როგორ გადაიქცა ნოდიკო ტატიშვილი მარიამ როინიშვილისთვის ოქროს საბადოდ და როდის გაჩნდა მათ შორის სიყვარულის ნაპერწკალი
ნოდიკო ტატიშვილი და მარიამ როინიშვილი საუკეთესო მეგობრები არიან. მათ ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვართ და ერთი შეხედვით გრძნობენ ერთმანეთის ემოციებსა და ფიქრებს. რაც მთავარია, ამ ორ ნიჭიერ ადამიანს კარიერაშიც წარმატებები აქვს: ნოდიკო მეორე ალბომზე მუშაობს, ბევრი სიმღერა აქვს ჩაწერილი და ნოემბერში, საკუთარ დაბადების დღეზე ალბომისა და კლიპის პრეზენტაციას გეგმავს. ნოემბერი მარიამისთვისაც დატვირთულია და წინ კარიერაში მნიშვნელოვანი რაღაცეები ელოდება.
– მარიამ, დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 15 სექტემბერს, – ავტორი) შენი შვილი სკოლაში წავიდა. ალბათ, საოცარი ემოციები გაქვს.
მარიამ როინიშვილი: საკუთარი თავი გამახსენდა, 1 სექტემბერს როგორ მივდიოდი სკოლაში და მინდოდა, ელენესთვისაც დასამახსოვრებელი ყოფილიყო ეს დღე. ბევრი ნათესავი, ახლობელი მყავს და როგორც ჩემი და კოკოს სკოლაში წასვლა გახლდათ მათთვის აღსანიშნავი, იგივენაირად იყო ელენეს შემთხვევაშიც. ვისაც შეეძლო, ყველა მოვიდა და ნახეს, ელენე როგორი გამართული იჯდა კლასში. ცოტა ღელავდა, ნერვიულობდა, მაგრამ მერე დაწყნარდა, რადგან ყველაფერი მოეწონა. გაგიჟდა, ნოუთბუქი რომ აჩუქეს. ძალიან კარგი დამრიგებელი ჰყავს, ლამაზი კლასელები. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში შევიყვანეთ და მეტწილად, გოგონები არიან. რაც შეეხება ჩემს ემოციებს, მთელი ღამე ვერ დავიძინე. რომ დავხუჭავდი თვალებს: დგ... დგ... და მეღვიძებოდა. მეგონა, მე მივდიოდი სკოლაში.
ნოდიკო ტატაშვილი: დედაჩემი მასწავლებელია და ისეთი ფორიაქი აქვს ხოლმე ამ დღეს... რადგან მისთვის სკოლის ყოველი დაწყება ზეიმია. წელს, ზაფხულში მეუბნებოდა: როგორ მენატრებიან ჩემი ბავშვები. ერთი სული მაქვს ვნახო, ჩავეხუტოო. ცოტა ვიეგოისტე: უნდა გიყვარდეს, მაგრამ ჩემზე ძალიან არა-მეთქი. ძირითადად, დედას საგულშემატკივროდ მივდივარ ხოლმე, განსაკუთრებით, როცა პირველი კლასი აჰყავს. მარიამის ელენე ისეთი მაგარი ბავშვია ყველანაირად, გონებრივი განვითარების ისეთ ეტაპზეა, რომ მეგონა, მეხუთე კლასში დასვამდნენ.
– ნოდიკო, როგორია მარიამი? გაგვაცანი იმ მხრივ, ჩვენ რომ არ ვიცნობთ.
ნოდიკო: მარიამი 2008 წელს გავიცანი, მანამდე შორიდან ვიცნობდი და ვეტრფოდი მასაც, დედამისსაც და ზოგადად მთელ ოჯახს. ბასილაიას ოთახში დაგვიბარეს, „ჩხიკვთა ქორწილს” იღებდნენ ფილმად. მარიამი ქეთო იყო და მე – ზაქარია. მარიამს ვიცნობდი – „კირიე ელეისონს” რომ მღეროდა. რაღაცნაირი კდემა იყო და რომ გავიცანი, მაშინვე მივხვდი – ასეთი არის, მაგრამ მეორე მხარეც აქვს. იქვე იყო ნაპერწკალი ჩვენ შორის და საღამოს რომ დავიწყეთ მესიჯობა, მეორე დღეს ჩაწერები გვქონდა და... ასე მოვყევით, მოვყევით და დღემდე ერთად ვართ. აქვს მეორე მხარე – ანტიმარიამი: ძალიან მხიარული, ძალიან პოზიტიური, მომენტებში, კარგი გაგებით, გიჟი, ხვანცალა, თხა. სულ რომ ცუდ ხასიათზე იყო, რომ გიყურებს, რაღაცნაირია და შენც ჰყვები, ხასიათზე მოდიხარ. ძალიან საყვარელი და თბილია. ისეთი მეგობარია, ვისთან საუბარიც ყოველთვის მსიამოვნებს. ვიცი, თუ რამე სათქმელი მაქვს, ვეტყვი და აუცილებლად მომისმენს.
– როგორია ანტინოდიკო?
მარიამი: გარდა იმისა, რომ ხალხი ნოდიკოს შემოქმედებას სცემს პატივს, ძალიან უყვართ, როგორც პიროვნება. ზუსტად ისეთია, როგორსაც ხედავენ, როგორიც ჩანს ინტერვიუებში. მეც ასეთი ვარ, როგორსაც მხედავენ, უბრალოდ, ცოტა სხვა „იარლიყი მომეკრასავით”. სხვა რეპერტუარს ვმღერი და შინაგანად, მისგან განსხვავებული ვარ. ნოდიკოში ერთად თავმოყრილია ბევრი კარგი თვისება. მე ბევრი არ მყავს გვერდში ასეთი ადამიანი. ამიტომაც, ნოდიკო ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია, ოქროს საბადოსავითაა. ზუსტად ვიცი, ნებისმიერ მომენტში, ჩემთან იქნება. მეგობრებს, ხალხს, ყველას თანაბრად გვინაწილებს სიყვარულს და ამას არასდროს თამაშობს.
ნოდიკო: ურთიერთობის დასაწყისიდანვე მარიამმა ძალიან შემაყვარა თავი და იცის, რამხელა ადგილი აქვს ჩემს გულში.
– ნოდიკომ იცის ეჭვიანობა, ეგოისტური მომენტებიც აქვს ხოლმე მათ მიმართ, ვინც უყვარს. შენც ასეთი ხარ?
მარიამი: კი და ასეთ დროს ვგველობ ხოლმე.
ნოდიკო: შენ მე რას გაგახსენდები, შენ ის და ის გახსოვს... წადი იმასთან და იმასთან. არის ასეთი რაღაცეები და ვარ ეგოისტი. მარიამი რომ ამბობს: ეს როგორ მიყვარს – კი, უნდა უყვარდეს, მაგრამ ცოტა ვბრაზდები...
– ერთმანეთის აზრი, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ნოდიკო: მარიამის აზრიც მნიშვნელოვანი ჩემთვის და მისთვისაც – ჩემი აზრი. მაგრამ, გააჩნია, ამას როგორ ვითვალისწინებთ. რჩევას რომ აძლევ ადამიანს, რომ მოგისმენს, მერე ხომ უნდა გაითვალისწინოს?! ასიდან შეიძლება, ერთი გაითვალისწინოს.
მარიამი: ხშირად არის ხოლმე ნოდიკო მართალი, მაგრამ მე ცხოვრების ასეთი პრინციპი მაქვს არჩეული: ჯობია, შეცდომები საკუთარ თავს დააბრალო, ვიდრე რაღაც „ჩეპე” მოხდეს და სხვას დააბრალო. შეიძლება, არ გაითვალისწინო ან ვერ გაითვალისწინო, მაგრამ ის, რომ რჩევას ვეკითხები, უკვე დიდი ძალაა.
ნოდიკო: რა თქმა უნდა, ვალდებული არ არის, ისე მოიქცეს, როგორც მე ვურჩევ. მაგრამ, ერთი-ორჯერ ძალიან გავბრაზდი, როცა რაღაც ვუთხარი და მაინც თავის პონტში გააკეთა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან რაღაცეებს არ ეხება. მარიამი ვის გაჰყვება, ეს მისი გადასაწყვეტია.
– თუმცა, ალბათ, მანამდე შენ უნდა გაგაცნოს.
მარიამი: ეს უკვე რენტგენის ამბავია. ჩემი ქმრის მერე, მნიშვნელოვანი არავინ გამიცნია. სიყვარული არ ყოფილა, რომ ნოდიკოსთვის მეთქვა: ეს მიყვარს და მომწონს. რომ იქნება, აუცილებლად გავაცნობ.
ნოდიკო: საკმაოდ დიდხანს მიჭირდა ეს, რადგან ადამიანებს არასდროს ვუყურებდი ისე, რომ გამეშიფრა. მერე, შეცდომები რომ დავუშვი, ვისწავლე საკუთარ თავში რენტგენის აპარატის ჩართვა. თუმცა, დღეს რთულია ბოლომდე „გაშიფრო” ადამიანი. რენტგენის სპეციალისტი ბოლომდე ვერ ვარ.
მარიამი: ჩემთვის ხარ. ნოდიკო სერიოზულ ურთიერთობას ჯერ ვერ მოეკიდა და ამაზე ვბრაზდები. ერთხელ მეც ხომ უნდა მყავდეს ვინმე შესათვალიერებელი.
ნოდიკო: იმ დღეს მეკითხება: ახლა მისმინე, შენ როდის მოგყავს ცოლი? რა დროს ცოლია?! თუ გინდა, გაგაცნობ, ვისთან ერთადაც ვერთობი, ან ვინც ჩემთან ერთობა-მეთქი. მასე არ მინდაო. მარიამი იქნება ერთ-ერთი, ვინც მას პირველი გაიცნობს. ვინც შემოდის ჩემს ცხოვრებაში, უნდა იცოდეს, ჩემი ცოლი რომ გახდება. მარიამი ყოველთვის ღირებული იქნება ჩემთვის. მარიამს რომ მივუყვანო ცოცხზე გადამჯდარი „ბაბაიგა” და ვუთხრა: მიყვარს-მეთქი, ვერაფერს მეტყვის.
მარიამი: მიყვარსო, რომ მეტყვის, ეს ისეთი არგუმენტია, რას ვეტყვი: დაგილოცოთ ღმერთმა გზა-მეთქი.
– როგორ გოგონას ისურვებდი ნოდიკოს გვერდით?
მარიამი: ალბათ, მე და ხატია – ნოდიკოს და დავსხდებით და ბევრს ვილაპარაკებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ღირსეული ადამიანი. მე მჯერა, რომ ნოდიკო ჭკვიანია, კარგად იცის ადამიანის შეფასება და იმედია, არ დაბრმავდება. არ დაებინდება თვალები და ისეთი ღირსეული ადამიანი ეყოლება გვერდით, როგორსაც იმსახურებს. დიდ სიყვარულს იტევს და მის გვერდში მყოფი, ვალდებული იქნება, რომ გაცემული სიყვარული აუნაზღაუროს.
ნოდიკო: ახლა მე ვიტყვი, როგორი ქმარი მინდა მარიამისთვის. ძალიან უნდა უყვარდეს მარიამი და მარიამთან ის ძალიან ბედნიერი იქნება. არ შეიძლება მის გვერდით ცუდად იყო. ნიჭიერია და წარმატებული კარიერა ელოდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამიტომაც, ვინც მის გვერდით იქნება, ხელი უნდა შეუწყოს – ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მარიამი წინ წავიდეს. ბოლომდე უნდა მოეფეროს, მოეფოფინის. ზუსტად ვიცი, ამისგან პრობლემები არ ექნება. ჭკვიანია, დიპლომატია და მის გვერდითაც ჭკვიანი ადამიანი უნდა იყოს. ხელი არ უნდა შეეშალოს, თორემ ვცემ. მარიამს აღარ მივცემ რჩევას, მივალ პირდაპირ და ვცემ.