კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოჰყვა სკანდალი მანანა აბრამიშვილის ია სუხიტაშვილთან ტუჩებში კოცნის ფოტოს და რა ტრაგედია მოხდა მის ცხოვრებაში

რუსთაველის თეატრის მსახიობი, უნიჭიერესი და ულამაზესი მანანა აბრამიშვილი სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ მთავარი გმირის, შოთიკოს საყვარლის როლში გამოჩნდა. მსახიობი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იკავდებდა თავს სერიალებში მონაწილეობისგან. თუმცა, ბოლო დროს გადაწყვეტილება შეცვალა და საბოლოოდ, ამ როლს დათანხმდა.  
მანანა აბრამიშვილი: როცა „ხელოვნურ სუნთქვაში“ როლი შემომთავაზეს, თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, რადგან არ მინდოდა, ჩემი პირველი გამოჩენა უარყოფითი გმირთან ყოფილიყო დაკავშირებული. მერე განმიმარტეს, რომ ეს არ იყო როლი, რომელიც ცუდ დამოკიდებულებას გამოიწვევდა. ალბათ, ბევრი ქალი ცხოვრობს მსგავსად და თუ საშუალება მექნება, მათი ტკივილიც გამოვხატო, თანახმა ვარ-მეთქი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ქალი რამეს არასწორად აკეთებს. შეიძლება, საყვარელი ან მეგობარი გოგო დავარქვათ, მაგრამ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა ეს ვიცი, რომ ისევ იქნება სერიალში. ამ გმირზე ბევრი არასასიამოვნო კომენტარი წავიკითხე – ძირითადად, ახალგარდა თაობისგან და ცოტა გავბრაზდი მათ დამოკიდებულებაზე. მარტო ის კი არ მოეწონათ, რომ მთავარ გმირს ქალი ჰყავდა, არადა ამაში რა არის გასაკვირი?! გარეგნული მხარის განხილვა დაიწყეს. საშინელი კომენტარები წავიკითხე და თავიდან გავბრაზდი, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ არაა საჭირო მათი აყოლა. რამდენიმე დღის წინ გოგა ხაინდრავას ფილმი დაიწყო. მასში ბევრი მეგობარი მსახიობი თამაშობს. არაერთხელ გავიგე: უიმე, ამან ეს როლი რატომ ითამაშა? რას ნიშნავს, რატომ ითამაშა? მსახიობი ან დადებით როლს ითამაშებ, ან უარყოფითს. ასეთ უარყოფით როლებს რაც უფრო კარგად ითამაშებენ მსახიობები, უკეთ დავინახავთ, რა ხდებოდა ქვეყანაში და რა ადამიანებთან გვქონდა საქმე. მაგრამ, ხომ გეუბნებით, რადგან ქართულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მეც ჩემი როლი კარგად „გამოვიძიე“. პირდაპირ გეტყვით, საწოლის სცენების ძალიან წინააღმდეგი ვიყავი.
– აქამდე „კომედი შოუსთან“ თანამშრომლობდით. თუმცა, სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ კუთვნილ თანხას არ გაძლევდნენ.
– უკვე ხუთი წელია, „რუსთავი 2-თან“ ვთანმშრომლობ: ვიყავი „ფარულ კამერაში“, „ანეკდოტებში“, „კომედი ქიდსის“ ფილმებში. მათთან ფინანსური საკითხები ყოველთვის დასალაგებელი იყო, არასდროს მიმიღია კუთვნილი დროულად. მაგრამ ბოლოს, როცა უკვე ტელეფონზეც აღარ პასუხობდნენ ჩემს ზარებს, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ამიტომაც დავწერე: რა გაგიხდათ მოწვეული მსახიობების გროშები,  ამდენი თვე რომ ველოდებით ფულის ჩარიცხვას-მეთქი. პოსტის დაწერიდან ერთ საათში თანხა ჩაირიცხა. „ხელოვნურ სუნთქვასთან“ დაკავშირებით მსგავსი რამ არ მომხდარა.
– გარდა სერიალისა, თეატრში ახალი სეზონიდან რა სიახლეებია?
– თეატრში მოწვეული რეჟისორი გოგა თავაძე იწყებს მუშაობას პიესაზე – „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყართან“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ.
– ერთი ფოტოს ისტორია უნდა გკითხოთ, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა...
– ჩემი და ია სუხიტაშვილის ფოტო (იცინის). მე იას კიდეც ვუთხარი, ამაზე ასე არ უნდა გაბრაზებულიყავი-მეთქი. მაგრამ, მისი მესმის, არ ვიცი, ფაქტის წინაშე რომ დავმდგარიყავი, როგორ მოვიქცეოდი. სინამდვილეში, მეგობრის დაბადების დღე  იყო და შევსვით „ვახტანგური“. ამის შემდეგ წესადაა სამი კოცნა: ორი – ლოყებზე და მესამე – ტუჩებში. ზუსტად ამ მომენტში მეგობარმა წამიერად გადაგვიღო ფოტო. თუმცა, ეს იმდენად არაფრად მიგვიჩნევია, მაშინვე „ფეისბუქზე” დავდე. მერე ერთ-ერთ ჟურნალისტს ეწერა: თავიდან კი უარყვეს, მაგრამ ნახეთ, მართალი ყოფილა. იას და მანანას მსგავსი სხვა ფოტო ვნახეთ ქორწილში გადაღებულიო (იცინის). იქ სულ სხვა სიტუაცია იყო: ახალციხეში გვქონდა გასტროლი და ბოლოს, ბანკეტზე უკან რომ გავიხედეთ, ძალიან ლამაზი სადედოფლო სუფრა იყო მოწყობილი. მე და იამ ვიხუმრეთ, დავსხედით, თეთრი გადასაფარებელი ავიფარეთ და იგივე ფორმაში გადაგვიღეს ფოტო. ჟურნალისტებმა კი ამას სხვა შეფასება მისცეს. როცა არ იცი, რა ხდება, საერთოდ არაფერი არ უნდა თქვა.
– მაშინ ჟურნალისტმა იას ამაზე კომენტარის გასაკეთებლად დაურეკა.
– ჰო, ალბათ, იასგან წამოვიდა ეს აგრესია, მაგრამ რაღა ეს კითხვა გიჩნდება?! მსახიობები ვართ და მოდი, ამაზე დარეკე და იკითხე. გაღიზიანების მიზეზი სწორედ ეს არის. მეც ვიყავი წარსულში ჟურნალისტების მსხვერპლი.
– თქვენს პირად ცხოვრებაში ახლა რა ეტაპია. გათხოვილი არ ხართ, მაგრამ არც გეგმაში გაქვთ?
– პირადზე საუბარი საჭიროდ არ მიმაჩნია. საერთოდ კი, ოჯახი ყველა ქალს უნდა. თუმცა, მე არაფერს ვგეგმავ, როგორც ღმერთს უნდა, ყველაფერი ისე იქნება.
– ნათქვამი გაქვთ, რომ მამაკაცს სისუსტეს ვერ აპატიებთ. კიდევ რა არის მასში თქვენთვის მნიშვნელოვანი?
– მამაკაცს სისუსტეს ნამდვილად ვერ ვაპატიებ. ის ძლიერი უნდა იყოს, რაც ძალიან ბევრ რამეს მოიცავს და ამას ყოველდღიურად უნდა გრძნობდე. თუმცა, კიდევ ბევრი რამაა საჭირო – ჭკუა და განათლება. კაცი აუცილებლად წიგნიერი უნდა იყოს და შეძლოს, მომხიბლოს, თორემ მე არასდროს ვცდილობ ვინმეს თავი მოვაწონო. როცა ქალი ასე ცხოვრობ, ძალიან რთულია, ვინმე მოგწვდეს. თუ შეძლებს და მომწვდება, კი ბატონო (იცინის).
– ძალიან ემოციური ისტორია გაქვთ პირველ სიყვარულთან და ოჯახთან დაკავშირებით.
– 17 წლის მომიტაცეს. მეუღლეს არ ვიცნობდი და როცა ცოლი გავხდი, მერე დავიწყე მისი გაცნობა. ძალიან თბილი და კარგი ადამიანი იყო. მაგრამ, ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა. სამი წლის შემდეგ ის უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მეუღლის ბიძაშვილს იარაღი გაუვარდა, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა. ჩემი გოგო 16 წლისაა, ბიჭი – 13-ის და ეს ისტორია არასდროს დამავიწყდება, მაგრამ თავიდან ბოლომდე მოყოლა ძალიან მიჭირს. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, პირიქითაა.
– მას შემდეგ ოჯახი აღარ შეგიქმნიათ.
–  პირველი ქორწინების შემდეგ ბევრი მალევე ქმნის ოჯახს და ვფიქრობ, ეს უფრო მარტივია. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა. ძალიან მივეჩვიე ჩემს ახლანდელ ყოფას და თავს ცუდად ნამდვილად არ ვგრძნობ. როცა 21 წლის ქვრივდები, გრჩება ორი წლის ქალიშვილი და აღმოაჩენ, რომ ბიჭს ელოდები, რომლის არსებობის შესახებ, არც მე და ბუნებრივია, არც მამამისმა არაფერი ვიცოდით, რთულია... შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი მეორეს არც გააჩენდა. ამ ასაკში რომ დამმართნოდა ის, რაც მაშინ გამოვიარე, უფრო რთული გადასატანი იქნებოდა. პატარა რომ ხარ, რაღაცეებს უფრო მარტივად აკეთებ. ამის შემდეგ თეატრალურში თავიდან ჩავაბარე. გამიმართლა და მოვხვდი „რუსთაველის თეატრში“. შვილები გავზარდე და ახლა ჩემს წარსულს რომ ვუყურებ, მართლა მიკვირს  – როგორ შევძელი თუნდაც სწავლა ან ბრძოლა გამეგრძელებინა...
– შვილებს პროფესიული თვალსაზრისით, რამე მიმართულება თუ აქვთ უკვე შერჩეული?
– გოგოს ხან მოდელობა უნდოდა, ხან – მსახიობობა, ხან – ჟურნალისტობა. წინააღმდეგობა არცერთ შემთხვევაში არ გამიწევია. უბრალოდ, ყველანაირ პირობას ვუქმნიდი, რომ ეს პროფესიები არ მოსწონებოდა. მინდა, ისეთი პროფესია აირჩიოს, რომლითაც მყარად იდგება ფეხზე. იმდენად კარგი მოსწავლეა, რომ, რაზეც მოისურვებს, ყველგან შეუძლია ჩაბარება. ამიტომ მინდა, კარგი არჩევანი გააკეთოს, თან ცეკვავს კიდეც „სუხიშვილებში“. რაც შეეხება ბიჭს, ფეხბურთელი გვყავს, მეკარეა. ისიც ძალიან კარგად სწავლობდა, მაგრამ, რაც სპორტმა გაიტაცა, ცოტა მოუკლო (იცინის).

скачать dle 11.3