რა ტაქტიკა უნდა აირჩიოს ქალმა მოღალატე ქმრის დასაბრუნებლად
ღალატი არის ის, რასაც არცერთი ქალი არ ეგუება, მიუხედავად ამისა, ცოლების უმრავლესობა მაინც იბრუნებს ოჯახში მოღალატე ქმარს. თანაც, არათუ იბრუნებს, იბრძვის კიდეც ამისთვის. ზოგიერთი კი – განსაკუთრებული მეთოდებით. ვერავინ იტყვის, რა უფრო მისაღები და გამართლებულია – არ აპატიო ღალატი და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო, თუ ისევ შეჩვეული ჭირი ამჯობინო და სხვა ქალს არ დაუთმო „ძვირფასი“ მეორე ნახევარი.
თეიკო (37 წლის): ბევრი ცოლისთვის ნაცნობია თემა, რომელზეც უნდა ვისაუბრო. სამწუხაროდ, მამაკაცები არ გამოირჩევიან ერთგულებით და თუ რომელიმე ცოლს არ ღალატობს, იმიტომ არა, რომ ეს მიუღებლად მიაჩნია, უბრალოდ, შესაფერისი მომენტი არ ჩაუვარდა ხელში.
– ანუ, ღალატის სურვილი ყველა ქმარს აქვს?
– „ღალატის სურვილი“ – მთლად ასეც ვერ დავარქმევ, მაგრამ ფიქრობენ ამაზე, არ გამორიცხავენ... ზოგიერთი კი მიზანმიმართულად ცდილობს ოჯახის მიღმა რომანის გაბმას. ისეთებიც არიან, რომლებსაც სიტუაციურად მიეცათ ღალატის შანსი და ხელიდან არ გაუშვეს.
– თქვენი ქმარი რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა?
– საშუალო კატეგორიას. მე ვფიქრობ, შეპყრობილი არ იყო ჩემი ღალატის სურვილით, მაგრამ არც უარი თქვა, როცა ჰორიზონტზე მასთან ურთიერთობის მოსურნე ქალბატონი გამოჩნდა.
– ცოლები მაინც ყოველთვის „სხვა“ ქალს აბრალებენ საკუთარი ქმრის ამჩატებას...
– ვხვდები, რასაც გულისხმობთ. მე არ ვამბობ, რომ ჩემი ქმარი საწყალი და გულუბრყვილო მსხვერპლია კაცებზე მონადირე ქალისა. რა სისულელეა, ის, რისი გაკეთებაც არ მინდა, ძალით ვერავინ გამაკეთებინებს. ანუ, ჩემი ქმარი იყო განწყობილი ღალატისთვის. არ გამორიცხავდა ღალატს თავის ცხოვრებაში და ჩვენს ურთიერთობაში. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, რომელმა მეტად იაქტიურა – ჩემმა ქმარმა თუ იმ ქალმა. მე აღმოვჩნდი ფაქტის წინაშე – დავკარგავდი ქმარს, თუ რამეს არ მოვიმოქმედებდი.
– ანუ, როგორც კი გაიგეთ, რომ გღალატობდათ, მაშინვე გადაწყვიტეთ პატიება?
– რაშია, იცით, საქმე? ბუნებრივი რეაქცია მქონდა ღალატზე. შეუძლებელია, რომელიმე ქალი, მით უმეტეს, ცოლი, ასეთი ფაქტის მიმართ გულგრილი დარჩეს – დამანგრეველი, საშინელი, ძალიან მტკივნეული განცდაა. ლამის მოვკვდი. არავინ თქვას, რომ ამ დროს მისი პიროვნული თავმოყვარეობა არ ილახება... ეგრევე ჩნდება კითხვა – მე რატომ?! მე რატომ მიღალატესო და პიროვნულად ნადგურდები. მაგრამ, ეგრევე უნდა მოახერხო თავის ხელში აყვანა. სწრაფად უნდა გადაწყვიტო, რა გინდა. ცხელ გულზე ეგრევე ოჯახის დანგრევაზე ფიქრობ. თუმცა, მერე, ნელ-ნელა აანალიზებ, რა მოჰყვება ოჯახიდან მოღალატის გაგდებას. კაცი შტერია – მომიტევონ მამაკაცებმა, მაგრამ ასეთია რეალობა – ხშირად ლოგიკას სრულად არიან მოკლებულნი და სიტუაციას ვერ აანალიზებენ. ქალმა უნდა იფიქროს და იაზროვნოს მათ მსგავსად. ჩემმა ქმარმა პირდაპირ მომახალა, სულაც რომ გაგიჟდე, ის მიყვარს და უნდა წავიდე, მაგრამ ბავშვებზე ვიზრუნებო. მარტო მე ვიცი, რად მიღირდა თავის შეკავება, რომ მისთვის რამე არ ჩამერტყა თავში. მივხვდი, ჩხუბითა და ისტერიკით ვერაფერს შევცვლიდი. პირიქით, მხოლოდ გავამწვავებდი ურთიერთობას, რაც მას ჩემს თავს შეაძულებდა. იმაშიც დაარწმუნებდა, ჩემი მიტოვები სწორი არჩევანი რომ გააკეთა. ამით ყველანაირ გზას მოვიჭრიდი მის დასაბრუნებლად.
– გადავწყვიტეთ, დაგებრუნებინათ?
– რა თქმა უნდა... გგონიათ, დავიჯერე, რომ მართლა დიდი და ჭეშმარიტი სიყვარული ეწვია?! ეგეთი სულელიც არ ვარ. ვნებასა და სიყვარულს რომ არჩევდნენ კაცები ერთმანეთისგან, ქალებს ამდენი პრობლემა არ გვექნებოდა. მოკლედ, გავუშვი და დავიცადე, სიტუაცია ცოტა დაწყნარებულიყო. ხმას არ ვიღებდი, ბავშვებთან მოდიოდა, ფულსაც ტოვებდა. ვითმენდი და ღიმილით ვხვდებოდი. ერთხელაც არ ამიწევია ხმისთვის. უკვირდა და ეტყობოდა, რომ ვერ ხსნიდა ჩემს ასეთ საქციელს. დაბნეული და დაეჭვებული იყო. ამან მიმახვედრა, რომ სწორ გზას ვადექი.
– რას გულისხმობთ?
– ტაქტიკას, რომელიც ჩემი მოღალატე ქმრის დასაბრუნებლად შევიმუშავე. ერთი წუთითაც არ შევგუებივარ იმ აზრს, რომ დავკარგე. იმ ქალზეც მინდოდა შურისძიება – არ დაგიმალავთ. რომ იტყვიან, მესამე არ ანგრევს ოჯახსო – ტყუილია! ძალიან კარგად ანგრევს. იმიტომ, რომ სამიდან ერთი ყოველთვის ზედმეტია. ჩემმა ქმარმა, რადგან უკვე რაღაც იეჭვა, მოუხშირა ჩვენთან სიარულს. უკმაყოფილო მზერით აკვირდებოდა ჩემში იმ ცვლილებებს, რასაც სიურპრიზად ვახვედრებდი. როლები შეიცვალა – ახლა მე ვიყავი მშვიდად, ის ქალბატონი კი ჩემი ქმრის მხრიდან დიდ სიყვარულს რომ იჩემებდა – ნერვიულობდა. ძალიან მართობდა და მახალისებდა ეს ამბავი. „საკონტროლო გასროლა“ იყო ჩემი ყოფილის ინტიმურ სიახლოვეზე დათანხმება. არ იყო რთული. გამომივიდა. უბრალოდ, ვუთხარი, პატიოსანი ქალი ვარ და კაცის ძებნას ნუ დამაწყებინებ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ჩემი შვილების მამა ხარ და ისევ შენთან მირჩევნია, მქონდეს სექსი-მეთქი. გაუხარდა. რა ცოტა ყოფნით მამაკაცებს, შეიძლება, გაგეცინოს...
– ყოფილი ქმრის საყვარელი გახდით?
– ასეც შეიძლება ითქვას. მაგრამ, ოფიციალურად ცოლი ისევ მე ვიყავი. ჩემი ქმარი, რომელმაც თვალების ბრიალით მოითხოვა განქორწინება გაქცევის დღეს, სიტყვას აღარ ძრავდა ამ თემაზე. მეც ჩუმად ვიყავი. ნელ-ნელა, ვითომ შეუმჩნევლად, თავისი ტანსაცმლისა და ნივთების უკან მოზიდვა დაიწყო. ხმას არ ვიღებდი და არ ვიმჩნევდი... ერთ საღამოს კი დარჩა და აღარც წასულა. არ მიკითხავს, რა მოხდა იმ ქალთან-მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ არ მაინტერესებდა, მაგრამ ისევ მოვითმინე... შეიძლება, ვინმემ უთავმოყვარეოდ მიმიჩნიოს და თქვას, რომ არ არის კარგი საქციელი, რაც მე ჩავიდინე, მაგრამ მიზანი ამართლებს საშუალებას. დღეს ქმარი გვერდით მყავს და ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.