საპარლამენტო კონკურსი
ანუ მსურველი ბევრია
არჩევნებს ის თავისებურება აქვს, რომ იმარჯვებს ერთი, მიუხედავად მსურველთა სიმრავლისა. აი, მსურველების ნაკლებობას კი არასდროს უჩიოდა, განსაკუთრებით, ქართული პოლიტიკური ავანსცენა, იმიტომ რომ, ცხოვრება საამურია, ხოლო კარგი ცხოვრება – ასმაგად.
ისე მოხდა, რომ პოლიტიკა ამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოში, სწორედაც რომ, სა-უცხო-ო ცხოვრებასთან ასოცირდება, მიუხედავად პატრიოტული სულისკეთებით გაჟღენთილი დაპირებებისა.
ასე მოხდა თუ ისე, საარჩევნო მარათონში, რათა პარლამენტარის სკამზე დაივანოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდის ცნობით, 12 პარტია აპირებს ძალების მოსინჯვას. ასე განსაჯეთ, კიდევ 27-საც უნდოდა, მაგრამ რეგისტრაციიდან მოიხსნა, ამა თუ იმ მიზეზთა გამო.
150 სკამის მოსაპოვებლად ერთმანეთს შეერკინებიან – პარტიული სიით, 1 970, ხოლო მაჟორიტარულად – 835 კანდიდატი. ყველაზე გრძელ-გრძელი პარტიული სია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ: 200-200-კაციანი, ყველაზე მცირე – 119-ანი კი, „ჩვენი საქართველო - ბადრი პატარკაციშვილის შტაბს“.
ჩვენ არ ვიცით, ვისი კოჭი დაჯდება ალჩუზე, ანუ სკამზე, მაგრამ, რადგან ვიცით, რომ სულ რჩეულობისთვის 2 805 იბრძვის, სკამი კი მხოლოდ 150-ა, თითოზე 18,7 მსურველი ყოფილა. აქედან გამომდინარე, იბადება რიტორიკული კითხვა: დაეტევა თუ არა განა ნემსის ყუნწზე, კანონმდებლის სავარძელზე განა 1 000 ეშმაკი 2 805 სადეპუტატოდ გამზადებული?! –