გაიტაცა თუ არა ლევან დაბრუნდაშვილმა 4 მილიონი ლარი GDS-დან და რას ამჯობინა მან ამერიკაში მუშად მუშაობა
GDS–ის სატელევიზიო პროექტების, „ტიფლისისა“ და „ქერჩის“ სცენარისტი და რეჟისორი, ლევან დაბრუნდაშვილი ამერიკაში სამუშაოდ წავიდა. მის გამგზავრებასთან დაკავშირებით დიდი მითქმა–მოთქმა ატყდა. გავრცელდა ჭორი, რომ მან GDS–დან 4 მილიონი დოლარი მოიპარა. რეჟისორმა ამ ყოველივეს საპასუხოდ მშენებლობაზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას უპასუხა:
„ვისაც ჯერა, რომ მე GDS TV–დან 4 მილიონი მოვიპარე, ან ერთი ლარი მაინც 4 წლის განმავლობაში, მათ გადავცემ აი, ამ „მალატოკს“ ხშირი გამოყენებისთვის, თან ამერიკული წარმოებისაა. ვფიქრობ, ეს არაა სატირალი. უფრო მაგალითისთვის დავდე და იმისთვის, რომ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. მზად უნდა იყო მსგავსი რაღაცისთვისაც და ქვეშჩაფსმული და სხვისი მონა არ უნდა დარჩე არასდროს“. ლევანს ნიუ–იორკში სოციალური ქსელის მეშვეობით დავუკავშირდით, რომელმაც მისი ცხოვრებისა და GDS–დან წამოსვლის შესახებ გვიამბო.
ლევან დაბრუნდაშვილი: ოპერატორობით დაიწყო ჩემი კარიერა. თვითნასწავლი ოპერატორი ვარ (იცინის). 15 წლის ასაკში დავიწყე „რუსთავი 2-ში“ მუშაობა. მალევე გავხდი ერთ-ერთი მთავარი ოპერატორი. 22 წლამდე ამ ტელევიზიაში ვიმუშავე. მერე „ღამის შოუ სტუდიაში“ გადავედი, სადაც შევქმენით „გოგონა გარეუბნიდან“, „შუა ქალაქში“. ღამის შოუდან სარეკლამო სფეროში გადავინაცვლე – მქონდა ჩემი პატარა კომპანია. სწორედ მაშინ დავინტერესდი რეჟისორობით. საბოლოოდ, მოვხვდი GDS–ში, სადაც რამდენიმე პროექტი განვახორციელე. მათგან ყველაზე ცნობილი „ქერჩი“ და „ტიფლისია“. ორივე ჩემი საავტორო პროექტია.
– რატომ წამოხვედი GDS-დან?
– ტელევიზიიდან გაუშვეს ყველა, ვისთან ერთადაც ავაწყვეთ, შევქმენით ყველაფერი. ეს, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახი იყო. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ ეს ხალხი დარჩა კონტრაქტის გარეშე. ამიტომ, ჩემი ნებით დავტოვე ტელევიზია. დავწერე განცხადება და წამოვედი. ის წამოწყება, რაზეც ოთხი წელი ვშრომობდით, მივხვდი, დასასრულისკენ წავიდა. ამიტომ, ავდექი და წამოვედი. ახლა ამერიკაში ვარ. აქ ვაპირებ კარიერის გაგრძელებას. აბა, საქართველოში ამის შესაძლებლობა არ არის. არავინ აფინანსებს ქართულ კინოს. წლიური ბიუჯეტი სამარცხვინო, 5 მილიონ შვიდასი ათასი ლარი აქვთ. ამ თანხით კინო ვერ ვითარდება საქართველოში. შესაბამისად, პერსპექტივები ნაკლებია. ეს არის მარტივი მიზეზი, რის გამოც დავტოვე საქართველო.
– ამბობენ, 4 მილიონი დოლარი გაიტაცე და ისე წახვედი. ეს რატომ დაგაბრალეს?
– არავინ არაფერს მაბრალებს. უბრალოდ, არსებობდა ქალაქში ჭორი. ქართველებს გვჩვევია მსგავსი რაღაცეები. საპასუხოდ, ავტვირთე ვიდეო. მეცინება ამ თემაზე, ძალიან მეცინება. ეს ყოველივე არ ვიცი, საიდან გავრცელდა. ბევრი ცუდი ენა და ბოღმა არსებობს. მით უმეტეს, ხელოვნების სფეროში. ეს ვიღაც პროვოკატორმა თქვა და მერე აიტაცეს. ხალხი ქუჩაში მეკითხებოდა, მართლა მოიპარე ოთხი მილიონი დოლარიო. ვპასუხობდი – კი, მოვიპარე–მეთქი (იცინის).
– ტელევიზიის დამფუძნებელთან არ გისაუბრია, თუ რა მიზეზით ტოვებდი სამსახურს?
– არა. უბრალოდ, დავწერე განცხადება და წამოვედი. არავისთან მილაპარაკია. ვიღაც ახალი ქალბატონია ტელევიზიის დირექტორი, რომელსაც ერთადერთხელ შევხვდი. განცხადების ნახვის შემდეგ, დარჩენა შემომთავაზა და უარი ვუთხარი. მაგ ტელევიზიის განვითარების ვერანაირ აზრს და პერსპექტივას ვეღარ ვხედავ. ჩემი აზრით, GDS დიდხანს ვერ იარსებებს.
– ამერიკაში წასვლა დაემთხვა, თუ გამიზნული გქონდა?
– გამიზნული არაფერი მქონდა. ნებისმიერი ხელოვანის ოცნებაა იმუშაოს იმ ქვეყანაში, სადაც უფრო მეტად გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. ეს არის ქვეყანა, სადაც კინო დაიბადა. ამიტომ, გასაკვირი არაა, აქ რომ ჩამოვედი. ეს იყო ჩემი ერთ–ერთი მიზანი, მაგრამ ასე არ ვაპირებდი წამოსვლას. ახლა მართალია, ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ, მაგრამ ეგ დროც აუცილებლად მოვა. აქ უამრავი ადამიანია ჩემსავით წამოსული, იმ მშვიდი სივრცის მოსაძებნად, რომელსაც ხელოვნება ჰქვია. არ შეიძლება, ხელოვანი ადამიანი მუშაობდეს ქაოსსა და სიდუხჭირეში.
– ახლა სად მუშაობ?
– მშენებლობაზე ვმუშაობ. ვიდრე რეჟისორი გავხდებოდი, მანამდეც ვმუშაობდი ფიზიკურად. ასე რომ, ნამდვილად არაფერია გასაკვირი. ცხოვრებაში ხან ისე იქნება, ხან ასე. მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო. პარალელურად, იმ კუთხითაც ვვითარდები, რისთვისაც წამოვედი. რეკლამა გადავიღე, რომელსაც მალე დავდებ ინტერნეტში. ვაპირებ ახალი ფილმის გადაღებას, რომელიც ქართველ ემიგრანტებზე იქნება. სცენარს ვწერ და თრეილერსაც, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს დავდებ.
– ამ თემასაც განიხილავდა საზოგადოება. ამბობდნენ, საქართველოში კარგი სამსახური ჰქონდა, მაგრამ ამერიკაში მუშად მუშაობა ამჯობინაო...
– კი, მართალია. ამერიკაში მუშად მუშაობა მირჩევნია, რათა შემდეგ ამერიკულ კინოსფეროში მოვხვდე. ძალიან კარგი ხელფასი და თანამდებობა მქონდა GDS-ში. წელიწად-ნახევარი ტელევიზიის დირექტორი ვიყავი, მე გავხსენი. დანარჩენი ორწელიწად-ნახევარი არტდირქეტორი გახლდით. მაგრამ, იქ, სადაც ჩემი აზრი გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა და საქმესაც ვეღარ ვაკეთებდი, ვერ დავრჩი. არაფრის კეთებაში ხელფასს არავის გამოვართმევ.
– როგორია შენი ამერიკული ცხოვრება?
– აქ სწრაფი ტემპია. ისე, ასეთ ტემპს საქართველოში ბავშვობიდან ვიყავი მიჩვეული. ნიუ–იორკში ყოველდღე იცვლება რაღაც, ყოველდღე გეძლევა შანსი სიახლე შეიტანო შენს ცხოვრებაში, კარიერაში! – უფრო განვითარდე და გაიზარდო. ეს არის ქვეყანა, რომელიცგაძლევს საშუალებას, იცხოვრო და იაზროვნო ნებისმიერ სფეროში.
– 15 წლის ასაკში, მხოლოდ ერთეულები მუშაობენ. რამ განაპირობა ასე ნაადრევად სამსახურის დაწყება?
– მამამ ბავშვობიდანვე შემაჩვია შრომას და აი, ამან. ყველაზე დიდი სიამოვნება მუშაობაა. მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა – ეს არის ფორმულა, რომელიც წარმატების, საკუთარი თავის პოვნის საწინდარია. როცა ადრეულ ასაკში იწყებ გზის გაკვლევას, მერე უფრო გიადვილდება სწორ გზაზე დადგომა. არავინ მაძალებდა მუშაობას – ჩემი სურვილი იყო.
– ამერიკაში რთული პერიოდი გქონდა?
– რა თქმა უნდა, ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს მსგავსი პერიოდი. როცა რაღაცას ნულიდან იწყებ სხვა ქვეყანაში, იცი, მას აუცილებად მოჰყვება სირთულე. ამისთვის მზად უნდა იყო. ყველა ემიგრანტს აქვს გარეთ ყოფნის, გარეთ ძილის, უსიგარეტობის, უფულობის პერიოდი. მაგრამ, ღმერთი ყველას ეხმარება. მე, მაგალითად, ყოველთვის მეხმარება. ცხოვრებაში ისეთ ადამიანს მიგზავნის, ვინც ფეხზე წამოდგომაში მეხმარება. მერე მე ვეხმარები იმ ადამიანს. ესაა ცხოვრება. სიკეთე არ იკარგება.