პრობლემა – მოშვებული მუცელი
მუცლის გარშემო დაგროვილი ცხიმები თირკმელზედა ჯირკვლის არასწორ ფუნქციაზე მიუთითებს. ეს ჯირკვალი სტრესის ჰორმონს – კორტიზოლს გამოყოფს. როგორც წესი, დიდი მუცელი ხანგრძლივი სტრესის შედეგია, რის გამოც კორტიზოლის დონე სხეულში მუდამ მაღალია. ეს კი, თავის მხრივ ინსულინის ჭარბ გამომუშავებას იწვევს და სხეულს აიძულებს, ცხიმები მუცლის მიდამოებში შეინახოს. მთავარია, მოდუნდეთ – ნებისმიერი ქმედება, რაც სტრესის დონეს შეამცირებს, ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.
საკვები – მთავარი მიზეზი ჭარბი შაქარია. გლუკოზის დასარეგულირებლად დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები უნდა მიირთვათ. მაგალითად, ბოსტნეული, თევზი, პარკოსნები და ხორცი. დაივიწყეთ შაქარი, ალკოჰოლი, ყავა, თეთრი ბრინჯი და ცომეული. ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმების მოსაშორებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წყლის დიდი რაოდენობით დალევა. წყალს გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან და ხელს უწყობს ცხიმების წვას. გარდა ამისა, ძალიან კარგად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე და აუმჯობესებს მას. იმის გაგება, სვამთ თუ არა საკმარისი ოდენობით წყალს თქვენი ორგანიზმისთვის, საკმაოდ მარტივია: უბრალოდ, უნდა დააკვირდეთ შარდს. ფერის მიხედვით შეგიძლიათ, განსაზღვროთ, საკმარისი რაოდენობის წყალი გაქვთ მიღებული თუ არა. როცა შარდი მუქი ყვითელია, ესე იგი, თქვენ ორგანიზმს კიდევ სჭირდება წყალი. თუ ის ღიაა, თითქმის გამჭვირვალე, ესე იგი, საკმარისი ოდენობით წყალი მიიღეთ.
საკვები, რომელიც გაჯერებულია ფიბრონივთიერებით, ხელს შეუწყობს თქვენი მუცლის სრულყოფას, დაბრტყელებას და ელასტიკურობას. გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოდევნის ქოლესტერინს. ამ მხრივ ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია ბროკოლი და ასევე, კენკრა.
შეეცადეთ, ყოველ 3-4 საათში ჭამოთ რამე. ეს ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმის ცვლას.
ჩიპსის, შოკოლადის ან ნაყინის შესახებ საერთოდ უნდა დაივიწყოთ.
ვარჯიში – აქტიური ვარჯიში სტრესს ამცირებს, თუმცა შეგიძლიათ, კიდევ უფრო დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ფიზიკური აქტივობა აირჩიო, მაგალითად იოგა.
ძალიან მარტივია ვარჯიში, თუნდაც სახლის პირობებში. ყველა სხეული ინდივიდუალურია. რომელ ნაწილზე გაქვთ ზედმეტი ცხიმი? კარგად დააკვირდით თქვენს მუცელს. ვარჯიშის შერჩევისას აქცენტი იმ ნაწილზე გააკეთეთ, რომელზეც, თქვენი აზრით, მეტი მუშაობაა საჭირო.
მასაჟი – სხეული განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება წყალთან ურთიერთობისას. სცადეთ ბანაობისას სპეციალური ჯაგრისით მუცლის მასაჟი. ეს არა მარტო სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც. ხელს უწყობს ცელულუტის შემცირებას.