კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა გიორგი წიკლაური ქართველი ექიმის მიერ დანიშნულ სასიკვდილო მკურნალობის კურსს

გასულ წელს გარდაიცვალა 8 წლის ბუკა ნიკურაძე, რომელსაც ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ქიმიოთერაპიის კურსმა კი ფატალური შედეგი გამოიწვია. თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მას ლეიკემიის ნაცვლად, იმუნოდეფიციტის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა. არასწორი დიაგნოზი დაუსვეს 23 წლის გიორგი წიკლაურსაც, რომელსაც ასევე, თურქმა ექიმებმა არ დაუდასტურეს ქართველი კოლეგების დიაგნოზი. საბედნიეროდ, გიორგის შემთხვევაში, ყველაფერი კარგად დასრულდა. თუმცა, ის ამ ამბის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს და რეაგირებისთვის უკვე მიმართა შესაბამის ორგანოს.
გიორგი წიკლაური: თანდაყოლილი გულის მანკი მაქვს, მაგრამ 23 წელია, სრულფასოვნად ვცხოვრობ, ხელს არაფერში მიშლის. ივნისში რამდენიმე დღე სიცხე მქონდა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ თანდათან მდგომარეობა გართულდა. სიცხე 40 გრადუსამდე ავიდა. 4 დღის განმავლობაში ვერაფერს ვჭამდი და შესაბამისად, ძალიან დავსუსტდი. თვითონ რომ ვერ მოვიგვარე ეს პრობლემა,  სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. მათ მიმიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც გამიკეთეს ანალიზები, ექოსკოპია. არ მოეწონათ სისხლის ანალიზის შედეგები და მირჩიეს, გამოკვლევები ჰემატოლოგიურ კლინიკაში გამეკეთებინა. მათვე შემომთავაზეს გადაყვანა შესაბამის კლინიკაში და მკითხეს, თანახმა ვიყავი თუ არა. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან სხვა გზა არ მქონდა. რეანომობილით გადამიყვანეს კლინიკა „ნეომედში”. იქაც გამიკეთეს სისხლის ანალიზი. არ მოეწონათ მდგომარეობა და მითხრეს, რომ მჭირდებოდა დამატებითი გამოკვლევები. ამ გამოკვლევებში იგულისხმებოდა ნაცხის აღება ძვლის ტვინიდან. მკერდის ძვლიდან ორჯერ ამიღეს ნაცხი. რამდენიმე დღის მერე გამაცნეს ჩემი დიაგნოზი და მითხრეს, რომ ეს იყო მეილოიდური ლეიკემიის მწვავე ფორმა. ჰემატოლოგს პირველივე შეხვედრისას ვუთხარი, რომ მქონდა თანდაყოლილი გულის მანკი. მან კი მიპასუხა: მოდი, ახლა რა პრობლემაც გაქვს, ჯერ იმას მივხედოთ და მაგას მერე მოვუვლითო. შოკის მომგვრელი იყო, მით უმეტეს, როცა ექიმი გეუბნება, ეს საკმაოდ მწვავე ფორმაა და დღეები, საათებიც კი, გადამწყვეტიაო.  მითხრა, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დამეწყო ქიმიოთერაპიის კურსი. გაგვიმზადა ფორმა ასი და დაგვაკვალიანა, სად შეიძლებოდა, მოგვეპოვებინა დაფინანსება. რამდენიმე დღეა საჭირო იმისთვის, რომ სახელმწიფომ გადმორიცხოს ქიმიოთერაპიისთვის საჭირო თანხა. უქმეები დაემთხვა და ამიტომაც ცოტა გაიწელა ეს პროცედურა. მე ვმუშაობ კომპანია „ჰუავეიში”. ჩემმა უფროსებმა და კოლეგებმა დაიწყეს თანხის შეგროვება, რათა სადმე წავსულიყავი, სადაც ჩემი დიაგნოზის გადამოწმებას შევძლებდი.  ბევრი დამიდგა გვერდში – მეგობრები, ნათესავები, სრულიად უცხო ადამიანები. განსაკუთრებით დამეხმარა წიკლაურების საგვარეულო ერთობა. შეგროვდა გარკვეული თანხა, მოვიძიეთ თურქეთის ერთ–ერთი კლინიკა, გავაგზავნეთ ჩემი დიაგნოზი და გადაწყდა, იქ წავსულიყავი. საკმარისი თანხა არ მიგროვდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, მერიასა და საკრებულოშიც მომეთხოვა დაფინანსება. ამ ხნის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ქალბატონი ლალი კუპრაშვილი, რომელმაც მე დამისვა ლეიკემიის დიაგნოზი (კლინიკა „ნეომედში” განყოფილების უფროსი და მთავარი ჰემატოლოგი), ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად დამეწყო ქიმიოთერაპია ან გავწერილიყავი კლინიკიდან და რომ იტყვიან, ჯანდაბამდე გზა მქონოდა. თურქეთში სამკურნალოდ დაფინანსების მოთხოვნისთვის მისგან მჭირდებოდა ფორმა ასი, სადაც ეწერებოდა რომ მე მჭირდება მკურნალობა უცხოეთში. მან არ დამიწერა ეს, რაც იმით ახსნა, რომ ჩემი უცხოეთში წასვლის აუცილებლობა არ იყო, რადგან აქაც შეეძლოთ იგივე მკურნალობის ჩატარება. ამით კი ჩვენ ვაყენებდით შეურაცხყოფას მის დიპლომს, კლინიკის პრესტიჟს  და ასე შემდეგ. მაშინ ვთხოვეთ, ის მაინც დაეწერა – იმის მიუხედავად რომ საქართველოშიც იყო შესაძლებელი მკურნალობა, ექიმი მიწევდა რეკომენდაციას, რომ წავსულიყავი უცხოეთში, რაზეც ასევე უარი მივიღეთ. შესაბამისად, ვერცერთ სახელმწიფო სტუქტურას ვერ მოვთხოვდი ერთ თეთრსაც კი. მართლაც ამ ფორმა ასის უქონლობამ გამოიწვია ის, რომ მე ვერავის მოვთხოვე დაფინანსება.
– კეთილისმსურველების დახმარებით შეგროვილი თანხით წახვედი თურქეთში. იქ როგორ განვითარდა მოვლენები?
– ვიდრე თურქეთში წავიდოდი, თანდათან, კიდევ უფრო უარესად გავხდი. თვითმფრინავში ამტკივდა ფილტვი და სუნთქვა გამიჭირდა. თურქეთის კლინიკაში გამიკეთეს ანალიზები და მახსოვს, ექიმს ვკითხე, ბლასტები ხომ არ იქნება გამქრალი-მეთქი. ექიმმა ირონიულად მიპასუხა, სად წავიდოდა კიბოს უჯრედები, რომელიც ექვსი დღის წინ გქონდაო. ახლიდან  გამიკეთეს ბიოფსია, არა მკერდის ძვლიდან, არამედ, ხერხემლის მხრიდან, თუ არ ვცდები, ბოქვენის ძვლიდან. ექიმი არ დაელოდა ლაბორატორიულ შედეგებს, პირდაპირ ჩაიხედა მიკროსკოპში და მითხრა, ვერანაირი ბლასტები ვერ დავინახეო. შოკში ვიყავი, არ ვუჯერებდი და ვითხოვდი ლაბორატორიულ შედეგს.
– ანუ, ლეიკემია არ დადასტურდა?
– ექიმი მეუბნებოდა, რომ ლაბორატორიულ შემოწმებას სჭირდებოდა რამდენიმე დღე, მაგრამ პირველადი კვლევისას არანაირი ბლასტები არ ჩანს და დარწმუნებული ვარ,  ლეიკემიით დაავადებული არ ხარო. ვედავებოდი, ლამის ვეჩხუბე – რას ჰქვია, არ არის ლეიკემია, როცა საქართველოში ეს დიაგნოზი დამისვეს, თქვენც რამეს ხომ არ მემაიმუნებით-მეთქი. ამის გამო, იქაური კოორდინატორი ძალიან გაღიზიანდა. სამ დღეში მომიტანეს ლაბრატორიული კვლევის შედეგიც, სადაც ეწერა, რომ არაფერი მჭირდა. ამ სამი დღის განმავლობაში მათ არ დაკარგეს არცერთი წუთი. მე აღარაფერს მეკითხებოდნენ, ისე ჩამიტარეს ძალიან ბევრი გამოკვლევა, რაშიც, რა თქმა უნდა, ბევრი თანხა დაიხარჯა. მე რომ აქედან სწორი დიაგნოზით წავსულიყავი, იქ პირდაპირ კონკრეტულ პრობლემას უმკურნალებდნენ და თანხებიც დაიზოგებოდა.
– საბოლოოდ, რა დიაგნოზი დაგისვეს თურქეთში?
– ჰემატოლოგიური კლინიკიდან გენერალურ კლინიკაში გადამიყვანეს, სადაც პირველი, რაც შეამოწმეს, იყო გული. გადამიღეს კარდიოგრამა და ექოსკოპია, სადაც გამოჩნდა, რომ მე მქონდა საკმაოდ დიდი ვეგეტაციები სამკარიდა სარქველზე, რაც გამოიწვია სეფსისმა სისხლში. ბაქტერიები მიდიოდა ფილტვებში და მრავლდებოდა. ამან კი ფილტვები გახვრიტა. მე დავკარგე ის ათი დღე, რაც ტყუილად ვიწექი საქართველოში. ამ პერიოდში ჩემი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ფილტვებში ჩადგა წყალი, რომელიც თურქეთში ამომიღეს. დამიწყეს ანტიბიოტიკებით მკურნალობა და მითხრეს, რომ საჭირო იყო ოპერაცია. ოპერაციასა და შემდგომ რეაბილიტაციაში იმხელა თანხა მოითხოვეს, რომ მე ფიზიკურად ვერ გადავიხდიდი. წამოვედი ისევ საქართველოში.
– საქართველოში გული არ გამოგიკვლიეს?
– მხოლოდ კარდიოგრამა გადამიღეს, სადაც ეს პრობლემა არ გამოჩნდებოდა. როგორც აღვნიშნე, მათ იცოდნენ გულზე ჩემი პრობლემის შესახებ და მინიმუმ, ექოსკოპია მაინც უნდა გაეკეთებინათ. მათ რომ ეს გაეკეთებინათ, მაშინვე დაინახავდნენ მდგომარეობას. სისხლი რომ  დაეთესათ, აუცილებლად გაიგებდნენ რომ ბაქტერიასთან ჰქონდათ საქმე და სისხლში სეფსისი იყო. მაგრამ, რატომღაც საჭიროდ არ ჩათვალეს. მე არ ვიცი, საიდან „გამოაძვრეს” ეს დაავადება. ექიმი მინიშნავდა ქიმიოთერაპიის კურსს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა ფატალურ შედეგს. იმით კი, რომ ფორმა ასი არ დამიწერა, შემიზღუდა თანხის მოძიების საშუალებაც. რომ არა ჩემი ახლობლების უდიდესი მხარდაჭერა, ალბათ, ჩავიტარებდი ქიმიოთერაპიის კურსს.
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სად და როგორ აგრძელებ მკურნალობას?
– აქ დაბრუნების შემდეგ, კლინიკა „მედიქლაბში” მივედი ბატონ გიორგი კანდელაკთან. მკურნალობა გამიგრძელდა იგივე პროტოკოლით. ბატონმა გიორგიმ კარგად შეარჩია ჩემი მკურნალობის კურსი და ძალიან რთული სიტუაციიდან, მისი წყალობით, ადვილად გამოვედი. დაახლოებით ორი კვირაა, რაც დავუბრუნდი ცხოვრების ნორმალურ რიტმს. შემდეგი კვირიდან სამსახურში ვაპირებ გასვლას. ქალბატონ ლალის არ დავკავშირებივარ და არც მას მოვუკითხივარ. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახურში შევიტანე განცხადება და ველოდები მათ რეაგირებას. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე სასამართლომდე მივა. საბედნიეროდ, გამიმართლა, გადავრჩი და მინდა, საქართველოში მსგავსი რამ აღარავის შეემთხვეს. სამწუხაროდ, ბუკას შემთხვევაში ფატალური შედეგი მივიღეთ. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ყველა სათანადოდ დაისაჯოს.
P.S. ამ თემაზე კომენტარისთვის დავუკავშირდით ექიმ ჰემატოლოგ ლალი კუპრაშვილს, მან გვითხრა რომ გიორგი წიკლაურის შემთხვევაზე თავად კომენტარს არ აკეთებს და კლინიკის დირექტორთან გადაგვამისამართა, რომელმაც ასევე, არ ისურვა ამ თემაზე კომენტარის გაკეთეა.

скачать dle 11.3