კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აშენდა ბერიას თაოსნობით ზესაიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი ტაიგაში

ლავრენტი ბერია რომ თითქმის ყველა გრანდიოზული, საბჭოთა პროექტის კურატორი და უმეტესი მათგანის სულისჩამდგმელი იყო, უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო და ამ კუთხით მისი მოღვაწეობის თითქმის ყველა ნიუანსია ცნობილი. თუმცა, ჯერ კიდევ ცოტას წერენ ობიექტ „გკპ-1945/50-ზე”, რომელიც დღემდე რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს... მკვლევარი მოისეი მოგილევსკი წერს: „ზესაიდუმლო ობიექტი „გკპ 1945/50“, როგორც აბრევიატურიდან ჩანს, ნიშნავს „მთავარ სამეთაურო პუნქტს“ და განსაზღვრულია იმ შემთხვევისთვის, თუკი ბირთვული ომი დაიწყება...
1945 წლის მიწურულს საბჭოთა სტრატეგიულმა დაზვერვამ ძალიან შემაშფოთებელი ცნობები მოიპოვა. მათი მიხედვით იმ პერიოდში ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო – ამერიკის შეერთებულ შტატები მძლავრი ბირთვული შანტაჟისთვის ემზადებოდა საბჭოეთის წინააღმდეგ. მართალია, ლავრენტი ბერიამ სტალინის დავალებით, საპასუხოდ პროფილაქტიკურ-სადაზვერვო ღონისძიებები ჩაატარა და ამერიკელების „ბირთვული ვნებები“ დააცხრო, მაგრამ სხვა ზომების მიღებაც იყო საჭირო. ამიტომ, მარშალმა ბერიამ სტალინს დაუსაბუთა, რომ საჭირო იყო მძლავრი მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის შექმნა იმ შემთხვევისთვის, თუკი ბირთვული ომი დაიწყებოდა. ბერიას მტკიცებით, ამერიკელებს უკვე დაწყებული ჰქონდათ მსგავსი კომუნიკაციების საიდუმლო მშენებლობა ვისკონტინის შტატში და ბელადს მან შესაბამისი სურათებიც წარმოუდგინა. თითქმის ნახევარდღიანი, დეტალური განხილვის შემდეგ, სტალინმა ბერიას თანხმობა განუცხადა და მშენებლობის შესახებ შესაბამისი საიდუმლო-წერილობითი განკარგულებაც გასცა.
ობიექტი „გკპ-1945/50“ ციმბირში, ტაიგის უკაცრიელი, უზარმაზარი ტყის მასივის ქვეშ, 120 მეტრის სიღრმეზეა გადაჭიმული, მართკუთხედის ფორმა აქვს და სიგრძით 5 კილომეტრია, სიგანით – 3 კილომეტრი. მისი საერთო ფართობი კი 15 მილიონი კვადრატული მეტრია... ანუ, ისეა მიწის სიღრმეში აშენებული უზარმაზარი ქალაქი ყველა კომუნიკაციით, ენერგოსისტემებითა და საჰაერო მოწყობილობებით, რომ მასში თავის შეფარება და ერთი წლის განმავლობაში სრულფასოვანი ცხოვრება მილიონზე მეტ ადამიანს შეუძლია. იქ კი იმდენი და ისეთი კატეგორიის სამხედრო ტექნიკის განლაგებაა შესაძლებელი, რაც აუცილებელია ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად, ასევე, ერთი წლის განმავლობაში. „მთავარი სამეთაურო პუნქტის“ უპირველესი დანიშნულება იყო საბჭოთა მთავრობის ევაკუაცია ამ უზარმაზარ ბუნკერ-ქალაქში და სიტუაციის იქიდან მართვა.
საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქის პროექტი სამხედრო ინჟინერმა ვიქტორ კრიმსკიმ შეადგინა და როგორც „სმეტაში“ (ხარჯთაღრიცხვა) იყო მითითებული, მილიარდი მანეთი ჯდებოდა... ეს თანხა იმ პერიოდისთვის კოლოსალური გახლდათ და ომისგან დანგრეულ ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვებოდა, თუმცა უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო. როგორც პროექტის გეგმაში ეწერა, სამშენებლო მასალა-მოწყობილობები 600 მილიონი მანეთი ჯდებოდა. დანარჩენი 400 მილიონი კი იმ 200 ათასი ინჟინერ-მშენებლებისა და მუშებისთვის უნდა გადაეხადათ, ვინც ამ საიდუმლო პროექტში დასაქმდებოდა. ბერიამ აქ უმარტივესი გამოსავალი ნახა და 400 მილიონის ეკონომია იმით გააკეთა, რომ ამ საიდუმლო მშენებლობაზე 800 ათასი ფაშისტი ტყვედან, 200 ათასი შეარჩია და 5 წლის განმავლობაში ისინი მხოლოდ წყალსა და პურზე ამუშავა... ამ მონურმა, გაუსაძლისმა შრომამ 170 ათას ტყვეს სიცოცხლე მოუსწრაფა და ისინი სამუდამოდ ტაიგაში დარჩნენ, სადაც საერთო საფლავში ყრიდნენ. 30 ათასი გადარჩენილი ტყვე კი კვლავ ბანაკებში დააბრუნეს და არცერთმა მათგანმა არ იცოდა, თუ სად და კონკრეტულად, რას აშენებდა.
ძალიან საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი, როდესაც ბერიას საქმეს თითხნიდნენ და შეთქმულთა ვიწრო წრე იყო შეკრებილი ხრუშჩოვის კრემლის კაბინეტში. 1953 წლის 9 ნოემბრის შეკრებას ასე იხსენებდა ვიაჩესლავ მოლოტოვი: „გენპროკურორი რომან რუდენკო პირადად ადგენდა ბერიას დანაშაულებების სიას და ხრუშჩოვს აძლევდა წასაკითხად და მოსაწონებლად. ერთ-ერთი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ხრუშჩოვმა შეკრებილებს უთხრა:
– აი, ამხანაგებო, ამ ბოროტმოქმედს რაღაც მიწისქვეშა ბუნკერის მშენებლობაში 170 ათასი ტყვე გაუწყვეტია და შეგვიძლია, მას გენოციდის ბრალდებაც წავუყენოთ.
რუდენკო უკვე ტექსტის შედგენას აპირებდა, მაგრამ მარშალმა ჟუკოვმა პირველს (ხრუშჩოვს) უთხრა:
– ნიკიტა სერგეევიჩ, ეს რაღაც ბუნკერი კი არა, სუპერსტრატეგიული ობიექტია და ბერიას მისი მშენებლობისთვის სწორად მიანიჭეს ლენინის ორდენი. ხოლო, ას სამოცდაათი ათასის ნაცვლად, რომ მილიონჯერ მეტი ტყვე დაღუპულიყო, გამართლებული იქნებოდა.
ჟუკოვი დაჯდა. ხრუშჩოვმა კი რუდენკოს ანიშნა – ეს საბუთი ბრალდებიდან ამოიღეო...“
იმ პერიოდში, როდესაც მიწისქვეშა ქალაქი შენდებოდა ტაიგის მიწისქვეშეთში, მეზობლად, ურალის მთებში ატომურ ბომბს ამზადებდნენ და ბერია ხან ერთ ობიექტს ესტუმრებოდა და ხან მეორეს. ისე იყო დატვირთული, ხშირ შემთხვევაში, ტანსაცმლიანადაც კი იძინებდა, რადგან გახდის თავი არ ჰქონდა.
საუკეთესო საბჭოთა ინჟინერ-მშენებლებთან ერთად, მიწისქვეშა საიდუმლო ქალაქის მშენებლობაში საუკეთესო გერმანელი სამხედრო ინჟინრებიც მუშაობდნენ, რომლებიც მრავლად იყვნენ ტყვეებს შორის. ბერია მათ პირადად ესაუბრებოდა და არჩევდა, რადგან გერმანულიც კარგად ესმოდა და საინჟინრო საქმეც... ამ ქალაქის მშენებლობისას ერთი ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ბერიას მარცხენა ხელი გადაუტყდა მაჯაში... 1947 წლის აგვისტოში ლავრენტი ბერია მორიგ ინსპექტირებაზე იმყოფებოდა მიწისქვეშა ქალაქში. ერთ-ერთი ობიექტის დათვალიერებისას მას (ბერიას) გიდობას უწევდა ტყვე გერმანელი ინჟინერი – ვერნერ შრამი, რომელიც სწორედ იმ ობიექტს ხელმძღვანელობდა. ბერია მკაცრი შემმოწმებელი იყო. ყველაფერს თვითონ უნდა წასწვდომოდა და საგულდაგულოდ გაესინჯა. ამიტომ, ის ერთ-ერთ კარკასზე ავიდა, რომ სამაგრები შეემოწმებინა. ამ დროს ჯერ კიდევ დაუმაგრებელი კარკასი დაიძრა, ბერიას ფოლადის მილი მაჯაში მოხვდა და მოტეხა... გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, მარშალი ბერია მხოლოდ სიმწრისგან გაფითრდა, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს... ვერნერ შრამი მიტკლისფერი გახდა. ენა მუცელში ჩაუვარდა და ყბა აუკანკალდა. ბერიას თანმხლებმა დეკანოზოვმა კი პისტოლეტი მიუშვირა გერმანელს და ის-ის იყო სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა, რომ ის ბერიამ შეაჩერა. ინჟინერი არ მოაკვლევინა და მას მერე, რაც ოდნავ სული მოითქვა, შემოვლა განაგრძო... სხვათა შორის, ვერნერ შრამს თავად ბერიამ გაუწია პროტექტორობა და მას ტყვის სტატუსი მოუხსნეს. მოსკოვში დაასახლეს და თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბიუროში დაასაქმეს.
ობიექტი 1950 წლის დეკემბერში ჩაბარდა. ბერიას ამ მშენებლობისთვის ლენინის ორდენი მიანიჭეს, საბჭოთა კავშირმა კი, თავდაცვის მძლავრი სტრატეგიული ობიექტი მიიღო.“

скачать dle 11.3