ინტიმური საუბრები
ჩემი ქმრის საყვარლობა უფრო მომწონს, ვიდრე მისი ცოლობა
მე და გიგამ ერთმანეთი ჩემი თანაკურსელის დაბადების დღეზე გავიცანით. თავიდანვე მივაქციე ყურადღება და მოვიხიბლე მისით, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები. მოკლედ, თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ვხვდებოდით ერთმანეთს, საათობით ვსაუბრობდით, განშორება კი გვიჭირდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. გიგას ოჯახში კარგად მიმიღეს, დედამისი და მისი და ძალიან თბილად შემხვდნენ და დაიწყო ჩემი ოჯახური ცხოვრება. გიგამ თავიდანვე გამაფრთხილა, არ მიყვარს, ქმარი რომ სამსახურშია და ცოლები აქეთ-იქით დადიან. ამიტომ, შენს სამსახურზე სიტყვაც არ მითხრა, სანამ მე სახლში არ ვიქნები, ფეხს ვერსად გაადგამო. პირველ დღეებში ვფიქრობდი, ვუყვარვარ და ამიტომაც ეჭვიანობს, უნდა, სახლში ვიყო-მეთქი, მაგრამ, რაც დრო გადიოდა, გიგასთან ურთიერთობა აუტანელი ხდებოდა. შეიცვალა, ცივი და უხასიათო გახდა. მე კი პირიქით, მისადმი კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრდა სიყვარული. ერთ დღესაც გამომიცხადა: სხვა მიყვარდა, შენ რომ გაგიცანი, მასთან ახალი დაშორებული ვიყავი და მეგონა, დავივიწყებდი, მაგრამ ისევ ის მიყვარსო. ეს ისეთი დარტყმა იყო ჩემთვის, თითქოს სამყარო ამოტრიალდა. გიგა სახლში გვიან ბრუნდებოდა, მე კი იმის უფლებაც არ მქონდა, მის გარეშე ჩემს მშობლებთან წავსულიყავი, მეგობრებზე ხომ, ლაპარაკი ზედმეტი იყო. ფაქტობრივად, პატიმარი ვიყავი, ვისთვისაც კარი ღია იყო, მაგრამ გარეთ გასვლა არ შეეძლო. ქორწინებიდან ზუსტად ექვს თვეში გამომიცხადა, აღარ მიყვარხარ და მინდა დავშორდეთო. ვიტირე, ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ვეუბნებოდი, რა ვუთხრა ხალხს, მშობლებს, ნათესავებს, რის გამო დავშორდი-მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა. სახლში ხომ გვიან ბრუნდებოდა და მთელი საღამო იმ გოგოს ემესიჯებოდა. მოკლედ, ცხოვრება აუტანელი გახდა. ჩავალაგე ჩემი ტანსაცმელი და მშობლების სახლში დავბრუნდი. მადლობა ღმერთს, მშობლებმა სიტუაცია არ დაძაბეს და თბილად მიმიღეს. უბრალოდ, გამაფრთხილეს, თუ კიდევ ერთხელ შეხვდები გიგას, ჩვენ აღარ გვახსენოო. გიგასთან ხელი მქონდა მოწერილი და მინდოდა განქორწინება, მაგრამ ამაზე უარი მითხრა. უფრო სწორად, მითხრა, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთო. ჩემთან განქორწინება არ უნდოდა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვას არ გავყოლოდი ცოლად. ეს კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას იწვევდა ჩემში, მაგრამ, როგორც იქნა, გადავლახე ის საშინელი მარტოობის დღეები, მეგობრებიც მოვინახულე და სამსახურიც დავიწყე. გიგას მშობლები და და ხშირად მირეკავდნენ და მკითხულობდნენ. თავად კი, ჩემი არსებობა არც კი აინტერესებდა. თუმცა, ზუსტად ერთი წლის მერე გამოჩნდა, როცა ცხოვრება თითქოს თავიდან დავიწყე და ნელ-ნელა მის დავიწყებასაც ვცდილობდი. გამომიცხადა, ის გოგო მიყვარს, მაგრამ შენ გარეშე მიჭირს ცხოვრებაო. დავიბენი, ვერ მივხვდი, რა უნდოდა ჩემგან, მაგრამ მოვუსმინე და მის თვალებში ამოვიკითხე, რომ გულწრფელი იყო. მითხრა, იმიტომ ვეჭვიანობდი შენზე, მეგონა, შეყვარებულმა მიღალატა, სხვა ბიჭთან ვნახე. მერე ყველაფერი გავარკვიეთ, შენ კი განსხვავებული ხარ, არ ჰგავხარ სხვებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ და უშენოდ მიჭირს. ყველაზე სანდო მეგობრად მიმაჩნიხარ, ცოლად კი ვერ მიგიღებ და საყვარლები გავხდეთო. ეს უკანასკნელი სიტყვა ყველაზე დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. მაგრამ, ფაქტია, დღეს მისი ოფიციალური საყვარელი ვარ. მართალია, ხელი მოწერილი გვაქვს, ცოლ-ქმრად ვითვლებით, მაგრამ სახლში ცოლი ჰყავს და ჩვენ შეხვედრა ნაქირავებ ბინაში გვიწევს. სხვათა შორის, გიგას საყვარლობა უფრო მომწონს, ვიდრე მისი ცოლობა. ახლა უფრო მეტ სითბოს ვგრძნობ მისგან და აღარც ვჩხუბობთ. კვირაში სამჯერ მაინც გვიწევს ერთმანეთის ნახვა და მოსიყვარულება. უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ იმ გოგოსთან შვილი ჰყავს, ჩემგან კი შვილის გაჩენა არ უნდა. ვფიქრობ, ესეც დროის საკითხია. მიხვდება, რომ ჩემი შვილი არც მას და არც მის ფიქტიურ ცოლს პრობლემას არ შეუქმნის. უბრალოდ, ახლა ვხვდები, რომ ხშირად ადამიანებს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ გამოსდით და ცალ-ცალკე ცხოვრება კი აახლოებთ. უფრო სწორად, საყვარლები უფრო კომფორტულად და კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე ცოლ-ქმარი. ყოველ შემთხვევაში, მე და გიგა ასე ვართ და ხვალ რა მოხდება, არავინ იცის.
ნინო 27 წლის.