როგორ აღმოაჩინა ერლომ ახვლედიანმა ერმიტაჟში საიდუმლი სარდაფი, სადაც ცნობილი მხატვრების ორიგინალ ტილოებს მალავდნენ
„კოღო ქალაქში“, „ვანო და ნიკო“... „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, „ბათა ქექია,” „არასერიოზული კაცი,“ „ივანე კოტორაშვილის ამბავი,” „ფიროსმანი” – ეს არასრული ჩამონათვალია ერლომ ახვლედიანის წიგნებისა და სცენარებისა, რომლებშიც მკვეთრად ჩანს მისი ორიგინალურობა. ის ხომ უნიკალური პიროვნება გახლდათ – ღრმად რელიგიური, წრფელი, ბიბლიის კარგი მცოდნე. სწორედ მისმა პიროვნულმა თვისებებმა და მსოფლმხედველობამ განსაზღვრა მისი შემოქმედება და სტილი – ლაკონური, აღწერებისა და წიაღსვლებისგან თავისუფალი, იგავურად სიტყვაძუნწი, დიდაქტიკური და „კვიმატი“. მის დღიურებს მასზე ორი ამბით ვიწყებ, რომელიდანაც მისი ხასიათის სისადავე და სწორედ ის უნიკალურობა მოჩანს.
ჯარჯი აქიმიძე: „1983 ან 1984 წლის ზაფხული იდგა, მკვდარი უძრაობის ხანა, პერესტროიკის ნიავიც კი არ ქროდა. ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში და პეტერბურგს ჯერ კიდევ ლენინგრადი ერქვა. ზაფხული კი იმიტომ მახსოვს, რომ თეთრმა ღამეებმა ერთბაშად აგვირია დღე და ღამე მე და ერლომს. მე რატომ მოვხვდი ამ გაუგებრობაში, არ მახსოვს. მარინე, ერლომის მეუღლე, დისერტაციის მოსამზადებლად იყო ჩამოსული. ერლომი კი, უბრალოდ, ისვენებდა – იჯდა მთელი დღე და ჩაუქრობლად ეწეოდა სიგარეტს. ვცხოვრობდით ვასილიევის კუნძულზე, ერლომის შორეული ნათესავის, ივერის ოროთახიან „კომუნალკაში”. ივერის მეუღლე მხატვარი გახლდათ და შესაბამისად, ორივე ოთახი მისი ნახატებით, თაბაშირის ფიგურებითა და ალბომებით იყო სავსე. პირველივე საღამოს, ძველ ქალაქში სეირნობისას, სახლიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალში მოციონზე გამოსულებმა აღმოვაჩინეთ ერთი „ტკბილი” ნახევარსარდაფი – სავსე მჟავე ლუდის სუნით, ბახუსის ადგილობრივი მოყვარულებითა და უიაფესი ლუდთან და არაყთან მისაყოლებლებით. სახლში დაბრუნებამდე, შესაბამისი რაოდენობის ლუდის, არყის და მერე ისევ ლუდის შემდეგ, მოსწავლე-მასწავლებელს, ლენინგრადის ქუჩებში თეთრი ღამე თეთრად დაგვათენდა. ვსაუბრობდით ყველაფერზე, ცოცხალ და გარდაცვლილ მეგობრებზე, ჩემს მთაში სიარულზე, ჩვენს სტუდენტურ თავგადასავლებზე, ქალებზე… სახლში დაბრუნებულებმა ერთხმად დავასკვენით, რომ თეთრი ღამეების დროს ლენინგრადში ყოფნას არაფერი სჯობდა. მეორე დღეს, მარინეს მიერ გამოტანილი განაჩენი ულობელი აღმოჩნდა. მე და ერლომს გვევალებოდა, ყოველ დილას, მარინეს ნაშოვნი საშვებით, მთელი დღე ერმიტაჟში გაგვატარებინა. ერლომმა გააპროტესტა განაჩენი და საზეიმოდ დახია მუზეუმის საშვი… მარინეს არგუმენტი, რომ ყველა მუზეუმსა და ტილოს აქვს თავისი სული, ისტორია და განუმეორებლობა, ერლომისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მე აღმოვჩნდი მსხვერპლი. მე ვერ დავხიე ერმიტაჟის საშვი და შესაბამისად, ყოველ დილას მივდიოდი მუზეუმში… მარინემ საზეიმო ხმით გამოგვიცხადა, რომ ერმიტაჟში ერთი კვირით ჩამოაბრძანეს და ვინჩის „ჯოკონდა“ და სპეციალურად ჩვენთვის 2 სპეცსაშვი იშოვა. ამიტომ, ზეგ ორივე უსიკვდილოდ უნდა წავსულიყავით მუზეუმში. მხოლოდ ამის შემდეგღა შეამჩნია, რომ ერლომს ჩემი სათვალე ეკეთა, მე კი უსათვალოდ ვიყავი. მეორე დღეს მარინემ ყველაფერი გააკეთა, რომ ერლომისთვის სათვალე გაეკეთებინა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა რუსულ ბიუროკრატიას და „ნე პოლოჟენოს”. გადაწყდა – საშვების გაუქმება არ გამოდიოდა, გადაცვლით არავინ გადაგვიცვლიდა… მოკლედ, მე და ერლომი, დავსებული თვალებით უნდა წავსულიყავით უკვდავი ჯოკონდას სანახავად. იქვე მივიღეთ მეორე დავალებაც, აუცილებლად გვენახა მარინეს პედაგოგი, ლიდია ნიკოლაევნა. მეორე დღეს ერმიტაჟამდე, რენუარის დაბურუსებული ნახატებივით, გზას 40 წუთი მოვანდომეთ და წინ საოცარი სანახაობა გადაგვეშალა. ალბათ, ლენინსაც კი შეშურდებოდა იმხელა რიგი დაეყენებინა. პატიოსნად ვიპოვეთ რიგის ბოლო და დღესაც იქ ვიდგებოდით, რომ წითელსამკლაურიან მუზეუმის თანამშრომელს ერლომის ხელში წითელი სპეც-საშვი არ დაენახა… 2 საათში სრულიად საბჭოთა კავშირმა ჩაიარა ჩვენ წინ და პატივი გვერგო, ტაჯიკების დელეგაციასთან ერთად შევსულიყავით „მონა ლიზას“ სანახავად. კი ვიცოდი, რომ „მონა ლიზა“ მატისის „ცეკვასთან” შედარებით, მინიმუმ ათჯერ მცირე ზომის იყო, მაგრამ ასეთ მინიატურულ ტილოს ნაღდად არ ველოდი. უზარმაზარ დარბაზში, ცალკე კედელზე ეკიდა და ვინჩის ყველაზე იდუმალი ქალი. ნახატს დარბაზის მთელ სიგრძეზე გაბმული წითელი ლენტის გამო 5 მეტრზე ახლოს ვერ მიუახლოვდებოდი. ერლომი მიხვდა, რომ ამ დისტანციიდან -6 მხედველობით მხოლოდ ფერადი ლაქა ჩანდა და სათვალე დამიბრუნა. მიუხედავად აღდგენილი მხედველობისა, ამ სიშორიდან ვერც მე აღმოვაჩინე ჯოკონდას იდუმალი ღიმილი მის ბაგეზე. ზუსტად 5 წუთში ჩვენი ჯგუფის აუდიენცია დასრულდა და მოძმე ტაჯიკებთან ერთად, ჩქარი ნაბიჯით დაგვატოვებინეს დარბაზი. კიდევ კარგი, შენობიდან გასვლამდე გაგვახსენდა მარინეს დანაბარები, თორემ უკან ვინღა შემოგვიშვებდა. გასასვლელ კარში მდგარ წითელსამკლაურიანს, მუზეუმში დაბერებული ქალბატონის, ლიდია ნიკოლაევნას ადგილსამყოფელი ვკითხეთ. 10 წუთის შემდეგ, რამდენიმე მუზეუმის თანამშრომლის თანხლებით, მარინეს დიპლომის ხელმძღვანელის, მუზეუმის სწავლული მდივნის, აკადემიკოს ლიდია ნიკოლაევნას კაბინეტის წინ ვიდექით. ქალბატონმა ლიდიამ, ჭიქა ჩაით გამასპინძლებისა და ბანალური კითხვა-პასუხის შემდეგ, ჩამჭრელი შეკითხვით მოგვმართა – რას ვიტყოდით „ჯოკონდაზე“. ერლომი შეეცადა, მაქსიმალურად გამოევლინა დიპლომატიური ნიჭი და სათვალეების ისტორიის მოყოლა დაიწყო… ლადნო, ია ვამ პაკაჟუ დრუგოი ერმიტაჟ, – გვითხრა მასპინძელმა და ენერგიული ნაბიჯით წინ გაგვიძღვა. ჩვენ მოვხვდით მიწისქვეშა სივრცეში, რომელმაც, ჩემი ბეცი თვალების მიუხედავად, შოკში ჩამაგდო. ყველა ის ცნობილი ნახატი, რომელიც მთელი კვირა დარბაზ-დარბაზ, ძებნა-ძებნით ვათვალიერე, ერთ უგრძეს და უსასრულო ლაბირინთის კედლებზე იყო გამოფენილი. ანუ აღმოჩნდა, რომ რასაც ახლა ჩემი -6-ით ვხედავდი, იყო ორიგინალი და რაც მანამდე ვნახე, ასლი ყოფილა. მოკრძალებულ კითხვაზე, აბა, იქ ხალხი რას ნახულობდა, ერმიტაჟის სწავლულმა მდივანმა მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გვიპასუხა, რომ ყველაფერი ფასეული აქ, ამ მიწისქვეშეთში ინახებოდა. თურმე, ჯერ სად ვართ, მთავარი წინ გველოდა. ლიდია ნიკოლაევნა ერთ მომცრო დარბაზში შეგვიძღვა. მე და ერლომს რამდენიმე წამი დაგვჭირდა სიტუაციაში გასარკვევად. ოთახში მოლბერტებთან ხალხი იდგა და რაღაცას ხატავდა. კედელზე რაღაც ნახატი ეკიდა. ახლოს მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ეს უკანასკნელი, არც მეტი, არც ნაკლები, და ვინჩის „ჯოკონდა“ იყო. ერლომმა ზევით აიშვირა თითი და ჩვენს ექსკურსიამძღოლს გაკვირვებულმა შეხედა... „ტამ კოპია, ნო ხაროშაია კოპია, ა ეტა, ნასტაიაშაია ი ანა პერედ ვამი. მოჟეწე სმატრეწ, სკოლკა უგოდნა“. ხუთი წუთის შემდეგ ერლომმა ჰაერის უკმარისობა მოიმიზეზა, დახურული სივრცის ფობია დაიბრალა და სწავლულ მდივანს ისღა დარჩენოდა, მუზეუმის კატაკომბებიდან სუფთა ჰაერზე გამოვეშვით. დამშვიდობებისას, იმავე კითხვაზე, როგორ მოგეწონა „ჯოკონდაო“, ერლომმა კვლავ დიპლომატიური პასუხი არჩია – ალბათ კარგია, მაგრამ მაინცდამაინც კარგად სახვით ხელოვნებაში ვერ ვერკვევიო. – ნუ იქნებით ძალიან თავმდაბალი, თქვენ ხომ ფიროსმანის ავტორი ხართ – უთხრა ლიდია ნიკოლაევნამ, ორივეს ხელი ჩამოგვართვა და დაგვტოვა. ხმა არ ამოგვიღია, ისე მივედით სახლამდე. არკაში ერლომი უცებ გაჩერდა, ჩემი სათვალე საჩვენებელი თითით შეისწორა და მითხრა: გურამი, იცი, რატომ იყო კიდე მაგარი?
მე დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე. „გამოვიდა და ლენინის ძეგლს თოფი ესროლა. შებრუნდა და გააგრძელა გზა.“
ქეთი პატარაია: მწერალი და მწერები. „ზაფხული იდგა. ერლომის ფარღალალა სახლი საღამოობით სინათლეზე მოფრენილი მწერებით ივსებოდა. ერლომი ირწმუნებოდა: ამ რომანის წერისას, ისევე, როგორც ჩემს რომანში, მართლა დამტრიალებს თავს ერთი და იგივე კოღოო. მე ხუმრობით ვეკითხებოდი: ნეტა, რით ცნობთ-მეთქი. ერთ საღამოს აღელვებულმა დამირეკა: ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა, ის კოღო ყურში შემიფრინდა და ახლა იქ მიწუის, არ გამოდისო. „ეტყობა, არ მოეწონა თქვენი ნაწერი და ყურში შეგიფრინდათ, რომ კოღოს ნამდვილი ისტორია გიკარნახოთ“, – ვიხუმრე მე. ერლომი ძალიან გახალისდა: აი, ახლა კი გამომივა რომანიო. ორი დღე გავიდა და ერლომს ყურისა და თავის ტკივილი დაეწყო. ახლა შეწუხებულმა დამირეკა: ის კოღო ჯერაც ყურში მიწუის, იქედან ვერაფრით გამომყავს და რაიმე მიშველეო. მე ჯერ ყურის ექიმთან წასვლა შევთავაზე, მაგრამ უარი მივიღე. მერე კი შეფიქრიანებულმა მოვძებნე, სახლში რაც კი ხალხური მედიცინის შესახებ წიგნები გვქონდა და წამალსაც მივაგენი: „თუ ყურში რაიმე მწერი ჩაგიძვრათ, ჩაიწვეთეთ ოდნავ შემთბარი აბუსალათინის ზეთი და ნახევარ წუთში ყური ბამბით ამოიწმინდეთ“. რეცეპტი სასწრაფოდ ბატონ ერლომს ვუკარნახე. მეორე დილას ერლომის სატელეფონო ზარმა გამაღვიძა: „ეს რა გამაკეთებინე, – აღშფოთებული იყო ის, – ზეთი როგორ ჩამაწვეთებინე?!“ „რა მოხდა, ყური დაიზიანეთ?“ – გული გამისკდა მე. „არა, ყური კარგად მაქვს, კოღო მოკვდა“. „აბა, რას ელოდით, ბატონო ერლომ, რომ იმ კოღოს ცოცხლად ამოიყვანდით?“ „როგორ არ გესმის, კოღო მოკვდა და ამ კოღოს მკვლელი მე კი არა, შენა ხარ,“ – გამომიტანა განაჩენი. უცებ ვიგრძენი, რომ ერლომის ცხოვრებასა და ნაწერებს შორის ძალიან მკრთალი გამყოფი ხაზი იყო. ზოგჯერ ერლომი იმას წერდა, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა; ზოგჯერ კი, რაღაცას დაწერდა მოგვიანებით გადახდებოდა თავს; ზოგჯერაც მისი არსებობა მისივე კალმის წვერს მიჰყვებოდა.“