსებს.