გია ნუცუბიძე: ცხოვრება მცდელობაა, ღირსება – გზის გაგრძელება!
სამი შვილიშვილის ახალგაზრდა ბაბუა, რომელიც ტრადიციული ღირებულებებით გამოირჩევა. გია ნუცუბიძემ ჯერ კიდევ 2004 წლის მოწვევის პარლამენტში მოიპოვა ყველაზე სიმპათიური კანონმდებლის სტატუსი. მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მისთვის ბრალდებები და ციხე მხოლოდ პრინციპების დაცვისთვის ბრძოლა იყო და ეს მისთვის გამარჯვებას ნიშნავდა! ამჯერად კი გამარჯვებას ვაკის იმ ოლქისთვის აპირებს, რომლის მაჟორიტარადაც პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან” იყრის კენჭს. ჩვენი გამოკითხვების თანახმადაც, ის რეიტინგულ კანდიდატად სახელდება და ამომრჩეველი მის კანდიდატურას კარგად იცნობს. გია ნუცუბიძე დღესაც ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში ცხოვრობს და უბნელებს ყოველდღე არა მხოლოდ საარჩევნოდ ხვდება. იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ახლა უკვე სხვა სანგრიდან აპირებს ბრძოლას ქვეყნის ინტერესებისთვის.
– ბატონო გია, თქვენ ერთხელ უკვე ბრძანდებოდით დეპუტატი. გსურთ ისევ იმ „უღელში” შებმა?
– საინტერესო კითხვაა და მეც ვიფიქრე ამაზე. თუ ამბიციურობად არ ჩამითვლით, მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არ ამომიწურავს ჩემი რესურსები, ადამიანური შესაძლებლობები ამ მიმართულებით. ჯერ კიდევ მსურს, ვემსახურო ჩემს ხალხს და ჩემს რაიონს. თუ ამას ამომრჩეველიც გადაწყვეტს, მე ასეთ „უღელში” შევებმეოდი.
მინდა, მათთვის ბოლომდე დავიხარჯო!
– ბატონო გია, იმ უბნელი ხართ, სადაც ამჟამად კენჭს იყრით?
– ამ უბანში გავიზარდე, მცირედი გამონაკლისის გარდა, თითქმის 40 წელი გავატარე და ამჟამადაც აქ ვცხოვრობ. უბანს ძალიან კარგად ვიცნობ. ბოლო წლებში გაჭირვების გამო, ბევრი გადავიდა, თუმცა უბნის კოლორიტი მთლიანობაში არ დარღვეულა – თბილისელობას ხომ ეს ლამაზი ტრადიცია აქვს.
– ჩვენთან საუბრისას, თქვენი რაიონის მცხოვრებლებთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ გიცნობთ და იცის, რომ მაჟორიტარად იყრით კენჭს...
– დიდი მადლობა მათ. მინდა, მათი პატივისცემა გავამართლო. იმედია, მომეცემა ეს შანსი.
– ბოლომდე ვერ დავიხარჯეო, ბრძანეთ და როგორ აპირებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებას?
– ძლევამოსილი არავინაა ამქვეყნად, მით უმეტეს, პარლამენტის რიგითი დეპუტატი. თუმცა ხალხს ხშირად სჭირდება ელემენტარული მხარდაჭერა. იმის დანახვა, რომ მათზე ზრუნავენ! ხშირია მაგალითები, რომ არჩევის შემდგომ დეპუტატები საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან. მე ასეთი ვერასოდეს გავხდები, ეს სულში არ მაქვს. მე გაცილებით ფართო გეგმები მაქვს, ვიდრე რიგითი, ბანალური დაპირებებია! მაქვს განწყობა, რომ ერთად გავაკეთოთ ბევრი სასიკეთო საქმე, ვიყო მათთან – ყოველდღიურობა ჩვენი საერთო საზრუნავი უნდა იყოს! ადამიანთა ნდობა, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენი ცხოვრება მცდელობაა. ადამიანი რომ წაიქცევა, უნდა წამოდგეს და გზა გააგრძელოს. ღირსება გზის გაგრძელებაა!
– მიგაჩნიათ, რომ წაიქეცით?
– არა, პირიქით, ჩემთვის რაც მოხდა, ეს გამარჯვების ტოლფასი იყო. დრომ აჩვენა და დაადასტურა, რომ ჩემი დაპირისპირება ყოფილ ხელისუფლებასთან ჩემი ქვეყნის ღირსების საკითხიც გახლდათ და სიმართლე ჩემს მხარეს იყო. შურისძიების სურვილით აღვსილი არ ვარ, თუმცა ჩემს პრინციპებს არ ვუღალატე და არც შემდგომში ვაპირებ.
– ბატონო გია, მართალია, ეს ბანალურ კითხვად იქცა, მაგრამ უნდა გკითხოთ, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა, როგორ დაეხმარება მათ დეპუტატი გია ნუცუბიძე?
– ზოგადად, საქართველოში ცუდი ტენდენცია დამკვიდრდა, რომ მაჟორიტარ დეპუტატს უნივერსალურ პერსონად მიიჩნევენ. აუცილებლად უნდა მოხდეს მაჟორიტარის უფლებების გააზრება და გამიჯვნა. რაც შეეხება უბანს, ბუნებრივია, უპირველესად, დეპუტატმა უნდა მოახდინოს უბნის პრობლემატიკის ყველაზე მწვავე საკითხების წინა პლანზე წამოწევა და ამ საკითხების ინიცირება, შემდგომ კი მათი გაკონტროლება. მაგალითად, ნუცუბიძის პლატოებზე 8 საათის შემდგომ მუნიციპალური ტრანსპორტით ელემენტალურად ვერ ისარგებლებ, რადგან ტრასნპორტი არ დადის 8 საათის შემდგომ. ეს საკითხი მოსაგვარებელია. დაპირებები ქრება და ეს პრობლემა პრობლემად რჩება. სკვერები და გამწვანება, რომლითაც მუდმივად გამოირჩეოდა ვაჟა-ფშაველას კვარტლები, თითქმის სრულად გაჩანაგებულია და ქაოტურად მიმდინარე მშენებლობებმა შეიწირა ამ უბნის გამორჩეული მწვანე საფარი. კანონმდებლობის გამკაცრებაა საჭირო სარეკრეაციო ზონების გასხვისების შესაჩერებლად, ინფრასტრუქტურული საკითხებიც დასარეგულირებელია. სანიაღვრე კოლექტორების მეურნეობა, საკანალიზაციო სისტემის გაახლება, უამრავი კომუნალური საკითხი, მათ შორის, ეგრეთ წოდებული „ხრუშჩოვკების” ტიპის კორპუსების ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო, ავარიული სახლების პრობლემების მოგვარება და ასე შემდეგ. მე ვაპირებ ამ საკითხების დაყენებას და მისი გადაჭრისთვის კონკრეტული საშუალებების მოძიებას. ასევე მნიშვნელოვანია დასაქმების პრობლემა. როცა უბანში არის უამრავი განათლებული და დაუსაქმებელი ადამიანი, ამას სჭირდება გლობალური სახელმწიფოებრივი მიდგომა და კომპლექსური გადაწყვეტა. დილიდან საღამომდე ამ ადამიანებს ვხვდები და დღის ბოლოს სასიამოვნოდ დაღლილი, ვცდილობ, მცირედით მაინც შევეხიდო მათ! ჩვენ ყველა უნდა შევეხიდოთ ერთმანეთს, ერთიანობის ხარისხი ავამაღლოთ და არ უნდა დავუშვათ დაცალკევება! ეს გახლავთ ჩემი უპირველესი მიზანი და თუ ამომრჩეველი მხარდაჭერას გამომიცხადებს, მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანასა და ხალხს!