როგორ გახდა ყოფილი პატიმრის ცოლი სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი
ცოლის საყვარლის განზრახ მკვლელობისთვის, კახა ც-ძეს სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 41 წლის კაცისთვის ციხის სამყარო უცხო არ ყოფილა, წარსულში ის ქურდობისა და ძარცვისთვის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. ამჯერად კი, მან დანაშაული საკუთარ სახლში ჩაიდინა. საქმის მასალების მიხედვით, მან კობა გ-იას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. მასთან ერთად სხეულის დაზიანება მიაყენა კობა გ-იას დეიდაშვილს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სიკვდილს გადაურჩა.
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, კახა ც-ძემ თანასოფლელი მარიკა სიყვარულით შეირთო. იმ დროისთვის 26 წლის ახალგაზრდა გახლდათ, უკვე სამჯერ ნასამართლევი, მაგრამ სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა. ცოლ-ქმარი სოფელში მშვიდად ცხოვრობდა. შვილიც შეეძინათ, მაგრამ მარიკა მეორე ბავშვზე რომ იყო ფეხმძიმედ, მისი ქმარი მორიგი ქურდობისთვის კვლავ დააპატიმრეს. ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირდა. ამიტომ, მარიკამ პატარა ბავშვები სოფელში, დედასთან დატოვა და თვითონ თბილისში წავიდა სამუშაოდ. ქალი ვაჭრობდა და ამ გზით ნაშოვნი ფულით არა მხოლოდ ოჯახს, ციხეში პატიმარ ქმარსაც არჩენდა. ასე გადიოდა წლები. მერე ქალი ცოლიან კაცს, ვინმე კობა გ-იას გადაეყარა და მასთან ურთიერთობა გააბა. კაცი ქალს სიყვარულს ეფიცებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ წყვილი დაქორწინებას აპირებდა. ცოლ-შვილის მიუხედავად, კობა გ-ია დაჟინებით სთხოვდა მარიკას, ცოლად გაჰყოლოდა. თუმცა, ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ კახა ც-ძე ციხიდან გათავისუფლდა. სახლში დაბრუნებულმა ცოლს პირობა მისცა, რომ დანაშაულს აღარასდროს ჩაიდენდა და მხოლოდ პატიოსანი შრომით იცხოვრებდა.
გათავისუფლების შემდეგ ცოლ-ქმარი თბილისში, მარიკას ნაქირავებ ბინაში დაბრუნდა. ცოლთან ერთად, ქმარმაც სამსახურის მოძებნა სცადა. ამ ამბის შემდეგ, ქალი ცდილობდა, კობა გ-იას აღარ შეხვედროდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა – შეყვარებული კაცი მასთან ბინაში სისტემატურად რეკავდა. მიუხედავად იმისა, რომ ქმრის გათავისუფლების ამბავი თავად მარიკასგან შეიტყო, კაცი სიყვარულს მაინც ეფიცებოდა. სთხოვდა, ქმარი მიეტოვებინა და ცოლად მას გაჰყოლოდა. ქალი წინააღმდეგი იყო და კატეგორიულად მოითხოვდა, თავი დაენებებინა, მაგრამ კობა მოსვენებას მაინც არ აძლევდა. ქალს ემუქრებოდა, რომ მათ ამბავს ქმარს თვითონ თუ არ მოუყვებოდა, იძულებული გახდებოდა მასთან თავად მისულიყო და ყველაფერი ეთქვა. მოკლედ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ამ გზით კობა გ-იამ ქალი დააშანტაჟა და იძულებული გახადა, ნაქირავებ ბინაში ისევ შეხვედროდნენ ერთმანეთს. ქალმა ამის შემდეგაც სცადა საყვარლისგან თავის დაღწევა და იმდენს მიაღწია, რომ ქმარი დაარწმუნა, ცოტა ხნით შვილებთან, სოფელში დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მისი ყველა ნაბიჯი კობასთვის ცნობილი იყო და ერთ დღეს სოფელშიც ჩააკითხა. კატეგორიულად მოსთხოვა, ოჯახი მიეტოვებინა და ცოლად გაჰყოლოდა. ეს ფაქტი სოფელში გახმაურდა. ცოლი რომ თბილისში სამუშაოდ აღარ დაბრუნდა, კახა ც-ძე სოფელში ჩავიდა. კობა გ-იას მორიგი ვიზიტი სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა. კობა გ-იას თან ახლდა დეიდაშვილი, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეზობელ სოფელში ცხოვრობდა და დეიდაშვილს დიდი თხოვნის შემდეგ დათანხმდა ყოფილ საყვარელთან გაჰყოლოდა სოფელში.
საქმის მასალების მიხედვით, დაუპატიჟებელ სტუმართან კახა ც-ძეს კონფლიქტი მოუვიდა. მთვრალი მამაკაცი მის ცოლს ეძახდა. ისინი წაკამათდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა და კახამ უცნობი დანით დაჭრა. ამის შემდეგ მან ორი ჭრილობა მიაყენა კობა გ-იას თანმხლებ პირსაც. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა კობა გ-ია ვეღარ გადაარჩინეს – მუცლის არეში მიყენებული ღრმა ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. მის დეიდაშვილს დანით ჭრილობა მკლავში ჰქონდა მიყენებული.
კახა ც-ძე ამჯერად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა. განსასჯელი განზრახ მკვლელობას უარყოფდა. მისი ადვოკატი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვდა, რადგან მოკლული ანუ კობა გ-ია თავად მივიდა მთვრალი და შეიარაღებული განსასჯელის სახლში – ფაქტობრივად, ოჯახს თავს დაესხა. მისი ქცევით შეურაცხყოფილ მამაკაცს ის რომც მოეკლა, ეს მაინც არ იყო განზრახ მკვლელობა. პირიქით, კობა გ-ია თავს დაესხა და კახა ც-ძე თავს იცავდა. ეს არის აუცილებლობის ფარგლებში ჩადენილი დანაშაული და ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდესო, – მოითხოვა განსასჯელის ადვოკატმა.
ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში არ იყო ჩადენილი და განსასჯელს შეეძლო თავისი მოქმედებისთვის ანგარიში გაეწია. სასჯელი იმანაც დაამძიმა, რომ კახა ც-ძე ციხიდან ახალი გამოსული იყო. სასამართლომ ბრალი დადასტურებულად ცნო და მიიჩნია, რომ კახა ც-ძემ განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.