კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასაკიდან უნდა მიიღოს ვიტამინები ქალმა და როდის ხდება მისი მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანო

ვიტამინების  მნიშვნელობა ჩვენი  ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია.  მათი სწორად მიღების წესი კი გადამწყვეტი. სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინების კომბინირებული  მიღების შემთხვევაში, თუ მათ სწორად არ შეარჩევთ, შესაძლოა, ამა თუ იმ დაავადების რისკ-ჯგუფში აღმოჩნდეთ. რომელი ვიტამინები ეთავსება ერთმანეთს და  რა ასაკიდანაა საჭირო და აუცილებელი მათი მიღება, ამის შესახებ  აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ  „ენმედიცის“ ექიმ-ენდოკრინოლოგს,  ნათია ქათამაძეს გავესაუბრეთ.
 –  რა პათოლოგიებს იწვევს ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტი? 
 –  ყველა ვიტამინს ორგანიზმში გარკვეული ფუნქცია აკისრია.  ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტი კი იწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემას. ვიტამინი A  აუცილებელია ჯანმრთელი კბილების, ძვლების, რბილი ქსოვილების, ლორწოვანი გარსის  ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის.
ვიტამინი B6 მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების ჩამოყალიბებაში.  ის ასევე, აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინი B12, B ჯგუფის სხვა ვიტამინების მსგავსად, აუცილებელია მეტაბოლიზმისთვის. მონაწილეობას იღებს სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებაში და უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც განაპირობებს ჯანსაღი კბილებისა და ღრძილების ჩამოყალიბებას. ის ეხმარება ორგანიზმს რკინის შეწოვაში.
ვიტამინი D სხვაგვარად ცნობილია როგორც „მზის ვიტამინი,“ ორგანიზმში წარმოიქმნება კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. 10-დან 15 წუთამდე კვირაში 3-ჯერ მოსახლეობის უმრავლესობისათვის მზის სხივების ქვეშ ყოფნა საკმარისია, D ვიტამინის აუცილებელი რაოდენობის მისაღებად. ვინც ჩრდილოეთის ქვეყნებში ცხოვრობს და მოკლებულია მზის სხივებს, განიცდის D ვიტამინის დეფიციტს. მხოლოდ საკვებისგან D ვიტამინის საჭირო რაოდენობით მიღება ძალიან რთულია. D ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმში კალციუმის შეთვისებისთვის. კალციუმი კი, თავის მხრივ, აუცილებელი ელემენტია ძვალსახსროვანი სისტემის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
ვიტამინი E სხვაგვარად  ცნობილი როგორც ტოკოფეროლი,  არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
ვიტამინი K  მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში.
B ჯგუფის ვიტამინებს მიეკუთვნება   ფოლიუმის მჟავა, რომელიც B12 ვიტამინთან ერთად მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში. ის საჭიროა დნმ-ის წარმოქმნისთვის. დნმ კი, თავის მხრივ, აკონტროლებს ორგანიზმში ქსოვილებისა და უჯრედების ზრდა-განვითარებას. ფოლიუმის მჟავის დაბალი შემცველობა განაპირობებს ახალშობილის სხვადასხვა დეფექტს.
– მართალია, რომ  A   ჯგუფის ვიტამინის  ნაკლებობა არის   კიბოს გამომწვევი მიზეზი? 
–  ცალსახად ამას ვერ ვიტყვით. ყველა ვიტამინს ორგანიზმის დასაცავად თავისი ფუნქცია გააჩნია.  არსებობს ბევრი მასალა, რომ ვიტამინების ნაკლებობა არის ერთ-ერთი ფაქტორი ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებისთვის. გეტყვით, რომ ორგანიზმისთვის განსაკუთრებით   მნიშვნელოვანი და ყველაზე გავრცელებულია  ვიტამინი C, რომლის ნაკლებობაც ბევრ პრობლემას იწვევს. მხედველობისთვის აუცილებელია A  ვიტამინი,  რომელსაც ამის გარდა, მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია რბილი ქსოვილის განვითარებისთვის. ორგანიზმში B და K ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას. ძალიან მნიშვნელოვანია  და ამ თემაზე ბოლო პერიოდში მეცნიერები ბევრს საუბრობენ, რომ D ვიტამინის ნაკლებობა, ბავშვობის ასაკში იწვევს რაქიტს, მოზრდილ ასაკში დაკავშირებულია - ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიების განვითარებასთან.  E ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ქალის ორგანიზმში მენსტრუალური ციკლის დარღვევას, მისი რეპროდუქციული სისტემის დაქვეითებას. ეს ვიტამინი ქალის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.   ორსულებისთვის ფოლიუმის მჟავის მიღება, აუცილებელია ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარებისთვის. ნებისმიერი B  ჯგუფის  ვიტამინებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის.  
–  როგორია ვიტამინების სწორად მიღების წესი?
  – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სრულფასოვანი კვება ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელი რაოდენობით მიღებას უზრუნველყოფს.  რადგან მოსახლეობის უმრავლესობა სრულფასოვნად არ იკვებება,  დანაკლისის შესავსებად, საჭიროა სხვადასხვა დანამატის სახით, ორგანიზმისათვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების მიწოდება.   საჭირო ვიტამინი ან მინერალი კი უნდა შეარჩიოს და დანიშნოს ექიმმა.  უნდა გვახსოვდეს, რომ ვიტამინების ჭარბი რაოდენობით მიღება, როდესაც ორგანიზმი მათ ნაკლებობას არ განიცდის, ასევე, არანაკლებ საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მათი ჭარბი რაოდენობით მიღება ორგანიზმზე ტოქსიკურად მოქმედებს, რაც  უპირველესად, სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციის სახით გამოვლინდება.   ვიტამინების  საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე, სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: ორსულობა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, თანმხლები დაავადებები.
ახალგაზრდა ასაკში ორგანიზმი, რა თქმა უნდა, გაცილებით ძლიერია და ადამიანი  ვიტამინების საჭირო ოდენობას,  ასე თუ ისე, საკვებთან ერთად იღებს. 50 წლის ასაკიდან, როდესაც სხვადასხვა დაავადებების რისკი იზრდება და უფრო მეტად გამოფიტულია ორგანიზმი, აუცილებელი ხდება უფრო მეტი ოდენობით ვიტამინების მიღება. რაც შეეხება სქესს, იქიდან გამომდინარე, რომ ქალისა და მამაკაცის ორგანიზმი ერთმანეთისგან განსხვავებულია,  შესაბამისად, საჭიროებენ ისინი სხვადსახვა ჯგუფის ვიტამინებს. ქალებში განსაკუთრებული თავისებურებაა ის, რომ მენოპაუზის შემდეგ, ქალის ორგანიზმი აუცილებლად საჭიროებს ვიტამინებსა და მინერალებს, მაგალითად C ვიტამინს, რაც ასევე, მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის. მათი ორგანიზმი ასევე მოითხოვს B და K ჯგუფის ვიტამინებს, ნაკლებად მნიშვნელოვანია A და E ჯგუფის ვიტამინები, რაც უფრო მეტად ქალის ორგანიზმისთვისაა საჭირო.
რაც შეეხება  სეზონურობას, როცა მეტი ვიტამინია აუცილებელი, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადრეული გაზაფხულის პერიოდი. ამ დროს დარღვეულია სრულფასოვანი კვება, რადგან ამ სეზონზე ნაკლებია ხილი და ბოსტნეული. ორგანიზმში  ვიტამინების შედარებით ნაკლებობა – ჰიპოვიტამინოზი და  ავიტამინოზი – ორგანიზმში მისი სრული არარსებობა, განსაკუთრებით ხშირია ადრეულ გაზაფხულზე. ვიტამინების მაღალი შემცველობის გამო, ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის არასაკმარისი მიღება, ზრდის გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემის, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების, ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკსაც კი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ სეზონზე გარკვეული ვიტამინების ხელოვნური მიწოდება.
რაც შეეხება საკვებში ვიტამინების შემცველობას – A ვიტამინს შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები: რძის პროდუქტები – ყველი, რძე, ხაჭო, კვერცხი, თევზი, გოგრა, სტაფილო, ნაღების კარაქი, თევზის ქონი, ბოსტნეული, ხილი.  C ვიტამინს შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები:  ციტრუსები, ასკილი, კივი, შავი მოცხარი, მწვანე ბოსტნეული, მჟავე კომბოსტო, კენკრა, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი.  D ვიტამინს შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები:  ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, რძის პროდუქტები, თევზის ქონი, სარდინები, ქაშაყი, ორაგული, თინუსი. E ვიტამინს შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები:  მწვანე ბოსტნეული, კვერცხი, რძე, მცენარეული ზეთი, გაღვივებული თესლი, ხორბლის ბუტკო, სოიის მარცვალი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, მწვანილის ფურცლები, მთლიანი მარცვლოვნები, ისპანახი, შოკოლადი. K ვიტამინს შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები:  ბოსტნეულის ფურცლები, მწვანე პომიდორი, ასკილი, ისპანახი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, ჭინჭრის ფურცლები, ჭვავი, შვრია, სოია, ხორბლის კულტურები, ცხოველური წარმოშობის მოიპოვება ღორის ღვიძლსა და კვერცხში. B1 ვიტამინს შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები:  მშრალი საფუარი, ბრინჯი, ხორბალი, შვრია,  არაქისი, ღორის ხორცი, ბოსტნეული, ქატო. B2 ვიტამინს შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები:  რძე, ღვიძლი, საფუარი, მწვანე ბოსტნეული, თევზი, კვერცხი.  ვიტამინს B6 შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები: ლუდის საფუარი, ხორბალი,  ღვიძლი, ნესვი, კომბოსტო, შავი ბადაგი, რძე, კვერცხი, ძროხის ხორცი.  ვიტამინს B12 შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები:  ღვიძლი, ძროხის ხორცი, ღორის ხორცი,  კვერცხი, რძე, ყველი.
– როგორ უნდა მოვახდინოთ  ვიტამინების სწორი კომბინირება, რომ მათი  გამოყენების ეფექტურობამ მოიმატოს?
– ზოგიერთი ვიტამინი შეგვიძლია, ერთად მივიღოთ, რადგან კომბინაციაში უკეთ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას. ზოგჯერ ორი ვიტამინი ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებს, საპირისპირო შემთხვევებში კი, ზოგი ვიტამინის ერთად მიღება  კატეგორიულად დაუშვებელია. 
მაგალითად, C ვიტამინის დადებით თვისებებს აძლიერებს P ვიტამინი, თუმცა C ვიტამინთან ერთად B12 ვიტამინის მიღება უკუეფექტით ხასიათდება.  
კატეგორიულად დაუშვებელია კალციუმის, რკინის, თუთიისა და მაგნიუმის ერთად მიღება. აგრეთვე, რკინა ვერ შეეთვისება თუთიას, ქლორს, მაგნიუმს; სპილენძი - მაგნიუმს; თუთია ქლორსა და სპილენძს.

скачать dle 11.3