სიყვარული რეანიმაციაში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-37(820)
ნიასთვის გაურკვეველი იყო ის გრძნობა, რომელიც ანდროს მიმართ გაუჩნდა... ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა და სანამ გააანალიზებდა, რა ურთიერთობა შეიძლება ყოფილიყო მათ შორის, იქამდე აღმოჩნდა საწოლში ბიჭთან ერთად. უცნაური ის იყო, რომ არც სინდისის ქენჯნას შეუწუხებია და არც დანაშაულის განცდას. პირიქით, კმაყოფილებაც კი მოჰგვარა ანდროსთან გატარებულმა ღამემ. ანდრომ იცოდა, როგორ მიენიჭებინა ქალისთვის სიამოვნება და ეს კარგად გამოსდიოდა. მიუხედავად ამისა, როცა დღის ბოლოს ბიჭმა დაიმარტოხელა და ვნებიანად წასჩურჩულა, ამ ღამესაც ხომ არ განვმარტოვდეთო, უკმეხად მიახალა, ხომ გითხარი, ეს მეტად აღარ განმეორდება-მეთქი.
– რატომ? – გაიცინა ანდრომ, – მგონი, უკმაყოფილო არ დარჩენილხარ.
– მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ხომ გითხარი უკვე... საქმე ისაა, რომ უკვე მყავს პარტნიორი, ვისზეც ძალიან სერიოზულად ვფიქრობ.
– ანუ, ფიქრობ, რომ დავითთან რაღაც გამოგივა? გგონია, ბატონი პროფესორი ცოლად შეგირთავს? – ირონიულად ჩაიცინა ანდრომ და გოგოს უტიფრად მიაჩერდა, – ჰა, გამოვიცანი?
ნია გაშრა. არ ელოდა ანდროსგან ასეთ სიტყვებს. მიხვდა, რომ ბიჭი დარწმუნებული იყო იმაში, რასაც ამბობდა.
– ვინ გითხრა? ვერ დავიჯერებ, რომ კლინიკაში ჩვენზე ჭორაობენ. მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენდით ორივე.
– ბატონი დავითი შეიძლება, იჩენდა კიდეც, მაგრამ შენ? თუმცა იმისთვის, რომ სიუჟეტი განვითარდეს, ორი პერსონაჟია საჭირო.
– რაზე ლაპარაკობ... ანდრო, ყველაფერი უნდა მითხრა! – ნიას ხმა უთრთოდა და ატირებას აღარაფერი უკლდა.
– დამშვიდდი. შენი საიდუმლო მარტო მე ვიცი. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, მგონი, ასეა. ისე, დიდი იმედი ნუ გექნება – დავითს ვგულისხმობ. ცოლად არ შეგირთავს.
– ეგ უკვე შენი საქმე არ არის. მითხარი, საიდან გაიგე ჩვენი ამბავი.
– ჩიტმა მომიტანა, – დაიღრიჯა ანდრო და გაფითრებულ ნიას თვალი ჩაუკრა, – ნუ გეშინია. შეგიძლია, მენდო. მითხარი, რაზე გათვალე... პრინციპში, ცუდი აზრი არ არის – სახელოვანი ექიმი, ქვრივი, შეძლებული და წარმატებული, კლინიკის მეპატრონე, არც ისე მოხუცი, სიმპათიურიც კი...
– გეყოფა. აღარ ვაპირებ შენს მოსმენას. მითხარი, ვინ გითხრა-მეთქი. ახლავე მითხარი... – ფეხები გააფთრებით დააბაკუნა გოგომ.
ანდრომ თვალები მოჭუტა და ნიას თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.
– ნუ მემუქრები, საყვარელო... მე შეიძლება, კარგი მოკავშირეც კი აღმოვჩნდე. რა იცი, რაში გამოგადგები. მით უმეტეს, რომ საწოლშიც შესანიშნავად ვეწყობით ერთმანეთს.
– ვნანობ, რომ შენთან სიახლოვე დავუშვი, – გამოსცრა ნიამ და თვალები ხელისგულებით მოიწმინდა, – ხედავ, რა მდგომარეობამდე მიმიყვანე? ვტირი...
–კარგი ერთი. შენნაირებს ტირილი საერთოდ არ შეუძლიათ. ეგ უწყინარი „ტრიუკი“ დავითისთვის შემოინახე. იმაზე ნამდვილად გაჭრის, მაგრამ ჩემთან არც გჭირდება და არც გაგივა. მომისმინე, დამშვიდდი და გონებას მოუხმე. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და თუ ერთად დავდგებით, ბევრსაც მივაღწევთ.
ნიამ ეჭვით შეხედა მეგობრულად მოღიმარ ანდროს.
– მე ადვილად ვერ ვენდობი ადამიანებს. ის არაფერს ნიშნავს, რომ ლოგინში ჩაგიწექი. უბრალოდ, ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და ვიღაცასთან სიახლოვე მჭირდებოდა.
– მე „ვიღაც“ არ ვარ. ამაში მალე დარწმუნდები.
– ჯერ არ გითქვამს, საიდან გაიგე ჩემი და დავითის ამბავი. ერთ სიტყვაზეც არ გენდობი, თუ არ აღიარებ.
– ასაღიარებელი არაფერია, ვიდეო ვნახე.
– რა? – შეხტა ნია და ბიჭს მიაჩერდა, –რომელი ვიდეო?
– მე ერთი ვნახე დაცვასთან, ოთახში... შენ რა, კიდევ გაქვს რამე?
ნიამ ამოიოხრა. ის დღე გაახსენდა, დაცვის ოთახში ფირზე აღბეჭდილი მისი და დავითის სასიყვარულო სცენების წასაშლელად რომ შევიდა. ეს ამბავი თითქმის დავიწყებას მიეცა. რატომღაც ეგონა, რომ მაშინ საწადელს მიაღწია. შეძრწუნებული საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და სახეზე ხელები აფარა.
– ღმერთო, კოტე... კოტემაც ნახა?
– შემიძლია, გაწვალო და ისეთი ვერსია შემოგთავაზაო, კარგა ხანს რომ განერვიულებს. მაგრამ, მე ბოროტი არ ვარ. კოტეს არაფერი უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ჩემ იქ ყოფნაში. მერე რაღაცაზე ოთახიდან გავიდა და მომენტით ვისარგებლე, ჩანაწერი წავშალე.
– არ მატყუებ?
– შეიძლება, ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ მატყუარა არ ვარ. აბა, ახლა რას იტყვი, – ვყოფილვარ შენი მეგობარი? იმას ხომ ვერ დამაბრალებ, რომ ეს ყველაფერი შენი საწოლში შეტყუების მიზნით გავაკეთე.
ნია ბიჭთან მივიდა და ლოყაზე აკოცა.
– გმადლობ. მართლა კარგი ბიჭი ხარ.
– იცი, მე მაწყობს, თუ შენ დავითის ცოლი გახდები. ჩემს მიზანს უფრო ადვილად მივაღწევ.
– შენს მიზანს?
– რა თქმა უნდა. მინდა, მეც დავითივით ცნობილი გავხდე. ამისთვის კი, ჯერჯერობით მისი ფრთის ქვეშ ყოფნაც მეყოფა. შენ კი ამაში დამეხმარები.
– კარგი, გავიგე. პრინციპში, ასეთი კავშირი მომწონს.
– რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად დიდი ძალა ვართ.
– ჰო, მაგრამ დავითი ჩემთან ურთიერთობის გაგრძელებისგან თავს იკავებს, – მოიღუშა ნია, – ვატყობ, უნდა, მაგრამ რაღაც უშლის ხელს, რაღაც აფერხებს.
– მერე? სწორედ ახლა გჭირდები...
ნიამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– აეჭვიანე. კაცები ბუნებით მესაკუთრეები ვართ. საკმარისია, ერთხელ მაინც გავიაროთ ქალთან, რომ ჩვენად მივიჩნევთ და ვერ ვიტანთ, როცა მას სხვა კაცი ეპოტინება.
– ეს გაჭრის ბატონ დავითზე?
ანდრომ ჩაიცინა.
– ბატონი დავითიც კაცია – ჩვეულებრივი კაცი. დამიჯრე, ეს „იმუშავებს“.
– შენ მიმართ რომ გაუჩნდეს აგრესია?
– არა მგონია. ის ხომ დარწმუნებულია, რომ მე თქვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცი. მომენდე. ნახავ, ყველაფერი გამოვა.
– კარგი, მაგრამ ახლა უნდა წავიდეთ აქედან, სანამ ვინმე წამოგვდგომია თავზე... – ნიამ ტანსაცმელი გაისწორა და ბიჭს გაუღიმა.
***
ვახომ კაბინეტის კარი შეაღო და დავითს ხელი დაუქნია.
– მოვედი... გცალია?
– რა თქმა უნდა. გელოდებოდი. შემოდი, დაჯექი.
ვახო დავითის თანამედროვე დიზაინითა და ძვირფასი ავეჯით გაწყობილ კაბინეტში შევიდა. წითელი ხის გაპრიალებულ მაგიდას მიუჯდა და იქაურობა მოათვალიერა.
– დიდი ხანია, აქ აღარ ვყოფილვარ. მშვენივრად მოწყობილხარ. როგორც ჩანს, კლინიკას კარგი შემოსავალი აქვს.
– ჰო, არ ვუჩივი...
– შენგან წავედი და ფიქრებმა არ მომასვენა. მინდა, დაგეხმარო და არ ვიცი, როგორ...
– ჰო, მაგაშია საქმე. გამოსავალს ვერც მე ვპოულობ. ვიფიქრე, რამდენიმე თვით სადმე გავემგზავრები-მეთქი, მაგრამ აქაურობას დიდი ხნით ვერ დავტოვებ... ან სადმე დავიმალები. მოკლედ, გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.
– გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. გეტყოდი, აქაურობას დროებით მე მივხედავ-მეთქი, მაგრამ გაქცევა მეტისმეტად ბავშვური სისულელეა... მომისმინე. იქნებ, ჯერ საკუთარ არჩევანში ჩამოყალიბდე და გაარკვიო, რა გინდა. უფრო სწორად, გაარკვიო, რომელი გინდა... მერე გადაწყვეტილების მიღებაც გაგიადვილდება.
დავითმა თავი გააქნია
– არაფერი გამოვა. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო. იმაში გეთანხმები, რომ საკუთარ გრძნობებში გარკვევა მჭირდება, მაგრამ როგორ?
– არ გინდა, ორივე გამაცნო?
– რა? – დავითმა თავი ასწია და გარდაცვლილი ცოლის ძმას გაოცებით შეხედა.
– ჰო, არ გინდა, ჩემი აზრი გითხრა მათ შესახებ? იქნებ გამოგადგეს.
– კარგი... შეიძლება, მართალი ხარ. წავიდეთ, ჯერ ცისიას განახვებ. რომ იცოდე, ვისი შვილია...
– ვისიც უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს... მთავარი შენ ხარ, გამოსავალს შენ ვერ პოულობ.
– დამარწმუნე... – დავითმა ვახოს ხელი მეგობრულად ჩამოართვა და საკიდიდან ხალათი ჩამოხსნა, – პალატაში შენ მოწვეული სპეციალისტი იქნები.
ცისია საწოლში იჯდა და ტელევიზორის გადამრთველს აწვალებდა. დედამისიც იქვე იყო. პატარა მაგიდასთან იდგა და მუყაოს კოლოფიდან ჭიქაში წვენს ასხამდა.
– ვერ ვხვდები, რატომ ჯიუტობ? – მიუბრუნდა შვილს და წვენიანი ჭიქა გაუწოდა.
– ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა. წვენს ხომ მორჩილად ვსვამ. ყველაფერს ვჭამ, რაც მოგაქვთ და ექიმებსაც ვუჯერებ, – ისე გულუბრყვილოდ წარმოთქვა ცისიამ, თითქოს ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა დედამისი.
– ცისია, დროა, აქედან წავიდეთ და უფრო კვალიფიციურ კლინიკაში განვაგრძოთ შენი მკურნალობა.
– რისთვის? აქაც კარგად მივლიან.
– არა. შენ არ გესმის... კარგად გივლიან, მაგრამ უკვე სხვანაირი პატრონობა გჭირდება – სპეციალიზებულ კლინიკაში უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებთან.
– დედა, ჯერ სამაგისოდ მზად არ ვარ.
– ცისია, უკვე აღარ ვიცი, რა გითხრა. ისევ მამაშენს დაველაპარაკები და ბატონ დავითს. იქნებ იმათ მაინც დაუჯერო...
– დამღალე, დედა... – ამოიოხრა ცისიამ, – ვიცი, რომ ჩემზე დარდობ, მაგრამ ნელ-ნელა კარგად ვხდები, ამას ვგრძნობ. უბრალოდ, დრო მჭირდება.
დედა-შვილს საუბარი კარის ხმამ შეაწყვეტინა. პალატაში დავითი შევიდა, ახალგაზრდა, უცხო მამაკაცთან ერთად.
– კარგია, რომ აქ ხართ, – დავითი ცისიას დედას მიესალმა და შეეცადა, გოგოსკენ არ გაეხედა, – ეს ჩემი კოლეგაა, ბატონი ვახტანგი. აქ იმისთვის მოვედით, რომ ორივემ, თქვენთან ერთად, შევარჩიოთ სარეაბილიტაციო ცენტრი. ყველაზე კარგი, მაქსიმალურად მორგებული ცისიასთვის... სადაც თქვენს გოგოს სწრაფად დააყენებენ ფეხზე.
– ჩემი აქედან მოშორება გინდათ? – ვეღარ მოითმინა ცისიამ, ყურადღება არ მიუქცევია იმისთვის, რომ უცნობი ექიმი დაჟინებით და ინტერესით მისჩერებოდა.
– რატომ ნერვიულობ, საყვარელო? – ნაძალადევად გაიცინა დალიმ და დავითს მიმართა, – მალე ჩემი მეუღლეც მოვა. ორივე იმ აზრზე ვართ, რომ აქ უკვე ტყუილად ვრჩებით. არ იფიქროთ, რომ უმადურები ვართ. ღმერთო ჩემო, მგონი, რაღაც ისე ვერ ვთქვი. სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერები ვიქნებით, უზომოდ, უსაზღვროდ მადლიერები...
– შეიძლება, პაციენტი გავსინჯო? – ვახომ სიტუაციის უხერხულობა იგრძნო და დროულად ჩაერთო საუბარში.
– რა თქმა უნდა, კოლეგავ, თქვენი მოსაზრება კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მჭირდება.
– რა ხდება, რამე ისე არ არის? – შეშფოთდა ქალი, – არაფერი დამიმალოთ, ძალიან გთხოვთ... – დალი ორივე ხელში ჩააფრინდა დავითს და ერთბაშად კარისკენ შეტრიალდა, – ჩემი მეუღლეც მოვიდა... ირაკლი, მგონი, რაღაც ხდება.
– ქალბატონო დალი, სულ ტყუილად ღელავთ. თქვენი შვილი კარგად არის, ძალიან კარგად. შეიძლება ითქვას, არაჩვეულებრივად. უბრალოდ, იმ სიმძიმის ავარიის შემდეგ სასწაულით გადარჩენილი პაციენტის ნახვა აინტერესებდა ჩემს კოლეგას, მეტი არაფერი.
ირაკლი ცოლთან მივიდა და ხელი მხარზე მოხვია.
– დალი, ასე არ შეიძლება. ექიმებთან უხერხულ სიტუაციაში მაგდებ. ბატონო დავით, ბოდიშს გიხდით.
– არაფერია, როგორც ყველა დედა, თქვენი მეუღლეც ძალიან მგრძნობიარეა.
– ვახტანგ, რას იტყვი?!
– მაგარი გული აქვს გოგონას, – გაიცინა ვახომ და დავითს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა, – სიარულს უკვე ახერხებს, ხომ მართალია?
– დღეს არ მიცდია, – მხიარულად გაიცინა ცისიამ, – სოსო ექიმი იყო, მეხვეწა, მაგრამ თქვენ გარეშე ამის გაკეთება არ მინდოდა. დამეხმარეთ და გაჩვენებთ, რომ შემიძლია.
დავითმა ვახოს შეხედა. მანაც უსიტყვოდ დაუქნია თავი.
მოგვიანებით, დავითის კაბინეტში ირაკლისა და დავითს შორის ასეთი საუბარი გაიმართა.
– ცისია თქვენ უნდა დაითანხმოთ, რომ რეაბილიტაციისთვის გამაჯანსაღებელ ცენტრში გამოგვყვეს. მერიდება, გთხოვოთ, მაგრამ იქნებ თქვენც ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ. როგორც ვხვდები, ცისია მარტო თქვენ, თავის გადამრჩენს ენდობა. მხოლოდ ორი-სამი დღით. ძალიან დაგვავალებთ... ისედაც უზომოდ დავალებულები ვართ თქვენგან.
– იცით, – დაიბნა დავითი, – ოპერაციების განრიგს უნდა გადავხედო.
– მესმის თქვენი. მერიდება, ასე ძალიან რომ გაწუხებთ, მაგრამ ცისიას სიჯიუტეს მარტო თქვენი დახმარებით მოვერევით. ხომ ამბობთ, რომ კვალიფიციური სამედიცინო ცენტრი სჭირდება... შესაძლებლობაც მაქვს, რომ შვილის სრული გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი გავაკეთო.
– რა თქმა უნდა, ვეცდები, თქვენთან ერთად წამოვიდე.
– ძალიან დიდი მადლობა, – ირაკლიმ გულითადად ჩამოართვა ხელი და კაბინეტიდან ბედნიერი გამომეტყველებით გავიდა.
კარი მიიხურა თუ არა, ვახომ ხელები გაშალა.
– ძალიან ლამაზია და აშკარად უყვარხარ.
– გეყოფა.
– შენ ვერ ატყობ? ისე შემოგციცინებდა...
– მერე, რა, მე ხომ სიკვდილს გადავარჩინე. თანაც, შვილად მეკუთვნის. მამამისი იცანი?
ვახომ თავი დაუქნია.
– ჰო. ცუდ დღეში ხარ, მეგობარო. ბარემ ის მეორეც მანახე, რომ სიტუაციის მთელი სიმძიმე შევიგრძნო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში