რასაც არავინ ელოდა
მარტინ ერენგრაფის კაბინეტში შესული მამაკაცი უზარმაზარი იყო. როცა ადვოკატს ხელი ჩამოართვა, ერენგრაფმა გაიფიქრა, რომ ამხელა მუშტი არასდროს ენახა. მასთან შედარებით თავი პატარა წრუწუნად წარმოიდგინა.
– მე არ მომიკლავს ჩემი ცოლი... ისინი ამბობენ, რომ მოვწამლე. ფუ, რა საზიზღრობა და სულმდაბლობაა! მოკვლა რომ მდომოდა, შხამს არ გამოვიყენებდი. ხელის ერთი მოქნევით გადავამსხვრევდი ხერხემალში ან კისერს გადავუმტვრევდი...
– დაბრძანდით, მისტერ ბრიჯოუტერ... თქვენ ამბობთ, რომ უდანაშაულო ხართ. ძალიან კარგი. მოდი, მივყვეთ იმ სამხილებს, რაც პოლიციას თქვენ წინააღმდეგ აქვს. თქვენი ცოლის სიკვდილი გამოიწვია ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრილმა უფერო, უსუნო, სწრაფმოქმედმა შხამმა, სიდონექსმა.
– დიახ, პოლიცია ასე ამბობს, – უხალისოდ დაეთანხმა ბრიჯოუტერი.
– ამას ექსპერტიზა ადასტურებს, სერ... სიდონექსი აღმოაჩინეს თქვენს ბინაშიც.
– დიახ. არ უარვყოფ. მე ის მღრღნელების მოსაწამლად ვიყიდე, რამდენიმე დღის წინ, მაგრამ არ გამომიყენებია. ქილა არც კი გამიხსნია.
– ამის დამტკიცება გაგიჭირდებათ, – თავი გააქნია ადვოკატმა.
– არ მომიკლავს-მეთქი, – მოულოდნელად იფეთქა ადვოკატის სტუმარმა.
– გავიგე. ჩემი კლიენტები მხოლოდ უდანაშაულოები არიან. იცით ხომ, ჩემი ჰონორარი პატარა რომ არ იქნება.
– დიახ და თანახმა ვარ. თანხა პრობლემა არ არის.
– იმ დღის მოვლენები გაიხსენეთ.
– ოთხშაბათს, სადილის შემდეგ ჩემმა ცოლმა თქვა, რომ თავი სტკიოდა და გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. თავისი წამალი დალია, მაგრამ მდგომარეობა გაუუარესდა. საავადმყოფოში გადავიყვანე, მაგრამ გარდაიცვალა.
– რა მიირთვით სადილად?
– ხბოს ხორცის ჩაშუშული და ცოტა წითელი ღვინო დავლიეთ.
– ბოთლში საწამლავი არ აღმოჩნდა. ბოკლები კი პოლიციას გარეცხილი დახვდა. მაშინ, როცა დანარჩენი ჭურჭელი გასარეცხი იყო.
– მარტივად აგიხსნით, – ეს ბოკლები იშვიათი ბროლისაა და მოსამსახურე მას ყოველთვის ხელით რეცხავს, ჩემი მითითებით... ჭურჭელს კი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ალაგებს ხოლმე. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მოსამსახურემ მხოლოდ ბოკლების დარეცხვა მოასწრო.
– მისტერ ბრიჯოუტერ, იძულებული ვარ, რამდენიმე, ძალიან პირადული შეკითხვა დაგისვათ.
ბრიჯოუტერმა უხალისოდ დაუქნია თავი და მოიღუშა.
– თქვენი საყვარელი, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი, თქვენგან ბავშვს ელოდება.
– რაო? ეს საიდანღა გაიგეთ?
– ჩემი პროფესია ყველაფრის ცოდნაა, – გაიღიმა ადვოკატმა.
– ცოლთან ხშირად ჩხუბობდით...
– მე მიყვარდა ელისი და მის მიტოვებას არ ვაპირებდი, – შეჰყვირა კაცმა.
– მოითმინეთ, მე თქვენს უდანაშაულობაში ეჭვი არ შემაქვს. მართალია, რომ თქვენი ცოლის სიცოცხლე ნახევარ მილიონ ფუნტ სტერლინგად იყო დაზღვეული და ამ თანხას თქვენ მიიღებთ, სხვა დანარჩენ მემკვიდრეობასთან ერთად?
– დიახ, ასეა. მაგრამ, მეც მაქვს სოლიდური შემოსავალი. ჩემი ფირმა ძალიან წარმატებულია.
– ვიცი, ვიცი... მისტერ ბრიჯოუტერ, თქვენ თქვით, რომ ელისმა, როგორც კი თავი შეუძლოდ იგრძნო, მაშინვე წამალი დალია. იცით, კონკრეტულად რა პრეპარატზეა საუბარი?
– დიახ, რა თქმა უნდა, ელისი ყველა უსიამოვნო შეგრძნებაზე ამ პრეპარატს სვამდა და საკმაოდ ხშირად ვყიდულობდი აფთიაქში. „დარნიტოლი“ – გეცნობათ?
ადვოკატმა თავი დაუქნია.
– სრულიად უწყინარი პრეპარატია. თუ არ ვცდები, კოლოფში ათი თუ თხუთმეტი ტაბლეტია.
– თხუთმეტი კაფსულაა, შიგთავსით...
– და... ელისი, თქვენი მეუღლე მას სისტემატურად იღებდა?
– როგორც უკვე გითხარით, როცა კი რამე წამოსტკივდებოდა.
– კარგი. რაც მაინტერესებდა, ყველაფერი გავიგე. შეგიძლიათ, წაბრძანდეთ.
– როგორ, სულ ეს იყო?
– ჯერჯერობით, ეს იყო... როცა ნამდვილ მკვლელს ვიპოვი, შეგატყობინებთ. რაც შეეხება ჰონორარს, როცა თქვენ წინააღმდეგ ყველა ეჭვი გაქარწყლდება და ბრალეულობა მოგეხსნებათ, ჩეკს შემდეგ გამომიწერთ...
– მე მგონია, რომ ნამდვილ მკვლელს ვერ იპოვიან, – ამოიოხრა ბრიჯოუტერმა, – შეიძლება, მე და ელისი იდეალური წყვილი არ ვიყავით, მაგრამ მართლა მიყვარდა...
– კარგი. ყველაფერს გავაკეთებ.
სამი კვირის შემდეგ მისტერ ბრიჯოუტერი ისევ მივიდა ადვოკატის ოფისში და შეამჩნია, რომ ერენგრაფს საზეიმოდ, ცოტათი პომპეზურადაც კი ეცვა.
– გილოცავთ, მისტერ ბრიჯოუტერ. გუშინ პოლიციამ ნამდვილი მკვლელი დააპატიმრა – ევანს უილერი, აფთიაქის გამყიდველი და თქვენი საყვარლის ქმარი...
– ვერაფერი გავიგე. რისი თქმა გინდათ? დიახ, ევანსი ვერ მიტანდა და სიამოვნები იძიებთა შურს, მის ცოლთან ჩემი ურთიერთობისთვის, მაგრამ ელისი როგორ უნდა მოეწამლა, ის ხომ ჩვენთან არ ყოფილა? ელისი სახლში მოწამლეს – თუ ის მართლა მოწამვლით გარდაიცვალა.
– დიახ. ექსპერტიზამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. საქმე „დარნიტოლშია“. თქვენი საყვარლის ქმარმა ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად დაგეგმა და ჩაიფიქრა... წარმომიდგენია, როგორ სძულდით. დარწმუნებული იყო, ცოლის მკვლელობაში სწორედ თქვენ დაგადანაშაულებდნენ. იდეა თავად გაუჩინეთ, როცა მღრღნელებისთვის საწამლავი შეიძინეთ. ელისმა რომ „დარნიტოლის“ მორიგი დოზა შეიძინა, მასში უკვე იყო ერთი კაფსულა, რომელშიც ევანსმა საწამლავი ჩაყარა და დაელოდა... რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, ზუსტად რომელ დღეს დალევდა თქვენი ცოლი კონკრეტულად იმ კაფსულას – საწამლავიანი შიგთავსით, მაგრამ მას არსად ეჩქარებოდა. ალიბი გარანტირებული ჰქონდა – მკვლელობის მომენტში ის დანაშაულის ადგილიდან ძალიან შორს იყო.
– ღმერთო... კი მაგრამ, როგორ დაუმტკიცებთ ამას?
– ნუ ღელავთ, მისტერ ბრიჯოუტერ... მან უკვე აღიარა დანაშაული. როცა დეტალურად დავულაგე მთელი სქემა, ჩიხში მოემწყვდია და სხვა გზა აღარ დარჩა. გამოწერეთ ჩეკი, მისტერ ბრიჯოუტერ, აღიარეთ, რომ მე სამოცდაათი ათასი დოლარის თითოეული ცენტი დავიმსახურე.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ