როდის ამტვრევს ჩოგნებს მარიამ დალაქიშვილი და როგორ ჩამოდის ის ყველა ქვეყნიდან გამარჯვებული
14 წლის ჩოგბურთელი მარიამ დალაქიშვილი არაერთი საერთაშორისო ტურნირის მონაწილე და გამარჯვებულია. ის ყველა ქვეყნიდან ყოველთვის მედლითა და თასით ბრუნდება. ცოტა ხნის წინ კი, მარიამი ავსტრიიდან სამი ოქროს თასით დაბრუნდა – ზედიზედ მესამედ, საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ოქტომბერში კი იტალიაში „მასტერსზე” მოუწევს თამაში თავის ასაკში 8 საუკეთესო მოთამაშეს შორის, რომელთა სიასაც სათავეში უდგას. მე ამ ნიჭიერ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე გოგონას, რომელიც დღეში 4 საათზე მეტს კორტებზე ვარჯიშში ატარებს, კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებ.
მარიამ დალაქიშვილი: ძალიან მინდოდა „მასტერსზე” მოხვედრა, სადაც 16 წლამდე ასაკის ჩოგბურთელებიდან 8 საუკეთესო თამაშობს. დავიწყე ბაქოთი, სადაც 2 ტურნირი მოვიგე და გამიჩნდა რეალური შანსი, რომ მეთამაშა. შემდეგ ვითამაშე იტალიაში, რის შემდეგაც ჩემმა ტრენერმა, გაგა დოლიძემ გადაწყვიტა, რომ ავსტრიაში წავსულიყავი, რადგან ქულები არ იყო საკმარისი, „მასტერსზე” მოსახვედრად. ავსტრიაში სამი ტურნირი მოვიგე: ორი – ერთეულში და ერთი – წყვილთა თანრიგში. ქულები დავაგროვე და „მასტერსის” რეიტინგში პირველ ადგილზე გადავინაცვლე, რომელსაც დღემდე ვინარჩუნებ. ანუ, 8 საუკეთესოს შორის პირველ ადგილზე, სიის სათავეში ვარ. „მასტერსი” 7 ოქტომბერს იტალიაში დაიწყება.
– ამჟამად, ალბათ, აქტიურად ემზადები.
– სულ სამი თამაში იქნება, მეოთხედფინალიდან იწყება თამაშები. ამისთვის საკმაოდ კარგად უნდა ვიყო მომზადებული. ძირითადად, ჩემზე უფროსებთან მიწევს თამაში – თითქმის 2 წლით უფროსებთან, რასაც უფრო მეტი სირთულე ახლავს. ახლახან უფროს პროფესიონალებში ვითამაშე ქალების ტურნირი 10-ათასიანი საპრიზო ფონდით და შემდეგ – 25-ათასიანი საპრიზო ფონდით. ესეც საერთშორისო ტურნირებია, მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს 40 წლის, 20 წლის. ერთი მოწინააღმდეგე 28 წლისაც იყო. კარგი შედეგი ვაჩვენე და რაც მთვარია, დიდი გამოცდილება მივიღე. დიდი შანსი მაქვს, რომ „მასტერსზე” კარგად ვითამაშო და მოვიგო კიდეც. ვნახოთ, რა იქნება. რომ მოვიგო, ყველა გამიცნობს, ძალიან ბევრი კონტრაქტი იქნება. სანამ წავიდოდი, მანამდე საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე 16 წლამდე. საკმაოდ წარმატებული სეზონი მქონდა. ახლა „მასტერსს” თუ მოვიგებ, 16 წლამდე არაფერს არ ვითამაშებ. ახლაც ვთამაშობ ტურნირებს 18 წლამდე ასაკში და კარგი შედეგები მაქვს: ნახევარფინალები, წყვილებში ფინალებიც მაქვს მოგებული. მერე ვეცდები, „შლემზე“ მოვხვდე, „უეს ოფენზე“. იმედია, მომავალ წელს იქნება ეს ყველაფერი.
– როდის დაიწყე ჩოგბურთის თამაში?
– როგორც მეუბნებიან, 4 წლის ვიყავი, როცა ჩოგბურთს ვუყურებდი. თავიდან ვარჯიშებზე არავინ დადიოდა. ტურნირებზეც კი არავინ მოდიოდა. 5 წლიდან მზრდის გაგა დოლიძე, რომელიც ძალიან კარგი ტრენერი და მენეჯერია. ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ჩოგბურთი თავიდანვე შემიყვარდა. 8 წლის ვიყავი, როდესაც 10 წლამდე ტურნირზე წავედი თურქეთში. მოვიგე ტურნირი ისე, რომ ამას არავინ ელოდებოდა. იქიდან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სერიოზულად გავყოლოდი ჩოგბურთს. შემდეგ, 11 წლის ასაკში, როცა საერთაშორისო ტურნირი მოვიგე, ამას ბევრი წარმატება მოჰყვა – ძალიან ბევრ ტურნირზე მაქვს ნათამაშები. საქართველოს ჩემპიონიც ბევრჯერ გავხდი: 11 წლამდე, 12 წლამდე, 14 წლამდე – ორჯერ, 16 წლამდე – ერთხელ.
– მოკლედ, არავის უთმობ დღემდე პირველობას და საქართველოში შენს ასაკში ნომერ პირველი ჩოგანი ხარ.
– საქართველოში თამაში მიჭირს – ისე ვერ ვთამაშობ, როგორც უცხოეთში. ალბათ, ჩემი ქვეყანა რომ არის და ნაცნობებთან მიწევს თამაში. მახსოვს, საქართველოზე რომ ვითამაშე 12 წლამდე და მოვიგე, იმ დღესვე გავფრინდი ჩეხეთში, საერთაშორისო ტურნირზე. არავის ეგონა, რომ გავიმარჯვებდი, რადგან საკმაოდ ცუდი ბადე მქონდა – ძლიერი მოწინააღმდეგებით, 64-კაციანი ბადე იყო და საკმაოდ რთული თამაშები მქონდა, სამსეტიანებიც, მაგრამ მოვიგე.
– თამაშის წინ თუ გაქვს რაიმე ტრადიცია, რიტუალი, რაც მოგებაში გეხმარება?
– ძალიან ბევრი რიტუალი მაქვს. ზოგი მეუბნება: რამდენი „წიკი” გაქვსო. ტრენერიც მეუბნება – რა „წიკიანი” ხარო. „წიკები” ტვინში ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. მაგალითად: პირველ თამაშზე ჩავიცვი რამე და მოვიგე, მერე, მთელ ტურნირზე ეგ მაცვია. ჩოგნის ამოჩემებაც ვიცი. ასევე, ყურადღებას ვაქცევ ბოთლების განლაგებას. როგორც თავიდან დავცდი, ისე მიდის მერე ყველაფერი. მაისურს, რომლითაც წავაგე, მერე აღარასდროს ვიცვამ. თამაშის დაწყებამდე აუცილებლად ყურსასმენები მიკეთია და ვუსმენ, რადგან მამშვიდებს. თან, იმ დროს ჩოგანზე ვახვევ „ნამოტკას“ – ესეც ძალიან მამშვიდებს.
– ჩოგბურთი საკმაოდ ძვირად ღირებული სპორტია. ვინ გეხმარება?
– კი და საქართველომ, ფინანსების არქონის გამო, ადრე ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე დაკარგა. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სპონსორი – კომპანია „სოფია“, რომელიც სულ მგულშემატკივრობს. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახიც მთლიანად ამ საქმეშია ჩართული. ჩოგნების სპონსორებიც მყავს ხოლმე – უცხოური კომპანიებთან მქონდა კონტრაქტი.
– როგორია შეგრძნება, როცა შენს ასაკში პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ხარ?
– ძალიან მინდოდა „მასტერსის” თამაში და ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. საკმაოდ კარგი ტურნირები მოვიგე მანამადე. „მასტერსზე” გასული 7 მოთამაშიდან მხოლოდ ერთთან მაქვს ნათამაშები და მასაც მოვუგე. დანარჩენს ჯერ არ შევხვედრივარ. როცა თამაში მაქვს, წინა დღეს აუცილებლად ვუყურებ მოწინააღმდეგის თამაშს და მის სუსტ წერტილებს ვიმახსოვრებ ხოლმე. ზოგადად, „მასტერსზე” მოხვედრა ბევრს უნდა, კონკურენცია ძალიან დიდია.
– თამაში, რომელიც ყველაზე მეტად გაგიჭირდა?
– ავსტრიაში რომ ვიყავი, პირველ ტურნირზე, ფინალში შევხვდი ავსტრიის პირველ ნომერს, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. პირველი სეტი მოვიგე, მეორე – წავაგე. მერე საპირფარეშოში გავედი, რაღაც რიტუალები ჩავატარე. ყველა ამბობს, რომ ძალიან მებრძოლი ვარ და მესამე სეტში მოვუგე. საკმაოდ დაძაბული თამაში გვქონდა. თამაშის დროს ძალიან ემოციური ვარ. წყნარად თამაში არ შემიძლია, ვყვირი ხოლმე. როცა ვგრძნობ, რომ მოწინააღმდეგე შეშინებულია, ეს თამაშში მეხმარება. საერთაშორისო ტურნირებზე ყველა გცნობს და როცა ძლიერ მოწინააღმდეგედ მიგიჩნევენ, უფრო თავისუფლად თამაშობ. სახეზე ეტყობათ და ჩოგნების დამტვრევაზე.
– შენც ამტვრევ ჩოგნებს?
– კი, როგორ არა. თამაში რომ არ მიდის, მაშინ არ ვბრაზდები, უფრო – როცა ვიბრძვი, ან როცა მოწინააღმდეგეს უმართლებს... ადრე ძალიან „ფსიხი” ვიყავი, ახლა დავწყნარდი. ტურნირზე წავსულვარ 4 ჩოგნით და რომ დავბრუნებულვარ, აღმოჩენილა, რომ მთელი არცერთი არ ჩამომიტანია. მამაჩემი მეუბნეობდა: აღარ გიყიდი ჩოგანსო. მე კი ვპასუხობდი: ასე ფედერერიც ამტვრევდა, ტიროდა, ყვიროდა და მერე ლეგენდა გახდა-მეთქი.
– როგორც ვიცი, ევროპის თასზეც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზე.
– რაც ჩოგბურთს ვთამაშობ, სულ საქართველოს ნაკრებში ვარ და ძალიან მიხარია. გუნდური თამაში გვქონდა 16 წლამდე, ევროპის ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო ეტაპი გავიარეთ და ფინალში გავედით სამი გოგო. 14 წელია, საქართველოს ნაკრები არ გასულა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ჩვენ გავედით. თან, საკამოდ რთული თამაშები გვქონდა. იმხელა სიხარული იყო – საქართველოს სახელით რომ თამაშობ, თან გუნდურს, სულ სხვა გრძნობაა.