კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა ინტიმური კადრები სალი ხმალაძის სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად გადაღებულ კლიპში და შეექმნა თუ არა მას მოსკოვში ქართველობის გამო დისკომფორტი

სალი ხმალაძე ახალი სახეა რუსულ შოუ-ბიზნესში. მან ამ სფეროში დედის პროდიუსერობით დაიწყო მოღვაწეობა და წარმატებასაც მიაღწია. მომღერალმა ერთი წლის განმავლობაში მეორე კლიპი გადაიღო. მეორე კლიპის პრემიერა ჯერ არ ყოფილა, თუმცა რაღაც დეტალები ცნობილია. სალისთან ერთად კლიპში ქართველებისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მსახიობი, სტანისლავ ბონდარენკო თამაშობს. კლიპიდან მათმა ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო. ამ და სხვა საინტერესო თემასთან დაკავშირებით, სალის შევხვდით და ინტერვიუ ჩავწერეთ.
– სალი, სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად გადაღებულმა კლიპმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორ აღმოჩნდა სტასი შენს კლიპში?
–  ეს ჩემი რიგით მეორე კლიპია. პირველ კლიპში, მოგეხსენებათ, მყავს რუსეთის დამსახურებული არტისტი, გოშა კუცენკო. მასთან მეგობრობს სტანისლავი და ნანახი ჰქონდა ჩემი პირველი კლიპი. სტასი რამდენიმე თვის წინ გავიცანი ბათუმში და ძალიან დავმეგობრდით – მარტივი, რბილი ადამიანია. ვინაიდან დედა ჩემი პროდიუსერია, ის წყვეტს, რომელ სიმღერას ვიმღერებ, ვინ იქნება ჩემი  მეწყვილე კლიპში და ასე შემდეგ. სწორედ დედას იდეა იყო, სტასს ეთამაშა ჩემს კლიპში. ჩვენც შევთავაზეთ ეს ყოველივე და ისიც მარტივად დათანხმდა.
–  კლიპში არის თამამი სცენები, რომლის ფოტოებიც შენს „ფეისბუქ-გვერდზე“ განათავსე... როგორი პარტნიორობა გაგიწია სტასმა?
–  სტასის ნიჭიერებაზე ორი აზრი არ არსებობს – კარგი პარტნიორი იყო. მეც არ გამიჭირდა თამაში – როგორც გოშასთან, ასევე სტასთანაც მარტივად შევასრულე როლი. კლიპში ორი შეყვარებული წყვილის სცენებია გადმოცემული. ეს კადრები ვისთვის ინტიმურია და ვისთვის – არა. ეს უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია. მადლობა გადამღებ ჯგუფს მოთმინებისთვის, იმიტომ რომ ქარბორბალა და რთული პერიოდი დაგვემთხვა. კლიპის პრეზენტაცია სტასთან შეთანხმებით გაიმართება მოსკოვში. პირველ კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 50-მდე მასმედიის წარმომადგენელმა გააშუქა. იმედი მაქვს, მეორე კლიპის პრეზენტაციაც წარმატებით ჩაივლის.
– პირველი კლიპის შემდეგ ამბობდნენ, რომ გოშა კუცენკოსთან რომანი გქონდა. რა ურთიერთობა გაქვს მასთან? როგორ გაიცანი?
–  გოშას მექალთანის სტატუსი აქვს. ისეთი კაცია, არ დავმალავ და ძალიანაც მესიმპათიურება (იცინის). ჩვენი გაცნობა შემთხვევით მოხდა. ჩავედი მოსკოვში და დედაჩემთან და მის მეგობართან ერთად წავედი სპექტაკლის სანახავად, სადაც გოშა თამაშობდა. სპექტაკლის ბოლოს მსახიობები ვარდებს ისროდნენ. გოშას ნასროლი ვარდი მე დავიჭირე. მაშინ ვთქვი, ეს მომენტი ჩემს კლიპში მინდა იყოს-მეთქი. თან, ბავშვობიდან მომწონდა გოშა, როგორც მსახიობი. ეს იყო სულ. ამის მერე მასთან არანაირი შეხება არ მქონია. მერე თვითონ მომძებნა „ინსტაგრამზე“ და მომწერა. ასე დავმეგობრდით და შევთავაზე ჩემს კლიპში მონაწილეობის მიღება, რაზეც მარტივად დამთანხმდა. ამ კლიპის შემდეგ ჩვენს შესახებ საკმაოდ ვრცელი, დამაინტრიგებელი სიუჟეტი გააკეთა MTV-მ. ჩვენც ინტრიგა დავტოვეთ ინტრიგად. სინამდვილეში, გოშა ჩემი უფროსი მეგობარია და ვგიჟდები, ისე მიყვარს. სტასთან ერთად კლიპს რომ ვიღებდი, ის იქიდან მამხნევებდა. მადლობელი ვარ უფლის, რომ გოშა შემახვედრა.
–  სტასთანაც მხოლოდ მეგობრობა გაკავშირებს?
– დიახ, როცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩვენი ფოტოები, აგრესია წამოვიდა. მაგრამ, ამაზე უკვე არანაირი რეაქცია აღარ მაქვს, ყველაფრისთვის მზად ვარ.  სტასი  მოთხოვნადი მსახიობია, შესაბამისად, რეაქციებიც ერთგვაროვანი რომ არ იქნებოდა, ვიცოდი. ჩვენ ვართ კარგი მეგობრები და გვაკავშირებს საქმე.
–  იქონია თუ არა შენს კარიერაზე გავლენა დედამ?
–  მთლიანად დედას გავლენაა ჩემს კარიერაზე. მაგრამ მოსკოვში დაგეგმილად არ ჩავსულვარ. დედაჩემმა გადაიხადა დაბადების დღე, სადაც იყვნენ დიანა ღურწკაია და ბევრი ცნობილი მომღერალი. იქ ვიმღერე კარაოკე. მაშინ უთხრეს დედას, რომ გოგონას მონაცემები და ვიზუალი აქვს და პროდიუსერობა გაუწიეო. მანაც ბევრი იფიქრა ამ საკითხზე, დაეკითხა ცნობილ პროდიუსერებს და  უკვე მეორე კლიპიც გადავიღეთ.
–  ანუ, შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება არ გაგჭირვებია და რთული პერიოდი არ გქონია?
–  რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინ მაქვს. რაც ამ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთე, ვიტყვი, რომ მას წარმატება მოჰყვა. კარგი შეფასებებიც მივიღე. მოსკოვში ამ სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა. თუმცა, რადგან დედაჩემი პროდიუსერია, ეს იმის გარანტიას არ იძლევა, 100 პროცენტით წარმატებას მივაღწევ. ყოველივე ეს ძალიან დიდ შრომასთან, დროსთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული.
–  ერთი წლის წინ გამოჩნდი როგორც მომღერალი. აქამდე რატომ არ აქტიურობდი?
–  ბავშვობიდან ვმუშაობდი ტელევიზიაში. 15 წლის ასაკში გადაცემა მიმყავდა. დავდიოდი ვოკალზე, მაგრამ მერე ჩემმა ოჯახის წევრებმა მოინდომეს, ყველაფერზე მევლო და მეც ავირიე (იცინის). არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგად გამომდიოდა. მერე, რაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, იქ გადავერთე საქმეზე. თან, ნაადრევად, 17 წლის გავთხოვდი. ამ ყოველივედან გამომდინარე, სერიოზულად არ ვფიქრობდი მომღერლობაზე.
–  ქეთა თოფურიას ბედს გიწინასწარმეტყველებენ. იცნობ მას?
–  კი, ქეთას ვიცნობ და  ახლობლური ურთიერთობა გვაქვს. გვადარებენ ერთმანეთს და საიდან გაჩნდა ეს შედარება, გეტყვით.  პირველი ის, რომ ორივე ქართველები ვართ. მეორე – ქეთასაც აქვს გოშასთან დუეტი. აქედან ააგეს რაღაცეები და გააკეთეს სიუჟეტი, ვითომ კონკურენტები ვართ. მეც და ქეთასაც ამ ყოველივეზე გვეცინება, რადგან მართლა კარგი ურთიერთობა გვაქვს. თან, საკმაოდ დიდი გზა მაქვს გასავლელი იქამდე, ვიდრე „ა სტუდიოს“ კონკურენტად მომიხსენიებენ.
– შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ყოველთვის ხმაურიანი პირადი ცხოვრება აქვთ. შენთან რა ხდება ამ მხრივ?
–  ჩემს პირად ცხოვრებაში ამ ეტაპისთვის სრული თავისუფლებაა. ახლა მარტო საქმეზე ვარ გადართული. პარალელურად, ვმუშაობ ალბომზეც, ჩემი 8 საავტორო სიმღერა მაქვს. აქედან, ერთ-ერთი დუეტი ქართველ რეპერთან, „მასტერთან“ მაქვს ჩაწერილი, რომელსაც მოსკოვში „აქცენტის“ სახელით იცნობენ. იმდენად დაკავებული ვარ, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება. თუმცა, ყველაფერია მოსალოდნელი. ზოგადად, იმ ტიპის გოგო არ ვარ, პირადი ცხოვრება გამოვფინო. მყავს თაყვანისმცემლები, არის სიურპრიზები, განებივრებულიც კი ვარ ამ მხრივ, მაგრამ სერიოზული არაფერიაა.
– მეუღლესთან გაშორებული ხარ. რა იყო ოჯახის დანგრევის მიზეზი?
– ეს არის თემა, რომელზეც არ ვლაპარაკობ – ტაბუდადებულია. დავიშალეთ, უკვე 3 წელია. 8 წელი ვიყავით ერთად. კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან – ადამიანური, მეგობრული, ცივილიზებული. ოჯახი რომ შევქმენი, 17 წლის ვიყავი. მალევე მეყოლა შვილი და მყავს 9 წლის ბიჭი – გიორგი, რომელიც არის ფეხბურთელი. ეს პერიოდი ცაში ვარ გამოკიდებული. შესაბამისად, ბავშვი ხან მოსკოვში ჩამყავს, ხან მე ვარ აქეთ.
–  გიორგის მოსწონს შენი პროფესია?
–  კი, მგულშემატკივრობს. რაღაც სიმღერებიც იცის ზეპირად. თავის ასაკთან შედარებით, დიდი ბავშვია, რამაც ბევრად გამიადვილა მუშაობის პროცესი.
– დედასთან ერთად რატომ არ ცხოვრობდი მოსკოვში?
– დედა 10 წელზე მეტია, მოსკოვში ცხოვრობს. როცა ის წავიდა, იმ პერიოდში უკვე გათხოვილი ვიყავი, შესაბამისად, იქ დავრჩი, სადაც ჩემი ოჯახი იყო.
– ქართველობის გამო მოსკოვში პრობლემა არ შეგქმნია?
– არა, არანაირი დისკომფორტი არ მიგრძნია. ის აქცენტი, რაც მაქვს, სულ დამრჩება. ეს მოსწონთ კიდეც, რადგან ინდივიდუალობას მმატებს და ჩემს სტილს ქმნის.

скачать dle 11.3