მკვლელი ეძებს ფარმაცევტს
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-37(820)
– მეტსაც მოგცემთ, ოღონდ ეგ საქმე გამოვიდეს და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, – მიუგო უშანგი ხაბაძემ რიტას. ქალმა კი უთხრა:
– მე მომენდე. დამიჯერე და ყველაფერი ისე იქნება, როგორც „ნოჟ პო მასლუ“, – ჩაარუსულა ქალმა, – დიდ, ძალიან დიდ მაყუთს გავჭრით, ჩემო უშო. თუ, რა თქმა უნდა, მერეც მიკადრებ და თვალები „ჰოლივუდელი გოგონებისკენ“ არ გაგექცევა, ერთად, რომანტიკულად და ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებთ რომელიმე მშვიდ და ეგზოტიკურ კუნძულზე ოკეანეში. თვალები დახუჭე და წარმოიდგინე, რა კაიფია.
ყურშა ღრმად ჩაეფლო სავარძელში. მართლაც დახუჭა თვალები და თავი საკუთარ სახლში, ეგზოტიკურ კუნძულზე წარმოიდგინა. იმდენად შევიდა როლში, რომ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და თქვა:
– კაიფია. ძალიან მაგარი კაიფი.
ყურშას შემხედვარე ქალს გულში ეცინებოდა მასზე, რადგან სინამდვილეში, სულ სხვა გეგმები ჰქონდა. რიტას გათვლებით, ის ჯერ ნინიძეს და ყურშას დაეხმარებოდა პროფესორ გოკიელის მოხელთებაში. ხოლო, კიბოს წამლის ფორმულას რომ გაყიდდნენ და ფულს აიღებდნენ, ქალი ორივეს მოკვლას, ფულის გატაცებასა და რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე მდიდრულად ცხოვრებას გეგმავდა... რიტას ასეთი ოცნება უკვე კარგა ხანია, ჰქონდა და მისი ქმარი რომ ციხეში მოხვდა, თავად კი ძლივს გამოასწრო იქიდან, შესაბამის მომენტსა და ადამიანს ეძებდა სანუკვარი მიზნის მისაღწევად. ასეთ ასტრონომიულ თანხაზე ქალი არც კი ოცნებობდა, მაგრამ როდესაც ნინიძისა და ხაბაძის საუბარი მოისმინა, იმწამსვე მოუვიდა თავში ეს საშინელი, სატანური გეგმა და მტკიცედ გადაწყვიტა, ბოლომდე მიეყვანა.
– კაიფია. ძალიან დიდი კაიფი და ძალიან ახლოს ხარ მასთან. ამიტომ, დამიჯერე და ყველაფერი ხუთიანზე შესრულდება, – უთხრა რიტამ ოცნებაში წასულ ყურშას და მღელვარება რომ დაემალა, სიგარეტი გააბოლა.
***
ოტო მაიზერის მკვლელობის შემდეგ ჯონ მოზესი სასტუმროში დაბრუნდა. საწოლზე წამოწვა და შექმნილი ვითარების ანალიზს შეუდგა. იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სპეციალური მოწყობილობების გარეშე ის რეი საქსის დავალების შესრულებას ვერ შეძლებდა. ახალ აღჭურვილობას კი მაიზერის დაუხმარებლად ვერ ჩამოიტანდა. მაიზერი მკვდარი იყო და ერთადერთ მის დასაყრდენს ახლა ზურაბ ნინიძე წარმოადგენდა. მართალია, იყვნენ პალიკი და ბარდენიც, მაგრამ ისინი მხოლოდ უზადო შემსრულებლები იყვნენ და ინფორმაცია სჭირდებოდათ. ასეთ ვითარებაში კი ინფორმაციის მოპოვება ნინიძეს შეეძლო და მოზესმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა, დაურეკა და შარდენის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში დაუნიშნა შეხვედრა.
– ერთ საათში შევხვდეთ, – უთხრა მოზესმა ნინიძეს და ტელეფონი გათიშა. დათქმულ დროს კი, კაფეში რომ მივიდა, მაიორი უკვე ადგილზე დახვდა. ნინიძემ მას უთხრა:
– მოგენატრეთ, ბატონო ბოლ, ასე მალე რომ მოინდომეთ ჩემი ნახვა? სულ რაღაც სამიოდე საათის წინ არ შევხვდით ერთმანეთს, განა რამე შეიცვალა?
ნინიძემ საქსის „ერთგულ ქოფაკთან“ პირველი შეხვედრის შემდეგ, ყურშასთან საუბარიც მოასწრო და სამსახურში შევლაც. ამიტომ, უკვე იცოდა ოტო მაიზერის მკვლელობის ამბავი და ისიც, თუ რა აღმოუჩინეს მაიზერის მძარცველს ჩანთაში. აქედან გამომდინარე, მაიორს არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, თუ ვინ იყო მკვლელი და ამ „სვლას“ ყოველი შემთხვევისთვის ინახავდა...
მაიორის სიტყვებზე მოზესს თვალები აენთო და გაიფიქრა – ამ ნაძირალას კისერს მოვტეხავო. მაგრამ, თავი შეიკავა და ნინიძეს უთხრა:
– დიახ, შეიცვალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე მალე არ გამოგიძახებდით.
სიტყვა „გამოგიძახებდით“ ნინიძეს სულაც არ ეპიტნავა და რადგან „კოზირი“ ეკავა ხელში, მოზესს მიუგო:
– ბატონო მაქს ბოლ, არ ვიცოდი, თუ ჩემს უფროსად დაუნიშნიხართ, რომ ჩემი გამოძახება შეგიძლიათ, – მაიორმა ირონიით შეხედა მოზესს და დაამატა, – იქნებ ჩინი მაინც მითხრათ, რომ წოდებით მოგმართოთ. ალბათ, გენერალი – ხომ?
მოზესი ვერ იტანდა ირონიას, მით უმეტეს, დაცინვას. ამის გამო მოზესს ჯერ სიყმაწვილეში ჰყავდა ორი თანატოლი საშინლად ნაცემი, ხოლო საფრანგეთის „უცხოურ ლეგიონში“ მსახურების დროს, ერთ-ერთი თანაპოლკელი ისე სცემა, რომ სამუდამოდ დააინვალიდა...
მაიორ ნინიძის სიტყვებზე მოზესს საფეთქლები დაებერა, თვალები სისხლით აევსო და სკამიდანაც კი წამოიწია. ხელები შემართა, რომ ნინიძეს ხორხში სწვდომოდა და გამოეგლიჯა, მაგრამ დროზე მოეგო გონს და მართალია, ბრაზი არ განელებია, სკამზე დაჯდა, თვალები დახუჭა და გაიფიქრა: „დამშვიდდი, ჯონ. ოტო მაიზერიც გეყოფა. ამ არარაობამ რაც არ უნდა გითხრას, არ აჰყვე. ჯერ დავალება შეასრულე. შემდეგ კი, თუ გინდა, წელში გადაამტვრიეო...
მოზესმა თვალები გაახილა და მაიორს უთხრა:
– თუ შეიძლება, ირონიის გარეშე. ამ შემთხვევაში, ეს საქმეს მხოლოდ გააფუჭებს და არაფერს არგებს.
– გეთანხმებით, ბატონო ბოლ, მაგრამ არც შეურაცხყოფაა ჩვენი საქმისთვის სასარგებლო. პირველი თქვენ დაიწყეთ.
– კარგი. გეთანხმებით და ბოდიშს გიხდით, – უთხრა მოზესმა მაიორს და ასეთი რამ რომ გაეკეთებინა, მთელი თავისი ნებისყოფის უდიდესი მობილიზება დასჭირდა. ჯონ მოზესი თავისი ბობოქარი და ფათერაკებით აღსავსე ცხოვრების განმავლობაში პირველად იხდიდა ბოდიშს...
– მივიღებ თქვენს ბოდიშს, – უთხრა ნინიძემ მოზესს, – გისმენთ, ბატონო ბოლ, რით შემიძლია, გემსახუროთ და რა შეიცვალა ასე მალე?
– იცით, რაშია საქმე? – მოზესმა ნინიძეს გაუღიმა, – დაინტერესებული ადამიანები მზად არიან, ჰონორარი გააორმაგონ, თუკი თქვენ უახლოეს ორმოცდართვა საათში შეძლებთ პროფესორ გოკიელის აღმოჩენას. გესმით? ხაზს ვუსვამ – მხოლოდ აღმოჩენას. ჩვენ მხოლოდ ინფორმაცია გვჭირდება, დანარჩენი კი ჩვენ ვიცით და ინფორმაციაში ვიხდით ამდენ ფულს. ასე რომ, ჩემო კარგო, რაც უფრო მალე აღმოაჩენთ გოკიელის ადგილსამყოფელს, მით უფრო მალე მიიღებთ სანუკვარ თანხას. ახლა კი ის მითხარით, რამე წინსვლა თუ გაქვთ საქმეში?
– სამწუხაროდ, ჯერჯერობით ახალი არაფერია, – თავი გააქნია ნინიძემ, – წამით არ გავჩერებულვარ, ბატონო ბოლ და ყოველ ღონეს ვხმარობ გოკიელის მოსაძებნად.
– კეთილი. იჩქარეთ, მაიორო, იჩქარეთ და როგორც უკვე გითხარით, ასი ათას ევროს მიიღებთ, როგორც კი გოკიელის ადგილმდებარეობას დამიდგენთ. აბა, თქვენ იცით და თქვენი იმედი მაქვს. გახსოვდეთ, ასი ათასი ევრო... – მოზესმა მაიორს გაუღიმა, ხელი ჩამოართვა და პირველმა დატოვა შეხვედრის ადგილი.
„უკან გაიკეთე შენი ასი ათასი ევრო“, – ჩაილაპარაკა ნინიძემ, გააბოლა და აუღელვებლად მოსვა ყავა. შემდეგ ჩაფიქრდა და კიდევ ერთხელ დაალაგა გონებაში ფულის მოპოვების თანმიმდევრული გეგმა. რომ წარმოიდგინა, თუ რა ნეტარებაში იცხოვრებდა, სიამოვნებისგან გაეღიმა... გასაკვირი არ იყო, რომ ზურაბ ნინიძეც ზუსტად ისე ფიქრობდა, როგორც რიტა და მაიორსაც ზუსტად ისეთივე გეგმები ჰქონდა, როგორც ყურშას „ნაშას“. ნინიძეს, ხაბაძის ბოლომდე გამოყენება უნდოდა და ბოლოს ბავშვობის ძმაკაცის მოკვლა და გადამალვა ჰქონდა განზრახული. თავად კი გარეგნობის შეცვლასა და ახალი, მდიდრული ცხოვრების დასაწყებად, უცხოეთში გამგზავრებას გეგმავდა... „ერთი ყურშას დედაც”... – გუნებაში ფიქრობდა ნინიძე, – რაში მჭირდება ეგ ნარკომანი. მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და თუ „დაიწვა“, მეც „ჩამიშვებს“. თანაც, რატომ უნდა გავუყო ფული შუაზე? მე რა, მაწყენს? დავბრიდავ. მიწაში ჩავმარხავ და აქედან ავორთქლდები. რას იზამ, ყურშაჯან, ასეთია ამ ჟანრის „კანცოვკა“. ცოტა ჭკუა ვისაც აქვს, ყველა ასე იქცევა“. ნინიძე ფიქრებიდან გამოერკვა და საათს დახედა. შემდეგ წამოდგა და შარდენის ქუჩა დატოვა.
***
რიტამ მაკიაჟი გაიკეთა, პარიკი მოირგო და ისე შეიცვალა გარეგნობა, მშობელი დედაც ვერ იცნობდა. შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო, ძალიან მოკრძალებულად შემოსა სხეული. ბოლოს მუქი სათვალეც მოირგო და ყურშას უთხრა:
– ძალიან შევიცვალე?
ხაბაძემ რიტა ყურადღებით შეათვალიერა და მიუგო:
– კი. ძალიან.
– ჰოდა, წავედით, – თქვა რიტამ და წყვილი დიღმის მასივისკენ გაეშურა ტიტე ბუკიას ბინის დასაზვერად.
ყურშამ მანქანა ტიტეს კორპუსთან, ასიოდე მეტრის მოშორებით გააჩერა და რიტას უთხრა:
– აბა, შენ იცი. ყურადღებით იყავი, არაფერი გამოგრჩეს. იცოდე, შენს „ნაკოლზეა“ დამოკიდებული ყველაფერი.
– დარდი ნუ გაქვს, – მიუგო რიტამ. მანქანიდან გადავიდა და აუჩქარებლად გაუყვა გზას. ოცი წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა, კვლავ მანქანაში მოკალათდა და ყურშას უთხრა:
– წავედით!
ხაბაძემ მანქანა ადგილიდან დაძრა და ქალს ჰკითხა:
– როგორაა საქმე?
– მშვენივრად, – თქვა რიტამ და დააყოლა, – ისეა, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდით. კორპუსში რომ ვიდეოკამერები არაა – ეს ერთი. გარდა ამისა, არც შორიახლოა ისინი და ისე შეგვიძლია იქ მივიდეთ და წამოვიდეთ მანქანით, ვერაფერი დაგვაფიქსირებს. მთავარია, შენ და შენმა ძმაკაცმა იყოჩაღოთ და ბუკია მოიხელთოთ.
– მოვიხელთებთ კიდეც და ყველაფერსაც დავაფქვევინებთ, – ხალისიანად თქვა ყურშამ, – ახლა მთავარია, ზურა დავიყოლიოთ შენზე.
– რა, სულელი ხომ არაა შენი ძმაკაცი, რომ ვერ მოტვინოს, რამდენად საჭირო ვარ? – თქვა რიტამ.
– სულელი არაა, მაგრამ შეიძლება, გაჯიუტდეს და მითხრას, – შეთანხმება რატომ დაარღვიეო. მაგრამ, ვეცდები, დავარწმუნო შენს საჭიროებაში. სახლში რომ მივალთ, დავურეკავ, მოვიყვან და დავებაზრები. შენ კი საძინებელში დაიმალე, სანამ დაგიძახებ, – უთხრა ყურშამ რიტას.
სახლში რომ მივიდნენ, რიტამ ტანსაცმელი გაიხადა და პარიკიც მოიძრო. შემდეგ სააბაზანოში შევიდა და შხაპი მიიღო. რომ გამოვიდა, მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა. ხაბაძემ შეხედა და უთხრა:
– სპალნაში შედი. ზურას დავურეკე და ათ წუთში მოვა.
რიტა საძინებელში შევიდა. ნინიძე კი მალე მოვიდა და ყურშას ჰკითხა:
– აბა, როგორაა საქმე, გააიასნე ყველაფერი?
– კი, – ყურშამ ცერა თითი ასწია და დააყოლა, – ყველაფერი კარგადაა. კორპუსში არანაირი კამერა არ დგას. მეტიც, იქ ისე შეიძლება მანქანით მისვლა და წამოსვლა, რომ არაფერი დაგვაფიქსირებს. კამერები ახლომახლოც არსადაა. მთავარია, მე და შენ ბუკია მოვიხელთოთ და უხმაუროდ წამოვიყვანოთ ჩემს სარდაფში.
– ძალიან კარგი, – კმაყოფილებით თქვა ნინიძემ, – ესე იგი, დღესვე შეგვიძლია ჩავატაროთ ოპერაცია, ხომ?
– კი ამაღამვე. მთავარია, რომ ტიტე არ იყოს სახლში.
– ტიტე თერთმეტზე, მაქსიმუმ შუაღამეს მივა სახლში. რაღაცას ჩალიჩობენ მაგის განყოფილებაში და მთელი დღე სამსახურში იქნება. – თქვა ნინიძემ, – ახლა უკვე დეტალებზე მოვილაპარაკოთ. როგორც უკვე ვთქვით, შენ შენი ძველი ფურგონით წამოხვალ და ნომრებს შეცვლი. მე გარეთ დაგელოდები. შენ გაზკანტორის სახელით შეაღწევ ბინაში და ბუკიას ცოლ-შვილს მოაყუჩებ. ხოლო, ტიტე რომ მოვა, მასაც მიაყოლებ. შემდეგ დამირეკავ. მე ამოვალ და ბუკიას წამოვათრევთ. ოპერაციას, საღამოს ცხრა საათზე დავიწყებთ. ახლა კი წავალ და სუფთა ტელეფონს და გასათიშ პულვერიზატორს მოვიტან. გარეგნობის შეცვლა და შმოტკები, როგორც ვთქვით, შენზეა.
ნინიძე წამოდგა და გასასვლელად მოემზადა, მაგრამ ყურშამ მას უთხრა:
– ზურა, მოიცა. რაღაც მაქვს სათქმელი.
– თქვი, რა ხდება? – ჰკითხა ნინიძემ.
ყურშამ პირი დააღო, რომ ნინიძისთვის რიტას შესახებ ეთქვა. ამ დროს საძინებლის კარი გაიღო. ოთახში მხოლოდ ქვედა საცვალში გამოწყობილი რიტა შემოვიდა და ნინიძეს უთხრა:
– ჯობია, მე თვითონ გითხრათ ყველაფერი...
– ეს ძუკნა ვინაა, ყურშა? – სახეწამოჭარხლებულმა მაიორმა შიშველი რიტასკენ გაიშვირა ხელი.
– ძუკნას ნუ მეძახით და მომისმინეთ. მე რიტა მქვია, – მშვიდად უთხრა რიტამ ნინიძეს.
მაიორმა უცებ წარმოიდგინა, რომ მთელი მისი გეგმები ჩაიშალა. ამიტომ, უცებ ამოაცურა ტაბელური პისტოლეტი, ყურშას მიუშვირა და უღრიალა:
– ეს ნაბოზარი ყველაფრის საქმის კურსშია, ხომ, შე ტრაკო შენა?! ხომ შევთანხმდით, რომ მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინებოდა ყველაფერი? ახლა ორივეს დაგბრიდავთ, მერე კი დაგწვავთ.
– ზურა! – წამოიძახა შეშინებულმა ყურშამ. ქალმა კი ნინიძეს უთხრა:
– დაწყნარდი, ჩემო ძმაო, რას ბუინობ. ტაბელური იარაღით რომ მოგვკლა, დაიწვები. არც გლუშიტელი გაქვს და ორმაგად დაიწვები. ან რატომ გვბრიდავ? ჯერ მომისმინე და მერე იმოქმედე.
მაიორმა ზიზღნარევი სახით შეინახა პისტოლეტი. შემდეგ გააბოლა და უხმოდ ჩაჯდა სავარძელში. რიტამ პაუზა გააკეთა და ნინიძეს უთხრა:
– რაც უშომ გითხრათ წეღან, ყველაფერი ჩემი დაჩიჩმულია. თუ თანახმა იქნებით და საქმეში ამიყვანთ, მაშინ გარწმუნებთ, არ შეგარცხვენთ და მაყუთსაც სუფთად აიღებთ. მე მხოლოდ ნახევარ-ნახევარი მილიონი ევრო მინდა თითოეული თქვენგანისგან და ჩემს გზაზე წავალ.
– უკვე წილებზეც ალაპარაკდი? – სიტყვა გააწყვეტინა მაიორმა რიტას. გოგონამ კი გაუღიმა და მიუგო:
– მხოლოდ მიზერულ წილზე. სამაგიეროდ, ლომის წილს შევიტან ამ საქმეში.
ნინიძეს სიმწრისგან გაეცინა და რიტას უთხრა:
– მიდი, თქვი ერთი, რა ლომის წილი შეგაქვს.
– რა და, ბუკიას ბაითში მე შევაღწევ მოტყუებით – მის ცოლს ვეტყვი, რომ აღწერაზე ვარ. მე თვითონვე მოვაყუჩებ ქალსა და ბავშვს და უშოც შემოვა. ტიტე რომ დაბრუნდება, მასაც მოვაყუჩებთ და აქ წამოვიყვანთ. ხოლო, პროფესორის ადგილსამყოფელს რომ გავიგებთ, დანარჩენ ჩალიჩშიც მოგეხმარებით. თქვენ კი ორმოცდაათ მილიონ ევროს თუ აიღებთ, თქვე დალოცვილებო, ერთი მილიონი აღარ მეკუთვნის?
„შენ და შენი ყურშა ტყვიებს მიიღებთ შუბლში“, – გაიფიქრა ნინიძემ. ქალს კი უთხრა:
– გეკუთვნის. მთავარია, ეს საქმე გამოვიდეს...
გაგრძელება შემდეგ ნომერში