კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ადვოკატი კლავს

ადვოკატ ერენგრაფს ყველაზე მძიმე და უიმედო საქმეებისთვის იყვანდნენ. ისიც რაღაც აუხსნელი, სხვა ადვოკატებისთვის მიუწვდომელი ხერხებით ახერხებდა ბრალდებულის გამართლებას. როცა მისის კალეხენი ადვოკატის ოფისში მივიდა, იქ ცოცხალთვალება, მხიარული, გემოვნებით ჩაცმული კაცუნა დაუხვდა. ქალი დაჯდა თუ არა, ადვოკატი მაშინვე საქმეზე გადავიდა.
– თქვენ კლარკ კალეხენის დედა ხართ, ასეა? ჩემთან კი ელან ფარელმა გამოგგზავნათ.
– დიახ. ადვოკატმა ელანმა მითხრა, რომ თავად ვერაფერს გახდება და ეს საქმე უიმედოა. ისიც კი მითხრა, აჯობებს, თქვენმა შვილმა დანაშაული აღიაროსო. ჩემი შვილი უდანაშაულოა. საცოლე არ მოუკლავს...
– თუმცა, ყველა სამხილი მის წინააღმდეგ არის, ასეა? არ აქვს ალიბი. ერთი თვის წინ იჩხუბეს და ქალიშვილი მას გაექცა...
– არა, ჩემმა შვილმა გაწყვიტა მასთან ურთიერთობა, – ჯიუტად გააქნია თავი ქალმა.
ერენგრაფმა ხელი ასწია.
– მოითმინეთ, მისის კალეხენ. ქალიშვილი დაახრჩვეს ჰალსტუხით, რომელსაც მხოლოდ კეიდმონის საზოგადოების – ოქსფორდის საპატიო კურსდამთავრებულები ატარებენ. ასეა?
– დიახ. – ყოყმანით, უხალისოდ წარმოთქვა ქალმა.
– თქვენს შვილს ჰქონდა ასეთი ჰალსტუხი?
– რა თქმა უნდა.
– სად არის ის ახლა?
– დაიკარგა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ვიღაცამ მოიპარა.
– ჰო, მაგრამ, როგორ დავარწმუნებთ ამაში ნაფიც მსაჯულებს? მე ვფიქრობ, თუ ამ საქმეს ხელს მოვკიდებ, საქმე სასამართლომდე საერთოდ არ მივა.
– როგორ?
ადვოკატმა გაიღიმა.
– მისის კალეხენ, ხომ აღვნიშნე, რომ საკუთარი მეთოდები მაქვს. თქვენს შვილს გაათავისუფლებენ და ამაში სამოცდათხუთმეტ ათას დოლარს გადამიხდით. ვიცი, რომ საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ ამად ღირს. დამიჯერეთ, სხვა ადვოკატი რომ აიყვანოთ, ინსტანციები... მოწმეები... იგივე თანხა დაგიჯდებათ, თან გარანტიაც არ გექნებათ. მე ფულს მხოლოდ მაშინ ავიღებ, როცა ყველაფერი დასრულდება. მანამდე ერთი დოლარიც არ მინდა.
ქალმა უყოყმანოდ დაუქნია თავი. ადვოკატმა ისევ შემართა თითი, – უნდა დამიწეროთ ხელწერილი, რომ ჰონორარს მაშინაც გადამიხდით, თუ დაეჭვდებით, რომ ყველაფერი თავისით მოხდა და მე თითი არ გამინძრევია.
– როგორ გეკადრებათ... – უხერხულად შეიშმუშნა ქალი.
ადვოკატს გაეცინა.
– დამიჯერეთ, ეს აუცილებელია...
ორი თვის შემდეგ ერენგრაფის ოფისში მისის კალეხენი ისევ მივიდა. ადვოკატი თავაზიანად მიესალმა.
– თქვენი შვილი თავისუფალია, ხომ ასეა? კლარკი უდანაშაულოდ სცნეს და პოლიცია სერიულ მკვლელს ეძებს.
– დიახ. გამოძიება სხვა მიმართულებით წარიმართა. კლარკს ბრალი საერთოდ მოეხსნა. საქმე ისაა, რომ ერთი თვის განმავლობაში კიდევ ორი ქალიშვილი იპოვეს იგივე ჰალსტუხით დამხრჩვალი ერთ-ერთ გარეუბანში. პოლიცია ვარაუდობს, რომ მანიაკმა გაიარა ჩვენს ქალაქში და უკვე დატოვა ის... მას სხვა შტატშიც ეძებენ.
– მისის კალეხენ, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ჩემი დახმარების გარეშე გაამართლეს? – თვალები მოჭუტა ადვოკატმა.
– დიახ. მაქვს ასეთი ეჭვი და ვფიქრობ, სამოცდათხუთმეტი ათასი დოლარი, თქვენი ჰონორარისთვის ძალიან ბევრია.
– გახსოვთ, ხელწერილი რომ დაგაწერინეთ? ვიცოდი, რომ მეტყოდით ამას. კარგი... თანმიმდევრულად მივყვეთ. დავიწყებ იმით, რომ პირდაპირ გეტყვით – თქვენი ვაჟიშვილი მკვლელია და ეს თვითონვე იცით.
– მისტერ ერენგრაფ...
– მოითმინეთ... მე არ გეუბნებით, რომ ამის თქმას ვაპირებ პოლიციისთვის... იცით, რამხელა ხარჯი გავწიე? გადავფრინდი ოქსფორდში, რომ ის სულელური ჰალსტუხი შემეძინა... სხვათა შორის, საკმაოდ ძვირი ყოფილა. ოთხი ცალი შევიძინე. ორი აქ, საწერი მაგიდის უჯრაში მიდევს. გნებავთ, გაჩვენოთ?
ქალმა მკერდზე მიიდო ხელი და სავარძელზე ჩამოჯდა.
– ღმერთო... მისტერ ერენგრაფ!..
– ჰო, ვიცი, მე სხვა ადვოკატებს არ ვგავარ... დეტექტივი უფრო ვარ და საკუთარი მეთოდები მაქვს. მგონი, თავიდანვე გაგაფრთხილეთ.
– ჰო, მაგრამ...
– მისის კალეხენ, რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი? – თქვენი შვილისთვის საშინელი ბრალდება მოეხსნათ, ხომ?!
– დიახ, მაგრამ არ შემიძლია ვიფიქრო, რომ... რომ...
– რომ ის ორი ქალიშვილი მე გავგუდე კლუბის წევრებისთვის განკუთვნილი ჰალსტუხებით? მისის კალეხენ, რატომ უნდა იფიქროთ ასეთ სისულელეებზე? აჯობებს, დატკბეთ გამარჯვებით... თქვენი ვაჟიშვილი უდანაშაულოა...
ქალმა სახეზე აიფარა ხელები.
– მესმის თქვენი, მისის კალეხენ, – თანაგრძნობით ჩაილაპარაკა ადვოკატმა. არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი. გამოწერეთ ჩეკი და ამით მოვრჩეთ...
– მისტერ ერენგრაფ, ჩეკს, რა თქმა უნდა,  გამოვწერ. მაგრამ, ის ორი ქალიშვილი... მითხარით, რომ ჩემი შვილის ბრალეულობისგან გათავისუფლებას არ შეეწირნენ.
– მისის კალეხენ... მოდი, ასე მოვიქცეთ... ჩეკი დატოვეთ, წაბრძანდით და დაივიწყეთ. აღარ იფიქროთ ჩემს პატარა საიდუმლოებებზე. მიზანი ამართლებს საშუალებას. გნებავთ, ერთი ჰალსტუხი სამახსოვროდ გაგატანოთ?!
მისის კალეხენმა ხელები გაასავსავა... ჩანთიდან ჩეკის წიგნაკი ამოიღო, თანხა სწრაფად დაწერა, ფურცელი მოხია და ადვოკატს გაუწოდა.
– ისე, მშვიდად რომ იყოთ, გეტყვით, თანხის დიდი ნაწილი ტექნიკურ ხარჯებში წავიდა. მიყვარს კომფორტი და მხოლოდ ბიზნესკლასით დავფრინავ. რეალობის გათამაშება კი კიდევ უფრო ძვირად ღირებულია. რა თქმა უნდა, მაქვს სიბრალულის გრძნობაც ყველა მოკლულის მიმართ, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ, მისის კალეხენ – ადვოკატი და თან, დეტექტივი... თქვენს შვილს კი უთხარით, ჰალსტუხი აღარ დაკარგოს. ეს ჩემი უფასო და მეგობრული რჩევაა.

скачать dle 11.3