კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობენ პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის პროფესიულად მოტყუებას

წინასაარჩევნო მარათონი, რომ ველოდით, მთლად ისეთი ინტენსიური და ცოცხალიც ვერ გამოვიდა. პოლიტიკური ვნებები, რა თქმა უნდა, ტრიალებს, თუმცა უფრო მძაფრიც შეიძლებოდა. ასეა თუ ისე, პოლიტიკური რეკლამებიც მომრავლდა (მით უფრო, რომ მათი დიდი ნაწილი პოლიტიკური სუბიექტებისთვის უფასოა) და პოლიტიკოსები ციდან ვარსკვლავების მოწყვეტასაც გვპირდებიან. შესაბამისად, ცნობილია მათი საარჩევნო სლოგანებიც: ზოგი უცნაურია, ზოგი –  საცნაური, ზოგიც –  ადეკვატური, ზოგიც –  არაადეკვატური. ვინ როგორ ცდილობს ამომრჩევლის მიმხრობას (თუ ჟარგონით ვიტყვით, „დაბოლებას“) და პოლიტიკურად რამდენად მომგებიანია მათ მიერ ამომრჩევლის ხმისკენ მიმავალი გზა, –  ამ თემაზე „მაესტროს“ ანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე გვესაუბრება.
– საარჩევნო მექანიზმი, სამწუხაროდ, აგებულია იმაზე, თუ ვინ უფრო ოსტატურად მოატყუებს ამომრჩეველს. ამჯერად როგორია საარჩევნო სუბიექტების გეგმები, მათი სლოგანებიდან და ტაქტიკიდან გამომდინარე? დავიწყოთ „რესპუბლიკელების“ სლოგანით –  გავთავისუფლდეთ. ვისგან და რისგან თავისუფლდებიან და რამდენად ეფექტიანია ეს მოწოდება არჩევნებისთვის?
– ერთსიტყვიანი შეტყობინება ორიგინალურია, მაგრამ ბევრ კითხვას ბადებს. ბევრს არ ესმის, რისგან უნდა გათავისუფლდეს. სარეკლამო რგოლში ლიდერი უსუფაშვილი აზუსტებს, რომ შურისგან, ნეგატივისგან. მაგრამ, როდესაც მიმართავ ამომრჩეველს და ეუბნები, მოდი, გათავისუფლდეთ კომპლექსებისგან, ვინც გაიგო, შეიძლება, გაბრაზდეს კიდეც, იმიტომ რომ, დიდაქტიკური მოტივია და ამდენად, არ ვიცი, შეიძლება, იყოს თუ არა ეს დამაჯერებელი და ელის თუ არა ამას ამომრჩეველი თავის დიდ მასაში. ეს შეიძლება, გათვლილი იყოს რაღაც სეგმენტზე, თუმცა არ ვიცი, არის თუ არა ეს სეგმენტი მრავალრიცხოვანი. მით უმეტეს, „რესპუბლიკელების“ მდგომარეობაში, როდესაც მათ ძირითად პარტიებს შორის ერთ-ერთი დაბალი რეიტინგი აქვთ...
– ტრადიციულად  დაბალია მათი რეიტინგი, თუმცა გამართული პოლიტიკური პარტია აქვთ წლებია.
– ეჭვი მაქვს, არის თუ არა გამართული, იმიტომ რომ, ვხედავდით, მათი პარტია დატოვეს  მთელმა რიგმა რაიონულმა ორგანიზაციებმა.  ერთის თქმა კი შეიძლება, როგორც „რესპუბლიკელებს“, ისე „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ მყოფ სხვა პარტიებს, ყველანაირი რესურსი ჰქონდათ, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ. ამდენად, ნებისმიერი წარუმატებლობა მხოლოდ მათ და მათ უუნარობას დაბრალდება, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის წარმოებისა. წარმატებები მინდა,  ვუსურვო, რადგან, თუ „რესპუბლიკელები“ ვერ მოხვდებიან პარლამენტში, ეს დანაკარგი იქნება ქართული პარლამენტარიზმისთვის. სარეკლამო კამპანიის დაწყების შემდეგ მათი რეიტინგი გაიზარდა, ოღონდ არ ვიცი, იქნება თუ არა ის საკმარისი საარჩევნო ბარიერის გადასალახავად.
– „გირჩი“-„მემარჯვენეები“-ვაშაძე-ბურჭულაძის გაერთიანებამ განაცხადა, ახალი „ნაციონალები“ ვართო. უფრო ადრე კი, პარტიის დაშლამდე, ბ-ნმა ბურჭულაძემ თქვა, რომ ძალიან მოსწონს „ნაციონალების“ მმართველობის პირველი სამი-ოთხი წელი და ზუსტად მასე ვმართავ, რომ გავიმარჯვებო. არადა პირველი წლები ხასიათდებოდა კანონების მორგებით, ქონების მასობრივი ჩუქებით სახელმწიფოსთვის, სატელევიზიო დაჭერებით, ფარული ჩანაწერების მასობრივი ჩვენებებით. ეს კარგი განაცხადია?  ხომ არ დააფრთხობს ამომრჩეველს? ან ბ-ნი ბურჭულაძის გარშემო აგორებული სკანდალი არ დააზარალებს ახლად შექმნილ გაერთიანებას?
– ბურჭულაძემ მოახერხა ის, რომ გაანიავა თავისი სამი-ოთხი თვის წინანდელი 15-პროცენტიანი ნდობის რეიტინგი, თუმცა, როგორც ფონდის და არა როგორც პოლიტიკოსის. მაგრამ, როგორც კი შევიდა პოლიტიკაში, დაადასტურა ერთი თეზა, რომ ყველა საქმეს უნდა ცოდნა. აღმოჩნდა, არის უაღრესად დილეტანტი და პრიმიტიული. მან დაანგრია პარტია, რომლის შექმნასაც სხვადასხვა ადამიანის დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომლებმაც შემდეგ პარტია დატოვეს. ნებისმიერი საჯარო გამოსვლით მხოლოდ პრობლემებს უქმნიდა თავის პოლიტიკურ ორგანიზაციასა და თავის რეიტინგს. ავლენს სრულ უცოდინრობას გაანალიზების დროსაც კი და შედეგად მივიღეთ ის, რომ გახდა „ნაცმოძრაობის“ პარალელური სტრუქტურა. ვაშაძისა და „გირჩის“ გაერთიანება არავის გაკვირვებია, მაგრამ ბურჭულაძესთან გაერთიანება იქნება დამანგრეველი, რეიტინგის თვალსაზრისით, ამ გაერთიანებისთვის. ეს არის პოლიტიკური ხარაკირი და დიდი იმედგაცურება საქართველოს მოსახლეობისა პაატა ბურჭულაძის მიმართ.
– რადგან მისი სახით მესამე ძალას ელოდა?
– არ მესმის იმ ხალხის, ვისაც ეს მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, ეს მოლოდინი იყო და ჩაიფუშა. აღმოჩნდა, რომ ეს არის საპნის ბუშტი და პოლიტიკური ავანტიურა, როდესაც სხვადასხვა მოთამაშეს სხვადასხვა ინტერესი აქვს, მათ შორის, ფინანსური და უკვე საინტერესოც აღარ არის ამაზე დაპარაკი.
– ვაშაძეს, „გირჩსა“ და „მემარჯვენეებს“ რა მოლოდინი ჰქონდათ, რისი იმედით შესთავაზეს გაერთიანება?
– მათი მოტივი არის რეიტინგი, ბურჭულაძეს ჰქონდა რეიტინგი, მაგრამ ამ გაერთიანების შემდეგ ეს რეიტინგი უფრო დაიკლებს. ამდენად, თუ ინერციით ჯერ კიდევ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი, ეს შანსი ყოველდღიურად მცირდება. ბურჭულაძის სტრატეგიული შეცდომა ის იყო, რომ ნაადრევად გამოაცხადა თავისი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ. მანამდე მას უნდა ესწავლა საჯარო გამოსვლები. მისი დილეტანტიზმის გამოვლინება იყო დესტრუქციული დამოკიდებულება, მათ შორის, „ოცნების“ მიმართ, როდესაც ცალმხრივად ესხმოდა თავს „ოცნებას“ და სიმპათიას გამოხატავდა „ნაცმოძრაობის“ მიმართ. რაც დამთავრდა გაერთიანებით „ნაცმოძრაობა“ ნომერ ორთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ გაერთიანებაში გამოირჩევა „გირჩი“ თავისი არასტანდარტული მიდგომებით. ადამიანური რესურსითა და კვალიფიკაციით ის ყველაზე მეტ სიმპათიას იწვევს და ამ კვარტეტიდან, მგონი, სამომავლო პერსპექტივა, სწორედ „გირჩს“ ექნება.
– „თავისუფალი დემოკრატები“?
– უკეთესი ცხოვრება, უკეთესი ეკონომიკა, –  საკმაოდ პრიმიტიულია. სლოგანი უნდა იყოს მარტივი, რომ ადვილად დაიმახსოვრო, მაგრამ არ უნდა იყოს პრიმიტიული. არაფრის მთქმელია და არის სადღეგრძელო. არ არის გააზრებული კონცეპტუალურად. მაგალითად, ბურჯანაძეს შეიძლება, ეთანხმებოდე ან არა, მეც მაქვს კითხვები ამ უბლოკო სტატუსზე, მაგრამ სლოგანში ჩანს ლოგიკა:  უბლოკო სტატუსის მეშვეობით შენ გააერთიანებ ქვეყანას და თუ გაამთლიანებ ქვეყანას, ააშენებ ძლიერ ეკონომიკას. ასევე, აღსანიშნავია ბურჯანაძის ვიზუალური კამპანია. ძალიან მომწონს მისი ბანერი, რომელზეც ის ბავშვებთან ერთადაა. ეს მარკეტინგული ხრიკია და ძალიან ბევრი ბრენდი იყენებს. რაც შეეხება კიდევ ერთ გააზრებულ, კონცეპტუალურ და შეკრულ რეკლამას, ის აქვს ოცნებას: თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. აქაც ჩანს ფორმულა, ანუ თავისფლება მოვიპოვეთ, ახლა სწრაფი განვითარების პერიოდია და ამის შედეგად მივიღებთ კეთილდღეობას.
– „ოცნებას“ ხელს არ უშლის, რომ მოქმედი ხელისუფლებაა?
– ხელისუფლება როცა ხარ, ეს პლუსიცაა და მინუსიც. შენ გაქვს რესურსი, გინდა თუ არა, მათ შორის, ადმინისტრაციული და ამას ვერავინ გაექცევა, ვერც დასავლეთში. უპირატესობა აქვს ისიც, რომ მას შეუძლია, დამაჯერებელი იყოს თავის დაპირებებში, ვინაიდან მართლაც ჩანს ის პოზიტიური, რაც გააკეთა. მიუხედავად კრიტიკული მოსაზრებებისა, ვერ გაუკეთებ იგნორირებას იმას, რომ „ოცნების“ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში. ამდენად, ეს დამაჯერელობის რესურსი აქვს მას. ნაკლია ის, რომ არის ხელისუფლებაში და მას თავს ესხმის ყველა პარტია. ყველა ადანაშაულებს არაკვალიფიციურობაში, უნიათობაში, ხან „ნაცმოძრაობასთან“ შეკვრაში, ხან მათზე ზეწოლაში. ეს, ჩვეულებრივ, ის მდგომარეობაა, რომელშიც ხვდება მმართველი პარტია და გამონაკლისი არც საქართველოა.
– „ნაციონალების“ გზავნილი როგორია? იმუშავებს, მეტს აღარ ვიზამთო? ძალიან საინტერესო იყო სამეგრელოში სანდრა რულოვსის შეხვედრა ამომრჩეველთან, როდესაც მან თქვა, რომ პირადად იცნობს ტრამპსაც და ქლინთონსაც და ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გახდება პრეზიდენტი, ესენი კიდევ არავის იცნობენო. თითქოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა პროვინციული ისტორია იყოს და ვინმე ვინმესთან ნაცნობობის გამო უარს ამბობდეს ან ქმნიდეს თავის სახელმწიფო ინტერესებს?
– რა დამოკიდებულებაც უნდა გქონდეს „ნაცმოძრაობის“ მიმართ, მათ აქვთ კარგად აწყობილი სტრქუტურა და მათი საარჩევნო კამპანიები ძალიან ეფექტიანი იყო, მაგრამ არ ვიცი, რა დაემართათ დღეს. რადგან ძალიან უსუსურად გამოიყურება. ფიარისა და რეკლამის ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, რომ ბოდიში არ უნდა მოიხადო, ბოდიში სისუსტის გამოვლინებაა. მათ რომ ბოდიშების კამპანია ერთი ან ორი წლის წინათ დაეწყოთ, სხვა საქმეა, ახლა კი ეს საკმაოდ ყალბია. ყალბია შინაარსიც, რომ ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს ზეწოლისგან, გადასახადები შემცირდეს და ასე შემდეგ... რომ მიშას ჩახედა თვალებში და პირობა მიიღო, რომ მეტს აღარ იზამს. სუფთა მარკენტინგულად მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი შეცდომა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა აწარმოო საარჩევნო კამპანია.
– ანუ ისინი ისევ მხოლოდ თავიანთ მუდმივ ელექტორატზე მუშაობენ?
– ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ მიმართ აგრესია ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია, ისინი ირჩევენ პირდაპირ შეჭრას ამომრჩეველთან და იქცევიან, როგორც რელიგიური სექტა. მაგალითად, ტექნოლოგიურად მოქმედებენ ისევე, როგორც იეღოვას მოწმეები. ვგულისხმობ ლიდერების სიარულს კარდაკარ,  თორემ კარდაკარს ყველა ატარებს.  ისინი თავიანთი ელექტორატის შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებულები, თავადაც არ სჯერათ საკუთარი წარმატების. მათი ამოცანაა, მოიპოვონ მეორე ადგილი და, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამას მოახერხებენ.
– „ლეიბორისტები“, ფაქტობრივად, არ აწარმოებენ სარეკლამო კამპანიას, თუ არ ჩავთვლით, მათი ლიდერის ხშირ გამოჩენას „რუსთავი 2-ის“ ეთერით, თუმცა შალვა ნათელაშვილი დაბეჯითებით ამბობს, რომ არჩევნებს იგებენ.
– გასულ კვირას შალვა ნათელაშვილის პირდაპირი ჩართვა რომ ვნახე „რუსთავი 2-ის“ ეთერით, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ის იყო სატელიტი, ეს ეჭვიც გაიფანტა. ეს არის შალვა ნათელაშვილის სახელობის კომერციული პოლიტიკური შაპიტო, თუმცა მისი სარეკლამო კამპანია არის კარგი, ვგულისხმობ სარეკლამო კლიპებს. ჩანს, რომ ფინანსებიცაა დახარჯული და კონსულტაციებიც გავლილი. ვიღაც გარედან ეხმარება, ოღონდ ამ კლიპების ნახვის შემდეგ გიჩნდება კითხვა, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან შალვა ნათელაშვილს?! ანუ სხვაა სუბიექტი, რომელიც აწარმოებს სარეკლამო კამპანიას და სხვა, რომელზეც მოყოლილია ამ სარეკლამო კამპანიაში. შალვა ნათელაშვილი არ არის ლანცელოტი, რომელიც ებრძვის და ამარცხებს ბოროტებას, ის პოლიტიკური კორუფციონერია.
– „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო კამპანია რაზეა გათვლილი?
– ძალიან უცნაური კამპანიაა. არის დიდაქტიკა, ლიდერი უხსნის ამომრჩეველს, თუ როგორი კეთილშობილი უნდა იყოს ადამიანი. სხვადასხვა ამბებს ყვებიან ძალიან მონოტონურად. ჩურჩულით მიმდინარეობს მათი კამპანია. საერთოდ, ჩურჩული ახასიათებს ამ საარჩევნო კამპანიას. „პატრიოტებს“ აქვთ პრიმიტიული, დიდაქტიკური, თან პრეტენზიული კამპანია.
– „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ უწინასწარმეტყველებთ მეორე ადგილს?
– ისევ ჩვენი პოლიტიკოსების ამბიციებმა იჩინა თავი. ბევრს ჰქონდა ილუზია, რომ, რაკი დაღლილობაა „ოცნების“ მიმართ, „ნაცმოძრაობას“ კი კვლავ აქვს ანტირეიტინგი და კვლევებში ბევრი არ ასახელებდა, ვის მისცემდა ხმას, ამომრჩეველი მესამე ძალას ელოდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლად გაუჭირდა ყველას. თუ გამსხვილდებოდნენ, ჩაანაცვლებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“.

скачать dle 11.3