კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა 2 ტონა ოქროს უცხოეთში გატანა 6-ჯერ ნასამართლევმა ქართველმა კრიმინალმა

გენიალური იმიტატორი
პირველი ცნობები ბიჭიკო ბუცხრიკიძეზე მილიციაში 1971 წლის მაისში გამოჩნდა. მილიციის დამსმენი, ვინმე აშოტ ოგანეზოვი, თავის კურატორს, სტალბერ კოტუას ატყობინებდა, რომ სოლოლაკის ერთ-ერთ, ეგრეთ წოდებული იტალიური ეზოს სარდაფში არალეგალურად იყო გახსნილი ხმის ჩამწერი სტუდია. ოგანეზოვის ინფორმაციით, არალეგალური სტუდია იმავე ეზოს მცხოვრებს, ბიჭიკო ფარნაოზის ძე ბუცხრიკიძეს ეკუთვნოდა, რომელიც გარკვეული ანაზღაურების საფასურად, კლიენტებს აკრძალულ საბჭოთა შემსრულებელთა სიმღერებს უწერდა. ძირითადად, იყო ეგრეთ წოდებული „ბლატნოი“ და ანტისაბჭოთა სიმღერები. 18 წლის ბუცხრიკიძე ამ ნაწარმოებებს ბაბინებზე წერდა, რადგან კასეტები მაშინ დეფიციტი იყო და თითოეულს ხუთ მანეთად ყიდდა. სტალბერ კოტუა, რომელსაც ოგანეზოვმა ეს ინფორმაცია მიაწოდა, იმ უბნის რწმუნებული იყო. ამიტომ, პირადად ეწვია ბუცხრიკიძეს, მისი აპარატურა აღწერა და ჩამოართვა. კუთვნილი სარდაფი დალუქა, საქმე კი „ფინგანს“ (ფინანსური განყოფილება) გადასცეს. იმ პერიოდში ასეთი არალეგალური სტუდიები თუ სამორინეები ძალიან მრავლად იყო თბილისში და მათ არავინ ხურავდა. ბუცხრიკიძის სტუდია კი იმიტომ დახურეს, რომ 18 წლის ბიჭიკომ კოტუასთვის წილის მიცემაზე უარი განაცხადა. მისმა სტუდიამ ოთხი თვე იარსება და ამ ხნის განმავლობაში ბუცხრიკიძემ შვიდი ათასი მანეთი გამოიმუშავა, რაც იმ პერიოდისთვის სოლიდური თანხა იყო. ის ისედაც აპირებდა სტუდიის დახურვას და სხვა საქმის დაწყებას. „ფინგანმა“ ბიჭიკო ბუცხრიკიძე სულ რაღაც 30 მანეთით დააჯარიმა, ხმის ჩამწერი სტუდია კი უკლებლივ უკან დაუბრუნეს, სარდაფზე ლუქი აუხსნეს და სარგებლობის ნება დართეს, თუმცა, მხოლოდ დანიშნულებისამებრ.
ყველაზე საინტერესო კი ამ ისტორიაში ის იყო, რომ ყველა ცნობილი საბჭოთა არალეგალის ნაწარმოებს ბიჭიკო ბუცხრიკიძე თავად ასრულებდა. მყიდველები კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ უსმენდნენ ვისოცკის, ოკუჯავას, სევერნის, ნოვიკოვის და სხვათა პოპულარულ სიმღერებს.
დახვრეტის განაჩენი
ბიჭიკო ბუცხრიკიძე 1953 წლის 20 მარტს დაიბადა და 27 წლის ასაკში უკვე სამჯერ იყო ნასამართლევი, ერთხელ კი – ციხიდან გაიქცა.
პირველად ბიჭიკო 1975 წელს დააპატიმრეს ყალბი პასპორტის დამზადებისთვის და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, წელიწადნახევარში გათავისუფლდა და მილიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 1976 წლის მაისში კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად იმის გამო, რომ ვინმე ოთარ მურუსიძეს ხელოვნებათმცოდნეობაში საკანდიდატო დისერტაცია დაუწერა. მურუსიძემ დისერტაცია დაიცვა და ხარისხიც მიიღო, მაგრამ უჩივლეს და ცრუ კანდიდატმა ყველაფერი აღიარა. ამის შემდეგ ბიჭიკო დააკავეს, მისი ბინა კი გაჩხრიკეს, დისერტაციის ხელნაწერები აღმოუჩინეს და თაღლითობისთვის წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. თუმცა, ბიჭიკო კვლავ ადრე გათავისუფლდა ციხიდან და ექვს თვეში უკვე სახლში იყო. მესამედ ბიჭიკო 1978 წელს დააპატიმრეს, რადგან დახატა სურათი, რომელზეც ძველი თბილისის ერთ-ერთი ხედი იყო გამოსახული. ტილო ფიროსმანის ნამუშევრად გაასაღა და მოსკოვში 15 ათას მანეთად მიჰყიდა ერთ ფრანგ დიპლომატს, რომელსაც უშიშროება უთვალთვალებდა. ბიჭიკო დააპატიმრეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, ამჯერადაც ვადაზე ადრე, ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. საქმე ის იყო, რომ საპყრობილის ხელმძღვანელობას საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურატურიდან ბლანკზე დაბეჭდილი შეწყალების საბუთი მიუვიდა, რომელსაც თავად გენპროკურორი აწერდა ხელს. სინამდვილეში ეს ყველაფერი თავად ბიჭიკო ბუცხრიკიძის მიერ იყო ფალსიფიცირებული, ფოსტა კი ციხეში ბიჭიკოს თანამზრახველმა მოიტანა... ბუცხრიკიძე სამი წლის განმავლობაში იმალებოდა. მაგრამ, 1981 წლის 13 მაისს, ანუ იმ დღეს, როდესაც თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ევროპის თასის მფლობელთა თასს დაეუფლნენ, მილიციამ ის გაგრაში დააკავა ერთ-ერთ კერძო სახლში. სარდაფიდან ოპერებმა ფულის საბეჭდი პოლიგრაფიული დანადგარი ამოიღეს, რომელიც კუსტარულად იყო დამზადებული. იქვე იყო ყალბი ათმანეთიანები და საქმე „კაგებემ“ მოითხოვა. ძიება რომ დასრულდა, საქმე სასამართლოს გადაეცა და 28 წლის, სამჯერ ნასამართლევ, უნიჭიერეს ქართველს დახვრეტა მიუსაჯეს. ბუცხრიკიძე ბუტირკის ციხის დასახვრეტთა ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს.
კოოპერატივი „საბადო“
ბიჭიკო ბუცხრიკიძე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ელოდებოდა დახვრეტას. მას ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე შეწყალება ჰქონდა დაწერილი, მაგრამ არც მისი პასუხი ჩანდა. 1982 წლის 10 ნოემბერს ბრეჟნევი გარდაიცვალა. 12 ნოემბერს კი ციხეში ბრეჟნევის მიერ 8 ნოემბერს ხელმოწერილი საბუთი მივიდა, რომლის მიხედვითაც ბიჭიკო ბუცხრიკიძე შეწყალებულ იქნა და დახვრეტა 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. მან მხოლოდ რამდენიმე წელი გაატარა ციხეში და როგორც კი „პერესტროიკა“ დაიწყო, ის  ციხიდან გაათავისუფლეს.
ოთხჯერ ნასამართლევი ბუცხრიკიძე 1985 წელს გამოუშვეს და ერთი თვის შემდეგ  მან მოსკოვში კოოპერატივი „საბადო“ შექმნა, რომელიც ოქროს შესყიდვით იყო დაკავებული. ბუცხრიკიძე და მისი პარტნიორები, სხვადასხვა მაქინაციის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოლოსალურ თანხებს იღებდნენ. შეისყიდდნენ დიდი რაოდენობით ოქროს და უცხოეთის ბანკებში ინახავდნენ. 1986 წლის მიწურულს ბუცხრიკიძე მეხუთედ დააპატიმრეს და ბიუჯეტიდან ფულის მითვისებაში დასდეს ბრალი. გაასამართლეს და პირობითი სასჯელი გამოუტანეს, ანუ ბიჭიკო კვლავ გარეთ იყო და ისევ კოოპერატივ „საბადოს“ ამუშავებდა. 1987 წლის ნოემბერში კი, ის მეექვსედ დააპატიმრეს და საკმაოდ მძიმე ბრალდება – ჯაშუშობის მუხლი წაუყენეს. თუმცა, ბიჭიკომ ბუტირკის ციხის ზედამხედველი 20 000 მანეთად მოისყიდა და ციხიდან გაიქცა.
ბოლო გაქცევა
მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივი „საბადო“ დაშლილი იყო, ბუცხრიკიძე და მისი პარტნიორები არალეგალურად  განაგრძობდნენ მოღვაწეობას და დიდი რაოდენობით შეგროვილი ოქრო უცხოეთში გაჰქონდათ. მართალია, 1988 წელი იწურებოდა და საბჭოეთის დაშლამდე სამი წელი იყო დარჩენილი, მაგრამ საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურები ჯერ კიდევ გამართულად მუშაობდნენ და ძებნილი ბუცხრიკიძე 31 დეკემბერს ლენინგრადის მახლობლად, ქალაქ გატჩინოში, ერთ-ერთ აგარაკზე აიყვანეს. ის იქ იმალებოდა და იქიდან ხელმძღვანელობდა უკვე ოქროს შეგროვებისა და გატანის არალეგალურ საქმიანობას. 2 იანვარს ბუცხრიკიძე მოსკოვში გადააფრინეს და ლუბიანკაზე, „კაგებეს“ ჯურღმულში გამოამწყვდიეს. იქ მას მთელი ოქროს დაბრუნებასა და თანამზრახველების დასახელებას სთხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილით ემუქრებოდნენ. ბუცხრკიძემ მოფიქრებისთვის სამდღიანი ვადა ითხოვა და მაიორ იური გორბუნოვის თანხლებით, საკანი დატოვა და „მალი არბატზე“, თავის ბინაში გაემართა. თუმცა, მეორე დღეს მაიორიც გაქრა, ბუცხრიკიძეც და დღემდე  ძებნაში არიან, ისევე, როგორც 2 ტონა ოქრო, რომელსაც „საბადო“ მოიპოვებდა და უცხოეთის ბანკებში გზავნიდა.

скачать dle 11.3