ნამდვილი მამაკაცი
ჩვენს დროში ქალთა უმეტესობამ დამოუკიდებლობას მიაღწია, მშვენივრად აითვისა ის ორი რამ, რაც ადრე მხოლოდ მამაკაცთა პრეროგატივა იყო – ფულის შოვნა და გადაწყვეტილებების მიღება.
გამწარებით ვიბრძვით ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან საკუთარი უპირატესობითვის თუ არა, თანასწორობისთვის მაინც. ვერ აგვიტანია და მთელი არსებით ვაპროტესტებთ მამაკაცის დომინირებას ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა, „ბრძოლა” მხოლოდ მოჩვენებითია და გულის სიღრმეში, ძლიერი საყრდენი გვჭირდება გვერდით.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებმაც დაივიწყეს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი. ბედს შეეგუენ და ხშირად ურეაქციოდ გვიყურებენ, როგორ ვუმკლავდებით ცხოვრებისეულ პრობლემებს. საჭიროდ არ მიიჩნევენ მძიმე ჩანთის ტარებაში დაგვეხმარონ, ჩვენ მაგივრად გადაიხადონ კაფეში, გაგვიღონ კარი, ადგილი დაგვითმონ, დაგვიცვან...
არ უნდათ, დაინახონ სახლში დაბრუნებულებს სიმყუდროვე რომ ხვდებათ, ვისი დამსახურებაა... ან ვინაა ყოველდღე მათ გვერდით, როცა ყველაფერი თავდაყირა დგება ბიზნესშიც, სამსახურშიც, მეგობრებშიც... სრული კრახის დროს ვინ აიმედებს მათ და საკუთარი თავის რწმენას აძლევს... ავიწყდებათ, მოგვექცნენ კეთილად და თბილად. არ შეუძლიათ, თავიანთ სიამაყეს, მამაკაცურ ლოგიკას და ხისტ ხასიათს არ გადააყოლონ ჩვენი ნერვები. მაშინაც კი, როცა ძალიან გვაწყენინეს, უჭირთ, დაგვირეკონ და პატიება გვთხოვონ.
განრისხებულებს ავიწყდებათ, არ გვაწყენინონ, არ გვიყვირონ, არ შეურაცხგვყონ, არ მოგვიკლან გული მწარე და უხეში სიტყვებით... შემდეგ კი უკვირთ, რატომ დავიბოღმეთ, გავხდით გესლიანები და შურისმაძიებლები.
სიყვარული ყველაფერს მოგათმენინებს, მაგრამ თავში ხომ ყოველთვის თავიდან და თავიდან ვატრიალებთ იმ მწარე სიტყვებს. მათ კი – ჩვენს ძვირფასებს, უკვირთ, საიდან აღმოცენდა ჩვენში ცინიზმი და გულგრილობა.
ვერ მიმხვდარან, როგორ გვჭირდება მათგან ყურადღება... ცხოვრება ხომ ისეთი ხანმოკლეა და შეიძლება, ხვალ არც ვიყოთ.
იქნებ როგორ გვჭირდება მათი დაპირებები საკუთარი თავის რწმენისთვის. არც კი იციან, რა ბედნიერებაა, როცა საყვარელი ადამიანისგან ისმენ დაპირებებს და მასთან ერთად ოცნებობ ლამაზ მომავალზე.
აი, ასეთია ყველა ნამდვილი მამაკაცი. სამწუხაროდ, არც არაფერს აკეთებენ, რომ რეალობა უკეთესობისკენ შეცვალონ.
გიყვარდეს თუ
უყვარდე?
ყოველ ნაბიჯზე ვერ შეხვდებით ორმხრივ სიყვარულს. ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია! და რა უნდა ქნათ, თუ სიყვარული არამც და არამც არ გეწვიათ, ან გეწვიათ და ისიც ცალმხრივად... ბოლოს და ბოლოს ოჯახი ხომ უნდა შექმნათ?
არის ასეთი რჩევა: უნდა გათხოვდე არა მასზე, ვინც გიყვარს, არამედ მასზე, ვისაც უყვარხარო. მათი აზრით, ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე ბედნიერია: ცოლი იმით, რომ მამაკაცს თავის ნებაზე „ატრიალებს”, ქმარი კი იმით, რომ მისი თაყვანისცემის ობიექტი მის გვერდითაა.
ერთი შეხედვით, დამაინტრიგებელია, მაგრამ, აბა, დაფიქრდით, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ასეთ ქორწინებას?
ბევრი ქალი თხოვდება უსიყვარულოდ, ანგარებით, საკუთარი თავის „მსხვერპლშეწირვით” ან უბრალოდ, იმისთვის, რომ მარტო არ დარჩეს. ხშირია შემთხვევა, როცა ერთს უყვარს, მეორე კი უფლებას აძლევს, უყვარდეს; ერთი კოცნის, მეორე ლოყას უშვერს... რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ კავშირს?
ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ ქალებს ყოველთვის გვსიამოვნებს ისეთი მამაკაცის არსებობა, ვისაც ვუყვარვართ, რომლისთვისაც ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი ვართ და მზადაა, ჩვენთვის ყველაფერი გააკეთოს.
ეს საკუთარი თავის რწმენას გვმატებს, თვითშეფასებას გვიზრდის და განწყობას გვიმაღლებს. მნიშვნელობა არა აქვს „ის” დაბალი იქნება, მაღალი, მსუქანი, გამხდარი, მელოტი თუ დიდცხვირა – მთავარია, რომ არსებობს და მზადაა, ნებისმიერი ჩვენი გამოხდომა აიტანოს! თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიდი რისკის წინაშე დგახართ! რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ის, რაც ამ მამაკაცში მოგწონდათ ქორწინებამდე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გაგაღიზიანებთ.
სიყვარული იცვლება ყოველდღიური გულისწყრომით, აგრესიით და ბოღმით. ასეთ ოჯახებში გარდაუვალია ხშირი კამათი, დაპირისპირებები და უკმაყოფილობები... ადრე თუ გვიან ერთმანეთისგან დაღლილები გამოსავლის ძებნას დაიწყებენ.
უარეს შემთხვევაში, ოჯახური დაპირისპირებები შეიძლება, გადაიზარდოს ურთიერთსიძულვილში. მოძულე ადამიანთან ცხოვრება კი, სულაც არაა ადვილი. აქედან ერთადერთი გამოსავალი გაყრაა.
ოჯახში, სადაც სიყვარული ცალმხრივია, კითხვა: „ვუღალატო, თუ არა?” – უფრო მარტივად წყდება. ქალს, რომელიც ისეთი მამაკაცის გვერდით ცხოვრობს, რომელიც არ უყვარს, შეიძლება, უცბად სხვა შეუყვარდეს და მრავალი წლის განმავლობაში ორმაგ ცხოვრებას ეწეოდეს.
ქმარმა კი – ცოლისაგან ალერსისა და სიყვარულის მოლოდინში დაღლილმა და გულნატკენმა – შეიძლება, „გვერდზე” ჰპოვოს შვება... ცხოვრებას თავისი დაუწერელი კანონები აქვს. სანამ ცხოვრებას ისეთ მამაკაცს დაუკავშირებდეთ, რომელიც არ გიყვართ, ჯობია, კარგად დაფიქრდეთ და აწონ-დაწონოთ ყველაფერი მაშინაც კი, თუ ასაკი დაცდის საშუალებას არ იძლევა და გარშემო ყველა გარწმუნებთ, რომ ეს თქვენი ბოლო შანსია. რა თქმა უნდა, არც ორმხრივი სიყვარული იძლევა ბედნიერი და ჰარმონიული ოჯახის შექმნის მყარ გარანტიას, მაგრამ „ჩიტი ბდღვნად ღირს”. ის საძირკველია და მასზე რასაც ააგებთ, ეგ უკვე მხოლოდ თქვენ ორმა იცით!
ეს ფლირტია
გიყურებს და თვალს არ გაშორებს. ცდილობს, ახლოს მოვიდეს და ოდნავ შეგეხოს... მოეწონე? იქნებ მხოლოდ გეჩვენება... თუ არ გეჩვენება და მართლა დაინტერესდა შენით?! ქალს აქვს რესურსი, ზუსტად ამოიცნოს როდის ეფლირტავება მას მამაკაცი და შეუძლია, ფლირტითაც უპასუხოს...
რამ შეიძლება გაგცეთ, რომ კონკრეტული მამაკაცით დაინტერესდით? – ფლირტი, ეს მხოლოდ თამაშია. თუმცა, ქალები და მამაკაცები ფლირტს მაინც სხვადასხვანაირად აღიქვამენ.
მამაკაცი ფლირტში, როგორც სხვა ტიპის ურთიერთობებში ქალთან, ხშირ შემთხვევაში, თავგადასავალს ეძებს. რაც შეეხება ქალს, მიუხედავად იმისა, რომ გონებაში კარგად აქვს გააზრებული ფლირტის არსი და უპერსპექტივობა, მაინც ამყარებს იმედებს მასზე. ცდილობს, გაასერიოზულოს.
როგორ მოვიქცეთ ფლირტის დროს? – ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ ეს თამაშია და მივენდოთ ინტუიციებს. სწორედ ინტუიცია გვიკარნახებს საჭირო პოზებს და ჟესტებს. მნიშვნელოვანია გამოხედვა, თქვენი განწყობა და გახსნილობა.
P.S. სხვათა შორის, ფეხის ფეხზე გადადება ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ფლირტისთვის უკვე მზად ხართ. ნუ დაკომპლექსდებით და ნუ შეიბოჭებით – ეს მხოლოდ ფლირტია. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ ფეხის ფეხზე გადადებით ჯდომის მანერა განსაკუთრებით ქალურია, მომხიბვლელი და გრაციოზული, ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან თქვენც...