მკვლელი ეძებს ფარმაცევტს
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-36(819)
მაიორი ზურაბ ნინიძე, ოციოდე წუთის შემდეგ უკვე ყურშასთან იყო სახლში. ძმაკაცებმა ერთმანეთი გადაკოცნეს. ნინიძემ მიმოიხედა და ხაბაძეს ჰკითხა:
– ხომ მართლა მარტო ხარ?
– მარტო ვარ, მარტო. აბა, თქვი, რაშია საქმე? – ჰკითხა მასპინძელმა სტუმარს. სავარძელში მოკალათდა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, თან გააბოლა.
– რა და, თუკი ერთი საქმის მოგვარებაში დამეხმარები, ერთბაშად იშოვი იმდენს, შეგეძლება, დარჩენილი ცხოვრება მხართეძოზე წამოწვე რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე და შენს გემოზე იგულავო, – უთხრა ნინიძემ ყურშას და თვალი თვალში გაუყარა.
– ისეთი რა საქმეა. რა, ერთი ტონა ჰეროინი ხომ არ გაქვს ოპტომ? – ნახევრად ხუმრობით თქვა ხაბაძემ, ნინიძემ კი მიუგო:
– ბევრად უკეთესი.
– გეყოფა ზახოდები. თქვი, გისმენ.
მაიორმა სიგარეტი გააბოლა, ოთახში გაიარ-გამოიარა და მასპინძელს ჰკითხა:
– პავლე გოკიელზე თუ გსმენია რამე?
– პროფესორზე, კიბოს წამალი რომ გამოიგონა? – კითხვითვე უპასუხა ხაბაძემ.
– ოჰ, შენ მარტო წამლის შეშხაპუნება არ გცოდნია და სხვა რამეებშიც ერკვევი თურმე, – ირონიით თქვა ნინიძემ.
– რა გარკვევა უნდა, შე ჩემა? რომელი არხიც არ უნდა ჩართო, ყველგან პავლე გოკიელზე ლაპარაკობენ და ყრუ ხომ არ ვარ? – თქვა ხაბაძემ და დააყოლა, – გოკიელი ფულთან რა კავშირშია?
– პირდაპირში, – მოკლედ მოუჭრა მაიორმა, – გოკიელმა მართლაც გამოიგონა კიბოს წამალი, რომელიც მინიმუმ ორმოცდაათი მილიონი ევრო ღირს...
– ორმოცდაათი მილიონი ევრო – ერთი წამალი, რა ამბავია? – წამოიყვარა ყურშამ, მაგრამ მაიორმა გააწყვეტინა და სხაპასხუპით მიაყარა:
– გაჩუმდი და მომისმინე. ორმოცდაათი მილიონი ევრო ერთი წამალი კი არ ღირს, არამედ მისი ფორმულა. ანუ ის, თუ როგორ უნდა დაამზადო კიბოს წამალი. გაიგე?
– გავიგე. მერე?
– მერე ის, რომ არის ხალხი, ამ ფორმულაში დიდ მაყუთს რომ იხდის.
– ორმოცდაათ მილიონ ევროს? – კვლავ გააწყვეტინა სიტყვა ხაბაძემ.
– შეიძლება, მეტსაც. მომისმინე და ნუ მაწყვეტინებ, – თქვა მაიორმა და სიგარეტი მოქაჩა, – გოკიელს ამ ფორმულის გაყიდვა არ უნდა და იმალება. ჩვენ ის უნდა ვიპოვოთ. ფორმულა ვათქმევინოთ და გავყიდოთ. გაიგე?
– კი, გავიგე, მაგრამ გოკიელი სად იმალება, იცი?
– მე ვიცი, თუ ვინ დაეხმარა მას დამალვაში და მისგან უნდა გავიდეთ პროფესორზე.
– ვინ დაეხმარა?
– ტიტე ბუკია გახსოვს?
მაიორ ბუკიას ხსენებაზე ყურშას თავში სისხლმა აასხა. სახე წამოეჭარხლა და თქვა:
– მახსოვს ეგ ჩათლახი ეგა. მაგან არ ჩამიშვა, ნარკომანიაო და ყველაფერი ამით დაიწყო? – ხაბაძეს სახეზე უკიდურესი ზიზღი გამოეხატა, – ხელში რომ ჩამაგდებინა, წამებით ამოვხდი სულს.
– ჰოდა, ამის შანსს მოგცემ და სწორედ ამიტომ მოვედი აქ. მოკლედ, გოკიელმა ბუკიას კიბოიანი ძმა განკურნა და როგორც ეტყობა, სწორედ ტიტემ შეატყობინა გოკიელს, მე რომ დაპატიმრებას ვუპირებდი და გამორიცხული არაა, თვითონაც კი გადამალა პროფესორი. ამიტომ, ჯერ ტიტე უნდა მოვიხელთოთ და ვათქმევინოთ, სადაა გოკიელი. შემდეგ თავად გოკიელი ჩავიგდოთ ხელში. კიბოს წამლის ფორმულა ვათქმევინოთ და გავყიდოთ. ფულს კი შუაზე გავტეხავთ. ბუკიას და გოკიელს, რა თქმა უნდა, საიქიოში გავისტუმრებთ. რა, ცუდი გეგმაა?
– ცუდი გეგმა არაა, მაგრამ არც ეგ ნაბოზარი ტიტე ბუკიაა ადვილი მოსახელთებელი. პოლიციიდან რომ გამაგდეს, ბუკიას დაბრედვას ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი, ახლოდან ამას ვერ მოვახერხებდი. „სნაიპერკა“ კი მე არ მაქვს, რომ შორიდან მეწყვიტა და შევეშვი. მოკლედ, მასთან მიახლოება საკმაოდ რთული იქნება, ხოლო თუ არ მიუახლოვდი, ისე, როგორ მოიხელთებ? ერთი სიტყვით, ძალიან ტონკად უნდა მივუდგეთ ამ საქმეს, რომ არ დავიწვათ, – თქვა ყურშამ, ნინიძემ კი მიუგო:
– ჰოდა, ერთად მოვიფიქროთ, როგორ მოვიხელთოთ ეგ ნაბოზარი. ნუ დაგავიწყდება, რომ ორმოცდაათ მილიონ ევროზეა ბაზარი და აქედან ნახევარი შენი იქნება. მაგრამ, მალე უნდა ვქნათ. დრო არ ითმენს და თუ სწრაფად არ მოვაყომარეთ ეგ საქმე, შეიძლება, ყველაფერი ჩაგვეშალოს.
– პრეს-ხატა პადვალში მაქვს და იქ მივიყვანოთ. დათრევით კი ჯობია, მისი ბინიდან წავიყვანოთ ეგ ბოზი, – თქვა ხაბაძემ.
– ბინიდან როგორ წაიყვან, ხომ ეგრევე გიცნობს, – გაუკვირდა ნინიძეს.
– როგორ და, როცა ეგ ბოზი სახლში არ იქნება, მის ბინაში მივალთ და მის ცოლ-შვილს მძევლად ავიყვანთ. ხოლო, თვითონ რომ მოვა, გავთიშავთ და წავიყვანთ, – აუხსნა ყურშამ ნინიძეს და დაამატა, – უცხოეთში რომ ვიყავი, ასეთი რამ მაშინ მომაფიქრდა და ვინანე, რატომ არ გავაკეთე-მეთქი. მაშინ ხომ იმ ბოზის დაბრედვას ვაპირებდი და ბინაშივე შეიძლებოდა მისი გასაღება. თანაც, ვერ მომიხელთებდნენ, გარეგნობას შევიცვლიდი.
ნინიძემ უხმოდ გაიარ-გამოიარა ოთახში, თან ფიქრობდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი მასპინძლის წინ შეჩერდა და უთხრა:
– ძალიან სარისკოა, მაგრამ კარგად თუ შევასრულებთ, გამოვა. შეძლებ ამის გაკეთებას?
– შენ რა, მარტო გინდა გამიშვა ამ საქმეზე?
– ორი კაცი რად უნდა ქალისა და ბავშვის განეიტრალებას? – მხრები აიჩეჩა ნინიძემ, – მე გარეთ ვიქნები, სტრახოვკაზე. ბინაში რომ მოაყომარებ ყველაფერს, ამოვალ და წამოგაყვანინებ.
– პრინციპში, მართალი ხარ, – თქვა ყურშამ, – ისევ ძველ ადგილზე ცხოვრობს, დიღმის მასივში?
– კი. თოთხმეტსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე, – მიუგო ნინიძემ.
– ზუსტად იცი?
– აბსოლუტურად, – თავი დააქნია მაიორმა.
– სახლში ვინ ჰყავს?
– ცოლი და თორმეტი წლის ბიჭი.
– ძმა?
– მისი ძმა ცალკე ცხოვრობს.
– კორპუსში ვიდეოკამერები ხომ არ არის?
– ადრე არ იდგა და ვფიქრობ, არც ახლა იქნება.
– კარგი. შევამოწმებ, – თქვა ყურშამ და ჩაფიქრდა, – ორი ცალი სუფთა ტელეფონი გვჭირდება თავის ნომრებიანად, რომლებსაც მერე მტკვარში გადავყრით. ჩემს ძველ ფურგონს ნომრებს შევუცვლი და იმას გამოვიყენებ იმ ბოზის წასაყვანად. გვჭირდება გრიმი და პარიკები, პუსტიშკა სათვალეები და ყოველი შემთხვევისთვის, სუფთა რკინები, სასურველია, გლუშიწელით. გეგმა კი ასეთია: მე მივდივარ ბუკიას ბინაში შენიღბული და გაზკანტორის თანამშრომლის სახელით შევდივარ შიგნით. სიტუაციას რომ ვჩიჩმავ, დედა-შვილს ქლორეთილიან პულვერიზატორს შევასხამ, რომელიც მე მაქვს და მივაძინებ. ის ბოზი რომ მოვა, იმასაც მივაყუჩებ. შემდეგ დაგირეკავ. ამოხვალ. ბუკიას წამაყვანინებ და მერე მე ვიცი მისი პატივისცემა. მანამდე კი კარგად გადავამოწმებ ბუკიას კორპუსს და გავიგებ, დგას თუ არა იქ ვიდეოკამერები. თუ არ დგას – კარგი, ხოლო თუ დგას, მაშინ ისე ვქნათ, რომ სიფათები არ გამოგვიჩნდეს. ერთი სიტყვით, ამ ყველაფერს ორ დღეში გავაიასნებ. შენ კი ყურადღებით იყავი და თუკი რამე შეიცვლება, ეგრევე გამაგებინე.
– მოსულა, – დაეთანხმა ყურშას ნინიძე და დაამატა, – სუფთა ტელეფონები თავის ნომრებიანად მე მაქვს და გავჩითავ. ახლა კი წავედი. თუ რამე ახალი იქნება, ეგრევე გაგაგებინებ.
***
მაიორი ნინიძე რომ წავიდა, ყურშას საძინებლიდან მხოლოდ ქვედა საცვალში გამოწყობილი, ოცდაათიოდე წლის ქალი გამოვიდა, ხაბაძის მოპირდაპირე სავარძელში მოკალათდა, გააბოლა და ბინის პატრონს ჰკითხა:
– ვინ იყო ეგ კაცი?
– შენი საქმე არაა. იცოდე შენი ადგილი და კაცების საქმეში ნუ ერევი, – შეუღრინა ქალს ყურშამ და ტიტე ბუკიას მოსახელთებელ გეგმაზე ფიქრი განაგრძო.
ქალმა უკნიდან მოუარა ხაბაძეს. შიშველი მკერდით ზურგზე მიეკრო, თავი ყურთან მიუტანა და უთხრა:
– ყველაფერი მოვისმინე და ერთი იდეა გამიჩნდა:
– ყურს გვიგდებდი, შე ძუკნა?! – კბილებში გამოსცრა ხაბაძემ. ქალმა კი გაუღიმა და მიუგო:
– უშო, საყვარელო, ძუკნას ნუ მეძახი. მე შენ მართლა ძალიან დამევასე, თორემ აქ არ გავჩერდებოდი. მინდა, ერთად კარგად ვიყოთ და თუკი დამიჯერებ, იცოდე, არ წააგებ.
– რა გინდა, რიტა, რა შემიკიკინე. სულ რაღაცას ჩალიჩობ, გეგმებს ადგენ და ვერ გამიგია, რა გინდა.
– ბევრი ფული, – მოკლედ მოუჭრა რიტამ. შემდეგ წინიდან შემოუარა და კვლავ სავარძელში მოკალათდა. სიგარეტი მოქაჩა. კვამლი გამოუშვა და განაგრძო, – ფული მინდა, უშოჯან, ძალიან ბევრი ფული და ვხედავ, რომ მაყუთის შოვნის დიდი შანსია. მაგრამ, დიდ მაყუთს დიდი ხიფათიც თან სდევს და ჭკვიანურად თუ არ გააკეთე საქმე, ფულიც უკან დაგრჩება და სულიც.
– ვაა, შენ რა ბიტი კაცივით ბაზრობ, – გაეცინა ყურშას. რიტასაც გაეცინა და განაგრძო:
– ყურშაჯან, ბიტზე ბიტი ვარ და ასე ნუ მიყურებ. არაერთხელ საქმეზეც ვყოფილვარ და არავისზე ნაკლებად მიჩალიჩია. ჩემს ქმარს რომ ჩემთვის დაეჯერებინა და არ ესირა, ახლა ჩვენ რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში ვიქნებოდით კარგად დიდი ფულით, ამის მაგივრად კი, ის თხუთმეტწლიანზეა რუსეთში, მე კი ძლივს გამოვასწარი იქაურ ძაღლებს.
რიტას მეუღლე კრიმინალი იყო და რუსეთის ერთ-ერთი, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდიდა თხუთმეტწლიან სასჯელს ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვისთვის. საქმეში რიტაც მონაწილეობდა და მხოლოდ იმიტომ გადაურჩა სასჯელს, რომ მისმა მეუღლემ არ გათქვა, მერე კი, მოსკოვიდან გუდა-ნაბადი აიკრა და ჯერ მშობლიურ ქუთაისში გაიქცა, იქიდან კი თბილისში გადმობარგდა. რიტამ და სამკაციანმა ბანდამ მოსკოვში ერთი ბიზნესმენის დედა გაიტაცეს და ორასი ათასი დოლარი აიღეს. ქალი რომ დააბრუნეს, სწორედ მან იცნო რიტას ქმარი და პოლიციას არ გასჭირვებია ბოროტმოქმედთა დაპატიმრება. სანამ მძევალს გაუშვებდნენ, რიტა თავის ქმარს მძევლის მოკვლას სთავაზობდა და ამას იმით ასაბუთებდა, რომ გიცნობს და დაგიჭერენო. ამისთვის რიტამ სილაც კი მიიღო მეუღლისგან, ადამიანის მოკვლას როგორ მთავაზობო. მერე კი, როცა რიტას პროგნოზი გამართლდა და ბოროტმოქმედები დააპატიმრეს, გამწარებული რიტა იმეორებდა: ახია შენზე, შე სირო. ეგ ბებერი რომ დაგებრიდა, ახლა მაყუთით კარგ პონტში ვიქნებოდითო... თბილისში ჩამოსული რიტა ერთ-ერთ სუპერმარკეტში გაიცნო ყურშამ, საიდანაც ბანკში ფული უნდა წაეღო. მარკეტში კი რიტა კონსულტანტად მუშაობდა და მომენტს ეძებდა, მარკეტი გაეძარცვა. მერე უცხოეთში გამგზავრებულიყო იმ ფულით და იქ ეპოვა ვინმე ფულიანი, ვინც მდიდრულად აცხოვრებდა. ყურშაზე კი, გამოცდილი და ცბიერი გოგონა იმის გამო ჩეშერდა, რომ შესაფერისი მომენტი შეერჩია და სწორედ ყურშა იმ დროს გაეძარცვა, როცა მას სხვადასხვა მაღაზიიდან შეგროვილი თანხა ექნებოდა თან. გარდა ამისა, ყურშასთან ცხოვრება და ჭამა-სმა უფასო ექნებოდა და სექსითაც დაკმაყოფილდებოდა ხაბაძისგან...
– ძლივს გამოექეცი რუს ძაღლებს? – გაიმეორა ყურშამ რიტას სიტყვები და გაოცებული მზერა მიაპყრო ქალს. მან კი მხრები აიჩეჩა, კვამლი პირდაპირ სახეში შეაბოლა ხაბაძეს და უთხრა:
– ჰო. რა მერე? ასეთი ცხოვრება მქონდა და რა გიკვირს, – ქალმა პაუზა გააკეთა და დააყოლა, – ჩემს ქმარს რომ არ ესირა, ახლა უცხოეთში ვიქნებოდით დიდი მაყუთით. იმან კი არ დამიჯერა და დიდი სროკი გაიჩალიჩა.
– მაინც, რა არ დაგიჯერა? – დაინტერესდა ყურშა.
– რა და ერთი ქალი გვყავდა გატაცებული და ორასი ათასი დოლარი ავიღეთ. ის ქალი ჩემს ქმარს იცნობდა და ვუთხარი, – ახლავე ავიწიოთ რუსეთიდან, რომ არ დავიწვათ. ქალი კი ერთი დღეც გავაჩეროთ ტყვეობაში. მერე კი უცხოეთიდან დავურეკოთ მის პატრონს და შევატყობინოთ, სად იმყოფება-მეთქი. ჩემმა ქმარმა არ დამიჯერა. მძევალი იმავე დღესვე გაუშვა და დაგვიჭირეს, – იცრუა რიტამ, რადგან არ უნდოდა, ყურშას გაეგო, რომ მკვლელობაზე იყო ხელის მომწერი... რიტას საკუთარი გეგმა ჰქონდა. მას მხოლოდ ფული აინტერესებდა და მის გამო არავის დაინდობდა ამქვეყნად.
– უყურე შენ?! – გაეცინა ყურშას, – მართლა ბიტი არ ყოფილხარ?!
– აბა, რა? – თქვა რიტამ და დაამატა, – შენ კი ძუკნას მეძახი.
– ეს – ისე, სიტყვის მასალისთვის, – მიუგო ყურშამ და მერე ჰკითხა, – აბა, რა უნდა გეთქვა ჩემთვის?
რიტამ ახალ სიგარეტს მოუკიდა და ხაბაძეს უთხრა:
– როგორც მივხვდი, შენი ძმაკაცი მოქმედი ძაღლია, შენ კი ყოფილი, ხომ?
– კი, – დაეთანხმა ყურშა.
– როგორც ვხვდები, ძაღლი უნდა დაითრიოთ, რომ მან პროფესორ გოკიელზე გაგიყვანოთ, იმან კი კიბოს წამლის ფორმულა გაგიმხილოთ და მერე ეს ფორმულა სარფიანად გაყიდოთ. მართალია?
– კი. რა მერე?
– მერე ის, რომ მეც ჩამრთეთ საქმეში და გპირდები, არ გიღალატებთ. ყველაფერს ხუთიანზე შევასრულებ.
– მაინც რას შეასრულებ ხუთიანზე?
– ყველაფერს, – თქვა რიტამ, – დავიწყოთ იმით, რომ ქალი უფრო ადვილად იცვლის გარეგნობას და მე გავაიასნებ იმ მაიორ ბუკიას კორპუსში ვიდეოკამერების ამბავს და ბინაში შეღწევაშიც მე უფრო დაგეხმარებით. გაწყობს?
ხაბაძემ ქალი ყურადღებით შეათვალიერა. ჩაფიქრდა და ბოლოს უთხრა:
– რატომაც არა?! მოსულა. ოღონდ ჯერ ზურას უნდა შევუთანხმდე.
– დამიჯერე, არ გინდა, – თავი გააქნია რიტამ, – შეიძლება, უარი თქვას და შენც ვნე იგრი დაგტოვოს. ამიტომ, უკვე ბუკიას წამოსაყვანად რომ მოვა, მაშინ გამიცნობს. ფაქტის წინაშე დადგება და თამაშიდანაც ვეღარც და აღარც გაგვიყვანს.
ყურშა ისევ ჩაფიქრდა და ბოლოს ქალს უთხრა:
– კარგი. მასე იყოს.
– ჰოდა, ძალიან კარგი. აი, ნახავ, რა მაგრად გამოგვივა ეგ საქმე. თუ მართლა ორმოცდაათ მილიონად გაიყიდება წამლის ფორმულა, მე რომ ერთი მილიონი მომცეთ, არაფერი დაგაკლდებათ, – უთხრა რიტამ ყურშას.
გაგრძელება შემდეგ ნომერში