რატომ იმატა „დაავადებულ“ ორსულთა რიცხვმა და როდის უქმნის ორსული საფრთხეს როგორც საკუთარ, ასევე ჩვილის ჯანმრთელობას
ფიზიოლოგიური მშობიარობა ბევრი ქალისთვის ტკივილთან, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესთან ასოცირდება, ამიტომ ხშირად უარს ამბობენ მასზე და საკეისრო კვეთას ამჯობინებენ. რეალურად კი, საკეისრო კვეთას უფრო მეტი გართულება და პრობლემა ახლავს თან, ვიდრე ფიზიოლოგიურ მშობიარობას. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება სამშობიარო სახლის, „იმედის კლინიკის“ დირექტორი, პროფესორი დავით კობეშავიძე. ოქტომბერში „იმედის კლინიკაში”, სადაც თითოეული ბავშვის დაბადება ნამდვილი ზეიმია, როგორც მშობლისთვის, ასევე მომუშავე პერსონალისთვის, პედიატრიული კორპუსი, დედათა და ჩვილთა ცენტრი გაიხსნება. იქ პედიატრიულ, სტაციონარულ დახმარებასა და მკურნალობას აღმოუჩენენ ახალშობილებს, პედიატირიული ასაკის ბავშვებს – 18 წლამდე. ასე რომ, სამშობიარო სახლის სლოგანს – „იმედის კლინიკა“ უსაფრთხო დედობის გარანტია”, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სლოგანი დაემატება: „იმედის კლინიკა“ – უსაფრთხო ბავშვობის გარანტი“.
– ბატონო დავით, რამდენიმე ათეული წლის წინ ორსული ქალები უფრო მეტად ჯანმრთელები იყვნენ, უფრო კარგად მიმდინარეობდა მათი ორსულობის პროცესი და უფრო ნაკლები პათოლოგია იყო, ვიდრე დღეს. რა არის ამის მიზეზი?
– ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზი აქვს. პირველი: მედიცინა არ იყო ასე განვითარებული და არ ვიცოდით ამდენი ნოზოლოგიის, ანუ ამდენი დაავადების შესახებ, ასევე, რა ტიპის ვირუსები არსებობდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, მედიცინის განვითარებასთან ერთად, ნოზოლოგიები გაფართოვდა და „დაავადებულ“ ორსულთა რიცხვმაც იმატა. გარდა მედიცინისა, დღეს ორსული ქალები ჩართული არიან საზოგადოებრივი საქმიანობის ფერხულში. ზოგჯერ ეს კარგია, მაგრამ ზედმეტიც არაფერი ვარგა. ამ მიზეზთა გამო, მომრავლდა პათოლოგიები ორსულებში. „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების“ პრინციპით რომ მივუდგეთ, პათოლოგიური ორსულობიდან რომ ჯანსაღი ახალშობილი მიიღო, ალბათობა ძალიან მცირეა. შესაბამისად, მეანმა ორსულობის მართვის დროს უნდა გაითვალისწინოს, რომ ის არა მხოლოდ ორსულს ემსახურება, არამედ იცავს ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჯერ კიდევ მისი მუცლადყოფნის პერიოდში. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მეცადინეობით, თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი მძიმე დაავადებათა არსებობა – ნაადრევ ვადაში ხდება გენეტიკური პათოლოგიების გამოვლენა. გარდა ამისა, მინდა, მომავალმა დედებმა გაიგონ, რომ წარსულს ჩაბარდა შეხედულება იმის შესახებ, რომ ორსულს ყველაფრის ჭამა ეპატიება. არ შეიძლება, ორსული სუფრასთან იჯდეს, თამადაზე მეტ სითხეს სვამდეს და მასზე მეტ საკვებს იღებდეს ღამის 12 საათზე. არსებობს სწორი კვება და მისი დაცვა განაპირობებს ორსულის ჯანმრთელობას და შესაბამისად, ახალშობლიც ჯანსაღი იქნება. წარმოიდგინეთ ნაყოფი, რომელიც დედის მუცელში ლოტოსის პოზაში ზის, აბსოლუტურად მოხრილი და ისედაც მძიმეა მისი ხვედრი – ძილი უწევს, ამ დროს კი იღება, ასე ვთქვათ, თავსახური, კუჭში იყრება ამდენი საკვები, რაც ბუნებრივია, მუცელში მის ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. ასეთ შემთხვევაში მთელი ორგანიზმის ძალები მობილიზებულია არა იმაზე, რომ ნაყოფს მიაწოდოს რამე, არამედ იმაზე, როგორ მოინელოს და გათავისუფლდეს გავსებული კუჭისგან ორგანიზმი. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ნაყოფს აკლდება ყველაფერი. ჯანსაღი ცხოვრების წესი ორსულობამდე და ორსულობის დროს უალტერნატივოა. ვერანაირად შევეგუები, როცა ორსული შუადღის 12 საათზე გასარუჯად წევს. არ შემიძლია, არ ვუთხრა, რომ ის ვნებს საკუთარ თავს და შემდეგ პირმშოს. ვერანაირად ვერ მივესალმები ორსულს, რომელიც საჭესთან ზის ორსულობის 38-39-ე კვირაზე. ეს მის ფსიქოემოციურ სფეროს საკმაოდ ანგრევს. ძალიან მომრავლდა ასევე, მწეველ ორსულთა რიცხვი, რაც სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს.
– რატომ გახშირდა ასე საკეისრო კვეთა და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან?
– საქართველოში საკეისრო კვეთის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დიდია და კიდევ მეტად იზრდება. ზოგ მეანს მიაჩნია, რომ ამით ახალშობილის, დედათა სიკვდილიანობის პრევენცია ხდება. სისულელეა ეს – სხვა სიტყვას მე ვერ ვპოულობ. პირველი საკეისრო კვეთის რიცხვმა იმიტომ მოიმატა, რომ დაავადებების გამოვლენა ხდება დროულად და ეს ბევრია ორსულობის დროს. მაგრამ, ზოგი მეანის კვალიფიკაციასაც უნდა გადავხედოთ, რადგან ხომ არ ხდება ისე, რომ ის იზღვევს თავს და ამის გამო აკეთებს საკეისროს? რატომ ვარ საკეისრო კვეთის წინააღმდეგი? – იმიტომ რომ, ეს ერის გენოფონდს ძალიან ავნებს. მეორე: დედის სიკვდილიანობის რისკს ზრდის; მას შეიძლება მოჰყვეს, როგორც ინტრაოპერაციული, ასევე პოსტოპერაციული გართულებები: სისხლისდენა, სეფტიური, თრომბოემბოლიური გართულებები. რატომ ითხოვენ საკეისროს? ამის მიზეზი არის შიში და ტკივილი – სირცხვილია 21-ე საუკუნეში ამაზე აპელირება.
– რა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს საკეისრო კვეთა?
– ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა მშობიარობის მართვის გაიდლაინები, სადაც მოცემულია ის ჩვენებები, რომლის დროსაც უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა, სხვა შემთხვევაში, უნდა ამშობიარო. ბევრია ჩამონათვალი, მაგრამ მოკლედ გეტყვით: საკეისრო კვეთა კეთდება ერთი – დედის და მეორე – ჩვილის ჩვენებით, როცა ბუნებრივი გზით მშობიარობა სახიფათოა დედის ან ჩვილისთვის. ასეთი შეიძლება, იყო პლაცენტის ცენტრალური ანუ სრული წინ მდებარეობა; ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობიარობის პროცესში ან ორსულობის დროს, ნაყოფის მდგომარეობა დამძიმდა სხვადასხვა, გარეშე დაავადების ფონზე. ქალს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ნაყოფი ვეღარ ვითარდება. ასე რომ გაგრძელდეს, ნაყოფი დაიღუპება და უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა. მაგრამ, იმის გამო, რომ ვიღაცას ტკივილის ეშინია, ვიღაცას სუფრა აქვს უკვე გაშლილი რესტორანაში ან ახლობელი დაიბადა იმ რიცხვში, საეკლესიო დღესასწაულია, არ შეიძლება, საკეისრო კვეთა ჩატარდეს. შეუდარებელია ფიზიოლოგიური მშობიარობით მიღებული ახალშობილის მდგომარეობა, საკეისროთი მიღებული ახალშობილის მდგომარეობასთან შედარებით. მარტივად რომ ვთქვა: „ნაკეისრალი“ ბავშვი პირველ საათებში ჰგავს გატუტუცებულ ბავშვს, რომელსაც დედისა და მამის გარეშე არაფრის კეთება არ შეუძლია. ფიზიოლოგიურად დაბადებული კი ჰგავს ცოცხალ, მოძრავ ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ოჯახის შენახვა, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო იმ 8 საათში. ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია ეს განცდები, ემოციები, იმ ტკივილის აღქმა, რადგან ამ დროს დაცვითი სისტემები ერთვება, რომელიც საკეისრო კვეთის დროს აბსოლუტურად მიძინებული და ყოვლად გამოუყენებელია. საკეისრო კვეთის დროს ქალი ემოციურად დაღლილია. იმის მაგივრად, რომ ღამე დაისვენოს, როცა პროლაქტინის გამოყოფა ხდება, რომელიც აუცილებელია ძუძუთი კვებისთვის, დათრგუნული და გათანგულია. შეხედეთ ნამშობიარებ ქალს, რომელიც მართალია, 8-10 საათი წვალობს, მაგრამ საკეისრო კვეთის შემდეგ თვეები გრძელდება ქალის ტანჯვა. ტკივილები, ნაწიბურის ტკივილი, ჭრილობიდან გამონადენი, ზოგჯერ დაჩირქება. ამ დროს ქალმა, რომელმაც ფიზიოლოგიურად იმშობიარა, შრომისუნარიანია, შვილსაც თვითონ უვლის, ყველაფერს თავად აკეთებს, რაც საკეისრო კვეთის შემთხვევაში ძალიან რთულია. დღეს ბევრი ქალი ამბობს უარს ბავშვის ძუძუთი გამოკვებაზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ძუძუთი კვება სარძევე ჯირკვლის სიმსივნის პრევენციაა. თუ გინდა, რომ მუცელი არ დაგეტყოს, ფიზიოლოგიურად არ გინდა იმშობიარო, არ განიცადო ძუძუთი კვების სიამაყე, მხოლოდ ძუძუს ფორმებზე ხარ ორიენტირებული, მაშინ რაღად გინდა ორსულობა – რა სხვაობაა შენსა და ცხოველს შორის. სქესობრივ აქტზე ხომ არ უნდა იფიქრო მხოლოდ. მივესალმები იმას, რომ ბოლო დროს მომრავლდა მამაკაცთა რიცხვი, რომლებიც მშობიარობას ესწრებიან, მაგრამ აქაც დასაშვები ფორმაა მოსაძებნი. მშობიარობის დროს მეუღლის გვერდით დგომა მნიშვნელოვანია, მაგრამ არამც და არამც ფეხებთან, სადაც მეანი უნდა იდგას. ამან შეიძლება, წყვილებს შორის ურთიერთობის გაციებაც კი გამოიწვიოს და დაინგრეს ოჯახი.
– თუ შეიძლება, რომ პირველი საკესრო კვეთის შემდეგ ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიაროს?
– ყველაზე კარგი ოქროს შუალედი მომავალი ორსულობისთვის 2-3 წელია, რათა მოხდეს სრული რეგენერაცია. ესეც, გარკვეულწილად, ზღუდავს შვილების ყოლის რაოდენობას. რამდენი საკეისრო შეიძლება გაიკეთო? თანამედროვე მედიცინა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პირველი საკეისრო კვეთის შემდეგ მეორეზე უკვე ვამშობიაროთ ქალი. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ მამაკაცს დედამიწის ზურგზე არ გაუკეთებია იმხელა საქმე, როგორიც შვილის დაბადებაა და ვერცერთი ქალი გააკეთებს შვილის შობაზე დიდ საქმეს.