რით გარდაიცვალა თამარის ხელის სათხოვნელად კავკასიის მთებიდან ჩამოსული ოსი უფლისწული
თამარ მეფის პირველი ქმრის, სვეუბედური გიორგი რუსის, მემატიანის მიერ სკვითად სახელდებული, რიურიკევიჩი უფლისწულის საქართველოს სამეფო ოჯახიდან გაგდების ამბავი მთელ იმდროინდელ მსოფლიოში გავრცელდა და უამრავი პრინცის გულისცემა აჩქარდა. ბევრმა მოინდომა დიდი სახელმწიფოს მეთაურის, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფეთა მეფისა და დედოფალთა დედოფლის, შირვანშასა და შაჰანშას, მზეთამზე თამარის ქმრობა, რომელსაც ეტრფოდნენ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მეფენი და ხელმწიფენი.
ქალის, მით უმეტეს, სუზერენი ქალის კულტი ვრცელდებოდა ევროპაში და საერთოდ, ქრისტიანულ ქვეყნებში, რასაც ჩვენი ხელმწიფის, თამარ ქალის ფენომენმაც შეუწყო ხელი.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თამარ მეფის ძალაუფლებასაც. ძალაუფლება, ადამიანს გაცილებით მიმზიდველად და მიუწვდომელად წარმოაჩენს.
თამარ მეფის შესაძლო ქმრობა გაიგივებული იყო ამქვეყნიურ, თუ არაამქვეყნიურ, ზღაპრულ ბედნიერებასთან.
ბევრს უყვარდა კავკასიის სუზერენი, მაგრამ, მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ შანსი, მისი ქმრობისა. ქართველი ხელმწიფე მხოლოდ თანაბარი ღირსების ადამიანზე შეიძლება, დაქორწინებულიყო, მხოლოდ ხელმწიფის შვილზე. თუმცა, მომავალი ქმრის სახელმწიფო არ უნდა ყოფილიყო საქართველოს კონკურენტი. მომავალი ქმარი ჩვენი მეფისა უნდა ყოფილიყო მხოლოდ კონსორტი, თანამეფე და არა რეალური ძალის მქონე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს გადმოცემა თამარზე შეყვარებულ მხოლოდ პრინცებზე. თანაც, სია, რა თქმა უნდა, არასრულია.
ბიზანტიის ყოფილი იმპერატორის, მანუელ პირველის უფროსი ვაჟი გახელებული ყოფილა თამარისადმი ტრფიალით.
ანტიოქიის ჯვაროსნული სამთავროს უფლისწულს უნდოდა ჩამოსვლა ჩვენს სამშობლოში და ქართველთა მეფის ხელის თხოვნა. მაგრამ, იმ დროს საკმაოდ რთული ვითარება იყო რეგიონში – სალადინმა დაიპყრო იერუსალიმი, ამიტომ ვერ მოახერხა. თუმცა, მისი სურვილის შესახებ ქართველებმა იცოდნენ.
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი ორგანიზატორის, საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ პირველი ბარბაროსას ვაჟებიც მოსურნე იყვნენ თამარის ქმრობისა.
სულთან ყიზილ-არსლანის ერთ-ერთი ვაჟი, რომელსაც სმენოდა თამარის მშვენიერების შესახებ, მამამ ძლივს დააკავა, გამოკეტა, რომ არ გამოჰპარვოდა საქართველოში და მაჰმადიანობაზე უარი არ ეთქვა თამარის სიყვარულით.
ახლოს მყოფ, მეზობელი ქვეყნებისა და ხალხების პრინცებს კი უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, მთლად გადასულნი ყოფილან ჭკუაზე და საკუთარ ქმედებებს ვერ აკონტროლებდნენ, თურმე.
კარნუ-ქალაქის (არზრუმის) სულთან სალდუხის ძემ, მუტაფრადინმა, არ უსმინა მშობლებს, რომლებიც უშლიდნენ და თამარზე უზომოდ შეყვარებული გამოენთო საქართველოსკენ. თან იახლა მრავალრიცხოვანი მეომრები, დიდებულები, ხოჯები, საჭურისები, მონები, მხევლები. შესაფერისი საჩუქრებით, თვალმარგალიტით, უცხო ქსოვილებით დატვირთულმა, მრავალი ავაზა მოიყვანა თან და უამრავი შეუდარებელი ცხენი. განაცხადა, რომ მზად იყო დაეთმო მაჰმადის რჯული და მიეღო ქრისტიანობა. გასცა უამრავი საჩუქარი ქართველი პოლიტიკოსების მოსაქრთამად. მუტაფრადინის პაპა, სალდუხ ეზდინი თამარ მეფის პაპას, დიდ ხელმწიფე დიმიტრი პირველს დაემარცხებინა და დაეტყვევებინა თავის დროს. ახლა თამარის სიყვარულს დაეტყვევებინა არზრუმელი.
დიდებულები სტუმარს დახვდნენ ქართული სტუმართმოყვარეობისა და სამეფო ეტიკეტის მიხედვით. მიიყვანეს მეფესთან.
თამარ მეფემ სასახლეში მიიღო მუტაფრადინი, ვერ შეიკავა თავი სალდუხის ძემ და ცრემლები დაღვარა, როგორც ვისზე შეყვარებულმა რამინმა...
ღირსეულად უმასპინძლეს ქართველებმა თურქ პრინცს. იყო ნადიმები, თამაშობები, სახიობობანი, მუტრიბთა და პოეტთა გამოსვლები. უამრავი საჩუქარი გასცეს მუტაფრადინის დიდი ამალის წევრებისთვის.
წაიყვანეს არზრუმელი პრინცი ქვემო ქართლში, ანადირეს მთელი ზამთარი თავის ამალასთან ერთად. შემდეგ ისევ ტფილისში დააბრუნეს, მერე წაიყვანეს კახეთსა და ჰერეთში. იქაც კარგად მოალხინეს საქართველოს სტუმარი.
თამარ მეფე ვერ დაქორწინდებოდა სელჯუკზე, შეუძლებელი იყო ეს. სხვადასხვა იყო ჩვენი და მათი კულტურა. ახლა მეტი დაფიქრება მართებდათ საქართველოს პოლიტიკოსებს, რათა ისეთივე შეცდომა არ დაეშვათ, გიორგი რუსზე რომ იძულებით დააქორწინეს ჩვენი ხელმწიფე. საქართველოს სჭირდებოდა მართლმადიდებელი უფლისწული თამარის თანამეფედ.
გულგატეხილი არ გაუშვეს ქართველების სიძობას დანატრებული არზრუმის მბრძანებლის ვაჟი და დააქორწინეს თამარის ერთ-ერთ დაზე, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, უცნობია ჩვენთვის. თამარის მამას, გიორგი მესამეს, სამი ქალიშვილი ჰყავდა. თამარი და რუსუდანი შეეძინა ოსთა მეფე ხუდანის ასულ, დედოფალ ბურდუხანთან, ხოლო ერთი ქალიშვილი შეეძინა ქორწინების გარეშე. სამეფო კარი მას განიხილავდა როგორც მეფის ასულს.
დებს, თამარსა და რუსუდანს ძალიან უყვარდათ ის. ამიტომ, გაათხოვეს სამეფო ღირსებით, კარნუ-ქალაქის ამირას ვაჟზე, მუტაფრადინზე. გადაუხადეს დიდებული ქორწილი. აავსეს საჩუქრებითა და მზითვებით, უძვირფასესი საქონლითა და თვალ-მარგალიტით და გაამგზავრეს თავისი ძვირფასი დაიკო არზრუმში, აწ უკვე სიძესთან, მუტაფრადინთან ერთად. თამარი და რუსუდანი ტიროდნენ დის ბედნიერებისა და მასთან განშორების ტკივილის გამო, როცა აცილებდნენ მას არზრუმში. ასევე, ბედნიერი, ღირსების შესაბამისად გათხოვილი მესამე ასული გიორგი მეფისა, ცრემლებით ეთხოვებოდა დებს და მამიდას. მთელი სამეფო კარი ტიროდა.
ამის შემდეგ თამარის ხელის სათხოვნელად მოვიდა შირვანის შაჰი აღსართან პირველი, რომელიც სიყვარულისგან ცნობამიხდილი ყოფილა. ისიც მზად იყო, უარი ეთქვა მაჰმადიანობაზე, გაშორებოდა ცოლებს, ოღონდ თამარის ქმრობის ღირსი გამხდარიყო. ეხვეწებოდა დიდებულებსა და სასულიერო პირებს, ცდილობდა მათ მოქრთამვას, რათა დახმარებოდნენ ამ საქმეში. მაგრამ, თამარ მეფე ძალიან მორწმუნე და ტრადიციების მიმდევარი იყო. აღსართან შაჰი იყო თამარის პაპის, დიმიტრის დის - თამარის ვაჟი, ანუ მისი ბიძა, როგორ შეიძლებოდა მათი დაქორწინება. ამიტომ, პირველივეს, ვინც გადასცა აღსართანის თხოვნა, მკაცრად უპასუხა: მეორედ არ გამიმეოროთო!
კიდევ არაერთი პრინცი და მეფე იყო მოსურნე თამარ მეფის ქმრობისა. შეუძლებელია, ყველას შესახებ ინფორმაცია შემონახულიყო.
მემატიანეს ერთი სამწუხარო ამბავი აქვს მოთხრობილი. ჯერ კიდევ თამარის პირველად დაქორწინებამდე საქართველოში მზეთუნახავი მეფის ხელის სათხოვნელად ჩამოსული ყოფილან ოვსთა მეფეების შვილები. იმ დროს ნამდვილ ოსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე სახელმწიფოს მსგავსი გაერთიანება იყო და თითოეულის მეთაურს ქართული წყაროები მეფეებს უწოდებდენ. ეს სამეფო-სამთავროები საქართველოს ყმადნაფიცად ითვლებოდა.
ოვსმა უფლისწულებმაც ითხოვეს თამარის ხელი, თუმცა მათთვის ყურადღება არც არვის მიუქცევია, რადგან დიდებულების ერთ ნაწილს გადაწყვეტილი ჰქონდა, ბიძისგან დევნილი რუსი უფლისწულის ჩამოყვანა თამარის ქმრად, ისიც თამარის ნების გარეშე.
გულგატეხილი უფლისწულები უკან გაემგზავრნენ ოსეთისკენ. მაშინ, როგორც ახლა, ნამდვილი ოსეთისკენ გზა შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილზე გადიოდა, შეიძლება ითქვას, ჩრდილო ქართლზე, რომელსაც კომუნისტებმა ნაძალადევად სამხრეთ ოსეთი უწოდეს. მიემგზავრებოდნენ უფლისწულები შიდა ქართლში და გზად შეისვენეს ნიქოზის საკათედრო ტაძართან, სადაც მასპინძლობა გაუწიეს ქართველმა სასულიერო პირებმა ოს სტუმრებს. ერთ-ერთი უფლისწული, უიმედო სიყვარულით შეპყობილი, სევდით გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს საბრალო, წმიდა რაჟდენის საყდარში.