როგორ დააავადეს საპატიმროში ერთ დღეს სამასი ადამიანი შიდსით და რისთვის აბამდნენ ცოცხალ პატიმრებს მიცვალებულების გვამებზე
19 წლის, მეორე კურსის სტუდენტი ალექსანდრე ახალკაცი 2007 წელს, უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან, შემდეგ კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირების გამო, აბსურდული მიზეზით დააკავეს და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ერთი კვირის წინ, ტელეეკრანებზე გოგა ხაინდრავას ფილმი „ჰეროკრატია“ გამოვიდა. რომლის პირველი-ორი სერია ნაციონალების მმართველობის პერიოდში ციხეში არსებული დესპოტიზმისა და არაადამიანურობის შესახებ მოგვითხრობს.
მისი მთავარი გმირი ალექსანდრე ახალკაცია, რომელმაც ნაციონალებისდროინდელი ციხე საკუთარ თავზე იწვნია. იქ ნანახი და განცდილი ფურცლებზე გადაიტანა და სააშკარაოზე გამოიტანა.
ალექსანდრე ახალკაცი: რამდენიმე წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, მაგრამ უნივერსიტეტში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ეს სასწავლებელს კი არა სადამსჯელო დაწესებულებას უფრო ჰგავდა, სადაც ცოდნის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო. მაშინდელი თვითმმართველობა მოძალადე ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც განსხვავებული აზრის გამო სტუდენტებს დევნიდა: ისინი უნივერსიტეტშივე კაბინეტში შეჰყავდათ და სცემდნენ. ბუნებრივია, ამის გამო პრეტენზიები გამოვთქვით, რის შემდეგაც „კაი ბიჭებივით“ საქმის გარჩევა დაგვიწყეს. ზუსტად ამ ადამიანებმა შემდეგ საკმაოდ მაღალი თანამდებობები დაიკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში. მაშინ თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ავალიანი იყო. მალე ჩემი და თვითმმართველობის დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავიდან ჩემს გადაბირებას შეეცადნენ, შემდეგ მუქარაზე გადავიდნენ, მაგრამ მიზანს რომ ვერ მიაღწიეს, დამაპატიმრეს და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. გოგა ხაინდრავას ფილმის პირველ ორ სერიაში ჩემი პატიმრობის პირველი წელიწადი და რვა თვეა გადმოცემული. სინამდვილეში იქ ხუთწელიწად-ნახევარი გავატარე. წლების განმავლობაში თითქმის ყველა დაწესებულება მომატარეს, მეშვიდეს გარდა, სადაც ქურდები სხედან. არადა, საქმეში „კრიმინალური ავტორიტეტიც“ მეწერა 19 წლის სტუდენტს. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, მომისაჯეს ტუბერკულოზის დისპანსერში გადაყვანა, რადგან ფიზიკური ზეწოლით ჩემი გატეხა ვერ შეძლეს. დისპანსერში კი ცოცხალი ვერავინ გადარჩებოდა, იქ მაქსიმუმ, ექვსი თვე გაეძლო ადამიანს.
– და პირდაპირ რატომ არ მოგიშორეს? ამის მაგალითებიც ხომ ბევრს მოჰყავს.
– მეტი რაღა უნდა ექნათ? შემოვაკვდი ხელში ცემისას, მაგრამ მერე გავცოცხლდი, თან არაერთხელ. თან, ჩემს საქმეს გარედან გარკვეული რეზონანსი ჰქონდა. პირდაპირ მოშორებით ძალიან დიდ სკანდალში აღმოჩნდებოდნენ და ერჩივნათ, ეს წყნარად და მშვიდად გაეკეთებინათ. ტუბერკულოზი ჰქონდა და გარდაიცვალაო, რომ იტყოდნენ, ეჭვი არ გაჩნდებოდა, არც პირველი ვიქნებოდი და არც უკანასკნელი. რაც შეეხება ფილმს, მე იმ წელიწადსა და რვა თვეში გაცილებით მეტი საშინელება ვნახე, ვიდრე იქ ჩანს. მას საფუძვლად უდევს ჩემ მიერ ციხეში დაწერილი რომანი „გამოცდა ბორკილებით“, რომელსაც ნაწილ-ნაწილ, ხელნაწერების სახით ვაპარებდი ციხიდან. ერთ-ერთი ბადრაგი მოსყიდული მყავდა და დღეში ორი „პარლამენტის“ სანაცვლოდ, ჩემს წერილებს (სინამდვილეში ჩანაწერებს) დედაჩემს აძლევდა. მათში აღწერილია, ვინ რომელ დღეს აწამეს, ვინ გარდაიცვალა და საერთოდ, რა ხდებოდა ჩემ გარშემო. გოგა ხაინდრავას ფილმი, თავისთავად, ძალიან მაგარია, მაგრამ იმ ყველაფრის სრულად გადმოცემა, რაც იქ ხდებოდა, შეუძლებელია. ეს ფანტასტიკის სფეროა. 2007 წელი იყო და მაშინ გარეთ არავინ იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში. ორთაჭალაში ფიზიკურად არ ძალადობდნენ, უბრალოდ, 16-კაციან კამერაში 160-180 კაცი ვიყავით და ელემენტარულად ჰაერი არ გვყოფნიდა. მორიგეობით გვეძინა და ვისხედით. ჩემთვის წარმოუდგენლი იყო, რომ ციხეში აღმოვჩნდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მართალი ვიყავი და ველოდი, როდის გამომიშვებდნენ. ამასობაში გავიდა სამი თვე, გაიხსნა გლდანის ციხე და იქ გადაგვიყვანეს. იქ უკვე იმას კი აღარ ვფიქრობდით, სასამართლო როდის იქნებოდა, რომ გავმართლებულიყავით და გამოვეშვით, ვოცნებობდით, მალე მოესაჯათ, რომ იქაურობას მოვშორებოდით და ზონაში გადავეყვანეთ. თუმცა, მერე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე, იქ უარესები ხდებოდა.
– ბრალდებას არ აღიარებდი და ამიტომ ძალადობდნენ?
– კი. გლდანში რომ გადამიყვანეს, სამი ღამე კარანტინში მქონდა გათენებული და დილით შემოწმებაზე რომ შემოვიდნენ, ხმა ვერ გავიგე და ხელებაწეული ვერ დავხვდი ჯალათებს. მძინარე გადმომისროლეს საწოლიდან და ისეთი ტვინის შერყევა მივიღე, წესით, სამი თვე საწოლიდან არ უნდა ავმდგარიყავი, მაგრამ ერთ კვირაში ფეხზე ამაყენეს კი არა, ჩვეულებრივ გაგრძელდა კარცერები და ზეწოლა. ძალადობა ყველა პატიმარზე ხორციელდებოდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ისიც ემატებოდა, რომ ჩემი საქმე ძალიან უნიჭოდ იყო შეკერილი, უამრავი ლაფსუსი ჰქონდა და ამიტომ უნდოდათ გავტეხილიყავი, რომ თვითონ მშვიდად ყოფილიყვნენ. მაგრამ თურმე, რომ გებრძვიან, მაშინ უფრო ძლიერდები. ერთი წუთით არ გავჩერებულვარ, ვასაჩივრებდი, ვაპროტესტებდი, ვიცავდი სხვა პატიმრების უფლებებს, რომლებსაც ასევე სცემდნენ, აწამებდნენ, კედელზე თავებს ახლევინებდნენ. ერთმა პატიმარმა მითხრა: „ძმაო, ვხედავ, როგორ ებრძვი ამათ და აუცილებელია, რაღაც გითხრა. ასეთ ფაქტს შევესწარი, უფრო სწორად, მოვისმინე კარცერში მყოფმა, რომ ვიღაცას მაგრად სცემდნენ. მისმა ბღავილმა გამაღვიძა ღამის სამ საათზე. მსხვერპლი, მგონი, ფსიქიკურად ავადმყოფი იყო, რადგან ლანძღვა-გინებისას ხშირ-ხშირად ამბობდნენ, ფსიქოტროპული აღარ მივცეთო. ბოლოს „ნინძამ“ ბრძანა, გელა ჩამოუყვანეთ ამას, სათანადოდ რომ დასაჯოსო. მიჩუმებული პატიმარი ხუთიოდე წუთში ისევ აყვირდა: არ ქნათ, ეს არ ქნათ, ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ეს არ გამიკეთოთ, არ დამღუპოთ სამუდამოდ, ცოლ-შვილი მყავს და თავს ნუ მომაკვლევინებთო. მაგაზე თავიდან გეფიქრა, შე სიროო, – მიაძახა „ნინძამ“. მერე კი გელას უთხრა: – მიდი, შენი საქმე გააკეთეო! გავიგე სრულიად არაადამიანური ხმა იმ პატიმრისა. ყურები თითებით დავიცე. არ მსურდა, ეს ხმა კიდევ გამეგონა, მაგრამ, ამაოდ. „შპონკაზე“ მოვიბუზე და თვალები დავხუჭე. შიშისგან ერთიანად ვცახცახებდი. ძალიან მალე ის საწყალი მიყუჩდა და მერე ქვითინი მომესმაო.
იყო სხვა მეთოდიც, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება მიმართავდა და ამის შესახებ ბევრმა იცის: ზოგმა ყურმოკვრით, ზოგმა საკუთარი თვალით ნახა ეს ყველაფერი, მაგრამ არავინ საუბრობდა ამ თემაზე, თითქოს მხილველიც არავინ იყო... გამონაკლისია ერთი პატიმარი, რომელმაც ცოლს როგორღაც შეატყობინა, რომ უნდა დაშორებულიყვნენ, რადგან ის აღარ იყო კაცი. უკანალში „გაკეთებული“ დუბინკისა და ცოცხის გამო. ფიზიკური ზეწოლა ყოველდღიური სახის იყო. აბანოში ათი წუთი კი არა, სინამდვილეში სამი წუთი გვქონდა დრო. თუ ვერ მოასწრებდი და იქიდან გასაპნული გამოხვიდოდი, იკეტებოდა აბანოს კარი და მთელ კამერას სცემდნენ. აბანოები ჰქონდათ საწამებელ ოთახებად, რადგან იქ სისხლის ჩარეცხვა ადვილი იყო. მაგრამ კედლებზე იყო სისხლის კვალი შემორჩენილი. ფილმში ჩანს, რომ გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც მერე ცოცხალი აღმოჩნდება, ჩაჰყავთ მორგში და სხვა გვამებზე აბამენ. სინამდვილეში, სხვა სიტუაცია იყო. მორგში შეგნებულად ჩაჰყავდათ ცოცხალი პატიმრები, გვამებზე ზემოდან აბამდნენ და რამდენიმე დღით ტოვებდნენ, რომ ფსიქოლოგიურად გაეტეხათ. არ იფიქროთ, რომ მორგი სპეციალურად გამოყოფილი ადგილი იყო, კარანტინის ნებისმიერი ოთახი მორგად იყო ქცეული. უამრავი მიცვალებული ჰყავდათ. მერე ეს მიცვალებულები გადაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოებში და აფორმებდნენ, ვითომ იქ გარდაიცვალნენ, დაწესებულებას რომ არ დაწეროდა მათი სიკვდილი. ზოგს ჩამოკიდებდნენ და იტყოდნენ, რომ თავი ჩამოიხრჩოო, როგორც გიორგი ზერეკიძის მამას გაუკეთეს მეექვსეში. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემს წიგნთან შედარებით, ფილმი უფრო მძიმეა. მე ვცდილობდი, ის ისტორიები ცოტა იუმორით და პოზიტივით გადმომეცა.
– პოზიტივის ძალას სად პოულობდი?
– ეს რომ არ მქონოდა, ვერც დავწერდი და ვერც გადავრჩებოდი. მუდმივად ძალადობის ქვეშ ვიყავი, რადგან სულ ვაპროტესტებდი,. ესენი კიდევ წინააღმდეგობაზე გიჟდებოდნენ. ხერხემალი დამიზიანეს, კონკრეტული საჩივრის დაწერის გამო, ორი თვე ნეკნებჩამტვრეული ვიყავი. სამი ტვინის შერყევა გადავიტანე, თითი მაქვს გადამტვრეული, ხერხემალზე სიგარეტის ნამწვავების კვალია და ასე შემდეგ. ვშიმშილობდი, ფაქტებს ვასაჯაროებდი, არასამთავრობოებს ვუკავშირდებოდი. სახალხო დამცველი ნაციონალების ახლანდელი სახე – ტუღუში გახლდათ, რომელიც ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი იყო. პატიმრებს მისი იმედი არ გვქონია, რამდენჯერაც შეხება გვქონდა, იცით, რას გვეუბნებოდა? – დაუჯერეთ, რატომ აპროტესტებთო?! ვაპროტესტებდით იმას, რომ პატიმრებს ძალით ჰკიდებდნენ შიდსს. რუსთავის მეორე დაწესებულებაში კბილის ექიმმა შიდსიანს ამოუღო კბილი და სპეციალურად, იგივე ხელსაწყოთი იმ დღეს სამას პატიმარს აჰკიდა შიდსი. ამას შიშის დასანერგად აკეთებდნენ. მარტო ციხეში კი არა, გარეთაც კი, იქ მოხვედრის შიში უნდა ყოფილიყო. როცა ადამიანებს იჭერდნენ, ამ ყველაფერს აყურებინებდნენ და აშინებდნენ: ნახე, ციხეში პატიმრებს რას ვუშვრებითო. შიშის კანკალით აწერინებდნენ აღიარებით ჩვენებებს. ეს არ იყო გაპარული შეცდომა, რომელიც მხოლოდ ბაჩომ ან მკურნალიძემ იცოდა, ხელისუფლებაში ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა – ხათუნა კალმახელიძიან მიხეილ სააკაშვილიანად. ბევრისგან გამიგია: კრიმინალს ეგრე უნდა უქნა, რასაც ციხეებში უშვრებოდნენო. ჯერ ერთი, არცერთი ნორმით, ასე არავის უნდა უქნა, მაგრამ მით უმეტეს, გლდანის ციხეში, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორია, სადაც შეიძლება, სრულიად უდანაშაულო ადამიანიც იყოს პატიმრობაში, რომელიც სასამართლოს შემდეგ შეიძლება, გამართლდეს. საერთოდ რაზეა საუბარი?!
– შენ გვერდით მოუკლავთ ვინმე?
– გვერდით არა, ჩემ თვალწინ მოუკლავთ. უამრავი ადამიანი მოუკლავთ ცემაში, მე თვითონ ჩამკვდომია ხელში ძალიან ბევრი ადამიანი და ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტი იყო. პირველად და მეორედ დავიძაბე, თორემ მერე ჩვეულებრივად იქცა. დამიძინია ცოცხალ ადამიანთან ერთად და მიცვალებულთან გამიღვიძია. მით უმეტეს, ტუბზონაში, სადაც თითქმის ყველა კვდებოდა. ერთხელ 12-კაციან კამერაში ვიყავი და მათგან დღეს ცოცხალი მარტო მე ვარ. ისინი იქვე, ძალიან მოკლე პერიოდში გარდაიცვალნენ. ამან ძალიან დამთრგუნა. ალბათ, იმიტომაც თამაშობს ლუკა თარხან-მოურავი დათრგუნულ პერსონაჟს. ფილმს პირველად რომ ვუყურე, ცოტა გავბრაზდი. მე უფრო მეტად ძლიერი ვიყავი, ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი და რისთვის. ჩანაწერებსაც იმიტომ ვაკეთებდი, რომ საზოგადოებას გაეგო, რაც იქ ხდებოდა. გითხარით, უამრავი ლაფსუსი იყო ჩემს საქმეში-მეთქი. ჩემთან მიმართებით სამმა მინისტრმა – განათლების, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის მინისტრებმა, პრეზიდენტთან ერთად, დაარღვიეს კონსტიტუცია, როცა ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და სწავლის უფლება არ მომცეს. მაშინ გადავიკიდე მკურნალიძე. დაიწყო ჩემზე ტოტალური ზეწოლა. გამოცდებზე გავედი, მაგრამ პირველ – ქართულის გამოცდაზე არ წამიყვანეს. პრესაში რომ აჟიოტაჟი ატყდა, თქვეს, საშიშია, გაიქცევაო. მაგრამ, ამხელა რეზონანსის შემდეგ, მომდევნო გამოცდები ჩამაბარებინეს. ერთი გამოცდა მაინც თუ მექნებოდა გაცდენილი, უნივერსიტეტში ვეღარ ჩავაბარებდი და ამიტომ გამაცდენინეს პირველი გამოცდა. მაგრამ, იმდენად უნიჭოები იყვნენ, ის ვეღარ გათვალეს, რომ პროფესიულ სასწავლებელში მარტო უნარების ქულაც საკმარისია, 80-იდან 74 ავიღე და „ალასანიაში” ჩავირიცხე.
– საერთოდ, გამოცდაზე გასვლის, არასამთავრობოებთან კონტაქტის ან შენი სხვა აქტივობების უფლება როგორ მოგცეს? გასაგებია, რომ კანონით გეკუთვნოდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, კანონები მარტივად ირღვეოდა.
– გამოცდებზე დედაჩემმა გარედან დამარეგისტრირა და რაღას იზამდნენ?! დარეკვას ვერ ვახერხებდი, მაგრამ არასამთავრობოებიდან თუ ვინმე შემოვიდოდა და დაველაპარაკებოდი, რაც ერთი-ორჯერ მოვახერხე, მაშინვე კარცერში აღმოვჩნდებოდი. საჩივრებს ვწერდი, მაგრამ გარეთ ვის გამოჰქონდა?! ტუღუშის წარმომადგენლები რომ შემოდიოდნენ, განცხადებებს ვაძლევდი, მაგრამ მათ ადმინისტრაციაში ტოვებდნენ, გარეთ არ გამოჰქონდა სახალხო დამცველს. ახლა რომ დემოკრატობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე დებს თავს, ჩვეულებრივი კრიმინალია.
– გასაგებია, რომ ფიზიკურ ძალადობას ბადრაგი ახორციელებდა, თვითონ მაღალი თანამდებობის პირები თუ შესწრებიან ამ მომენტს?
– კი, ხათუნა კალმახელიძე, გაგა მკურნალიძე. როცა შიდსთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად ვშიმშილობდით და სპეცრაზმი შემოიყვანეს, ბოლოს ხათუნა კალმახელიძეც მოვიდა და უყურებდა, როგორ გვაფორთხიალებდნენ, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას და ასე შემდეგ. ლევან პაჭკორიას, იგივე „ნინძას“ უამრავი ადამიანი ჰყავს ცემით მოკლული. ამ წლების განმავლობაში ბევრი კამერა მოვიარე და ჩემგან ხან საავადმყოფო ჩანდა, ხან მთავარი შემოსასვლელი კარი. მინახავს, როგორ მიაპორწიალებდნენ „ადიელაში“ გადახვეულ ადამიანს და სისხლის კვალს ტოვებდნენ. ზუსტად იცი, რომ შენც ეს მოგიწევს. აზრი არ აქვს, წყნარად იქნები თუ არა, აუცილებლად მოგიწევს. მხოლოდ ბრძოლის გზა გრჩება, რომ შენს თავს თუ არა, სხვებს მაინც უშველო და რამე შეცვალო. ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბრძოლას აზრი აქვს და აღმოჩნდა, რომ მათ ერთი ომი მოვუგე. თუმცა, იყო უმძიმესი მომენტები: ერთი პატიმარი მოიყვანეს გლდანის ციხიდან. ნერვიულობით დაავადმყოფდაო, – ასე ამბობდნენ მასზე თანამშრომლები. იმასაც ამბობდნენ: ეგ მამის მკვლელიაო... მერე თვითონ მოყვა: გლდანში ორი წელი ვიჯექი და იქიდან ძალიან გაღიზიანებული, დანევროზებული გავედი. სხვებივით დაძაბული ვატარებდი დღეებს ცემა-ტყეპასა და წივილ-კივილში. მაგრამ, აი, რომ გავედი, მივხვდი, მაგრად მქონდა დარხეული. ღამეები არ მეძინა და სულ თავის საშინელი ტკივილი მტანჯავდა. მშობლებს ეს რომ ვუთხარი, სად არ წამიყვანეს სამკურნალოდ, რა წამლები არ მიყიდეს, მაგრამ არაფერმა მიშველა. მხოლოდ შუადღისას მეძინა, ანუ როგორც გლდანში ვიყავი შეჩვეული (ამ დროს ხომ თანამშრომლები საჭმელს ჭამდნენ და ჩვენს დასაწიოკებლად არავის ეცალა)... რამდენიმე თვეში ისიც შევამჩნიე, რომ თავზე არათუ შეხება, არამედ სულ ახლოსაც რომ მოეტანა ხელი ვინმეს, მაშინვე აგრესიული ვხდებოდი მის მიმართ. გლდანის ციხეში თავში წამდაუწუმ წამორტყმამ თუ კედელზე თავის რახარუხმა თავისი კვალი დამაჩნია. როცა ეს პირველად შევამჩნიე, ლოგინიდან კვირაზე მეტხანს არ ავმდგარვარ. საკუთარ თავს ვებრძოდი, რათა როგორმე დამევიწყებინა ის ორომტრიალი. თითქოს დავმშვიდდი კიდეც. ერთხელაც, ორსართულიანი სახლის მეორე სართულის აივანზე ვიდექი, როცა უკნიდან თავში წამომარტყეს. გული შემეხუთა და თავბრუ დამეხვა – სხვა აღარაფერი მახსოვს. კივილმა გამომაფხიზლა. ჩემი და და დედა კიოდნენ, ასფალტზე კი სისხლის გუბე იდგა. მზერა ამღვრეული მქონდა და სხვას ვერაფერს ვარჩევდი. ამასობაში, გავიგონე: რა ქენი, შე დამპალო, მამა რატომ მოკალიო?! გულშეწუხებული ჩავიჩოქე... გონს გლდანის „რეზბალნიცაზე“ მოვეგე. აგერ უკვე ცხრა თვეა, ციხეში ვარ და არცერთი ახლობელი არ მოსულა ჩემ სანახავად. ერთხელ დავრეკე და დამ მიპასუხა: მამის მკვლელო, აქ აღარასოდეს დარეკოო! ეს თქვა და ხმამაღლა დაიწყო ქვითინი. აღარ შემეძლო ამ დრამატული სცენის ყურება და პალატიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი. ეს კაცი თუ მართალს ჰყვებოდა, ჩვენ ყველანი პოტენციური მამისმკვლელები ვიყავით, რადგან ჩვენც იგივე გადავიტანეთ გლდანში თუ სხვა დაწესებულებებში და არავინ უწყოდა, როგორ დააჩნდებოდა ეს წლები ჩვენს სულსა და გულს... მხოლოდ იმის გაფიქრება შევძელი, რომ სახელმწიფო ყველას მამისმკვლელებად გვაყალიბებდა.
– გარეთ ოჯახი გყავდა. ცნობილი ფაქტია მათით მანიპულირება და მუქარაც.
– მე ორი ადამიანი მომიკლეს პატიმრობის პერიოდში. რეკავდნენ და ჩემებს ეუბნებოდნენ: თქვენი შვილის კუბო მოვა ახლა და ელოდეთ, სასწრაფოს ხმას რომ გაიგონებთ, ესე იგი, ეგ არისო. ბაბუას ინფარქტმა დაარტყა, ძალიან მალე ბებიას გულმა უმტყუვნა და ორივე გარდაიცვალა. მე ვარ მათი გარდაცვალების მიზეზი, დედაჩემი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაგრამ, უკან არ დავიხევდი, არჩევანი გავაკეთე, მე უკვე სიკვდილზე მქონდა ხელი მოწერილი, მაგრამ სხვა ადამიანების დაცვაზე უარს არ ვიტყოდი.
– როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება საპატიმროს დატოვების შემდეგ?
– გამოვედი თუ არა, უნივერსიტეტში მეორე დღესვე თავი აღვიდგინე და საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლა დავასრულე. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ და გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო გრანტი ჩამომართვა, რადგან ხუთ წელზე მეტი ვიყავი პატიმარი. რა გავაკეთო თუ ხუთ წელში ვერ ჩავეტიე?! (იცინის) დავაარსე ორი არასამთავრობო ორგანიზაცია და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ვმუშაობდი და ვმუშაობ ძალიან ბევრ ადგილას, ვწერ და ასე შემდეგ. სოციალურად იმდენად აქტიური ვარ, საპატიმროს დატოვების შემდეგ, რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართვა რომ შემომთავაზეს, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი (იცინის).