დემოკრატია აფხაზურად
ანუ აგრე ვიცი რაულმა
სანამ ჩვენ ამ ჩვენი არჩევნებისთვის ვემზადებით თავგანწირვით, ამ ჩვენივე სეპარატისტული აფხაზეთის „პრ.“ რაულს (ხაჯიმბა) ინტერვიუ მიუცია ბრიტანელი ჟურნალისტისთვის (ამ ფაქტს ამგვარად აფხაზური მედია ფუთავს, თორემ ოკუპანტმა უწყის, ჟურნალისტი მართლაც არის თუ არა ბრიტანელი).
როგორც უნდა იყოს, „პრ.“ ხაჯიმბა აფხაზეთის მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს გვაცნობს, კერძოდ, რომ აფხაზეთის მთავარი მიღწევა ნამდვილი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა ყოფილა (ტყუილი, ტყუილი, პაპიროსი პირში!). ამ ფაქტს კი იმიტომ აღნიშნავს, რომ, მისი თქმით, დემოკრატია დღევანდელ სამყაროში მხოლოდ ქაღალდზეა, მაშინ როდესაც აფხაზეთში ის თავისი სიდიადით ყვავის (აგრე ვიცი რაულმა!).
თუ გავიხსენებთ, რომ არააფხაზს არ აქვს აფხაზეთის „პრეზიდენტად“ გახდომის უფლება, 20 000-ზე მეტ ქართველს კი უფლება, მონაწილეობა მიიღოს, თუნდაც სეპარატისტულ „არჩევნებში“, მიწის ფლობაც მხოლოდ აფხაზის პრეროგატივაა, როგორც ჩანს, ამ ჩვენებურ „პრ.-ს“ ენგურს გაღმიდან დემოკრატიაზე ძალიან ორიგინალური წარმოდგენა ჰქონია.
მეორე მხრივ, დარწმუნებულია, რომ ევროპასა და აშშ-ს აფხაზეთისგან ბევრის სწავლა შეუძლია. მომყავს ციტატა: „აფხაზეთში მშვიდობიანად თანაარსებობენ სხვადასხვა კონფესიის ადამიანები. ვინაიდან აფხაზი ხალხი მეტად ტოლერანტული და მომთმენია (ისეთი ტოლერანტული, რომ ჭირისუფალს არ უშვებს სასაფლაოზე)“.
აშკარაა, რომ, სანამ ჩვენ ვარჩევნობთ, ამასობაში „პრ.“ რაული ამ ჩვენს ჯაყოს მიმსგავსებია. –