ბიზნესმენი ყოფილი სიძის მსხვერპლი გახდა
სასამართლომ 34 წლის ნუკრი ა-ძეს სასტიკი მკვლელობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან ყოფილი სიმამრი დამტვრეული მაგიდის ფეხით მოკლა. სიკვდილს ძლივს გადაურჩა მისი სიდედრი. ყოფილმა სიძემ დანაშაული სასამარლოზე კატეგორიულად უარყო, თუმცა უშედეგოდ – ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებით, ის ციხეში 15 წელს გაატარებს.
სისხლიანი ტრაგედია სიმამრის, აწ გარდაცვლილი, 64 წლის ვახტანგ ხ-ძის ოჯახში მოხდა. მკვლელობას ჰყავდა კიდევ ერთი თანამონაწილე – ბრალდებულის მეგობარი ვაჟა ა-შვილი, რომელიც სამართალდამცეველბმა მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ დააკავეს. მას სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
საქმის მასალების თანახმად, გარდაცვლილის ქალიშვილმა ნუკრი ა-ძეზე სიყვარულით იქორწინა. იმის მიუხედავად, რომ ვახტანგ ხ-ძე შვილის გათხოვების წინააღმდეგი იყო, მასთან ვერაფერი გააწყო. ცოლისგან განსხვავებით, ნუკრი ა-ძის ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, თუმცა, ურთიერთობა მაინც კარგად აეწყო. მათ მალე შვილიც შეეძინათ, მაგრამ ნუკრი ა-ძე, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტით გამოირჩეოდა, ცოლს ბევრ პრობლემას უქმნიდა, რაც, საბოლოოდ, მათი განქორწინების მიზეზი გახდა. ნუკრი ა-ძე გაცილებულ ცოლს დიდხანს სთხოვდა შერიგებას, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა. ამის შემდეგ მან შერიგების თხოვნით სიმამრს არაერთგზის მიამრთა. თუმცა, ვახტანგ ხ-ძე ყოფილ სიძეზე ისეთი გაბრაზებული იყო, რომ სახლიდან მისი იძულებით გაგდებაც კი მოუწია.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მკვლელობის დღეს, გვიან ღამით ნუკრი ა-ძე ყოფილი ცოლის სახლში ღობიდან გადაძვრა და ქალს საძინებელში დაადგა თავზე. შეშინებულმა მაკა ხ-ძემ ყვირილი ატეხა, რაც პირველ სართლზე მძინარე მამამაც გაიგო. ნუკრი ა-ძე ნასვამი იყო და თან, მეგობარი ახლდა – ვაჟა ა-შვილი. ის მეგობრის სიმამარის ეზოში მას შემდეგ მოხვდა, რაც მეგობარმა კარი შიგნიდან გაუღო. ყოფილი სიმამრი სიძის დანახვაზე ძალიან გაბრაზდა და სახლის დატოვება მოსთხოვა, რაზედაც ნუკრი ა-ძისგან კატეგორიული უარი მიიღო. კონფლიქტსა და დაძაბულობას, ნუკრი ა-ძის მხრიდან ყოფილი სიმამრის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები და გინება მოჰყვა. ბოლოს ჩხუბში ჩაერთო ვახტანგ ხ-ძის მეუღლე, მაგული ხ-ძე, რომელსაც ყოფილი სიძე ფიზიკურად გაუსწორდა. მან ქალს ცემის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, ბოლოს კი პირი სკოჩით აუკრა და მაგიდაზე მიაბა. ეს ინციდენტი სახლის პირველ სართულზე მოხდა. ამ დროს ნუკრი ა-ძის მეგობარი ვახტანგ ხ-ძეს ეზოში უსწორდებოდა. მას შემდეგ, რაც მამაკაცმა სიდედრთან ანგარიში გაასწორა, ეზოში გავიდა და მეგობართან ერთად ვახტანგ ხ-ძე შეშით მოკლა. ის ყოფილ სიმამარს ხუთი წუთის განმავლობაში სცემდა შეშით, რის შედეგადაც მან ფუძის ძვლის დაზიანება მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. საქმის მასალების მიხედვით, ამის შემდეგ ნუკრი ა-ძემ და მისმა მეგობარმა ვახტანგ ხ-ძის ბინიდან გაიტაცეს 1000 დოლარი და ოქროს ნივთები. კარი გარედან დაკეტეს და მიიმალნენ.
სკოჩით პირახვეული და ხელ-ფეხშეკრული ნუკრი ა-ძის სიდედრი გარკვეული დროის შემდეგ გონს მოვიდა. კართან მიხოხდა და მეზობლებს საშველად მოუხმო. არადა გასაოცარია, რომ მეზობლებმა მანამდე ვერაფერი გაიგეს. თუმცა, დაზარალებულებს უზარმაზარი ეზო აქვთ, სახლი კი ეზოს სიღრმეშია. მეორე სართულზე ბავშვთან ერთად გამოკეტილმა ნუკრი ა-ძის ცოლმა მშობლების დახმარება ვერ შეძლო.
ვინაიდან თავდამსხმელებმა ძვირადღირებული ნივთები წაიღეს, გამოძიებამ მომხდარს ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა და ეჭვმიტანილებზე ძებნა გამოაცხადა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვახტანგ ხ-ძის გარდაცვალების მიზეზი ქალა-ტვინის ტრავმა გახდა – ქალის სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობით. არანაკლებ მძიმე იყო ცოცხლად გადარჩენილი სიდედრის მდგომარეობაც – მას დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აღმოაჩნდა, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა. გამოძიებას ჩვენება მისცა მაკა ხ-ძემ. მისი ჩვენების მიხედვით, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ყოფილმა ქმარმა მას დაურეკა და სთხოვა, მამამისს 2000 დოლარი ესესხებინა. ჯერ უთხრა, ბიზნესში ჩასადებად მჭირდებაო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ პოლიცია ეძებდა და ეს თანხა გასაქცევად სჭირდებოდა. ამონაწერი მაკა ხ-ძის ჩვენებიდან: „გვიანი ღამე იყო, ყველას გვეძინა, როდესაც ოთახში ყოფილი მეუღლე დავინახე. ჩვენს სახლს მაღალი ღობე აქვს და მასზე ადამიანის გადმოსვლა შეუძლებელია. შიშისგან კივილი დავიწყე, რის გამოც ნუკრიმ სახეში ორჯერ დამარტა. მან ჩემი საძინებლის კარი გარედან დამიკეტა და გამოსვლაც ვეღარ მოვახერხე. ფანჯრებზე კი რკინის გისოსებია. ჯერ პირველი სართულიდან, შემდეგ კი ეზოდან მესმოდა, როგორ უსწორდებოდა ის ჩემს მშობლებს, მაგრამ მათ დახმარებას ვერ ვახერხებდი.”
ამონაწერი ვახტანგ ხ-ძის მეუღლის ჩვენებიდან: „ნუკრი პირველ სართულზე რომ შემოგვივარდა, ჩემს მეუღლესა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჩემი ოჯახი შენ დაანგიეო, ეუბნებოდა ნუკრი ვახტანგს. ამ დროს ეზოდან ხმაური მოისმა. ვახტანგმა გარეთ გაიხედა და სწორედ იმ დროს დაესხა თავს მას ნუკრის მეგობარი. როცა ეზოდან მეუღლის კივილი შემომესმა და მისკენ წასვლა დავაპირე, ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, ყოფილმა სიძემ კეფაში რაღაც ჩამარტყა. მე დავეცი, მან კი ცემა დამიწყო. მოგუდვა დამიპირა. ბოლოს კი სკოჩით გამკოჭა და მაგიდის ფეხზე მიმაბა. მესმოდა, როგორ სცემდა ეზოში ჩემს მეუღლეს ვიღაც. ამ დროს ნუკრიც გარეთ გავიდა. მე გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი, სახლში არავინ იყო. ჯერ ეზომდე მივბობღდი და მეზობლებს დავუძახე დასახმარებლად. ჩემი ქმარი მიწაზე უგონოდ ეგდო. მეზობლებმა ჩემი შვილის დაკეტილი საძინებლის კარი შეამტვრიეს და პოლიცია გამოიძახეს.“
სამართალდამცველებმა, დაზარალებულების ჩვენების საფუძველზე, ნუკრი ა-ძე მეორე დღეს გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
მისი ჩვენების თანახმად, სიმამრს მისი მეგობრის ვალი ჰქონდა და არ უბრუნებდა, რის გამოც სახლიდან ფულის ძალით გატაცება გადაწყვიტა. ყოფილი ქმრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ყოფილმა მეუღლემაც, რომელმაც აღნიშნული ფაქტი უარყო. „მამაჩემი შეძლებული კაცი იყო. პატარა ბიზნესი ჰქონდა და ჩემს ყოფილ ქმარს მეგობრის ვალი არ ჰქონია. ნუკრიმ კარგად იცოდა, რომ ჩვენს ოჯახში ფული ყოველთვის იყო. ისიც იცოდა, სად ვინახავდით ფულს და ოქროს სამკაულებს. ამის გამო დაგეგმა ჩემი მშობლების მკვლელობა. თუმცა, ვერ გათვალა, რომ იმ ღამეს თბილისში კი არა, სოფელში ვიქნებოდი. რადგან სახლში შემოსვლა შეძლო, უკან აღარ დაიხია. ჩემი მშობლები აწამა და ასე მიაღწია მიზანს.”
ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. თუმცა, როგორც გამოძიების დროს, ასევე სასამართლო პროცესზე, უარყოფდა, რომ მკვლელობა ანგარების მიზნით, წინასწარ დაგეგმა. მისი ჩვენების მიხედვით, სიმამრისგან მეგობრის ვალის „ამოღება” უნდოდა. ვახტანგ ხ-ძე კი ვალს არ აბრუნებდა, რის გამოც ის ცემის დროს შემოაკვდა. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის ეს ვერსია და ნუკრი ა-ძეს, რომელმაც ანგარების მიზნით საშინელი მკვლელობა ჩაიდინა, 15 წლით თავისუფელბის აღკვეთა მიუსაჯა.