წმიდა სწავლებანი
როგორ მოვიქცეთ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ
საკითხი, თუ როგორ მოვიქცეთ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, ძალზე მნიშვნელოვანია. ცხოვრებაში ეს პრობლემა სხვადასხვა ადამიანის მიერ სხვადასხვანაირად არის გადაჭრილი. ერთნი წყენას აუცილებლად წყენით პასუხობენ, თანაც, უფრო მძაფრად, უფრო მწარედ. ხშირად ერთი საწყენი სიტყვის სანაცვლოდ ადამიანები სამაგიეროს იხდიან ძარცვით, ხელისუფლებასთან ჩივილით, სამსახურიდან დათხოვნით, ზოგჯერ კი – მკვლელობითაც. სხვები, რომელთაც არ ძალუძთ ზიანის მიყენება ცხადად, სულის სიღრმეში ინახავენ ბოღმას, გამუდმებით გულით დააქვთ მტრობა, ძვირის ხსენება. ის კი არა და, ღმერთს შესთხოვონ შეურაცხმყოფელის დასჯას და ხარობენ კიდეც, როაც ეს უკანასკნელნი უბედურებას გადაეყრებიან. მესამენი თავიანთ ვალად თვლიან, შეურაცხყოფას შეურაცხყოფით უპასუხონ. მიტევება, მათი აზრით, გულნამცეცობაა და სილაჩრე. დაუთმო შეურაცხმყოფელს – თითქოს ესაა საბაბი იმისა, რათა მან ხელახლა გაწყენინოს.
მაგრამ ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელის მიმართ უგუნურებაა და წინააღმდეგობაშია ქრისტიანული სარწმუნოების სულთან, არ ეთანხმება ღვთის სჯულს. „თუ მიუგე ჭრილობას ჭრილობითვე, – ამბობს მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი, – მაშინ ერთის ნაცვლად გაჩნდება ორი ჭრილობა. და შესაბამისად, ბოროტება გაორმაგებულია და არა აღკვეთილი, იმიტომ, რომ შეურაცხყოფილი, რომელიც ზიანს აყენებს შეურაცხმყოფელს, ვერ განკურნავს ამით საკუთარ ჭრილობას“.
როცა გვაწყენინებენ მაშინ, როცა ჩვენ ამას ვიმსახურებთ, არა თუ არ უნდა ვეცადოთ ვავნოთ შეურაცხმყოფელს, არამედ უნდა ვმადლობდეთ მას და ეს მადლიერება უნდა გამოიხატოს ცხადად (რისთვისაც საჭიროა ნების უდიდესი ძალა და დიდბუნებოვნება), ან არადა უნდა ვმადლობდეთ შინაგანად, სულის სიღრმეში, ლოცვითი კეთილმსურველობით.
უფრო დაწვრილებით არის სასაუბრო იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, როცა შეურაცხგყოფენ დაუმსახურებლად. აი, რამდენიმე წესი მსგავსი შემთხვევებისთვის.
უსაფუძვლო შეურაცხყოფისას მშვიდად, საკუთარი სინდისის სინათლით უნდა გადაისინჯოს ყოველი ჩადენილი საქციელი, გახსენებულ უნდა იქნას ყოველი ჩვენი ცოდვა, გაანალიზებულ იქნას მთელი წარსული. ყველას აქვს აურაცხელი ცოდვა და ის, ვინც წყენას გრძნობს სხვისგან, ეს ღირსეული სასჯელია ცოდვებისთვის. უფალი ხომ მრავალგვარი ხერხით შეაგონებს და ასწავლის ცოდვილებს. ისწავლე შეურაცხყოფის ჟამს ყურადღება გადაიტანო საკუთარ ცოდვებზე და ჰმადლობდე ღმერთს იმისთვის, რომ ის გაძლევს შესაძლებლობას წყენათა გზით დაუფიქრდე და უჭირისუფლო ცოდვებს. დაუმსახურებელი შეურაცხყოფისას თანაგრძნობით უნდა განიმსჭვალო და გებრალებოდეს შეურაცხმყოფელი. უნდა ევედრებოდე ღმერთს ამგვარი ადამიანისთვის, რათა გონს მოვიდეს იგი. ჩვენი მაცხოვრის სიტყვით ხომ – უნდა გიყვარდეს მტრები და ლოცულობდე მათზე, რადგან ისინიც ძმები არიან ჩვენი, დაბრკოლებულნი და დაბრმავებულნი.
ყოველი წყენა უნდა მიუტევო ადამიანებს, მაგრამ მიტევება გულწრფელი უნდა იყოს, გულიდან ამომავალი, ისე რომ, ამ მიტევებაში არ დარჩეს ბოროტების, წყენის, გაღიზიანების ნასახიც კი. ამგვარად მოქცევა ძალზე ძნელია, მაგრამ მიანც შესაძლებელია ღვთის შეწევნითა და ძლიერი, პიროვნული ძალისხმევით. მაგალითად მარადის უფალი იესო ქრისტე გყავდეს, რომელმაც თავისი სიმართლით დაითმინა ყოველი უსამართლობა ადამიანთა მხრიდან, ჯვარცმულ და მოკვდინებულ იქნა სამარცხვინო სიკვდილით.
ჭეშმარიტი ქრისტიანი არა თუ შეურაცხყოფით პასუხობს შეურაცხყოფას, არა თუ შურს იძიებს, არამედ ხარობს წყენათა გამო, ცდილობს, ბოროტის წილ კეთილი მიაგოს.
ძმებო, სიმშვიდითა და მოთმინებით ავიტანოთ წყენა. შეურაცხმყოფელთ ნუ ვმტრობთ, ნუ ვმრისხანებთ, შურს ნუღარ ვიძიებთ მათზე. მოციქულის შეგონების მიხედვით, კეთილით ვძლიოთ ბოროტს, რადგან, თუკი ახლობელს ვაპატიებთ შეურაცხყოფას, უფალი ჩვენც მოგვიტევებს შეცოდებებს.
ვიზრუნოთ ჩვენივე ხსნისთვის
ადამიანმა უნდა აღანთოს საკუთარი თავი სულის ხსნისათვის, ღვთივსათნო ცხოვრებისთვის. როგორც შრომის გარეშე ვერ მოიპოვებს ადამიანი სარჩოს, ასევე სულიერი სამყაროსთვის უზრუნველი ამაოდ კლავს დროს. კლავს ღვთის მადლიან ძღვენს – თავის მარადიულობას. მსწრაფლწარმავალზე ცვლის უხრწნელს, უსასრულობას – სასრულზე, ციურს – მიწიერზე.
ამაოებით შეპყრობილი, გამიწიერებული ადამიანი ერთ წუთსაც არ უთმობს სულის ხსნას. არც ეკითხება საკუთარ თავს: „ნუთუ უფალმა მხოლოდ იმისთვის შექმნა ადამიანი, რომ მხოლოდ სვას, ჭამოს, მიწიერი მოიხვეჭოს? ნუთუ არ არსებობს სხვა, უფრო მაღალი მიზანი, რისთვისაცაა შექმნილი ადამიანი, ანუ ხატად და მსგავსად ღვთისა? ნუთუ ტანჯვა შემოქმედისა და მაცხოვრისა არ შეიცავს უფრო აღმატებულ მნიშვნელობას?“
თუ ღრმად ჩავუკვირდებით საკუთარ თავს, ჩავიხედავთ სულში. რას დავინახავთ? დავინახავთ, რომ ჩვენი სულის ხსნისათვის, ღვთის განგებულების განჭვრეტისათვის არაფერს ვიღწვით. უნდილად ვკითხულობთ და ვუსმენთ ღვთის სიტყვას, რომელიც ანათებს ადამიანს. ყველა ჩვენი სწრაფვა, სურვილი, ფიქრი დაკავებულია მიწიერით, ცოდვით, ამაოებით, ყოფა-ცხოვრებითი პრობლემით.
არადა, მაცხოვარმა გვითხრა, რომ სულის ხსნაა ყველაფერზე უმთავრესი, აუცილებელი, უპირველესი. მაგრამ მრავალმა ჩვენგანმა მთლიანად დაივიწყა, რომ გვაქვს სული, რომ საჭიროა უცილობლად მისთვის ღვწა.
დროა, დავფიქრდეთ და ცოდვით დამძიმებული ძილისგან გამოვერკვეთ და გავიგოთ, რომ ამქვეყნად არაფერია სულის ხსნაზე უმეტესი და უძვირფასესი რამ, ამინ!