რა მისიით გაემგზავრა შვეიცარიაში კათოლიკე მღვდლად შენიღბული სტალინი 1909 წელს
წლების განმავლობაში ფართოდ იყო გავრცელებული ვერსია იმის თაობაზე, რომ თითქოს სტალინმა სულ ორად ორი ენა იცოდა – რუსული და ქართული... თანაც, მხოლოდ ქართული იცოდა შედარებით სრულყოფილად, ხოლო რუსულში კი საგრძნობლად მოიკოჭლებდა... პროფესორი ინოკენტი პავლოვი წერს: „კოსმიური მასშტაბების სისულელეა იმის მტკიცება, რომ თითქოს სტალინმა რუსული არ იცოდა და თავის მშობლიურ ქართულშიც მოიკოჭლებდა. ასეთი ხმები მას ტროცკიმ დაუყარა, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში სტალინი ტლუ, გაუთლელ ადამიანად წარმოეჩინა და მისი კომპრომეტაცია მოეხდინა. მაგრამ, თუ რით დასრულდა ეს მცდელობა, ისტორიას მშვენივრად ახსოვს... დავიწყოთ იმით, რომ სტალინი არა თუ მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებს ფლობდა ბრწყინვალედ, არამედ მან სრულყოფილად იცოდა სომხური და აზერბაიჯანული ენები. ხოლო, სემინარიაში სწავლის პერიოდში, სტალინი თავისი ლათინურის ცოდნით აოცებდა მასწავლებლებს. გარდა იმისა, რომ უზადოდ ფლობდა „მკვდარ ენას“, რამდენიმე ტექსტიც კი თარგმნა რუსულად და მხოლოდ იმიტომ არ გამოქვეყნდა ისინი, რომ სემინარიელი ჯუღაშვილი რევოლუციური მოღვაწეობისთვის სასწავლებლიდან გარიცხეს.
საგულისხმო ფაქტია, რომ თავის ბობოქარ რევოლუციურ მოღვაწეობას – გადასახლებებს, პატიმრობას, იატაკქვეშა ცხოვრებასა და პოლიციის მეთვალყურეობას, ახალგაზრდა რევოლუციონერი „კობა“ წარმატებით უთავსებდა თვითგანათლებას. არალეგალურ ლიტერატურასთან ერთად, რომელსაც ახალგაზრდა სტალინი მთელ რუსეთის იმპერიაში ავრცელებდა, მას ყოველთვის თან ჰქონდა სხვადასხვა ჟანრის წიგნებით სავსე ტყავის ჩანთა. წიგნებს შორის აუცილებლად იყო უცხო ენის შემსწავლელი სახელმძღვანელო და ლექსიკონი... 1899 წელს, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი სტალინი კაზაკთა პატრულმა გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე დააკავა უზარმაზარი ტყავის ჩანთით, რადგან ეგონათ, რომ არალეგალური, მარქსისტული ლიტერატურა გადაჰქონდა. ჩხრეკისას ოცამდე არამარქსისტული წიგნი აღმოუჩინეს და გაათავისუფლეს... საინტერესო ისაა, რომ სტალინის ჩანთაში აღმოჩენილი წიგნების ნაწილი ფრანგულენოვანი იყო და უკვე მაშინ, 20 წლის იოსებ ჯუღაშვილმა იცოდა ფრანგული და სხვა ენებსაც ეუფლებოდა. როგორც პარტიული არქივების გამოკვლევის შედეგად გაირკვა, სტალინმა სულ ცხრა ენა იცოდა – ქართული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, ლათინური, ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ესპანური... ხომ მართლაც შთამბეჭდავია „ტლუ კავკასიელისთვის“, როგორც მას ტროცკი უწოდებდა. თავად ტროცკიმ კი, რომელსაც თავი ლამის პოლიგლოტად მიაჩნდა, მხოლოდ რუსული, ინგლისური და ნაწილობრივ ფრანგული იცოდა და მშობლიურ ებრაულსაც კი არ ფლობდა (ტროცკი სინამდვილეში გვარად ბრონშტეინი, ებრაელი იყო).
ენების ცოდნა, თვითგანათლება და ადამიანების ფართო სპექტრთან ურთიერთობების გამოცდილება იყო ის მთავარი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც იოსებ ჯუღაშვილი რუსეთის იმპერიის ყველაზე საშიშ, თვალსაჩინო რევოლუციონერთა პირველ სამეულში, ლენინის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა. მასზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი იყო დაწესებული მეფის რუსეთის უშიშროების სამსახურის „ოხრანკის“ მიერ... თუმცა, კობა თითქმის ყოველთვის ახერხებდა მათგან თავის დაღწევას და საამისოდ, სხვადასხვა ხერხს იყენებდა.
სტალინის ძველი მეგობარი და თანამებრძოლი არტიომ სერგეევი (პარტიული ფსევდონიმი – „არტიომი“), რომლის ვაჟიც, მოგვიანებით, სტალინმა იშვილა, იგონებდა: „1909 წელს მე და კობა ჟენევაში ლენინთან გავემგზავრეთ, რათა ემიგრაციაში მყოფი ილიჩისა და სხვა ამხანაგებისთვის ექსპროპრირებული 25 ათასი ოქროს მანეთი ჩაგვეტანა, რომლებსაც ისინი ფრანკებზე ცვლიდნენ და ცხოვრებისა და პროპაგანდისუტული მუშაობისთვის იყენებდნენ. კობას ღვთისმეტყველი ივანე ლაზარევის საბუთი ედო ჯიბეში და ცალ-ცალკე ვმგზავრობდით, გვერდიგვერდ კუპეებში. თანხა მე მქონდა გადამალული ორფსკერიან საკვოიაჟში, რომელიც ათასი წვრილმანით იყო გამოტენილი. მე და კობა წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები, რომ თუკი შევფერხდებოდით, ერთმანეთს მთავარი ფოსტამტის შენობასთან შევხვედროდით, რომლის ახლოსაც ლენინი ცხოვრობდა. მე საბაჟო წარმატებით გავიარე და ფეხი ავითრიე, თან კობას გამოსვლას ველოდი, თუმცა ის ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა და პიროვნების დასაზუსტებლად, ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს...“
მოგვიანებით, ერთ-ერთმა მაშინდელმა რიგითმა პოლიციელმა, მომავალში კი გენერალმა ფრიც მაიერმა, თავის მემუარებში (გამოქვეყნდა 1957 წელს) ასე აღწერა სტალინის იდენტიფიცირების სცენა: „იმ პერიოდში შვეიცარიაში უამრავი რუსი რევოლუციონერი-ემიგრანტი ცხოვრობდა. მათთან კი ხშირად ჩამოდიოდნენ ვიზიტორები და რუსეთის „ოხრანკა“ მათზე ინფორმაციების მოწოდებას გვთხოვდა. თუკი ვიზიტორები ძებნილები აღმოჩნდებოდნენ, ჩვენ უნდა დაგვეკავებინა და მათი რუსეთში ჩაყვანა უზრუნველგვეყო. ჩვენ გვქონდა რევოლუციონერ-ძებნილთა აღწერილობები. ერთ-ერთ აღწერილობას ნაწილობრივ ემთხვეოდა ივანე ლაზარევის პასპორტის მქონე ახალგაზრდა კაცი. ჩვენ ის იქვე, პოლიციის განყოფილებაში მივიყვანეთ. დაკავებული იმდენად მშვიდად იყო, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ის რუსეთის იმპერიის ნომერ პირველი ძებნილი, იოსებ ჯუღაშვილი, იგივე კობა, მოგვიანებით კი – სტალინი იყო... მან გვითხრა, რომ კათოლიკე მღვდელი იყო და თავისი სიტყვების დასტურად სუფთა ლათინურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე სახარების ფრაგმანტები ზეპირად წაგვიკითხა. ბოლოს დააყოლა, რომ შვეიცარიაში ის მოძმე კათოლიკეების მოსანახულებლად და ახლად აგებული ტაძრის მოსალოცავად ჩამოვიდა... ამ სიტყვების შემდეგ დაკავებული მაშინვე გავუშვით და ეჭვიც არავის შეჰპარვია მის სიმართლეში...“
„არტიომის“ მოგონებებიდან: „მე და კობა შეთანხმებულ ადგილზე შევხვდით ერთმანეთს და ლენინთან წავედით. როდესაც კობამ დაწვრილებით გვიამბო ყველაფერი, ილიჩმა (ლენინმა) გულიანად იცინა და გვითხრა:
– ყოჩაღ, ყოჩაღ, ამხანაგებო, რომ ეს ბურჟუა ჟანდარმები ასე გააცურეთ. მაგრამ, როდესაც ხელისუფლაბას დავეუფლებით და ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს შევქმნით, ჩვენმა მტრებმა ვერ უნდა გაგვაცურონ...“
30 წლის სტალინი უკვე იმდენად ჩამოყალიბებული კონსპირატორი იყო, რომ არამც თუ ჟენევის რიგით ჟანდარმებს, რუსეთის „ოხრანკასაც“ აბითურებდა... ლენინის თქმისა არ იყოს, მოგვიანებით, როდესაც კობა სტალინი გახდა და დედამიწის მეექვსედ ნაწილზე დიდი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, ისეთი საიდუმლო პოლიცია შექმნა, რომელსაც, არამც თუ ვინმე გააბითურებდა, არამედ ის შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს ანალოგიურ სტრუქტურებს. ამაში კი ლომის წილი სტალინს მიუძღოდა.“